საქმე № ას-363-2021 13 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „პ----რ ე------დ ბ-----ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ------ო ს-----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის16 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე შპს „პ----რ ე---დ ბ-----ს“ შპს „ბ----ო ს----ის“ სარჩელისა და თანდართული მასალების შინაარსი პუბლიკაციის საჯაროდ გავრცელების გზით ეცნობა. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
3. სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 04 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივარი წარადგინა. სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული იქნა ძალაში.
4. მოპასუხემ სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 17 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „პ-----რ ე-----დ ბ----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა (ტომი I, ს.ფ. 30-60, ტომი II, ს.ფ. 51-68).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 28 თებერვალს 15:00 საათზე დაინიშნა (ტომი III, ს.ფ. 21-22).
7. 2019 წლის 26 თებერვალს, შპს „პ-----რ ე---დ ბ----ის“ წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი შპს „ბ----ო ს-----ს“ მიმართ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგინა (ტომი III, ს.ფ. 33-50).
8. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის წარმოდგენის გამო, სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა სხვა დროისთვის გადაიდო (ტომი III, ს.ფ. 52-55).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განჩინებით შპს „პ-----რ ე---დ ბ----ს“ შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა (ტომი III, ს.ფ. 55-58).
10. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 02 მაისს 12:00 საათზე დაინიშნა. 2019 წლის 06 მარტს, სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელს გ. ქ-ას სასამართლო უწყების შინაარსი სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა, რაც საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება (ტომი III, ს.ფ. 59).
11. 2019 წლის 02 მაისს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს „პ----რ ე-----დ ბ----ი“ არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
12. მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ. ნ-მა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა (ტომი III, ს.ფ. 87-91).
13. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 02 მაისს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო (ტომი III, ს.ფ. 94-98).
14. 2019 წლის 17 მაისს შპს „პ-----რ ე----დ ბ----ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 02 მაისის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა (ტომი III, ს.ფ. 112-126).
15. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ბ----ო ს----ის“ სასარგებლოდ შპს „პ----რ ე-----დ ბ----ს“ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 5 619 ლარის, ანაზღაურება.
16. მოსარჩელის პოზიცია
მხარეებს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ თავისი ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად, თუმცა მოპასუხე მხარემ საკუთარი ვალდებულება - მომსახურების ხელშეკრულებისთვის გადაეხადა შესაბამისი თანხა, არ შეასრულა. რის საფუძველზეც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დევალოს კანონის ძალით.
17. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 02 მაისს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
19. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
2019 წლის 17 მაისს შპს „პ----რ ე----დ ბ----ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 02 მაისის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა (ტომი III, ს.ფ. 112-126).
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, შპს „პ-----რ ე----დ ბ-----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
20.2. თბილისის სააპელაციო პალატამ 2021 წლის 25 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სასამართლო უწყება 2019 წლის 06 მარტს, საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს სასამართლოს შესაბამისი მოხელე ადგენს.
20.3. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლო უწყება 2019 წლის 06 მარტს, სასამართლოს თანაშემწის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის გზით ჩაბარდა (ტომი III, ს.ფ. 59). ამ მიმართებით პალატა ადგენს, რომ აღნიშნული გზით უწყების ჩაბარება საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლით დადგენილ უწყების ჩაბარების ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს.
20.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
20.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
20.6. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების, ასევე 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. საქმის მასალებში არცერთი მტკიცებულება, რომელიც აპელანტის მიერ მითითებულ თუნდაც ერთ გარემოებას დაადასტურებდა არ მოიპოვება. კერძოდ, მხარე განმარტავდა, რომ პირდადი ტელეფინით არაერთხელ ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, ნიშანდობლივია, რომ ზარის განხორციელების დამადასტურებელი ამონაწერი საქმის მასალებში არ მოიპოვება. ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტმა მიუთითა, რომ მობილურმა ოპერატორმა აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა მხარეს არც მობილური ოპერატორისთვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე მიმართვის წერილი და არც მობილური ოპერატორის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილი წარმოუდგენია, ამ მხრივ კი, მხარის მხოლოდ ზეპირი შედავება, მით უფრო, რომ იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული პირია, გაზიარებული ვერ იქნება და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.
21. კასატორის მოთხოვნა
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ხელახლა განსახილველად ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება.
21.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის ანალიზის, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებებისა და განმარტებების გარეშე.
21.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, მხარე ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 02 მაისს დანიშნული პროცესი გადაიდებოდა, რადგან შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ჯერ არ იყო ნამსჯელი. 2019 წლის 2 მაისს ხელმეორედ დაუკავშირდა მხარე მოსამართლის თანაშემწეს ვითარების გადამოწმების მიზნით, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ ვითარება უცვლელი იყო. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 02 მაისის მეორე კომუნიკაციისას, მოსამართლის თანაშემწემ განმარტა, რომ საქმეზე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, აღნიშნა, რომ შეგებებულ სარჩელს წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საპროცესო ნორმათა დაღღვევით უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით: სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
25. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სასამართლო სხომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების მომწესრიგებელი ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
33. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის სათანადო წესით იყო შეტყობინებული საქმის განხილვისა და დანიშნული სხდომის დრო და ადგილი, ასევე, როგორც პირველმა, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოპასუხე მხარეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია და შემდგომაც ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, საპატიო მიზეზის არ არსებობის პირობებში, მოცემული გარემოებები სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
36. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. მოპასუხე ასეთი სახის მიზეზად უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწესთან არსებულ კომუნიკაციას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის თანაშემწის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ, თითქოს და გადაიდებოდა რა 2019 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომა, აღარ გამოცხადდა სასამართლოში. მოცემული გარემოების გათვალისწინებით, კასატორი უთითებს, რომ მის გამოუცხადებლობის მიზეზი სწორედ რომ მოსამართლის თანაშემწის მიერ მისთვის არასწორი ინფორმაციის გადაცემა გახდა.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. (იხ.სუსგ №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი)
38. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა, იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, დამოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული მოთხოვნები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას, მართებულად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რადგან მის მიერ მითითებული ვერ იქნა ის მტკიცებულებები, რომლებიც საპატიო გარემოების, როგორც ფაქტის დადასტურებას შეძლებდა.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-168-2020, 2020 წლის 15 ივნისის განჩინება; №ას-112-2019, 2019 წლის 3 მაისის განჩინება, №ას-1315-2021, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება).
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ----რ ე----დ ბ-----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „პ-----რ ე----დ ბ----ის“ (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 მაისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე