16 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-276 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. ა-ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - თ. ა-ვი, გ. მ-ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა
- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი -
ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1993 წლის 6 მაისის ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების საფუძველზე ს. თ. ძე ა-ვს (შემდეგში - პირველი მამკვიდრებელი) გადაეცა ქ.თბილისში, ------ ქ. N----ში მდებარე ბინა (ორი ოთახი - 34კვ.მ; საცხოვრებელი ფართი - 19კვ.მ; დამხმარე ფართი - 20კვ.მ. სარდაფი და საერთო სარგებლობის საპირფარეშო, შემდეგში - სადავო ბინა ან სამკვიდრო ქონება).
2. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად, პირველი მამკვიდრებლის ოჯახის წევრებად სადავო ბინაში მითითებული არიან: ა-ვი ს. ა. ასული (მეუღლე, შემდეგში მეორე მამკვიდრებელი) და ა-ვი ა. ს. ასული (შვილი, შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი).
3. მეორე მამკვიდრებელმა და მოსარჩელემ თანხმობა განაცხადეს, რომ სადავო ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდა და პრივატიზაციის ხელშეკრულება პირველი მამკვიდრებლის სახელზე გაფორმებულიყო.
4. პირველი მამკვიდრებელი 2009 წლის 28 მარტს გარდაიცვალა, ხოლო მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღია 2016 წლის 14 ივლისი.
5. 2009 წლის 16 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მეორე მამკვიდრებელმა მიიღო გარდაცვლილი მეუღლის (პირველი მამკვიდრებლის) სამკვიდრო ქონება და სადავო ბინა მის საკუთრებაში აღირიცხა.
6. 2013 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მეორე მამკვიდრებელმა თ. ა-ვს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) სამკვიდრო ქონება 65 000 ლარად მიჰყიდა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაცია შესრულდა.
7. 2018 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ სადავო ბინა 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გ. მ-ზე (შემდეგში - მეორე მოპასუხეზე) გაასხვისა, რის შემდეგაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა.
8. მოპასუხეთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა 1/3 წილზე 2013 წლის 30 სექტემბრისა და 2018 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაგან მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიიჩნია შემდეგი: 2018 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო ბინა პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეზე გაასხვისა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 312.2 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
11.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამკვიდრო ქონება თავდაპირველად მეორე მამკვიდრებლის, ხოლო შემდეგ - პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა და საჯარო რეესტრის მონაცემის უზუსტობას ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, არც ის გარემოება არ დგინდებოდა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობაზე შემძენმა იცოდა. ეს გარემოებები ქმნიდა მეორე მოპასუხის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საფუძველს.
რაკი სადავო ქონება კეთილსინდისიერ შემძენზე გასხვისდა, ამიტომ მოსარჩელე გასხვისებული ქონებიდან წილს ვერ მოითხოვდა (სსკ-ის 185-ე, 312.1, 312.2 მუხლები).
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
12.1. მეორე მამკვიდრებელსა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 30 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მოსაჩვენებლად დაიდო და ეს ხელშეკრულება თვალთმაქცური შინაარსის მატარებელია. 2009 წლის 29 დეკემბერს, მეორე მამკვიდრებელმა ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი შეადგინა, რომლითაც მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება შვილებს (მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს) თანაბრად უნდა გადასცემოდათ, ხსენებული ანდერძის გაუქმებაზე მოანდერძეს ნოტარიუსთან განაცხადი არ გაუკეთებია. პირველმა მოპასუხემ სადავო ბინის თავის საკუთრებად დარეგისტრირება განიზრახა და აღნიშნული ქონების დედისგან შეძენის შესახებ კასატორს (თავის დას) არ შეატყობინა. მოსარჩელემ მხოლოდ დედის (მეორე მამკვიდრებლის) გარდაცვალების შემდეგ გაიგო პირველი მოპასუხის მიერ მოჩვენებითი გარიგებით სამკვიდრო ქონების შეძენის ფაქტი.
12.2. ზემომითითებული გარემოების შეტყობის შემდეგ კასატორი პირველ მოპასუხესთან მოლაპარაკებას შეეცადა, თუმცა ამ უკანასკნელმა ამ შემთხვევაშიც მოატყუა და 2018 წლის 11 ივნისს სადავო ბინა სომხეთში მცხოვრებ მეუღლის ნათესავს (მეორე მოპასუხეს) მიჰყიდა. დასახელებული გარიგებაც მოჩვენებითია, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ოფიციალური ცნობა, ფულის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხელწერილი ან საბანკო დოკუმენტი, გარდა ამისა, მეორე მოპასუხე შეძენილ ბინაში არ ცხოვრობს, მასში ცხოვრებას პირველი მოპასუხე აგრძელებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი: არის თუ არა სადავო ბინის ბოლო მყიდველი (მეორე მოპასუხე) კეთილსინდისიერი შემძენი. განსახილველი სარჩელის იურიდიული ბედი სწორედ აღნიშნული საკითხის სწორად გამორკვევას უკავშირდება.
16. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კეთილსინდისიერი შემძენის უფლების მომწესრიგებელი კანონის ნორმებიდან გამომდინარეობს. ამ მხრივ, საყურადღებოა სსკ-ის 185-ე, 312.1 და 312.2 მუხლების დანაწესი, რომელთა მიხედვით: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე; რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
17. შემძენის კეთილსინდისიერება არაერთხელ გამხდარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი, შესაბამისად, მოცემულ საკითხზე საკასაციო პალატის მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი:
„სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს. ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა.
ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია.
შესაბამისად, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, იცოდა თუ არა მან ჩანაწერის უზუსტობის შესახებ და გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.
ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (იხ. სუსგ №ას-1246-1166-2017, 28.02.2018; №ას-394-373-2013, 20.05.2014).
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა 2018 წლის 11 ივნისის გარიგების დადებისას მეორე მოპასუხის (სადავო ბინის ბოლო შემძენის) კეთილსინდისიერების პრეზუმფცია ვერ გააქარწყლა.
შემძენის კეთილსინდისიერების გამაქარწყლებელ გარემოებად ვერ განიხილება მის მიერ იმ არგუმენტებზე მითითებაც, რომ მეორე მოპასუხის ნაცვლად სადავო ბინაში პირველი მოპასუხე ცხოვრობს და, ამასთან, ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
შემძენის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობაა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების ხარვეზის (ამასთან ასეთი ხარვეზის რეალურად არსებობის პირობებში) შესახებ მეორე მოპასუხის ინფორმირებულობის დადასტურება. შესაბამისად, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების ხარვეზის შესახებ მეორე მოპასუხემ იცოდა, რაც მან ვერ შეძლო და რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). კასატორის მიერ მითითებული ვერც ერთი გარემოება აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებს, რის გამოც მოცემული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკასაციო პრეტენზიის შეფასების ფარგლებში, უძირითადესია ის არგუმენტი, რომ მეორე მოპასუხე აპელირებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის შესახებ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და, შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა) გაუქმების საფუძველი არაა გამოკვეთილი.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისია.
20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 858,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ა-ვს (პ/ნ -----) დაუბრუნდეს მ. ხ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1227 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #--, გადახდის თარიღი 02.04.2021წ), 70% - 858,9 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე