საქმე № ას-312-2021 13 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს---ა „ბ------კ ი------ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – „ჯ--- ს--- ე----ჩ თ----კს ლ-----დ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აგრეთვე დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 16 ნოემბერს სარჩელით მიმართა ჯ-- ე---- ე----ჩ თ----კს ლ----დ-ის წარმომადგენელმა თ.გ-მა, მოპასუხე ს----ა ,,ბ-----კ ი----ტ’’-ის მიმართ, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
2. სარჩელის თანახმად, საქართველოში მოპასუხის სახელზე 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვლისათვის დაცულია საერთაშორისო სასაქონლო ნიშნები ----- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 09.06.2003 წელი) და ----- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 15.06.2005 წელი). მოპასუხე არ იყენებს სასაქონლო ნიშნებს ----- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) და ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს სასაქონლო ნიშნებით ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) და ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) ნიშანდებული საქონლის შემოტანას საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელემ, რომელიც აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს დასახელებით -- და ----, 2018 წლის 31 ოქტომბერს საქპატენტში შეიტანა განაცხადება სასაქონლო ნიშნების ---- (საიდენტიფიკაციო N-----) და --- (საიდენტიფიკაციო N----) რეგისტრაციის მოთხოვნით.
სასარჩელო მოთხოვნა
3. გაუქმდეს ს---ა ,,ბ----კ ი----ტ"-ის (-----) კუთვნილი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების - ----(საერთაშორისო რესგიტრაციის №----, რეგისტრაციის თარიღი - 09.06.2003 წელი) და ---- (საერთაშორისო რესგიტრაციის №----, რეგისტრაციის თარიღი - 15.06.2005 წელი) რეგისტრაცია (მინიჭებული დაცვა) საქართველოს ტერიტორიაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჯ--- ე--- ე--ჩ თ----კს ლ---დ-ის სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და 2018 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 86).
5. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარუდგინა შპს ექსპრეს ხაზის (პ----ი ე-----ი) მეშვეობით მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად სარჩელისა და თანდართული დოკუმენტები ჩაბარებულია მისამართზე - ლატვია, მიმღები, S--A ,,B--------ST” , გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 3 დეკემბერს, ხელს აწერს ------- (ს.ფ. 88).
6. 2019 წლის 18 თებერვალს ს---ა ,,ბ-----კ ი----ტ’’-მა შესაგებლით მიმართა სასამართლოს და სარჩელი არ ცნო (ს.ფ. …-….), თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გაშვება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა იყო და შესაბამისად, 2019 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ---ე--- ე---ჩ თ-----კს ლ---დ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა (ს.ფ. …-….).
7. იმ საფუძველზე მითითებით, რომ მოპასუხე ს---ა ,,ბ----კ ი----ტ"-მა შესაგებელი არ წარმოადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა - გაუქმდა ს----ა ,,ბ----კ ი----ტ"-ის (-----) კუთვნილი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების - ----- (საერთაშორისო რესგიტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 09.06.2003 წელი) და ---- (საერთაშორისო რესგიტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 15.06.2005 წელი) რეგისტრაცია (მინიჭებული დაცვა) საქართველოს ტერიტორიაზე.
საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე
8. 2019 წლის 3 მაისს ს---ა ,,ბ----კ ი----ტ’’-მა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. შესაბამისად, მართალია საპროცესო კანონმდებლობა განამტკიცეს საპროცესო წარმოების ქართულ ენაზე წარმართვას, თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და უცხოურ იურიდიულ პირებს აქვთ უფლება მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ მონაწილეობა საქმის განხილვაში, მათ შორის თარჯიმნის მონაწილეობით. ის, რომ პირებმა მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ მონაწილეობა საპროცესო წარმოებაში კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილიცაა, ვინაიდან, ყველა მოქალაქე და იურიდიული პირი უნდა იყოს გარანტირებული მისთვის გასაგებ ენაზე დაიცვას საკუთარი ქონებრივი თუ არაქონებრივი ინტერესები. მოპასუხე კომპანიას სარჩელი ჩაბარდა ქართულ ენაზე, ასევე, მას ჩააბარეს სასამართლო გზავნილის გვერდის ინგლისური ვერსია. არცერთი ენის ფლობას კომპანია არ ახდენს. კომპანია დაფუძნებულია ლატვიაში, ხოლო ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე მისთვის ინფორმირება არ მომხდარა. კომპანიის დირექტორი ე. ს-ნა ასევე ფლობს რუსულ ენას, თუმცა არც რუსულ ენაზე არ ყოფილა კორესპონდენცია გაგზავნილი. შესაბამისად, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას 10 დღეში მიმხვდარიყო, რომ მიიღო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან და ამ ვადაში წარედგინა შესაგებელი. დაუშვებულია უცხო ქვეყნის პირების მიმართ სასამართლომ მსგავსი სტანდარტი შეიმუშაოს იმ პირობებში, როდესაც მოგვიანებით ამ კომპანიამ წარმოაჩინა საქმეში მონაწილეობის ინტერესი და შემოიტანა კიდეც შესაგებელი. ცალსახაა, რომ კომპანიას ჰქონდა სასამართლოსთან ურთიერთობის ენობრივი ბარიერი, რის გამოც მისი უფლებების სათანადოდ განხორციელება არ უნდა შეიზღუდოს. მოპასუხე ცდილობდა საქართველოში სასაქონლო ნიშნის გადაცემას სხვა პირებზე, რა დროსაც მან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი სასაქონლო ნიშანი იყო დაყადაღებული. ამის შემდეგ, მან დაიქირავა იურიდიული კომპანია----, მოიძია ყადაღის მიზეზი და წარადგინა შესაგებელი სასამართლოში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიზანი არის იმ პირის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანა, რომელსაც დაკარგული აქვს საქმის მიმართ ინტერესი. მოპასუხე მხარეს არ აქვს დაკარგული აღნიშნული ინტერესი, ვინაიდან, საქმე ეხება მისი საკუთრების უფლების გაუქმებას სასაქონლო ნიშნებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
სააპელაციო საჩივარი
10. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს---ა ,,ბ---კ ი----ტ’’-მა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
13. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ს---ა ,,ბ----კ ი----ტ’’-ს ჩაბარდა ლატვიაში, 2018 წლის 3 დეკემბერს, გზავნილის მიმღები არის კომპანიის პროკური ე. ს-ვა (ს.ფ …-…).
14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში ს---ა ,,ბ-----კ ი----ტ’’-მა შესაგებელი არ წარადგინა, აღნიშნული საპროცესო ვადის გაშვების მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები კომპანიას ჩაბარდა ქართულ ენაზე და შესაბამისად მოპასუხისათვის უცნობი იყო ვალდებულების თაობაზე - 10 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოში შესაგებელი.
15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე პრიმა მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას). ამავე კოდექსის 241-ე მუხლში მითითებულია მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალები არ იყო სათანადო ენაზე თარგმნილი და შესაბამისად, მხარეს დაჭირდა გონივრული დრო თარგმნისვის. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-682-648-2013, (10 მარტი, 2015 წელი) საქმეზე განმარტა შემდეგი ,,მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ რეალურად არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მისი მხრიდან კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობას, ვერ იქნება გაზიარებული. დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. დასახელებული უფლების რეალიზაციას ემსახურება ამავე კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე, სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას - სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს. საკითხის ამგვარად განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 2013 წლის 7 მაისი, საქმე №ას-102-97- 2013)’’
17. სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სარჩელისა და თანდართული მასალები მას არ ჩაბარდა ლატვიურ (ან რუსულ ენაზე), რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.
18. რაც შეეხება მატერიალურ ნაწილს, სააპელაციო პალატამ ამ მიმართულებითაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს. სარჩელში მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ, ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი).
19. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, კერძოდ, სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოში მოპასუხის სახელზე 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვლისათვის დაცულია საერთაშორისო სასაქონლო ნიშნები ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 09.06.2003 წელი) და ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი - 15.06.2005 წელი). მოპასუხე არ იყენებს სასაქონლო ნიშნებს ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) და ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N- ----) საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს სასაქონლო ნიშნებით ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) და ---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N-----) ნიშანდებული საქონლის შემოტანას საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელემ, რომელიც აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს დასახელებით --- და ----, 2018 წლის 31 ოქტომბერს საქპატენტში შეიტანა განაცხადება სასაქონლო ნიშნების --- (საიდენტიფიკაციო N------) და ---- (საიდენტიფიკაციო -----) რეგისტრაციის მოთხოვნით.
20. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს---ა ,,ბ-----კ ი----მა“ რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება .
22. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 232-ე პრიმა მუხლი, 240-ე მუხლის პპირველი პრიმა, ასევე მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილი. ასევე, სასამართლომ დაარღვია კონსტიტუციის მე-19 და 31-ე მუხლები, დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
23. კასატორის მოსაზრებით, არასწორად იქნა განმარტებული მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან თარჯიმნის სასამართლო სხდომაზე აყვანის ვალდებულება აზრსმოკლებულია თუ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და არსებითი სხდომა ვეღარ ჩატარდება. კასატორი უთითებს, რომ მოპასუხე მხარემ არ იცოდა ქართული ენა, გაგზავნილი საქმის მასალებიდან კი მხოლოდ სასამართლოს განჩინება იყო ნათარგმნი, ხოლო სარჩელი - არა.
24. საჩივრის ავტორი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოემბა უნდა განსაზღვრონ ,,შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნას, რომ მომჩივნებმა უარი თქვეს მათ უფლებაზე - წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და დაეცვათ საკუთარი თავი“. ამ მხრივ, მოპასუხეს არ უთქვამს შეცნობილად უარი შესაგებლის წარმოდგენაზე, მან ორი თვეში წარადგინა პასუხი სარჩელზე, რაც იურიდიული საკითხების მოწესრიგების ხარჯზე (თარგმნა, ადვოკატების მოძიება, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება...) გონივრულ დროს წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელე პრივილეგირებული იყო სარჩელის წარმოდგენის ვადის განუსაზღვრელობით, რადგან მას შეეძლო თავისუფლად დაემუშავებინა და მოემზადებინა საკუთარი პოზიცია, მოსაპუხეს კი ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, რაც საპროცესო თანასწორობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ასეთი უფლების გამოყენების მოთხოვნაზე უარი მოპასუხესთვის წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევას.
25. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით გამოიწვევს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
30. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 232 პრიმა მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 232-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 232-ე პრიმა მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
36. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
37. კასატორის საკასაციო პრეტენზია ძირითადად ეფუძნება უცხოური იურიდიული პირის წარმომადგენლის ქართული ენის არცოდნას, რომლის მიხედვითაც, შესაგებლის წარმოდგენის ვადა არ იყო გონივრული, რადგან მოპასუხე ვალდებული იყო ჯერ ერთარგმნა საქმის მასალები, შემდეგ კი დაეწყო მუშაობა შესაგებელზე, რაც დამატებით დროით, ადამიანურ და ფინანსურ რესურს მოითხოვს. სწორედ აღნიშნული გარემოება მისი აზრით არის პატივსადები მიზეზი, რაც ქმნის საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
38. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
40. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი კი, განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
41. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა. საკასაციო პალატა ენის ბარიერთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.
42. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (შრდ სუსგ საქმე №ას-933-898-2016, 2017 წლის 5 იანვარის განჩინება; საქმე №ას-522-522-2018, 2018 წლის 29 ივნისის განჩინება).
43. კასატორის პრეტენზია, რომ ქართული ენის არცოდნის გამო, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენა ვერ შეძლო, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (ვადის დარღვევით წარდგენილი) ასევე - სააპელაციო და საკასაციო საჩივრებიც შედგენილია ქართულ ენაზე, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მან შეძლო საკუთარი უფლების განხორციელება სახელმწიფო ენაზე ამისათვის დადგენილ და განსაზღვრულ საპროცესო ვადებში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს სარჩელის ჩაბარებიდან განესაზღვრა 10 დღის ვადა შესაგებლის წარსადგენად, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა მოპასუხისათვის სარჩელის შინაარსის გასაგებად სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მოძიებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების - შესაგებლის წარუდგენლების საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაასაბუთა.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
49. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-168-2020, 2020 წლის 15 ივნისის განჩინება; №ას-112-2019, 2019 წლის 3 მაისის განჩინება, №ას-1315-2021, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება).
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს---ა „ბ----კ ი----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ს----ა „ბ-----კ ი----ს“ (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---- მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ. ჯ-ის (-----) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №------, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 თებერვალი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე