Facebook Twitter

საქმე № ას-399-2021 13 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ი-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2017 წლის 5 სექტემბერს მ. ი-სა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მჩუქებელი) და მ. შ-ლს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაჩუქრებული) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოაწერეს: მჩუქებელის სახით - მ. ი-მა და დასაჩუქრებულის სახით - მ. შ-მა. ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უფლებამოსილი პირის მიერ.

2. მჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2017 წლის 05 სექტემბერს, უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისში, ------- მე-- მიკრორაიონი, კორპ. ---,ბინა ---, ს/კ ------, საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.შ-ის საკუთრების უფლება.

3. მოსარჩელის მითითებით, დაავადებულია შაქრიანი დიაბიეტით, მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული მხედველობა, კიდურის მოტეხილობის, გამო გაუკეთდა სამი ოპერაცია და არ ესმის ცალი ყურიდან, რაც არ უარყო მოპასუხემ.

4. მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე უვლიდა შვილი, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5. 2017 წლის 14 სექტემბერსა და 2017 წლის 25 ოქტომბერს მ. ი-ილის მიერ ა. შ-ის მიმართ სანოტარო წესით იქნა გაცემული მინდობილობები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

6. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბერს იგივე სადავო უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

7. სარჩელის მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 05 სექტემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული მჩუქებელ მ. ი-სა და დასაჩუქრებულ მ. შ-ლს შორის უძრავ ნივთზე - მდებარე ქ. თბილისი, ------ მე-- მიკრორაიონი, კორპ. ---, ბინა ----, -----.

8. სარჩელის პოზიცია

მოსარჩელის განმარტებით, მას ჩუქების განზრახვა არ ჰქონია, მ. შ-მა აუხსნა, რომ იგი თავის თავზე აიღებდა მისი მოვლის ვალდებულებას და მომავალში საცხოვრებელი ბინა იქნებოდა თავისი. რეალურად მხარეები შეთანხმდნენ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობებზე, მაგრამ დასაჩუქრებულმა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაცვლად, მოტყუებით ხელი მოაწერინა ჩუქების ხელშეკრულებაზე. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრში, სადაც სპეციალისტი არ არის ვალდებული განუმარტოს ხელშეკრულების მხარეს მისი შინაარსი. მოსარჩელე დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, რის გამოც დაქვეითებული აქვს მხედველობა, ასევე ცალ ყურში დაკარგული აქვს სმენა. შვილის გარდაცვალებით განცდილი აქვს ტრავმა, რაც, მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების წაკითხვის შესაძლებლობას.

9. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით გაფორმდა, რამე სახის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და მოსარჩელეს ჯანმრთელობის პრობლემა რომ ჰქონოდა, ამას შესაბამისი უფლებამოსილი პირი აუცილებლად დააფიქსირებდა. დოკუმენტში, რომელსაც მოსარჩელემ მოაწერა ხელი, სათაური დიდი ასოებით იყო გამოსახული, დეტალურად იყო გადმოცემული გარიგების შინაარსი, მოსარჩელეს ჰქონდა მისი გაცნობის შესაძლებლობა. ხელმოწერები ღია სივრცეში გაკეთდა. მოტყუებას კატეგორიულად გამორიცხავს მოპასუხე და განმარტავს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა შინაარსის გაცნობის გარეშე დოკუმენტში გამოვლენილ ნებას არანამდვილად არ აქცევს. შესაბამისად, არ იწვევს ამ დოკუმენტის საფუძველზე დადებული გარიგების ბათილობას. მოსარჩელე მოპასუხის დეიდაა და ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მოსარჩელემ მოულოდნელად გააგებინა მოპასუხეს ჩუქების შესახებ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობაში. მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელის აღძვრა განაპირობა არა იმ ფაქტებმა, რაც სარჩელშია მითითებული, არამედ მისთვის გაუგებარმა, უმიზეზო გაბრაზებამ. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მართალია, მ. ი-ლი შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული, მაგრამ მკურნალობს, არ იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში, თვალზე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და აქვს ნორმალური მდგომარეობა, სმენასთან დაკავშირებით კი მხოლოდ ერთ ყურში აქვს პრობლემა, მეორე ყურიდან კი ჩვეულებრივ ესმის. მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მიუთითებს რა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლზე რომლის მიხედვით, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში; აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 5 სექტემბერს, ხოლო სარჩელი შემოტანილი იყო 2018 წლის 1 ოქტომბერს.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

12.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

13 სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

13.3. სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა შეცილებისა და ხანდაზმულობის ინსტიტუტების ურთიერთშედარებაზე, და აღნიშნა, რომ შეცილება და ხანდაზმულობა განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია, სხვადასხვა სამართლებრივი შედეგებით. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა, განსხვავებით შეცილების ინსტიტუტისგან. საცილო გარიგებებში, შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის შეცილების განხორციელება ვადაში მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია. არ აქვს მნიშვნელობა, მოპასუხე უთითებს თუ არა მოსარჩელის მიერ გამოყენებულ გარიგების შეცილების ვადაზე, მოსამართლემ თავად უნდა გამოარკვიოს, თუ როდის და რა მეთოდით გახადა საცილო მოსარჩელემ სადავო გარიგება. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა შეცილების ვადა, იმისდა მიუხედავად, მოპასუხე უთითებს თუ არა ამ გარემოებაზე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, განსხვავებით ხანდაზმულობის ინსტიტუტისგან, როცა ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაცაა შესაძლებელი, თუკი მოპასუხე არ უთითებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე (იხ. სუსგ №ას-15-15-2016, 2016 წლის 1 მარტი), შესაბამისად, რადგან აღნიშნული საქმის ფარგლებში, რომ 2017 წლის 05 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულ იქნა მ. შ-ის სახელზე, მ. ი-ვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი შეცილების საფუძვლის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადა მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის, რადგან მან 2018 წლის 04 სექტემბერს ე.ი. ერთ წლიან ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა სარჩელი მ. შ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რითაც ასევე ითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. ამდენად, პალატა თვლის, რომ სსკ-ის 84-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადა დაცულია.

13.4. აპელანტი სადავოდ ხდიდა დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას, რადგან მისი მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას არ გაცნობია გარიგების შინაარსს ისე მოაწერა ხელი, მისი მოსაზრებით სახეზეა სსკ-ის 81-ე მუხლით გამოხატული შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია გარიგების ბათილად ცნობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მოტყუების ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს წინაშე დადგა საკითხი განეხილა - იყო თუ არა სახეზე მოტყუება და სწორად გამოიკვლია თუ არა პირველმა ინსტანციამ ფაქტები. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარიგების ბათილობის საფუძვლად საქმეში წარმოდგენილია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლი, ასევე ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მ. ი-ლი დაავადებულია ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით, თვალების დაზიანებით - ინსულინმომხმარებელი, დიაბეტური რეტინოპათიით, პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომით, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიით II/ESC-ESH/, სმენის შერეული (კონდუქციურ-ნეიროსენსორული) დაკარგვით, ცალმხრივი, ნორმალური სმენით მეორე ყურში. საქმეს, ასევე ერთვის მ. ი-ის მიერ თ. ბ-ისა და ი. ბ-ის მიმართ გაცემული, მხედველობის გაუარესების გამო, მოწმეთა თანდასწრებით სანოტარო წესით შედგენილი რწმუნებულება; ასევე, გამოკითხულ იქნენ მოწმეები ნ.რ-ლი, ც. გ-ნი, ა. შ-ლი, ნ. ბ-ძე.

13.5. მოწმეთა დაკითხვის შემდგომ სასამართლოსთვის აშკარა გახდა მათი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რადგან მოწმეთა ნაწილის მოსაზრებით (მ. ქ-ლი, მ. ფ-ლი, ც. ხ-ლი), ხელშეკრულების მხარეებს წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ მჩუქებელი მოუვლიდა და იზრუნებდა გამჩუქებელზე. ნაწილის მოსაზრებით (ლ. მ-ლი, ე. კ-ლი, ა. შ-ლი), მოსარჩელეს უკვე ჰყავდა მომვლელი და უშუალოდ მოპასუხისგან მოვლის ვალდებულება აღარ იყო საჭირო, ხოლო გარიგების ხელმოწერისას მოსარჩელე სათანადოდ გაეცნო ხელშეკრულების შინაარს წაიკითხა რა ის და სრულად გამოვლინდა მისი გააზრებული და თავისუფალი ნება.

13.6. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა 2017 წლის 14 სექტემბრისა და 25 ოქტომბრის მინდობილობებზე, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ მოსარჩელემ წაიკითხა და თანხმობა განაცხადა მინდობილობის გაფორმებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ პერიოდში დაიდო გარიგება, ნების გამოვლენისადმი არსებული მხედველობითი პრობლემა კი ვერ იქნა მოსარჩელის მიერ სათანადოდ გამყარებული.

13.7. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო თუნდაც ერთი შესაბამისი დასაბუთების მქონე მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა მოტყუების ფაქტს. სხვა მხრივ, კი, რადგან მოსარჩელემ მიუთითა მოტყუების ფაქტზე, მხედველობის პრობლემის გამო გარიგების წაკითხვის შეუძლებლობაზე და მან ვერ წარმოადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასასაბუთებელი მტკიცებულებები, ვერ დასაბუთდა ჩუქების ხელშეკრულება მოტყუებით დადების გარემოება.

13.8. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მოტივაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის საჩივარი და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

14. კასატორის მოთხოვნა

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

14.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოკვლია და არ შეაფასა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, რაც სასამართლომ არ განახორცილა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველია.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15.2. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15.3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15.5. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15.8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

15.9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების დასასაბუთების არგუმენტად კასატორს მოჰყავს დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უკვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ჯეროვნად იქნა გამოკვლეული. კასატორი კონკრეტულად არ უთითებს თუ რა საფუძვლით მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოდ. ფაქტობრივ გარემოებებზე ხელახლა მითითებით საჩივრის ავტორი იმპლიციტურად ცდილობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახადოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სადავო, თუმცა აღნიშნული ნორმის დისპოზიცია კასატორს ავალდებულებს დაასაბუთოს თუ რაში გამოიხატა მნიშვნელოვანი დარღვევები და ასევე დაამტკიცოს, რომ ასეთ დარღვევას ნამდვილად შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც ჰიპოთეტურად ჩანდეს ნორმის დარღვევის შესაძლო შემთხვევა, ეს მოცემულობა ვერ გახდება საკმარისი ქვედა ინსტანციის სამართლებრივი აქტების სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად, რადგან, ზოგადად, დარღვევის ფაქტის მითითებასთან ერთად, კასატორმა უნდა დაასაბუთოს დარღვევის მნიშვნელობა და მისი შედეგობრივობა გადაწყვეტილების არსებით სამართლებრივ შედეგთან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია კასატორი უთითებს ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამოკვლევაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს ზემოაღნიშნული ნორმის ვერც ერთ სხვა იმპერატიულ მოთხოვნას, კერძოდ, არ უთითებს თუ რამდენად არსებითი დარღვევაა სახეზე და ამ დარღვევას რამდენად შეეძლო არსებითად ემოქმედა გადაწყვეტილების სისწორეზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ფაქტობრივი გარემოებების არასწორად გამოკვლევის შესახებ.

15.10. თავდაპირველად, სარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მითითებული იყო სსკ-ის 82-ე მუხლი, შესაბამისად, მოთხოვნას წარმოადგენდა მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა, რაზეც იმსჯელა პირველმა ინსტანციამ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მოცემულია ორი დასაბუთება - ისევ მითითებულია მოტყუებით დადებულ გარიგებაზე, ანუ სსკ-ის 82-ე მუხლზე და მეორე - აპელანტი მოთხოვნას აფუძნებს ახალ ნორმაზე, კერძოდ სსკ-ის 529-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ანუ დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების გამო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. რაც შეეხება კასაციას, საჩივარში კასატორი სულ სხვა, 530-ე მუხლის პირველ ნაწილზე უთითებს და თავის მოთხოვნას ამ ნორმას აფუძნებს, აღნიშნავს რა, რომ გამჩუქებელი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სასამართლომ, პირველ რიგში, ხაზი უნდა გაუსვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საფუძვლით არ მომხდარა თავდაპირველი სარჩელის წარმოდგენა სასამართლოში და შესაბამისად, არც ამ მიმართულებით უმსჯელია არც პირველ და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებს, რადგან მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებდა მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და არა სსკ-ის 529-ე და 530 -ე მუხლებს (529-ეს შემთხვევაში შეურაცხყოფა და უმადურობა დასაჩუქრებულის მხრიდან; 530-ეს შემთხვევაში მჩუქებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნა), ამიტომ, საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია, რომ კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რადგან საკითხი არ განიხილა სსკ-ის 530-ე მუხლის მიხედვით, ვერ ჩაითვლება შესაფერის სამართლებრივ არგუმენტად, რადგან აღნიშნული საკითხი ქვედა ინსტანციებში საერთოდ არ გამხდარა განხილვის საგანი და მოსარჩელეს, შემდგომ კი აპელანტს არ დაუყენებია ამ მიმართულებით პრეტენზია, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს მხარის მიერ მითითებულ და სადავოდ გამხდარ საკითხებს. დამატებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ იყო გამხდარი ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა, რადგან მოსარჩელის პოზიციით ის იყო მოტყუებით დადებული გარიგება, რომელიც უნდა გაბათილდეს და მოხდეს ორმხრივი რესტიტუცია. საკასაციო საჩივარში კი კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებია სსკ-ის 530-ე მუხლი, რაც აწესრიგებს მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ურთიერთობას და რადგან ჩუქების ხელშეკრულების ობიექტი ერთადერთ საცხოვრისს წარმოადგენდა, ამიტომ კასატორის მოსაზრებით, დასაჩუქრებულმა უნდა დაუბრუნოს აღნიშნული ნივთი. ამ პოზიციით გამოდის, რომ კასატორი სარჩელით ითხოვდა გარიგების ბათილობას, რადგან სახეზე იყო მოტყუებით დადებული არანამდვილი ხელშეკრულება და რეალურად არ ჰქონდა ჩუქების გაფორმების ნება გამოხატული, თუმცა საკასაციო საჩივარში არა თუ ხელშეკრულების ბათილობაზე უთითებს, არამედ დადებული ჩუქების ხელშეკრულების სსკ-ის 539-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გასაჩუქრებული ქონების გამოთხოვას, რაც თავის თავში გულისხმობს სარჩელით სადავოდ გამხდარი ურთიერთობის უდავოდ გამოცხადებას და გარიგების ჩუქების ხელშეკრულებად ჩათვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება მოსარჩელისსავე თავდაპირველ პოზიციას, რადგან თუ მხარე მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად საკასაციო საჩივრის ფარგლებში უთითებს სსკ-ის 530-ე მუხლს და აცხადებს, რომ ,,გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს“, თავისთავად ნიშნავს, რომ ექცევა ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმათა რეგულირების მასშტაბში და აღიარებს გარიგებას, როგორც ჩუქების ხელშეკრულებას, რაც თავისთავად ნიშნავს სასარჩელო ფორმით სადავოდ გამხდარი გარიგების ბათილად ცნობის საკითხის უარყოფას და მის ნამდვილობაზე პრეტენზიის არქონას. შესაბამისად, რადგან სააპელაციო საჩივრის გაუქმების საფუძვლად მითითებულია ის მატერიალური ნორმა (სსკ-530-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებში არ მომხდარა მოსარჩელის, აპელანტის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება და სასამართლოებსაც ამ მიმართულებით არ უმსჯელიათ, ვერ გასცდებოდნენ რა მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ვერ შეფასდება სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

15.11.კასატორი კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა, ისე მოაწერა გარიგებას ხელი, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დამტკიცება, დამატებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერსა და 2017 წლის 25 ოქტომბერს მ. ი-მა ა. შ-ის გადასცა მინდობილობა, სადაც გარკვევით და არაორაზროვნადაა მითითებული რომ მ. ი-მა წაიკითხა მინდობილობა და განაცხადა, რომ ის ნამდვილად გამოხატავს მის ნებას, რის შემდგომაც მინდობილობას მოაწერა ხელი, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან სადავო ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 05 სექტემბერს, სწორედ იმ დროს, როდესაც აღნიშნული მინდობილობები გაიცა, შესაბამისად, ამ პერიოდში მოსარჩელეს სავსებით ექნებოდა ხელშეკრულების გაცნობის ფიზიკური შესაძლებლობა, აღნიშნული მტკიცების უარსაყოფად კი მას არაფერი წარმოუდგენია. მოცემული პოზიცია დაფიქსირდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, რასაც საკასაციო პალატაც ასევე იზიარებს.

15.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით ყურადღება უნდა მიექცეს მოტყუებით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიას, რაც სასარჩელო მოთხოვნის - ხელშეკრულების ბათილად ცნობის მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელის პოზიციით, მოტყუების ფაქტში იგულისხმება ის გარემოება, რომ მოპასუხემ სამისდღეშიო ხელშეკრულების ნაცვლად ხელი მოაწერია ჩუქების ხელშეკრულებას. უნდა აღინიშნოს, რომ ნების გამოვლენის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს გარიგების კონტრაჰენტის განზრახი მოქმედების - მოტყუების შედეგად, შესაბამისად, როდესაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებულია მოტყუება, უნდა დადგინდეს თუ რაში გამოიხატა ქმედების ასეთად მაკვალიფიცირებელი გარემოებები. სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, ის უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა გარიგება. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება კი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან მოტყუების ფაქტი, ასევე ვერ ასაბუთებს იმას, რომ მჩუქებელი კეთილსინდისიერი არ იყო გარიგების დადების მომენტში და იცოდა მჩუქებლის იმ მიზეზების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე აპელირებს ხელშეკრულების ბათილობას (მხედველობის პრობლემის გამო ვერ შეძლო წაეკითხა ხელშეკრულება), ამიტომ საკასაციო სასამართლო, ამ შემთხვევაში, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რადგან აუცილებელია დასაბუთდეს კონკრეტულად რაში გამოიხატა მოტყუების ფაქტი. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულების ვერ ან არ წაკითხვა ვერ გახდება მოტყუების ფაქტის მტკიცების გარემოება, რადგან თუნდაც ქვედა ინსტანციების მიერ დადასტურებულიყო ის ფაქტი, რომ მხედველობითი პრობლემის გამო ვერ შეძლო მოსარჩელემ ხელშეკრულების წაკითხვა, გარიგებით წარმოშობილ პასუხისმგებლობათა სიმძიმე, მარტოოდენ მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობის გამო, მთლიანად დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი კეთილსინდისიერად მოქმედებდა და მისი მხრიდან მოტყუების ფაქტი ვერ იქნა დადგენილი.

15.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას, ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება.

15.14. ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

15.15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ. ი-ლს (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. მ-ის (------) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2021 წლის 8 ივნისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე