Facebook Twitter

16 მარტი, 2022 წელი №ას-1086-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს. „ს.ს.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ს.ს.ჯ–ი“-ს მიმართ, სადაზღვევო თანხის - 15000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2018 წლის 24 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01/51 ხელშეკრულება. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ სისტემაში შემავალ თანამშრომელთა სამედიცინო მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებს. ხელშეკრულების საფუძველზე გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვრა 25.01.2018 წლიდან 31.12.2018 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მომსახურების პირობები წარმოადგენდა სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 24.01.2018წ. ხელშეკრულების 17.2 და 17.3 პუნქტების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. დამზღვევი ვალდებული იყო, გადაეხადა სადაზღვევო შესატანი (პრემია) ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადის დაცვით. დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავდა როგორც ჯანმრთელობის, ისე - სიცოცხლის დაზღვევას.

5.2. მოსარჩელის შვილი - ზ.ნ–ძე იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 დაწესებულების თანამშრომელი და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში - დაზღვეული პირი.

5.3. დაზღვეული გარდაიცვალა 17.06.2018 წელს, მისმა პირველის რიგის მემკვიდრეებმა, ი.ნ–ძემ და მოსარჩელემ სრულად მიიღეს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება -18.12.2018 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

5.4. 27.06.2018წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და დაზღვეულის გარდაცვალების გამო, მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურება.

5.5. მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა გარდაცვალების მიზეზი, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურების გამონაკლისი შემთხვევების გამორიცხვა.

5.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 22-ე მუხლი ადგენს გარდაცვალებისას სადაზღვევო ანაზღაურების პირობებს, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა შეავსოს 30 კალენდარული დღის განმავლობაში და უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი; ბ) ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი; გ) ავადმყოფის ისტორიიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი ან მისი ასლი; დ) დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ შედგენილი აქტი; ე) მემკვიდრემ უნდა წარადგინოს სამკვიდრო მოწმობა მიღებიდან 20 სამუშაო დღეში და თავისი პირადობის მოწმობის ასლი (მემკვიდრეობის შემთხვევაში) საბანკო რეკვიზიტები და 23.2 პუნქტში მითითებული დოკუმენტები, ხოლო, თუ დაზღვეულს წინასწარ ჰყავს განსაზღვრული პირი, რომელიც მიიღებს მისი სიცოცხლის დაზღვევის თანხას, ასეთმა პირმა უნდა წარადგინოს მხოლოდ სიცოცხლის დაზღვევის მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიული წესით დამოწმებული და გარდაცვალების მოწმობა; ვ) დამზღვევის მიერ სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, აღნიშნული დოკუმენტის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში; ზ) ყოველი წარდგენილი დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;

მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ დაინტერესებულმა პირმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა სადაზღვევო კომპანიას და დაზღვეულის გარდაცვალების გამო, სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურება მოითხოვა. განცხადებას ერთვოდა ფორმა №100 და გარდაცვალების მოწმობის ასლი. 14.12.2018 წელს მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას დამატებით წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო და ანგარიშის ნომერი (ს.ფ. 43,44). 09.01.2018 წელს მოსარჩელეს სადაზღვევო კომპანიამ აცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე შეუძლებელი იყო გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენა. შესაბამისად, აუცილებელი იყო, სრული სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც დაზღვეულს გაეწია სამედიცინო დახმარება 2018 წლის 24 ივნისიდან გარდაცვალებამდე. იქვე განიმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს სიცოცხლის დაზღვევის გამონაკლისების გამორიცხვის საშუალებას. საბუთი, რომელიც შეიცავს გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის თაობაზე ინფორმაციას არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურების შესაძლებლობას, თუ სხვა დოკუმენტით არ დადასტურდებოდა გარდაცვალების მიზეზი (ს.ფ. 131). სადაზღვევო კომპანიამ განაცხადის წარდგენიდან 6 თვის შემდეგ მოსთხოვა მოსარჩელეს ექსპერტის დასკვნა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დასადასტურებლად. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის (ჩატარებული კვლევისა და ანალიზის პასუხების) შემდგომ, სადაზღვევო კომპანიამ კვლავ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაციით ისევ ვერ დგინდებოდა გარდაცვალების უშუალო მიზეზი. დამზღვევმა განმეორებით მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 122,123,124). გარდაცვლილს ექსპერტიზა არ ჩატარებია, შესაბამისად, მოსარჩელეს ასეთი დოკუმენტი მოპასუხისთვის არ წარუდგენია.

5.7. მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე ხელშეკრულების დანართის 4.13 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა შემდეგ შემთხვევებში: ა) სატელეფონო შეტყობინება არ განხორციელდა პირის გარდაცვალებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო განაცხადი არ შეივსო 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანაზღაურების მიღების თაობაზე; ბ) დაზღვეულის მიერ ჩადენილია თვითმკვლელობა; გ) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ან ჩადენის მცდელობა, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება; დ) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვა 14 ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, ან მართვის გადაცემა სხვა პირისადმი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში ან იმ პირისადმი, რომელსაც არ გააჩნია მართვის მოწმობა და რამაც გამოიწვია გარდაცვალება; ე) მატონიზირებელი და რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედება; ვ) დაზღვეულის თვითნებური მონაწილეობა ომში/სამხედრო მოქმედებებში/ სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში, ტერორისტულ აქტებში, არასამსახურეობრივ სპორტულ ღონისძიებებით გამოწვეული გარდაცვალება; ზ) სანაძლეოს პირობების შესრულება, რეკორდის დამყარების მცდელობის ან ამისთვის მომზადების იდები, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება; თ) დაზღვეულის ნებისმიერ საფრენ საშუალებაში ყოფნა, მასში შესვლა ან მისგან გამოსვლით გამოწვეული გარდაცვალება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზღვეული არის რეგულარული ჩარტერული ავიარეისის მგზავრი); ი) დაზღვეული პირი, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, რამაც გამოიწვია გარდაცვალება; კ) დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღებასთან, თვითმკურნალობასთან ან არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან დაკავშირებით გამოწვეული გარდაცვალება.

ხელშეკრულების დანართის 4.13 პუნქტის შემდგომ არსებული შენიშვნის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზემოაღნიშნული პუნქტებიდან, რომელიმე თუ გახდება სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დასკვნა).

მოპასუხის მითითებით, გარდაცვლილი პირი კლინიკაში მოთავსებამდე ექიმის დანიშნულების გარეშე იღებდა მედიკამენტებს, შესაბამისად, აუცილებელი იყო, დადგენილიყო გარდაცვალების მიზეზი ხომ არ იყო გამოწვეული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევის საფუძვლით. ამის გარკვევა კი, მხოლოდ ექპერტიზის დასკვნით იყო შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია.

5.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ხელშეკრულების დანართის 4.12 პუნქტის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სხვა დროს უბედური შემთხვევისას, ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით, მის მიმართ დანაშაულის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრისთვის ან/და დაზღვეულის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირზე პოლისში მითითებული თანხის ანაზღაურებას. სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მიზნით გარდაცვლილის მემკვიდრეები ვალდებული არიან წარუდგინონ მზღვეველს გარდაცვალების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი; ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი; ავადმყოფობის ისტორიიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი ან მისი ასლი და სხვა.

5.9. მოსარჩელემ წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100ა/ა, ცნობა №14061, გაცემული მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ, სადაც მითითებულია დასკვნა გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: სეფსისი, დაუზუსტებელი, სეპტიკური შოკი. პოლიორგანული უკმარისობა, კოაგულოპათია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა დაუზუსტებელი, დეკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი, ანურია, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

მოკლე ანამნეზის თანახმად, პაციენტი 17.06.2018 წელს 07:00 საათზე მიყვანილ იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩივილებით: ძლიერი ტკივილი კიდურებში და ზურგის არეში, სუნთქვის უკმარისობა, საერთო სისუსტე, გამოხატული იყო არასტაბილური ჰემოდინამიკა, ტოტალური ციანოზი, მიკროცირკულაციის მოშლა, ანურია. ავადმყოფი კლინიკაში გადაიყვანეს 14:00 საათზე. მიმღებ განყოფილებაში შესვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა-ვაზოპრესორების დიდი დოზებით ინფუზიის ფონზე. გამოხატული იყო ორმხრივი ზომიერი მიდრიაზი. ღეროს რეფლექსები არ იწვეოდა. მიკროცირკულაციის სრული მკვეთრი მოშლა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და კონსულტაციები. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ავადმყოფი იმყოფებოდა მართვის სუნთქვაზე, მკვეთრად არასტაბილური ჰემოდინამიკით, მიუხედავად ვაზოპრესორების მზარდი დოზით მხარდაჭერისა, გაუგრძელდა ფილტვის ხელოვნული ვენტილაცია, აციდოზისა და ჰიპერკალიემიის კორექცია. დაწყებულ იქნა სათანადო ინტენსიური თერაპია. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა არასტაბილური ჰემოდინამიკის ფონზე დაფიქსირდა ასისტოლია 17.06.2018წ. 17:45 საათზე. ჩატარებულ იქნა რეანიმაციული ღონისძიბები, თუმცა გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა. პაციენტს ჩაუტარდა ინფუზურტრანსფუზური, ანტიბიოტიკო, ჰორმონოთერაპია, აციდოზისა და კოაგულოპათიის კორექცია, რესპორატორული თერაპია, ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია ვაზოპრესორების საშუალებით.

5.10. მოსარჩელემ ასევე წარადგინა 18.06.2018წ. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, სადაც სიკვდილის მიზეზების შესახებ გრაფაში მითითებულია სიკვდილის გამომწვევი ავადმყოფობები ან/და მდგომარეობები: ა) სეპტიცემია, დაუზუსტებელი; ბ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა; გ) თირკმლის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი; დ) ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა.

5.11. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ადასტუროს, ხელშეკრულების 4.12 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარდგენა (რაც მოცემულ შემთხვევაში განახორციელა), ხოლო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული გარემოებები განეკუთვნება ისეთ გამონაკლის შემთხვევებს, რაც გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო თანხა, მოპასუხეს ეკისრება. ამ უკანასკნელმა ვერ დაძლია დაკისრებული ტვირთი, მან წარმოადგინა ექიმთა ასოციაციის „სეფსის“ პრეზიდენტის, მედიცინის დოქტორის, აკად. ვ.ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ექსპერტ მ.გ–ის სარეცენზიო დასკვნა პაციენტ ზ.ნ–ძის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტის ანამნეზური მონაცემები მეტად მწირია და დაავადების გამომწვევზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები მწვავე სეფსის, სეპტიური შოკის არსებობაზე მიგვითითებს, მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმის გამორიცხვა, რომ გარდაცვალება შესაძლოა გამოწვეული იყო ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედებით ექიმის დანიშნულების გარეშე, შეუძლებელია. ამდენად, ხსენებული დასკვნით ექსპერტმა არც დაადასტურა და არც უარყო მოპასუხის მიერ მითითებული ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დასკვნა ვერ გამოდგებოდა მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად.

5.12. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე იღებდა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. მოსარჩელე სადაზღვევოს მიმართვაში თავად უთითებდა, რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მის შვილს დაეწყო კისრის გაუსაძლისი ტკივილი, მიმართა ოჯახის ექიმს ნ.ა–ძეს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ნევრალგიის დიაგნოზით (ს.ფ. 43). იგივე არის გადმოცემული კლინიკის ექიმის მიერ 17.06.2018წ. 15:58წ. გაკეთებულ ჩანაწერში, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს ოთხი დღის წინ დაეწყო ტკივილი ზედა კიდურების არეში, ტკივილმა იმატა დინამიკაში გადაინაცვლა ხერხემალში, ზურგში და ქვედა კიდურებში, მიიღო გაუსაძლისი ხასიათი. ამბოლატორიულად კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ, დაესვა ნევრალგიის დიაგნოზი, დაიწყო მკურნალობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ჰორმონოთერაპიითა და ,,B ვიტამინების“ კომპლექსით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ დაზღვეული, გარდაცვალებამდე იღებდა ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, წარადგინა ექიმის მიერ ხელმოწერილი ცნობა სავარაუდო გარდაცვალების მიზეზების მითითებით, იმის დადასტურება, თუ რამ გამოიწვია კონკრეტულად ცნობაში მითითებული სიკვდილის მიზეზები, არ შედიოდა დაინტერესებული პირის ვალდებულებაში მანამ, სანამ მზღვეველი სათანადო მტკიცებულების წარდგენით არ შექმნიდა იმის ვარაუდს, რომ სიკვდილი სწორედ საგამონაკლისო შემთხვევით გათვალისწინებული საფუძვლით დადგა, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კასატორის განმარტებით, მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი, არ აქვს აბსოლუტური და უპირობო ხასიათი. თითოეულ სადაზღვევო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია მზღვეველისათვის მოთხოვნის წარდგენის პროცედურა (წარსადგენი დოკუმენტაცია, მათ შორის - კონკრეტული შემთხვევებისთვის დაწესებული სპეციალური მოთხოვნები) და განსაზღვრულია საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

6.2. საეჭვო გარემოებებში პირის გარდაცვალებისას, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. სწორედ ამიტომ არსებობდა ხელშეკრულების დანართის 4.13 პუნქტის შენიშვნა, რომლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, 4.13 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა (მტკიცებულება). სასამართლომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ჩანაწერი სრულად უგულებელყო.

6.3. მოსარჩელემ არ ჩაატარა შესაბამისი ექსპერტიზა და არც თანხმობა განაცხადა მის ჩატარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მხრიდან წერილობით ეცნობა ექსპერტიზის აუცილებლობაზე. ამდენად, არასწორია აღნიშნულის მტკიცების ტვირთის სრულად მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის ჩართულობის გარეშე, მსგავსი მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელი იყო.

6.4. შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ დამზღვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულზე დამზღვევი უარს აცხადებს, მტკიცების ტვირთიც მას ეკისრება. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

6.5. მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების კონკრეტული დათქმა, რომლის თანახმად, დაზღვეულს (მის მემკვიდრეს) უნდა წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ცხადი გახდებოდა გარდაცვალების მიზეზი, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემდა მოპასუხეს, გამოერიცხა ხელშეკრულების დანართის 4.13 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო პირობები. მაშასადამე, გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის ცოდნა/არცოდნა არის გადამწყვეტი წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ 2018 წლის 18 ივნისის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში გრაფა - „სიკვდილის მიზეზები“ ცარიელია, რაც მიუთითებს გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დაუდგენლობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2018 წლის 24 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ სისტემაში შემავალ თანამშრომელთა სამედიცინო მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომელიც მოიცავდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებს. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.

12. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და უსამართლოდ დააკისრეს მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურების გამომრიცხველი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის დამტკიცების ვალდებულება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ., შდრ. სუსგ №ას-535-2020, 05.10.2021 წ.).

14. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვეულის გარდაცვალება. გამონაკლისის სახით, მზღვეველს უფლება აქვს, უარი თქვას სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, ეს შემთხვევებია: ა) სატელეფონო შეტყობინება არ განხორციელდა პირის გარდაცვალებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო განაცხადი არ შეივსო 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანაზღაურების მიღების თაობაზე; ბ) დაზღვეულის მიერ ჩადენილია თვითმკვლელობა; გ) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ან ჩადენის მცდელობა, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება; დ) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, ან მართვის გადაცემა სხვა პირისადმი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში ან იმ პირისადმი, რომელსაც არ გააჩნია მართვის მოწმობა და რამაც გამოიწვია გარდაცვალება; ე) მატონიზირებელი და რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედება; ვ) დაზღვეულის თვითნებური მონაწილეობა ომში/სამხედრო მოქმედებებში/სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში, ტერორისტულ აქტებში, არასამსახურებრივ სპორტული ღონისძიებებით გამოწვეული გარდაცვალება; ზ) სანაძლეოს პირობების შესრულება, რეკორდის დამყარების მცდელობის ან ამისთვის მომზადების იდეები, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება; თ) დაზღვეულის ნებისმიერ საფრენ საშუალებაში ყოფნა, მასში შესვლა ან მისგან გამოსვლით გამოწვეული გარდაცვალება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზღვეული არის რეგულარული ჩარტერული ავიარეისის მგზავრი); ი) დაზღვეული პირი, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, რამაც გამოიწვია გარდაცვალება; კ) დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღებასთან, თვითმკურნალობასთან ან არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან დაკავშირებით გამოწვეული გარდაცვალება.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზემოაღნიშნული პუნქტებიდან, რომელიმე თუ გახდება სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დასკვნა).

16. საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 24 მაისის #24-05/83 წერილით ეცნობა მოსარჩელეს, რომ სადაზღვევო ანაზღაურება ვერ გაიცემა, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ გამოირიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გამონაკლისები (ექიმის დანიშნულების გარეშე წამლის მიღება და თვითმკურნალობა). სამედიცინო დოკუმენტაციაში გარდაცვლილის დიაგნოზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა, ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და შედეგები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ პაციენტის კლინიკაში მოხვედრას წინ უძღოდა ექიმის დანიშნულების გარეშე წამლის მიღება, თვითმკურნალობა.

17. დადგენილია, რომ გარდაცვლილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე იღებდა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. მოსარჩელე, სადაზღვევო კომპანიისადმი მიმართვაში მიუთითებდა, რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მის შვილს დაეწყო კისრის გაუსაძლისი ტკივილი, მიმართა ოჯახის ექიმს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ნევრალგიის დიაგნოზით (ს.ფ. 43). იგივე არის გადმოცემული კლინიკის ექიმის მიერ 17.06.2018წ. 15:58წ. გაკეთებულ ჩანაწერში, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს ოთხი დღის წინ დაეწყო ტკივილი ზედა კიდურების არეში, ტკივილმა იმატა დინამიკაში გადაინაცვლა ხერხემალში, ზურგში და ქვედა კიდურებში, მიიღო გაუსაძლისი ხასიათი. ამბოლატორიულად კონსულტირებულ იქნა ნევროლოგის მიერ, დაესვა ნევრალგიის დიაგნოზი, დაიწყო მკურნალობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ჰორმონოთერაპიითა და ,,B ვიტამინების“ კომპლექსით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია გარდაცვალებამდე დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, წარადგინა ექიმის მიერ ხელმოწერილი ცნობა სავარაუდო გარდაცვალების მიზეზების მითითებით, იმის დადასტურება, თუ რამ გამოიწვია კონკრეტულად სიკვდილის მიზეზი, არ შედიოდა დაინტერესებული პირის ვალდებულებაში მანამ, სანამ მზღვეველი სათანადო მტკიცებულების წარდგენით არ შექმნიდა იმის ვარაუდს, რომ სიკვდილი სწორედ საგამონაკლისო შემთხვევით გათვალისწინებული საფუძვლით დადგა, რაც მოპასუხემ ვერ შეძლო. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის სამტკიცებელ გარემოებებს წარმოადგენდა ხელშეკრულების 4.12 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების: დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობის (რომელშიც მითითებული უნდა იყოს თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი), ექიმის მიერ გაცემული ცნობის (რომელშიც მითითებული უნდა იყოს სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი), ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერის ან მისი ასლის მზღვეველისთვის წარდგენა, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული გარემოებები განეკუთვნება ისეთ გამონაკლის შემთხვევებს, რაც გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო თანხა, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არის 15000 ლარი, შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 750 ლარს. ვინაიდან, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 803.40 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 53.4 ლარი, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70% – 525 ლარი, საერთო ჯამში – 578.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს. „ს.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. „ს.ს.ჯ–ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 803.40 ლარიდან (საგადასახადო დავალება №1633077812, გადახდის თარიღი: 01.10.2021წ. გადამხდელის ს/კ: .....) ზედმეტად გადახდილი 53 ლარი და 40 თეთრი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 750 ლარის 70% – 525 ლარი, საერთო ჯამში – 578 ლარი და 40 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია