Facebook Twitter

3გ-ად-50-გ-02 29 იანვარი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 ივლისს ფ. ქ.-მ და ა. ჭ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრეს, მესამე პირის _ საქართველოს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაწილეობით.

მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ 2000წ. 6 ნოემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹459 Pპ\შ და ¹355 პ\შ ბრძანებით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს I განყოფილების უფროს ინსპექტორებად დაინიშნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 10 აპრილის ¹212 ბრძანების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო შტატგარეშედ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის წარდგინების საფუძველზე, შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლების ხელახალი დანიშვნა მოხდა. ვინაიდან ფ. ქ.-სა და ა. ჭ.-ზე დასანიშნად შესაბამისი წარდგინება არ შემოსულა, 2002წ. 10 აპრილიდან ისინი შტატგარეშე დარჩნენ. მოსარჩლეებმა სასარჩელო განცხადებაში ასევე მიუთითეს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად საგზაო პოლიციის პირველი განყოფილება ვალდებული იყო ზემოაღნიშნული გარემოება მათთვის ერთი თვით ადრე ეცნობებინა.

ამდენად, მოსარჩლეებმა სასარჩელო განცხადებით სამუშაოზე აღდგენა მოითხოვეს.

რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა საქმის განსჯადობის მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის შესახებ, რაც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა.

2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებას საქმის კოლეგიური წესით განხილვის თაობაზე არ დაეთანხმა, რის გამოც სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

სასამართლო კოლეგიამ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ფ. ქ.-ისა და ა. ჭ.-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს I განყოფილების უფროს ინსპექტორებად დანიშვნა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოსარჩლეებს შორის გარიგების დადების შედეგად მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩლეები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით არის მიღებული და ამ ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლას ადასტურებს. ამდენად, სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მართალია წინამდებარე დავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას უკავშირდება, მაგრამ იგი ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტიდან არის წარმოშობილი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული წესით განსჯადია და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.N

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ მოცემული საქმე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანია მოსარჩელეებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს-საქართველოს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს შორის ადმინისტრაციული გარიგების-საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 10 აპრილის ¹212 ბრძანება ეხება. აღნიშნული ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს შეიცავს, მაგრამ ვინაიდან ზემოთ მითითებული ბრძანების სამართლებრივი შედეგი მოსარჩლეებთან საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, ადმინისტრაციული აქტი არ არის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, “შრომის კანონთა კოდექსთან” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობის დაცვით.

ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა და V თავის _”ადმინისტრაციული გარიგება” თანახმად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, ასევე “შრომის კანონთა კოდექსის “ საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება) იმისდა მიუხედავად, ფიზიკური პირი წარმოადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით” გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს (მოხელეს).

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება-ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა; მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო-საქართველოს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო; ხოლო მოსარჩელეები-ფიზიკური პირები, ამიტომ პროცესალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიეთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად განსჯად სასამართლოს უნდა გადაეცეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ქ.-ის და ა. Eჭ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

2. ფ. ქ.-ის და ა. ჭ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.