Facebook Twitter

29 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-432 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. რ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. რ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი კასატორი ან მსესხებელი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების შესახებ რ. გ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე გამსესხებელი ან კრედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, სამართლებრივი ნორმების არასათანადო განმარტების შედეგად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო; სააპელაციო საჩივარში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადოდ შეფასების პირობებში კი საქმეზე ახალი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2019 წლის 9 ივლისს გამსესხებელმა მსესხებელს - 3 000 ლარი ასესხა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი). დანიშნულებაში (მიზნობრიობაში) მითითებულია, რომ ეს არის „პირადი“ გადარიცხვა.

4.4. მოპასუხემ თანხა მიიღო.

4.5. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი (სსკ-ის მე-400 მუხლი).

4.6. მოსარჩელესა და შპს „ბ---ა ბ---ი ე---ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საზოგადოება ან ბ----ი) შორის 2019 წლის 17 ოქტომბერს იჯარის ხელშეკრულება დაიდო, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოებისათვის - 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება არ უკისრია და თანხა არც ამ მიზნისთვის გადაუხდია.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ - სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს. ამ შემთხვევაში, თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სსკ-ის, 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 991-ე (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითა, გარდა იმისა რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული) და 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით), მუხლების შემადგენლობის არსებობა განაპირობეს.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული სსკ-ის 623-ე მუხლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მსესხებელს უნდა ჰქონდეს გადაცემული თანხა საკუთრებაში და კისრულობდეს განსაზღვრული ვადის მიხედვით, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

6.1. სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

7. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).

8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თანხის მიღებას სადავოდ არ ხდის.

კასატორის პრეტენზია ეხება თანხის სესხის სახით მიღების რეალობას და აღნიშნავს, რომ თანხა, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოების თანადაფინანსებით შესასრულებლად მიიღო.

გადაცემული თანხა უკან უნდა დაბრუნებულიყო თუკი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებულად განვითარდებოდა, ამასთან, თანხა პირად ანგარიშზე საგადასახადო ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით ჩაირიცხა.

9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი - სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივი საფუძვლით მიღების დადასტურებით. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია, დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულებას.

10. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სარემონტო სამუშაოებისათვის 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა, იჯარის ხელშეკრულებით არ დასტურდება, რაც შეეხება შეთანხმების 7.2 პუნქტში მითითებულ ჩანაწერს - „მოიჯარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ორი თვის ვადაში დაუბრუნებს „მეიჯარეს“ მის მიერ გადაცემულ 3 000 ლარს“, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მასში მითითებული თანხის დანიშნულება გამოკვეთილი არაა, შესაბამისად, კასატორის/მოპასუხის განმარტების პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საიჯარო ფართის გასარემონტებლად საჭირო თანხა, საზოგადოებისათვის საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, თავად ისესხა, მით უფრო, რომ კასატორი თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხის სხვა ლეგიტიმურ საფუძველზე არ უთითებდა.

11. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გამსესხებელმა მსესხებელს - 3 000 ლარი 2019 წლის 9 ივლისს ასესხა, ხოლო მოსარჩელესა და საზოგადოებას შორის იჯარის ხელშეკრულება წერილობით 2019 წლის 17 ოქტომბერს დაიდო, რაც ასევე არასარწმუნოს ხდის მოპასუხის მითითებას, რომ სადავო თანხა იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისთვის მიიღო თანადაფინანსების ფარგლებში.

12. ამდენად, საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერებითა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, ხოლო მოპასუხემ სესხის თანხის დაფარვის ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველით მიღების ფაქტი ვერ დაამტკიცა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #-----, გადახდის თარიღი 05.05.2022წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი ------.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა. რ-ეს (პ/ნ -----) დაუბრუნდეს ვ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #----, გადახდის თარიღი 05.05.2022წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე