Facebook Twitter

საქმე №ას-993-2022 28 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ე. კ-ლი (თ. გ-ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ლი, ლ. ხ-ლი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ. კ-ლს (შემდეგში: მოპასუხე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ---- -----, ----- ქ. #--- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 7 აპრილს, მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მარკა/მოდელი ------ ----- -----, რეგისტრაციის ნომერი ----- გამოშვების წელი -….., საიდენტიფიკაციო ნომერი (----) - --------.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

7. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა განახორციელა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც 2020 წლის 6 იანვრიდან რეგისტრირებულია გირავნობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საკასაციო სასამართლოში გადმოიგზავნა.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191.1-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ინსტიტუტის მიზანია სარჩელის დაცვა, რომელიც აღძრულია ამ კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა, ამ თვალსაზრისით იგი მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი - პირიქით გაუარესდეს. ამასთან, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ზომა უნდა იყოს ადეკვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

10. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თანასწორობის უფლების გამოვლინებას წარმოადგენს მათ შორის იმგვარი საპროცესო საშუალებების გამოეყენება, როგორიცაა სსსკ-ის 1961-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა თუ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

11. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში მოსარჩელე იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც ყადაღა დაედო, 2020 წლის 6 იანვრიდან რეგისტრირებულია გირავნობა.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, მოპასუხის მიერ წარდგენილ განცხადებას ერთვის შპს „შ-----ს ც-----ს“ 2022 წლის 7 აპრილის N------- დასკვნა, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების, მარკა-მოდელი ---- ---- ----, რეგისტრაციის ნომერი -----, ღირებულება 8 800 ლარს შეადგენს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის (გ. კ-თან ერთად მოპასუხეა ლ. ხ-ლი),მოსარჩელის სასარგებლოდ, არასწორად გაცემული თანხების გამო მიყენებული ზიანის - 4950 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

13. კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია ორი სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ ავტომობილი --- ----- ----, სახელმწიფო ნომრით ---- , რომელზედაც 2020 წლის 6 იანვრიდან რეგისტრირებულია გირავნობა, მოგირავნეა სს „მ-----ო ე----ო კ----ო“, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ცნობა გაცემულია 2020 წლის 31 ივლისს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლაზე სასამართლომ 2022 წლის 18 აპრილის განჩინებაში იმსჯელა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

14. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახე მეორეთი შეიცვალა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).

17. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის კანონიერება.

18. სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რაც საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

19. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

20. ამავე დროს, მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, ხოლო ამის შემდეგ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: N ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; N ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).

22. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

24. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტშია ასახული და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ უზრუნველყოფის საგნის ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება დავის საგნის ღირებულებას, ამასთან უზრუნველყოფის საგანზე გამოყენებული გირავნობის შესახებ ინფორმაცია ასახულია 2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ხოლო მოპასუხის განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დაახლოებით ორი წლის შემდეგ- 2022 წლის 18 აპრილს (იხ. ცნობის გაცემის თარიღი წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი), ამ განჩინებაზე მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი წარუდგინა 2022 წლის 16 ივნისს და დაურთო ორი წლის წინანდელი ცნობა (იხ. ს.ფ. 260-262), რომელიც არ ასახავს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას და საჩივრის განხილვის დროისათვის მისი ავტორის პრეტენზიის შესატყვის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რაზედაც სავსებით სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საჩივრის ავტორს სარწმუნოდ და დასაბუთებულად არ წარუდგენია პრეტენზია იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის გამო საფრთხის ქვეშ დადგა სამომავლოდ მის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ბედი, რადგან უზრუნველყოფის შეცვლილი ღონისძიება სავსებით აკმაყოფილებს საჩელის წარმატების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობას. მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა 2022 წლის 7 აპრილის N-------დასკვის მიხედვით შეფასებულია 8800 ლარად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრულია 4950 ლარით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი), ამდენად უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შემდეგაც მოსარჩელის ინტერესი, შესაძლო წარმატების შემთხვევაში, დაცულია და არ არის ხელყოფილი.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები, როგორ დასაბუთებული და კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ნ. ბაქაქური