3გ-ად-52-გ-02 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.07.96წ. ¹739 პ/შ ბარძანებით, ,,პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სამსახურეობრივი შეუსაბამობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა ბოლნისის რაიონის საგამომძიებლო ქ/განყოფილების ...... მ. მ-ი. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო მ. მ-ის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაშვებული პროცესუალური დარღვევები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის 19.07.02წ. დადგენილებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მ. მ-ის მიმართ. მ. მ-მა 05.08.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. 10.10.02წ. სასამართლო სხდომაზე მ. მ-მა მოითხოვა შს მინისტრის 02.07.96წ. ¹739პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.10.02წ. განჩინებით მ. მ-ის სარჩელი შს სამინისტროს მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების თანახმად, შს მინისტრის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ, უფრო ზუსტად ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო სასკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ საოლქო სასამართლოები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.11.02წ. განჩინებით მ. მ-ის სასარჩელო განცხადება, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების შს ორგანოებში დანიშვნა მოხდა მხარეებს შორის ადმინისტრაციული გარიგების დადების შედეგად. მინისტრის ბრძანება მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ გარიგების ცალმხრივად მოშლას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, უკეთუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შს მინისტრის სადავო ბრძანება მიღებულია “საჯარო სამსახურის შესახებ”, “პოლიციის შესახებ” კანონების საფუძველზე, რომლებიც საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებს წარმოადგენენ. განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ მ. მ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს შს სამინისტროს შორის, მინისტრის ¹739 პ/შ ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურეობრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეს, რომელიც ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შს მინისტრის სადავო ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შს მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივ ხასიათის და კონკრეტულად მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, “შკკ-თან”, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან, ,,პოლიციის შესახებ" კანონთან, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულებასთან შესაბამისობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს იმ შემთხვევაში თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მ. მ-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
2. მ. მ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.