საქმე №ას-1111-2022 26 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებაზე, საქმეზე - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელის გამო, სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ, სატრანსპორტო საშუალების შეძენისა და მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ვადის დარღვევის გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია მისი კანონმდებლობით დადგენილ, 21-დღიან ვადაში წარდგენა. კანონით დადგენილი ვადის დარღვევა კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის. ამასთან, იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს მომხსენებელი მოსამართლე საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში ამოწმებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 25 მაისს გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. დასახელებულ სასამართლო სხდომას კი ესწრებოდა სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი - მ.ი–ი. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში განჩინების ჩასაბარებლად არ გამოცხადებულა (სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მხოლოდ 2022 წლის 7 ივლისს მიმართა და იმავე დღეს ჩაიბარა განჩინება). ამრიგად, სააპელაციო ინსტანციის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამოიწურა 2022 წლის 15 ივლისს, 24:00 საათზე. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრითა და მასზე დართული კონვერტით კი დგინდება, რომ საჩივარი საფოსტო-საკურიერო მომსახურების მწარმოებელ კომპანიას ჩაბარდა 2022 წლის 27 ივლისს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2022 წლის 26 ივლისი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე კი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 20 ივლისის №13038 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 579 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე