Facebook Twitter

6 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-870 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ე. წ-ლი, ლ. ა-ნი, შ. ტ-ძე, ზ. ჭ-ძე, დ. ი-ლი, ნ.კ-ლი, ნ.უ-ძე, ნ. კ-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს----ს წ----ი ჯ---ს ს-----ბა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. წ-ლი, ლ. ა-ნი, შ. ტ-ძე, ზ. ჭ-ძე, დ. ი-ლი, ნ. კ-ლი, ნ. უ-ძე, ნ. კ-ძე (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს---ს წ----ი ჯ----ის ს-----ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან უზუფრუქტუარი) მოთხოვნა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორები მიიჩნევდნენ, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მათი მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა მათი უფლება სამართლიანი სასამართლოსა და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

4.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.4. თბილისში, ---- ქუჩა #----ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #------ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2007 წლის 27 ნოემბრიდან თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წერილის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

4.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 დეკემბრის #2300 განკარგულებით, მოსარჩელეს არაუმეტეს 25 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაეცა სადავო ქონება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 242 მუხლი).

4.6. სადავო უძრავი ქონება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი არ არის.

4.7. სადავო უძრავ ნივთს მოპასუხეები ფლობენ და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას, ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხეები არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

6. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

7. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

8. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც უზუფრუქტუარია და ნივთით სარგებლობის უფლებებში მესაკუთრესთანაა გათანაბრებული, ამ ნივთზე არსებული არამართლზომიერი მფლობელობის წინააღმდეგია. სსკ -ის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის, ვინც ნივთზე ბატონობას სამართლებრივი საფუძვლებით ახორციელებს. მართლზომიერება არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი საფუძველი. ამ მიზნით, მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აძლევს უფლებას, რომ სსკ-ის 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა) მუხლზე მითითებით, მოითხოვოს ნივთის გამოთხოვა მათგან, რომლებსაც მასზე მფლობელობის უფლება არ აქვთ.

9. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა, ხოლო მოსარჩელე უზუფრუქტუარია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 დეკემბრის #2300 განკარგულებითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ამასთან, მოპასუხეები სადავო უძრავი ქონებას ფლობენ. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მართლზომიერი მფლობელი მოპასუხეს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

11. საკასაციო პალატა ეთანხმდება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ, კერძოდ, „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მოპასუხეები სახელმწიფომ განასახლა სადავო მისამართზე.

11.1. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) ჩასახლების ობიექტს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პალატის მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირი კონკრეტული სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად რომ იქნეს მიჩნეული, შესაძლოა, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ამა თუ იმ მოქმედებიდანაც დგინდებოდეს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილთა სამინისტრო წერილობით ადასტურებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტში დევნილთა კომპაქტურად განსახლებისა და რეგისტრაციის ფაქტს, მაშინ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ დევნილთა განსახლება მოხდა სახელმწიფოს ნებართვის საფუძველზე და ფართი დაიკავეს კანონიერად, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არაა.

11.2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს.

12. კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ, როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი უკავშირდება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა, მაგალითად, საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

12.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (იხ. მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

12.2. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება, მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

12.3. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია, რომ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი/უზუფრუქტუარი მოსარჩელეა და მოპასუხეები უძრავ ნივთს დაეუფლენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ეს გარემოებები მოსარჩელეს იმ უფლებით აღჭურვავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების მოპასუხეებისგან როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. წ-ის, ლ. ა-ის, შ. ტ-ის, ზ. ჭ-ის, დ. ი-ის, ნ. კ-ის, ნ. უ-ის და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე