საქმე №ას-1680-2019 24 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ი-ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ი-ნა (მოსარჩელე)
თანამოპასუხე - არასრულწლოვანი ს. ი-ნი
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის (შემდგომში – „ჰააგის კონვენცია“ ან „კონვენცია“) საფუძველზე, წარუდგინა ბელარუსის ცენტრალური ორგანოს მიმართვა, ბელარუსის მოქალაქე ს. ი-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მამა“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიერ არასრულწლოვანი შვილის, ს. ი-ის (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, ბავშვი“ ან „შვილი“) სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით.
2. ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მინსკის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე №------ გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის, ვ. ი-ას (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დედა“ ან „აპელანტი“) საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, 2018 წლის 02 თებერვალს ქ. მინსკის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე №----- მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მამას შვილის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება მხოლოდ დედის წერილობითი თანხმობით ჰქონდა. აღნიშნულის მიუხედავად, განმცხადებლის ცნობით, მამამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და არასრულწლოვანი საქართველოში ჩამოიყვანა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის გავლით.
3. სასამართლოში წარდგენილი მიმართვის თანახმად, 2018 წლის 01 აპრილს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) სამსახურმა დაადგინა, რომ მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, ქ. თბილისში. 2018 წლის ივლისში მამამ განაცხადა, რომ ის აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს აცხადებს არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმება ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამჟამად არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში.
4. შუამდგომლობის ინიციატორი მხარის/მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანი დედის თანხმობის გარეშე იქნა ბელარუსიდან გაყვანილი, რის გამოც დედა ვერ ახორციელებს მასზე მეურვეობას და ურთიერთობის უფლებას. შესაბამისად, დარღვეულია ჰააგის კონვენციის მოთხოვნები.
5. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება მის ნებას და შეიცავს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს. არასრულწლოვანი კანონიერად იმყოფება მამასთან. მამა-შვილის მიერ ბელარუსისა და საქართველოს საზღვრის კვეთა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. იგი სრულად არის ინტეგრირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მიღებულ იქნა ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამას აეკრძალა არასრულწლოვნის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვნის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
9. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 იანვრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება არასრულწლოვანი.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დადგინდა არასრულწლოვნის დაბრუნება ბელარუსის რესპუბლიკაში, დედასთან, მცხოვრები: ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. -----, ----- ქ. №----; არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა დედას.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არასრულწლოვანმა (წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი) და მოპასუხემ წარადგინეს საკასაციო საჩივრები (რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრისა და იმავე წლის 12 დეკემბრის განჩინებებით მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად).
13. მოსარჩელემ 2019 წლის 23 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2019 წლის 08 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მამა შეეცდება ხელი შეუშალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და აღნიშნული მიზნით მოსალოდნელია ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან სხვა ქვეყანაში ან დაიმალოს ბავშვთან ერთად აღსრულების პროცედურების გაჭიანურებისა და ბავშვის არდაბრუნების მიზნით. ბავშვი არის მხოლოდ 6 წლის, იგი მამასთან იმყოფება 4 წლის ასაკიდან. ამ ხნის მანძილზე მამა ცდილობდა ბავშვისთვის უარყოფითი დამოკიდებულება შეექმნა დედის მიმართ, ასევე, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ მამა გააძლიერებს მცირეწლოვან ბავშვზე ზემოქმედებას და შეეცდება შექმნას ილუზია, რომ იგი ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების წინააღმდეგია. ცალსახად იკვეთება მამის გავლენა ბავშვის აზრის ფორმირებაზე, მამა ცდილობს მცირეწლოვან ბავშვს შთააგონოს თითქოს მასზე ბელარუსის რესპუბლიკაში ყოფნისას ხორციელდებოდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, რაც, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს უკიდურესად ნეგატიური შედეგი ბავშვის განვითარებისა და აღზრდის პროცესში.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა წინამდებარე დავის განხილვისას დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
16.1. ბავშვის ბელარუსიის რესპუბლიკიდან გადაადგილება და საქართველოში დაკავება მოხდა არამართლზომიერად;
16.2. 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. მინსკის ----- რაიონის სასამართლომ (საქმე №------) გამოიტანა გადაწყვეტილება და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, არასრულწლოვანზე მეურვეობის უფლება გადაწყდა მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის მიერ. იმავე სამართალწარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობდა დედის ნეგატორულად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან მასზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედებების შედეგი იყო, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით. ბელარუსის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე ჩათვალა, რომ მამა შეფერხებას უქმნიდა დედას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაში, რაც გამოიხატებოდა როგორც ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობაში, ასევე, მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობის თანაბარი შესაძლებლობის არმიცემაში;
16.3. 2018 წლის ივლისში მამა შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და განაცხადა, რომ აპირებდა ეცხოვრა საქართველოში და უარს ამბობდა არასრულწლოვნის უკან დაბრუნებაზე, რადგან არ ეთანხმებოდა ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას;
16.4. არასრულწლოვანი დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბელარუსში, სადაც მას ჰყავს მამის მხრიდან ძმები (არასრულწლოვნები), მამის მხრიდან ბებია-ბაბუა და დედის მხრიდან - ბებია, ასევე ყავს მამიდა და ბიძა (დედის ძმა), მამიდაშვილები და ბიძაშვილები, რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა. არასრულწლოვანი ბელარუსში დადიოდა საბავშვო ბაღში და იქვე იმყოფებოდა სამედიცინო აღრიცხვაზე. დღეის მდგომარეობით, მისი საქართველოში ყოფნის პერიოდი მოიცავს 15 თვეს. საქართველოში არ უვლია საბავშვო ბაღში, არ იცის ქართული ენა, არ ჰყავს ნათესავები, ცხოვრობს მამასთან, რომელიც ზრუნავს მასზე. დაახლოებით ერთი თვეა რაც შევიდა რუსულენოვან სკოლაში ქ. ბათუმში;
16.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბელარუსის რესპუბლიკიდან გამოთხოვილ იქნა გამოძიების მასალები. გამოძიების მასალებითა და წინამდებარე საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დადასტურდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური და ძალადობრივი ქმედებების ფაქტები;
16.6. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური კვლევის, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბდა ვარაუდი იმისა, რომ არასრულწლოვნის განმარტებები წარმოადგენდა მხოლოდ მამის ზეგავლენის შედეგს;
16.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მამის მიერ ჰააგის კონვენციის ფარგლებში ბავშვის დაბრუნების შემაფერხებელ საგამონაკლისო ნორმებზე მითითება, ბავშვის მიმართ ბელარუსში განხორციელებული შესაძლო ძალადობის გამო, ემსახურებოდა მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას და არა საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებებს, რაც პალატის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების სრულყოფილი კვლევის შედეგადაც იქნა დადგენილი და შეფასებული;
16.8. დედა-შვილს აქვთ თბილი ურთიერთობა. ბავშვი გამოხატავდა დედასთან ურთიერთობის სურვილს.
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ბელარუსის რესპუბლიკიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში საცხოვრებლად დაბრუნება, სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის ინტერესია არ იყოს მოწყვეტილი მის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს. ჰააგის კონვენციის მიზანია დაუყოვნებლივ აღდგეს status quo, რომელიც უკანონოდ ირღვევა პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადაადგილა და დააკავა ბავშვი, ამ უკანასკნელის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების გზით.
18. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოება და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიდგეს არასრულწლოვნის ინტერესებს და გამოიწვიოს უკიდურესად ნეგატიური შედეგი ბავშვის შემდგომი განვითარებისა და აღზრდის პროცესში.
19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
20. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
20.1. გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
20.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი;
20.3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება აჩენს დავის საგნის მოსპობის წინაპირობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ არ უნდა გამორიცხოს მოწინააღმდეგე მხარის შესაძლებლობა, გააგრძელოს დავა ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოითხოვოს აღსრულების შებრუნება დაწყებული სამართლაწარმოების ფარგლებში. მით უფრო, უნდა გამოირიცხოს ასეთი შედეგის მისაღწევად სხვა სახელმწიფოში სამართლაწარმოების დაწყების აუცილებლობა;
20.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით ფაქტობრივად შეიქმნა გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და თუნდაც გასაჩივრების შემთხვევაში, საპირისპირო გადაწყვეტილების აღსრულების მოსპობის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებულ ბავშვთან მიმართებით, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება. აღნიშნული წარმოადგენს მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევას;
20.5. სასამართლო იზიარებს შუამდგომლობის ავტორის პოზიციას ბავშვის საქართველოდან გაყვანის, მამისა და ბავშვის ერთად მიმალვისა და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის საფრთხის არსებობის თაობაზე, თუმცა გაუგებარია ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობა საქმეში არსებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით:
- მამა და ბავშვი სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით. შესაბამისად, მათი საქართველოში ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მათ აკრძალული აქვთ საქართველოს სახელმწიფოს დატოვება, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია მათი უფლება იცხოვრონ საქართველში, ასევე დაუშვებელია მათი საქართველოდან გაძევება წარმოშობის ქვეყნის საზღვართან მიახლოებაც კი. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების სამართლებრივი შესაძლებლობა მამა-შვილს არ გააჩნიათ. მათი პასპორტები ინახება საქართველოს შსს მიგრაციის შესაბამის სამსახურში და დღეის მდგომარეობით სარგებლობენ საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამდენად, მამის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ საფრთხის არსებობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა;
- ბავშვი მამასთან 4 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად იზრდება. მამა დედა-შვილს შორის დადებითი ემოციური კავშირის შენარჩუნებაზე მუდმივად ზრუნავდა. საქართველოში ყოფნის პერიოდში მამამ მაქსიმალურად უზრუნველყო დედასთან კომუნიკაციის შენარჩუნება, ხოლო საქართველოში არყოფნის პერიოდში იყო დედასთან ელექტრონული საშუალებებით ურთიერთობის ინიციატორი;
- არასრულწლოვნის მიმართ მამის ზემოქმედება და ნეგატიური გავლენა არ დასტურდება. პირიქით, იგი ცდილობს ბავშვი დედის მიმართ დადებითად განაწყოს;
20.6. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასასაბუთებლად იშველიებს ძირითადი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება;
20.7. ბავშვის ინტერესები დაცულია ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაუდგენელია იგი სად იცხოვრებს. დედას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ დედა არ შეუნარჩუნებს ბავშვს მეორე მშობელთან ურთიერთობას.
21. კერძო საჩივრის ავტორმა, ასევე, იშუამდგომლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული განჩინებისა და ამ განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის (ასევე, არასრულწლოვნის, რომელსაც იგივე მოთხოვნა საკასაციო საჩივარში ჰქონდა დაყენებული) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ იმავე პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინების აღსრულება და აღნიშნულ განჩინებაზე 2019 წლის 08 ნოემბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არასრულწლოვნის საკასაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მართლზომიერება.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
29. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა იმავე სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა არასრულწლოვნის დედასთან, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შეეხება არასრულწლოვნის ინტერესებს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერება, სწორედ, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
30. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება (ვინაიდან ბავშვი უკვე გაყვანილი იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ).
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
32. ამდენად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, იმის მიუხედავად თუ ვინ არიან ამ ქმედების განმახორციელებლები, სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა წარმოადგენს.
33. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია გაჟღერებული იდეა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ. Case of S.L. and J.L. v. Croatia, 07.05.2015, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვნისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვნის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც.
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ საქმე №ას-53-51-2016, 06 ივლისი, 2016 წელი).
37. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაზე მსჯელობისას ითვალისწინებს იმ რისკებს, რომლებიც არასრულწლოვნის მცირე ასაკიდან (დაბადებულია 20…. წლის 27 აპრილს) გამომდინარე შეიძლება წარმოიშვას. კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ბავშვი ამჟამად არის 6 წლის, დაახლოებით ორი წელია ცხოვრობს მამასთან ერთად (2018 წლის აპრილიდან), მათ შორის, 2018 წლის ივლისიდან საქართველოში, და დედასთან ინტენსიური ურთიერთობა არ ჰქონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას, რაც დროსაც ხდება არასრულწლოვნის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების ზოგადად აღსრულებისა და განსაკუთრებით, დაუყოვნებლივ აღსრულების გაძნელების საპროცესო შესაძლებლობა.
38. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ წინამდებარე დავა განსხვავებულად გადაწყვიტა ორი ინსტანციის სასამართლომ - პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დედის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის მისთვის დაბრუნების თაობაზე, რაც შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ბავშვის დედასთან, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება დადგინდა. ამჟამად დავა მიმდინარეობს საკასაციო სასამართლოში, შესაბამისად, შესაძლოა შეიცვალოს ან უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი, რა დროსაც დადგება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების, ანუ დედასთან, ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებული ბავშვის უკან მამასთან, საქართველოში დაბრუნების საკითხი, ამგვარმა მიდგომამ კი, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის დაბრუნების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
39. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამას აკრძალული აქვს არასრულწლოვნის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, რაც გამორიცხავს მამის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ამგვარად გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეშლის რისკს.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინება და მოსარჩელის შუამდგომლობა იმავე სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. ვ. ი-ას შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე