საქმე №ას-1680-2019 28 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორები – არასრულწლოვანი ს. ი-ი (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, საპროცესო წარმომადგენელი გ. კ-ლი); ს. ი-ი (მოპასუხე - მამა), ვ. ი-ნა (მოსარჩელე - დედა)
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნა - დროებითი განკარგულებით არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე, წარუდგინა ბელარუსის ცენტრალური ორგანოს მიმართვა, ბელარუსის მოქალაქე ს. ი-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მამა“) მიერ არასრულწლოვანი შვილის, ს. ი-ის (შემდგომში - „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით.
2. შუამდგომლობის ინიციატორი მხარის - ვ. ი-ას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დედა“) განმარტებით, არასრულწლოვანი დედის თანხმობის გარეშე იქნა ბელარუსიდან გაყვანილი, რის გამოც დედა ვერ ახორციელებს მასზე მეურვეობას და ურთიერთობის უფლებას. შესაბამისად, დარღვეულია ჰააგის კონვენციის მოთხოვნები.
3. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი, ეწინააღმდეგება მის ნებას და შეიცავს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს. არასრულწლოვანი კანონიერად იმყოფება მამასთან. მამა-შვილის მიერ ბელარუსისა და საქართველოს საზღვრის კვეთა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. იგი სრულად არის ინტეგრირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით წინამდებარე საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს და, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს, დაევალა მოცემულ საქმეზე არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა და ფსიქოლოგის ჩართვა, ასევე, არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის წარდგენა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მიღებულ იქნა ბრძანება ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მამას აეკრძალა არასრულწლოვნის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანება არასრულწლოვნის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
8. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის/შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 იანვრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება არასრულწლოვანი.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დადგინდა არასრულწლოვნის დაბრუნება ბელარუსის რესპუბლიკაში, დედასთან, მცხოვრები: ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. -------, ------ ქ. №---; არასრულწლოვნის ბელარუსში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა დედას.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არასრულწლოვანმა (წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი) და მოპასუხემ წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრისა და იმავე წლის 12 დეკემბრის განჩინებებით მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრების დასაშვებობის განხილვის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვალს დაინიშნა ზეპირი მოსმენა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვეს დროებითი განკარგულებით დედა-შვილს შორის ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, ზეპირ სხდომაზე მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის; დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება; ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ; ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი; ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.
20. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, არასრულწლოვანთან დაკავშირებულ დავებში დავის დასრულებამდე, დროებით მოაწესრიგოს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის საკითხი.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
22. ამდენად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, იმის მიუხედავად თუ ვინ არიან ამ ქმედების განმახორციელებლები, სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა წარმოადგენს.
23. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია გაჟღერებული იდეა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ. S.L. and J.L. v. Croatia, ECHR, 07.05.2015, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. იმავე კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
27. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსით მშობლებისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამდენად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნებთან.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლებთან ურთიერთობა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ECHR, § 70, 02.02.2016). ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (იხ. Sahin v. Gernamy [GC], ECHR, § 73, 08.07.2003).
29. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დედის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადგინდა არასრულწლოვნის ბელარუსის რესპუბლიკაში, დედასთან დაბრუნება. ამჟამად დავა მიმდინარეობს საკასაციო სასამართლოში.
30. სადავო საკითხს არ წარმოადგენს, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს საქართველოში, ქ. ბათუმში, მამასთან ერთად. საქმეში არსებული „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგის 09.08.2019წ. დასკვნის (აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევის მიზნით ჩატარებულ ბოლო ფსიქოლოგიურ შეფასებას) თანახმად, შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ ბავშვს, როგორც მამის, ასევე, დედის მიმართ აქვს ურთიერთობის სურვილი და ემოციური საჭიროება; მისთვის ორივე მშობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანი; არასრულწლოვნის განმარტებით, უყვარს დედაც და მამაც და სურს, რომ დედამაც იცხოვროს მათთან ერთად; გამოიკვეთა დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინანტობა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 308-314). ამასთან, აღსანიშნავია, რომ დედა ამჟამად იმყოფება საქართველოში, ხოლო მამა არ არის დედა-შვილის ურთიერთობის წინააღმდეგი. უფრო მეტიც, სასამართლოს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს დროებითი განკარგულების მიღების მოთხოვნით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დედა-შვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრის მიზნით დროებითი განკარგულების მიღებას, რათა ხელი შეეწყოს არასრულწლოვანსა და დედას შორის ურთიერთობის აღდგენას, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინეტერსებიდან. კერძოდ, დედას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის, დროებითი განკარგულების სახით, უნდა განესაზღვროს ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე; ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და ყოველი თვის პირველ და მესამე კვირაში - კვირა დღე, ხოლო მეორე და მეოთხე კვირაში - შაბათი დღე 11:00 საათიდან 21:00 საათამდე. ამასთან, წინამდებარე განკარგულებით დადგენილი წესით ბავშვისა და დედის ურთიერთობიდან 2 კვირის შემდეგ, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, დედას მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევით. დედისა და ბავშვის პირველი შეხვედრა შედგეს 2020 წლის 3 მარტს 11:00 საათზე.
32. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალოს განახორციელოს ბავშვისა და დედის ურთიერთობის კონტროლი და უზრუნველყოს ფსიქოლოგის გამოყოფა, რომელიც ბავშვს დაეხმარება დედასთან ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებასა და დადგენაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 354-ე, 355-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მხარეთა შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ორივე მშობელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვისა და დედის ურთიერთობა ბავშვის დედის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით, შემდეგი პირობებით:
2.1. ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ბავშვის დედასთან მიყვანას უზრუნველყოფს მამა, ხოლო ბავშვის სკოლაში წაყვანას ან მამასთან დაბრუნებას - დედა;
2.2. ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე. ბავშვის სკოლიდან გამოყვანას და მამასთან დაბრუნებას უზრუნველყოფს დედა. სკოლაში არყოფნის შემთხვევაში ბავშვის დედასთან მიყვანას უზრუნველყოფს მამა;
2.3. ყოველი თვის პირველ და მესამე კვირაში - კვირა დღეს, ხოლო მეორე და მეოთხე კვირაში - შაბათ დღეს 11:00 საათიდან 21:00 საათამდე. ბავშვის დედასთან მიყვანას უზრუნველყოფს მამა, ხოლო მამასთან დაბრუნებას - დედა.
3. მშობლები იღებენ ვალდებულებას ბავშვის წაყვანისა და დაბრუნების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციით შეატყობინონ ერთმანეთს, ხოლო რომელიმე დღეს ან დროს წაყვანის ან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთილგონივრული დროით ადრე გააფრთხილონ მეორე მხარე;
4. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალოს განახორციელოს ბავშვისა და დედის ურთიერთობის კონტროლი და უზრუნველყოს ფსიქოლოგის გამოყოფა, რომელიც ბავშვს დაეხმარება დედასთან ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებასა და დადგენაში;
5. წინამდებარე განკარგულებით დადგენილი წესით ბავშვისა და დედის ურთიერთობიდან 2 კვირის შემდეგ, ბავშვის მიერ შესაბამისი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, დედას მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ღამისთევით;
6. დედა იღებს ვალდებულებას, რომ მასთან ბავშვის ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს ბავშვის კვებას, მისი სხვა სოციალურ-საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას;
7. დედისა და ბავშვის პირველი შეხვედრა შედგეს 2020 წლის 3 მარტს 11:00 საათზე;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე