საქმე № ას-448-2021 13 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ. თ-რი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 1992 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელემ გარდაცვლილი ზ. დ-გან შეიძინა სადავო უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ---- მე---მკ.რ., ------ე კორპ, ბ. N----. მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ სიტყვიერად და ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმებულა. გამყიდველი გარდაიცვალა 1994 წლის 17 ოქტომბერს, რომლესაც მემკვიდრე არ დარჩენია.
სასარჩელო მოთხოვნა
2. ზ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქ. თბილისში, -----მასივი, მე--- მ/რ, ----ე კორპუსში მდებარე ბინა #--- ის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
მოსარჩელის პოზიცია
3. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება გარდაცვლილი ზ. დ-გან 1992 წლის 20 ნოემბერს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე კომუნალურების გადახდილი ქვითრებით. თავის მხრივ, გარდაცვლილს არ დარჩენია არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე, მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით ერთპიროვნულად მოსარგებლეს, შესაბამისად, მას ,,საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე უფლება აქვს აღიარებულ იქნეს მოსარგებლედ, ქონება აღიარებულ იქნეს უმკვიდროდ და მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს მოსარჩელე.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო ფართში 1997 წლამდე რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის მასალებით ვერ დასტურდება მოსარჩელის მოსარგებლედ აღიარების ფაქტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7. სააპელაციო პალატის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
8. საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის განმარტება მოცემულია ამავე კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერც ერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა ვერ დაადასტურა. საქმეში წარმოდგენილია სს „თელასის“ წერილი, სადაც მითითებულია, რომ აბონენტზე #---------, მის. გლდანის მასივი, მე----მ/რ, კორპუსი---, ბინა ---, ბრუნვის ისტორია მოძიებული იქნა 1999 წლიდან. მანამდე არსებული ინფორმაცია არ ინახება ხანდაზმულობისა და მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის არ არსებობის გამო. აღნიშნულ წერილზე თანდართული ამონაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან სადავო მისამართზე რეგისტრირებულია აბონენტად #------ (ს.ფ. -----). ამასთან, სადავო მისამართზე თ-ი 2003-2006წწ. რეგისტრირებული იყო #----- აბონენტად, 2014წ.-დან კი #----- აბონენტად (ს.ფ. -----).
11. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ზ. თ-ი სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 30.11.2010 წლიდან. წინა რეგისტრაციის ადგილია, თბილისი, ---- მე---- მ/რ, კორპ.--, ბინა --- (ს.ფ. --,--). როგორც აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა ბინა --- წარმოადგენს მოსარჩელის მშობლების ქონებას, ხოლო ბინა --- შეიძინა მოსარჩელემ (იხ:, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.03.2021წ. სხდომის ოქმი).
12. ამდენად, საქმში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საცხოვრებელილი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია მითითებულ პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობები) მოსარჩელის მიერ სადავო ბინაში რეგისტრაცია ან კომუნალური გადასახადების გადახდა, არ დასტურდება.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელის შუამდომლობით დაკითხული იქნენ მოწმეები. მოწმე გ. ლ-ის განმარტებით იგი ცხოვრობს თბილისში, ----- მე---- მ/რ, -----ე კორპ, მე---- სართ., ბინა--- 34-ში, 1993 წლიდან. მოსარჩელე მის გადასვლამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში. მოსარჩელე ცხოვრობს მეორე სართულზე და მისი ბინის ნუმერაცია არ იცის. სხვა ბინა ამ კორპუსში მოსარჩელეს არ აქვს. წინა მესაკუთრე ვინ იყო მისთვის უცნობია. ბინასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს პრობლემები არასოდეს არავისთან ჰქონია.
14. მოწმე გ. ქ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს იმავე მისამართზე, სადაც მოსარჩელე, ბინა #----ში. კორპუსი არის ორ სადარბაზოიანი და მოწმე ცხოვრობს მეორე სადარბაზოში პირველ სართულზე. იგი მითითებულ ბინაში ცხოვრობს 1992 წლიდან, მანამ, სანამ მოსარჩელე გადავიდოდა აღნიშნულ მისამართზე. ბინის წინა მესაკუთრეს არ იცნობს და ბინაზე პრეტენზია არ ჰქონია არავის. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელე ბინაში ცხოვრობდა დედასთან ერთად და მას იმავე კორპუსში სხვა ბინა არ ჰქონია.
15. მოწმე მ. გ-ის განმარტებით, იგი ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად 2002 წლიდან. მოსარჩელე ცხოვრობს გვერდით სადარბაზოში, მისი ბინის ნუმერაცია და სართული ზუსტად არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სტუმრობს. მოსარჩელეს კორპუსში ერთი ბინა აქვს და პრეტენზია ამ ბინაზე არავის გამოუთქვამს.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არცერთი მოწმე არ ყოფილა უშუალოდ გარიგების მონაწილე. ამასთან, მათი ჩვენებებით არ დგინდება წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ იგი სადავო ქონებას ფლობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კასატორის მოთხოვნა
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
18. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე აღნიშნულ ქონებაში ცხოვრობს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია აბონენტად, აღნიშნული ქონება დღემდე რეგისტრირებულია გარდაცვლილ ზ. დ-ზე, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი მემკვიდრე, შესაბამისად, არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
27. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია თუ არა მესაკუთრედ დარეგისტრირდეს ქონებაზე პირი ,,საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრე გარდაიცვალა, მას არ დარჩენია მემკვიდრე, მოსარჩელესთან ჰქონდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის იმპერატიულ (კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მეორე პუნქტის) მოთხოვნებს.
28. აღნიშნულ სამართლებრივ კითხვას საკმაოდ დასაბუთებული პასუხი გაეცა როგორც პირველ, ასევე სააპელაციო ინსტანციებში. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი ის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზემოთ ხაზგასმულ ნორმათა სამართლებრივი მოცემულობა, რაც საფუძველი გახდება სარჩელის დაკმაყოფილების. აღნიშნული კანონით საკუთრების აღიარებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მოსარჩელე აღიარებულ იქნეს მოსარგებლედ, რომლის დეფინიციაც მოცემულია კანონის მეორე მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასევე, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
29. სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერც ერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა ვერ დაადასტურა. საქმეში წარმოდგენილია სს „თელასის“ წერილი, სადაც მითითებულია, რომ აბონენტზე #------ თ-ი, მის. ----- მასივი, მე---- მ/რ, კორპუსი ---, ბინა --, ბრუნვის ისტორია მოძიებული იქნა 1999 წლიდან. მანამდე არსებული ინფორმაცია არ ინახება ხანდაზმულობისა და მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის არ არსებობის გამო. აღნიშნულ წერილზე თანდართული ამონაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან სადავო მისამართზე რეგისტრირებულია აბონენტად #---- (ს.ფ. ..-...). ამასთან, სადავო მისამართზე თ-რი 2003-2006წწ. რეგისტრირებული იყო #----- აბონენტად, 2014წ.-დან კი #---- აბონენტად (ს.ფ. ...-...). ასევე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 24.10.2018წ. წერილით უარი განაცხადა სააბონენტო ბარათზე #----- (#-----;დ-ლი) ინფორმაციის/დოკუმენტის გაცემაზე, რადგან საჭირო იყო მესაკუთრის ან მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიმართვა (ს.ფ. ..). სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ზ. თ-რი სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 30.11.2010 წლიდან. წინა რეგისტრაციის ადგილია, თბილისი, ---- მე---- მ/რ, კორპ. --, ბინა --- (ს.ფ. --,--). როგორც აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა ბინა -- წარმოადგენს მოსარჩელის მშობლების ქონებას, ხოლო ბინა -- შეიძინა მოსარჩელემ (იხ:, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.03.2021წ. სხდომის ოქმი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საცხოვრებელილი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია მითითებულ პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობები) მოსარჩელის მიერ სადავო ბინაში რეგისტრაცია ან კომუნალური გადასახადების გადახდა არ დასტურდება.
31. ასევე, შესაბამის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებათა დამტკიცება არა თუ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, არამედ იმ მტკიცებულებებით უნდა დასაბუთებულიყო რომლებიც იმპერატიულადაა მითითებული ,,საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონში.
32. ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ლ. მიქაბერიძე