Facebook Twitter

6 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-1312-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,ნ-----ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,კ----ნა ფ----რ ფ------ტ კ---“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,კ----ა ფ----რ ფ----ტ კ----სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და შპს ,,ნ-----ს“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, მყიდველი, შემძენი) შორის 2018 წლის 19 მარტს ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა დიზელგენერატორი KD 350 EA3, მწარმოებელი - თურქეთის ქარხანა. ამ ხელშეკრულებით დიზელგენერატორის ღირებულება 20 600 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა.

გამყიდველმა მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების დიზელგენერატორი, რომლის სანაცვლოდ მყიდველმა 20 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი 49 293.74 ლარი გადაიხადა.

2. 2018 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კვლავ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის მეორე ხელშეკრულება ან მეორე ხელშეკრულება), რომლის საგანი იყო დიზელგენერატორი KD 200 EA3, მწარმოებელი - თურქეთის ქარხანა.

მეორე ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა თურქეთში წარმოებული დიზელგენერატორი KD 200 EA3, თუმცა მიწოდებულ გენერატორს ძრავი დაუზიანდა, რის შემდეგაც მოსარჩელე და მოპასუხე ზეპირად შეთანხმდნენ დაზიანებული გენერატორის შეცვლაზე. მყიდველის მოთხოვნა იყო, რომ გენერატორს PERKINS-ის ძრავი ჰქონოდა, რისთვისაც შესაბამისი თანხის დამატებაზე თანახმა იყო.

მეორე ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს დიზელგენერატორი მიაწოდა.

მიწოდების დოკუმენტაციის შესაბამისად, 2019 წლის 19 ოქტომბერს სასაქონლო ზედნადები გამოიწერა, რომლის მიხედვით, მოპასუხეს 2019 წლის 25 ოქტომბერს 1 ერთეული დიზელის გენერატორი KD 200 EA3, PS DIZEL JENERATOR 200 KVA ჩაჰბარდა და საქონლის ფასი 90 992 ლარით განისაზღვრა. ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს ელექტრონულად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----- ----- გამოიწერა, რომელიც მოპასუხემ 2019 წლის 10 ნოემბერს დაადასტურა.

3. 2019 წლის 23 დეკემბერს, მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ნასყიდობის მეორე ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების - 41 698.26 ლარის გადახდის მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 698.26 ლარის გადახდა დაეკისრა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხისათვის ჩაბარებული დიზელგენერატორი, შეთანხმებული ხარისხის იყო.

6.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სარჩელისგან თავის დასაცავად იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ, მოსარჩელემ, მას ნაკლიანი ნივთი მიაწოდა, კერძოდ, სადავო გენერატორის დოკუმენტაციასა და სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემები (KD 200 EA3, PS DIZEL JENERATOR 200 KVA), მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გადაცემული გენერატორის მონაცემებს არ ემთხვეოდა.

აღნიშნული გარემოების დამტკიცების მიზნით, მოპასუხემ, 2020 წლის 25 ივნისის ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც მოსარჩელემ საწინააღმდეგო დასკვნა დაუპირისპირა.

ზემოხსენებული ექსპერტიზის ორი დასკვნიდან სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას მიანიჭა, რაც შემდეგი მოსაზრებით დაასაბუთა:

მოპასუხის შემთხვევაში, ექსპერტიზა თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარდა, ე.ი. ექსპერტმა იმ დოკუმენტაციის მონაცემებით იხელმძღვანელა, რომელიც მოპასუხემ მიაწოდა; ექსპერტმა დასკვნა ჩამოაყალიბა, გენერატორის შესახებ გამოქვეყნებული მახასიათებლების მიხედვით;

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ დასკვნა PERKINS 1106A-70TA მოდელის ძრავის იმ მახასიათებლებს ემყარება, რაც მწარმოებლის მიერ არის შემოთავაზებული და დატანილია შესაბამისი მოდელის ძრავის კორპუსზე ან შეიძლება მოიძებნოს ინტერნეტის საძიებო სისტემის მეშვეობით;

ექსპერტს, სადავო დიზელ-გენერატორი, უშუალოდ მუშაობის პროცესში არ შეუმოწმებია და კვლევა მოპასუხის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას - ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებსა და ფოტოსურათებს ემყარება;

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, მოპასუხის მფლობელობაში არსებული დიზელ-გენერატორის (KD200EA3KKK) ტექნიკური მახასიათებლების დადგენა/შეფასება გენერატორის უშუალოდ, ადგილზე ვიზუალურ-ტექნიკური დათვალიერების გზით შესრულდა, რის შედეგადაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ სადავო გენერატორი 200 კვა სიმძლავრით მუშაობას უზრუნველყოფდა.

ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ეტიკეტი (სავაჭრო ნიშანი), რომელიც ექსპერტს ადგილზე დათვალიერებისას დახვდა, იმ ეტიკეტისაგან/მონაცემებისგან განსხვავებული იყო, რომელიც მოპასუხემ ექსპერტს გადაუგზავნა და ეს გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

6.3. დიზელ-გენერატორის ფასთან დაკავშირებით მოპასუხის პრეტენზიის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით უდავოდ დასტურდება, რომ, 2019 წლის 19 ოქტომბერს, მოსარჩელემ, მოპასუხეს, 90 992 ლარის ღირებულების შეთანხმებული საქონელი მიაწოდა.

აღნიშნული მიწოდება, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესრულდა. ნასყიდობის პირობები სამ ხელშეკრულებაში (ორი წერილობითი და ერთი ზეპირი) ჩამოყალიბდა.

მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, საბოლოოდ, მოპასუხეს, 90 992 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა, საიდანაც 49 293.74 ლარი ნასყიდობის პირველი ხელშეკრულების საფუძველზეა გადახდილი.

შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ, 41 698.26 ლარის გადახდის ვალდებულება გააჩნია.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით მოპასუხე ასაჩივრებს, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვს.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:

7.1. გასაჩივრებულ განჩინებაში, სააპელაციო სასამართლო, მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 105-ე მუხლის ციტირებით დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ისე უარყო, რომ თავისი მოსაზრება არ დაასაბუთა. საფუძველი, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა არ გაიზიარა, მოსარჩელესთან მიმართებით გაითვალისწინა.

7.2. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 162.1 მუხლი, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

7.3. მოცემულ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს მიაჩნდა, რომ სადავო გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები მისი ექსპლუატაციის პროცესში უნდა დადგენილიყო, მაშინ არც გენერატორის საინფორმაციო დაფაზე დატანილ მონაცემებს არ უნდა დაყრდნობოდა და სადავო გენერატორის სიმძლავრისა და გენერატორის ტიპის დასადგენად ექსპერტიზა თავად უნდა დაენიშნა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 41 698.26 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის (გამყიდველი) მოთხოვნის კანონიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნა სსკ-ის 477.2 მუხლიდან (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.

13. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მან ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მყიდველს შეთანხმებული საქონელი მიაწოდა, შემძენმა კი, არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, რაც, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე, გამყიდველს, შესაბამისი თანხის შემძენისათვის მოთხოვნის უფლებით აღჭურვავს.

14. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

15. პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეპირისპირების შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოება - მოსარჩელემ, მყიდველს (მოპასუხე), შეთანხმებული ხარისხის მქონე ნასყიდობის საგანი მიაწოდა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოდავე მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეპირისპირება, რასაც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი ძალის შესუსტება მოჰყვა შედეგად.

გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ გარკვევით დაასაბუთა, თუ რატომ უნდა აღმოჩნდა საქმისათვის უპირატესი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

აღნიშნული მოსაზრების მთავარი არსი ისაა, რომ მოპასუხის შემთხვევაში, ექსპერტმა იმ დოკუმენტაციის მონაცემებით იხელმძღვანელა, რომელიც მოპასუხემ მიაწოდა, სადავო დიზელ-გენერატორი, უშუალოდ მუშაობის პროცესში არ შემოწმებულა და კვლევა მოპასუხის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას (ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებსა და ფოტოსურათებს) დაემყარა.

იგივეს ვერ ვიტყვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც მოპასუხის მფლობელობაში არსებული დიზელ-გენერატორის ტექნიკური მახასიათებლების დადგენა/შეფასება გენერატორის უშუალოდ, ადგილზე ვიზუალურ-ტექნიკური დათვალიერებით შესრულდა, რის შედეგადაც ექსპერტმა დაასკვნა, რომ სადავო გენერატორი 200 კვა სიმძლავრით მუშაობას უზრუნველყოფდა.

პალატის შეფასებით, ზემომითითებული გარემოება საკმარის საფუძველს ქმნიდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებისათვის, რამაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შექმნა.

ამასთან, წარმოდგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში არც იმის საჭიროება არ არსებობდა, რომ, სასამართლოს, თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა, რადგან საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხზე პასუხს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეიცავდა, ხოლო ხსენებული მტკიცებულების ვარგისიანობაზე წინამდებარე განჩინების ამავე პუნქტში განიმარტა.

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სასამართლოს დავის მოსაწესრიგებლად სსსკ-ის 162.1 მუხლი (თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება) უნდა გამოეყენებინა და თავისი ინიციატივით ექსპერტიზა დაენიშნა.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. საკასაციო საჩივარში გაჟღერებული პრეტენზიები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ვერ ქმნის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული დავისათვის გადამწყვეტია, საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს, შეთანხმებული ხარისხის მქონე ნასყიდობის საგანი გადასცა, რისი დამტკიცებაც მოსარჩელემ შეძლო და რისი უარყოფის მტკიცების ტვირთიც მოპასუხემ ვერ დაძლია (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 507.1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ნ-----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ნ----ს“ (ს/ნ -----) დაუბრუნდეს გ. ჯ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 153 ლარის (საგადახდო დავალება ------, გადახდის თარიღი - 19.11.2021) 70% - 1 507.1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ------;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე