3გ-ად-51-გ-02 2 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 ივლისს ვ. მ.-მ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროში 1977 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.
1997 წლიდან კი მუშაობა დაიწყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს სახელმწიფო სექტორის მომსახურების განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობაზე. არის პოლიციის მაიორი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 21 სექტემბრის ¹406 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტით (შტატების შემცირებით).
მოსარჩელე ვ. მ.-მ ჩათვალა, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტი და 97-ე მუხლის მეორე პუნქტი.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998წ. 18 მაისის ¹222 და 2001წ. 21 სექტემბრის ¹406 ბრძანებულებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით ვ. მ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგი გარემოებების გამო:
ვ. მ.-ის შსს-ში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს სახელმწიფო სექტორის მომსახურებების განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო) და თვით ვ. მ.-ს შორის გარიგების _ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების _ დადების შედეგად.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლას. ამდენად, აღნიშნული დავა უკავშირდება სადავო ბრძანებებს, მაგრამ იგი წარმოშობილია ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად კი საოლქო სასამართლოში პირველი ინსტანციით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიის 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. მ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება ვ. მ.-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. ადმინისტრაციული გარიგების დადებისა და შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა. ამიტომ ამგვარი ბრძანება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი” და მისი კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, არამედ როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, შრომის კანონთა კოდექსთან და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავთან.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა და მე-5 თავის თანახმად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, აგრეთვე, შკკ-ს საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება) იმისდა მიუხედავად, ფიზიკური პირი წარმოადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით” გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. დავის საგანია არა ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა და დადება. რადგანაც მოსარჩელეა ფიზიკური პირი ვ. მ.-ი, ხოლო მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, ვ. მ.-ის სარჩელი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 ვ. მ.-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2. ვ. მ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.