Facebook Twitter

15 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-137-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. კ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2000 წლიდან 2009 წლის 9 მაისამდე ნ. კ-ლი (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) დასაქმებული იყო აჭარის ა/რ-ის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტში.

2. 2009 წლის 11 ივნისიდან 2009 წლის 30 ივნისის ჩათვლით აჭარის ა/რ-ის სტატისტიკის დეპარტამენტში მოსარჩელე მიღებული იყო შტატგარეშე თანამშრომლად - საწარმოთა გენერალური ერთობლიობის ბაზის განახლების (აქტუალიზაცია) გამოკვლევის ინტერვიუერად, ხოლო 2010 წლის 5 იანვრიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე - საწარმოთა 2009 წლის IV კვარტლის გამოკვლევის ინტერვიუერად.

3. 2010 წლის 1 მარტიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბათუმის სამმართველოში სხვადასხვა პერიოდულობით სტატისტიკური გამოკვლევების ინტერვიუერის პოზიციაზე.

4. 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმებული მუშაობდა ბათუმის სამმართველოს ადმინისტრაციულ საკითხთა და მონაცემთა გავრცელების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, დროებითი მოვალეობის შემსრულებლად.

5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გენერალური დირექტორის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს - ბათუმის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე, 2014 წლის 1 იანვრიდან.

6. სამუშაოდან განთავისუფლებამდე დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა ხელზე მისაღები 720 ლარით.

7. მოსარჩელესა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის უვადო შრომითი ურთიერთობა არსებობდა.

8. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით საქსტატში ორგანიზაციული ცვლილებები დაიგეგმა.

ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით შრომითი ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე უნდა გაფრთხილებულიყო აღმასრულებელი დირექტორის აპარატი, ადმინისტრაციული სამმართველო და ბათუმის სამმართველო.

9. რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ზოგიერთ ბრძანებაში.

ცვლილება შეეხო ბათუმის სამმართველოსაც და „ბათუმის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს“ ეწოდა „აჭარის სტატისტიკის ბიუროს მთავარი სპეციალისტი“, ხოლო „ბათუმის სამმართველოს უფროს სპეციალისტს“ ეწოდა „აჭარის სტატისტიკის ბიუროს უფროსი სპეციალისტი“. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტულად საქსტატის ბათუმის სამმართველოში, კერძოდ, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გაუქმდა სპეციალისტის 2 შტატი.

10. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), 2018 წლის 20 სექტემბრიდან მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ დასაქმებულს რამდენიმე გზით ეცნობა, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს ბათუმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ მასთან სატელეფონო გასაუბრებით, 2018 წლის 13 აგვისტოს ბათუმის სამმართველოს უფროსის მხრიდან შესრულებული სატელეფონო კავშირითა და სადავო ბრძანების ჩაბარებაზე მოსარჩელის ხელმოწერით.

12. 2018 წლის 10 აგვისტოს დასაქმებულის წარმომადგენელმა ა.კ-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს მიმართა და მოითხოვა 2018 წლის 6 აგვისტოს ბრძანებისა და საქსტატის დებულების გადაცემა.

ზემოხსენებული მიმართვის პასუხად საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ საქსტატის ბათუმის სამმართველოში, საქსტატის საბჭოს 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, ახალი საშტატო პოზიციები არ ფიქსირდება; რეორგანიზაციის საფუძველზე საქსტატის ბათუმის სამმართველოში დასაქმებულთა შემცირება გამოწვეულია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოსაკითხი რესპოდენტების მცირე რაოდენობით, რის გამოც შესაბამის მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ძირითად შტატში მომუშავე დასაქმებულთა საჭიროება. ამასთან, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სტატისტიკური კვლევების შესრულება დაგეგმილია კონკრეტული კვლევის ფარგლებში დაქირავებული შტატგარეშე თანამშრომლების მეშვეობით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

13. 2018 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მოსარჩელეს წერილით მიმართა, სადაც განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის სამმართველოს სპეციალისტის ორი საშტატო ერთეული გაუქმდა და ვინაიდან აღნიშნულის გათვალისწინებით 2018 წლის 20 სექტემბრიდან იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა, საქსტატმა მას შესთავაზა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და საწარმოთა გამოკვლევებში შტატგარეშე თანამშრომლად (ინტერვიუერად) დასაქმება.

14. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე მიღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლად.

15. დღეის მდგომარეობით, საქსტატში მოსარჩელე შტატგარეშე თანამშრომლადაა დასაქმებული (განსაზღვრული კვლევების ფარგლებში) და მისი ხელფასი კვლევების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

16. სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი, მოწინააღმდეგე მხარე ან ორგანიზაცია) წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

19.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, შემდეგი გარემოებების გამო:

19.1.1. იმისათვის, რომ სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასაქმებულის განთავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა: 1). უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა.

19.1.2. რეორგანიზაციამდე აჭარაში ჯამურად 7 საშტატო ერთეული არსებობდა, მათ შორის იყო ორი სპეციალისტის თანამდებობა - ქობულეთისა და ქედის მიმართულებით, სადაც დასაქმებულები იყო მოსარჩელე და კიდევ ერთი ფიზიკური პირი. აჭარის ბიუროში ცვლილების შედეგად სწორედ ეს ორი შტატი გაუქმდა და შესაბამისად იქ დასაქმებული პირები გათავისუფლდნენ. ეს ფაქტიც ადასტურებდა, რომ ცვლილებები მიზნად არ ისახავდა მოსარჩელის უფლების შეზღუდვას.

19.1.3. რეორგანიზაციას შედეგად მოჰყვა საქსტატის აჭარის რეგიონში სპეციალისტის ორი არსებული საშტატო ერთეულის გაუქმება. მოპასუხის განმარტებით, დაკვირვებამ, გამოცდილებამ, თანამშრომლების დატვირთულობამ და სამუშაოს მოცულობამ აჩვენა, რომ შტატიანი თანამშრომლების დატოვება მხოლოდ რეგიონის ცენტრებში იყო მიზანშეწონილი (ამ შემთხვევაში ბათუმში), რაც ხელს შეუწყობდა პროცესების ეფექტიანად წარმართვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას.

რამდენადაც შესასრულებელი სამუშაო სეზონურ ხასიათს ატარებდა, არ იყო ყოველდღიური საქმე და გამოსაკითხი რესპოდენტების მცირე რაოდენობა არსებობდა, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში შტატიანი თანამშრომლის არსებობის საჭიროება არ იდგა.

ეს ფაქტობრივი გარემოებები მოწმედ დაკითხულმა ე.შ-აც დაადასტურა, რომლის ჩვენება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, მიუხედავად მოპასუხე სსიპ-ში დაკითხული პირის სამსახურეობრივი პოზიციისა. ამასთან უდავოა, რომ მოპასუხის შეთავაზებით შტატგარეშე თანამშრომლად დასაქმებული მოსარჩელე იმავე ფუნქციების მატარებელ საქსტატის თანამშრომელს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა მისი მტკიცების ტვირთი დაძლია, კერძოდ, მან შეძლო დაემტკიცებინა, თუ რა ლეგიტიმური საფუძველი იდგა დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკან ან რა მიზეზობრივი კავშირი არსებობდა დასაქმებულის დათხოვნასა და საწარმოს რეორგანიზაციას შორის.

19.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიმართ განსხვავებულად მოპყრობის ფაქტი არ დასტურდებოდა. დასმულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის მე-2 პუნქტზე (პირმა, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების შესახებ აპელირებს, უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა) და განმარტა შემდეგი:

- კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით განთავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა.

შრომით ურთიერთობაში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს განსხვავებულად მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ.

შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითა დისკრიმინაციული ფაქტის არსებობის შესახებ, რის გამოც მოცემული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნებოდა.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დასაქმებულმა საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

20.1. რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუკი დადგინდება, რომ თავისი შინაარსის გათვალისწინებით (ეკონომიკური სიდუხჭირე, შტატების შემცირება ან/და ხელფასების შემცირება თუ სხვა ობიექტური საჭიროება) იგი დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება. მხოლოდ რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.

20.2. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ვარგისი მტკიცებულება, რომ აჭარის სტატისტიკის ბიუროში მოსარჩელისა და კიდევ ერთი პირის შემცირებით რეალურად განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

20.3. მცდარია გადაწყვეტილების იმ ნაწილის დასაბუთება, რომელიც დისკრიმინაციას შეეხება. მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების ფაქტი, რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები (რაც მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე აისახა), პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის საფუძველს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრია.

20.4. სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რა აუცილებელი, საჭირო და გადაუდებელი მიზანი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუდგენიათ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აჭარის სტატისტიკის ბიუროში რეორგანიზაციის შედეგად არ დამდგარა ის შედეგები (დასაქმებულთა შემცირება, ფუნქციების გადანაწილება ან/და შემცირება, ახალი თანამშრომლების მიღება ან/და შტატგარეშე თანამშრომლების შემცირება ან/და სხვა), რაც შტატების შემცირების აუცილებლობას დაასაბუთებდა.

სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებაზე, რომ იმერეთის სტატისტიკის ბიუროში 5 საშტატო ერთეულიდან 1 სპეციალისტია, კახეთის სტატისტიკის ბიუროში საშტატო ერთეულებიდან 1 სპეციალისტია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სტატისტიკის ბიუროში 4 საშტატო ერთეულიდან 1 სპეციალისტია, სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკის ბიუროში 3 საშტატო ერთეულიდან 1 სპეციალისტია, შიდა ქართლის სტატისტიკის ბიუროში 3 საშტატო ერთეულიდან 1 სპეციალისტია და ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროში 3 საშტატო ერთეულიდან 1 სპეციალისტია.

20.5. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, თუ რას ემსახურებოდა ადგილზე სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა; არ დასტურდებოდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოსაკითხი რესპოდენტების მცირე რაოდენობა არსებობდა, შესაბამისად, არ მტკიცდებოდა, რომ ძირითად შტატში მომუშავე თანამშრომლის საჭიროება არ არსებობდა.

დადგინდა, რომ რესპოდენტების რაოდენობა მუნიციპალიტეტში არც რეორგანიზაციის შემდეგ არ შემცირებულა, არ შემცირებულა არც რეორგანიზაციამდე არსებული შტატგარეშე თანამშრომლების რიცხოვნობაც. უფრო მეტიც, არც მოსარჩელის უფლებამოსილება, დატვირთულობა და დაკისრებული სამუშაოს მოცულობა არ შეცვლილა და სასოფლო-სამეურნეო სფეროს კომპონენტში კვლევის სახით გაიზარდა კიდეც.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

22. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

24. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები - სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

26. განსახილველი სარჩელის ავტორი დასაქმებულია როგორც შტატგარეშე თანამშრომელი, ამავდროულად კასატორს სამუშაოდან განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურს.

მოსარჩელის აღნიშნული მიზანი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი სადავო ბრძანების მართლზომიერება და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა დადასტურდება.

სარჩელის დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 38.8 (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

27. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

ამდენად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, მოცემული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

29. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:

- „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად...

ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ: №ას-1029-2020, 2.12.2020).

- „სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით“ (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021).

30. სანამ სადავო ბრძანების კანონიერების შეფასებაზე გადავალთ, აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

ამდენად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტუროს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მის მიერ მითითებული მიზეზების გათვალისწინებით აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული.

31. იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო მხოლოდ იმას იკვლევს, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021).

მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა რეალურად განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების შემცირება) შედეგია. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის მოპასუხის მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

1). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით საქსტატში ორგანიზაციული ცვლილებები დაიგეგმა, 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით შრომითი ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე უნდა გაფრთხილებულიყო აღმასრულებელი დირექტორის აპარატი, ადმინისტრაციული სამმართველო და ბათუმის სამმართველო.

2). რეორგანიზაციამდე აჭარის სტატისტიკის ბიუროში არსებობდა ჯამურად 7 საშტატო ერთეული, მათ შორის, ორი სპეციალისტის თანამდებობა (ქობულეთისა და ქედის მიმართულებით), სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე და კიდევ ერთი პირი. რეორგანიზაციის შედეგად ხსენებული ორი შტატი გაუქმდა, რის გამოც მითითებული პირები სამუშაოდან გათავისუფლდნენ. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად, სპეციალისტის ორი არსებული საშტატო ერთეულიდან აჭარის სტატისტიკის ბიუროში ორივე შტატი გაუქმდა.

3). მოპასუხის განმარტებით, დაკვირვებამ, გამოცდილებამ, თანამშრომელთა დატვირთულობამ და სამუშაოს მოცულობამ აჩვენა, რომ შტატიანი თანამშრომლების დატოვება მხოლოდ რეგიონის ცენტრებში (კონკრეტულ შემთხვევაში, ბათუმში) იყო მიზანშეწონილი, რაც ხელს შეუწყობდა პროცესების ეფექტურად წარმართვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას; იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო სეზონურ ხასიათს ატარებდა, ყოველდღიური საქმე არ იყო და გამოსაკითხი რესპოდენტების მცირე რაოდენობა არსებობდა - ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში შტატიანი თანამშრომლის საჭიროება არ იდგა.

ზემოაღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად მოპასუხემ სხვა რეგიონების მაგალითები დაასახელა და მათი შედარების გზით ის ფაქტობრივი მოცემულობა გამოკვეთა, რამაც კონკრეტულად აჭარის რეგიონში შტატების გაუქმება განაპირობა (იხ. მოპასუხის შესაგებელი).

4). სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ, დამსაქმებელმა დასაქმებულს შესთავაზა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და საწარმოთა გამოკვლევებში შტატგარეშე თანამშრომლად (ინტერვიუერად) დასაქმება.

5). მოსარჩელე, დამსაქმებელთან შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობს (განსაზღვრული კვლევების ფარგლებში) და მისი ხელფასი კვლევების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

32. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებული ვერ იქნება. ეს მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ არსებობდა რეალური საჭიროება, რამაც აუცილებელი გახადა მოსარჩელის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმება და მისი სამუშაოდან დათხოვნა.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, აჭარის სტატისტიკის ბიუროში სპეციალისტის ორი არსებული შტატიდან ორივე გაუქმდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სადავო რეორგანიზაციის მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად მოსარჩელის უფლებების შეზღუდვა. უფრო მეტიც, დამსაქმებელმა გამოხატა დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ნება, კერძოდ, მას ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და საწარმოთა გამოკვლევებში შტატგარეშე თანამშრომლად (ინტერვიუერად) დასაქმება შესთავაზა, რასაც მოსარჩელე დათანხმდა და მოპასუხესთან შტატგარეშე თანამშრომლად დასაქმდა.

საქმეზე დადგენილად ცნობილი ის გარემოებები, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო სეზონურ ხასიათს ატარებდა, ყოველდღიური საქმე არ იყო და გამოსაკითხი რესპოდენტების მცირე რაოდენობა არსებობდა (რომლებიც კასატორს დასაბუთებული პრეტენზიის გზით არ გაუქარწყლებია) საკმარის საფუძველს ქმნის სადავო ბრძანების კანონიერად მიჩნევისათვის.

აღნიშნული იმის დასტურია, რომ დამსაქმებელმა სასამართლოს წარმოუდგინა კონკრეტული დასაბუთება, ლოგიკური წინაპირობები, რაც წინ უძღოდა შტატების შემცირებას და ანიჭებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის არგუმენტი მასზედ, რომ სადავო რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სადავო ბრძანების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაზიარებელია.

33. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და სხვა თანმდევი მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

34. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

36. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

38. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 201 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. კ-ლს (პ/ნ ------) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ. ჯ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - #-, გადახდის თარიღი - 9/03/2021) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ------, მიმღების ანგარიშის №-------, სახაზინო კოდი -------;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე