საქმე №ას-1036-2022 26 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ე -პ -ჯ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს ,,ე-პ -ჯ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ტ–ი“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, 42 024, 82 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 9 222,11 ლარის ნაწილში ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42 024,82 ლარის გადახდა .
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 9 222, 11 ლარის გადახდა დაეკისრა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სს ,,ე-პ-ჯ–ას“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
8. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 15 სექტემბერს და ჩაბარდა ამავე წლის 19 სექტემბერს.
9. 2022 წლის 16 სექტემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ უარს ამბობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და, შესაბამისად, აღარ წარმოადგენდა დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი თავი შეიცავს.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
14. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
15. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1104-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი).
16. კასატორის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ (იხ.: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ. 354, 356) განაცხადა, რომ უარს ამბობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და, შესაბამისად, აღარ წარმოადგენდა დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს. ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპეალაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 1641 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან.
19. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,ე-პ–ჯ–ას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სს ,,ე-პ–ჯ–ას“ საკასაციო საჩივარზე;
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები;
4. სს ,,ე-პ–ჯ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სს ,,ე-პ– ჯ–ას“ (ს/კ ......) მიერ 2022 წლის 16 ივნისს #99153003 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 641. 00 ლარი;
5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე