Facebook Twitter

საქმე №ას-733-2020 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ნ. წ-ი, ნ. წ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ლი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

მესამე პირი - ს. ბ-ლი, ლ. ბ-ლი (არასრულწლოვნები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგნელობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. წ-ი (შემდეგში - მოსარჩელის და, ბავშვების დედა) და გ. ბ-ლი (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, ბავშვების მამა) 2000 წლიდან 2009 წლის 26 ნოემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ. წ-ი (ყოფილი გვარი ბ-ლი, შემდეგში - არასრულწლოვანი პირი (საკასაციო სამართალწარმოების ეტაპამდე) მეორე კასატორი), 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს. და ლ. ბ-ები (შემდეგში - არასრულწლოვანი პირები, ბავშვები).

2. მოსარჩელის და გარდაიცვალა 2009 წლის 27 ნოემბერს.

3. დედის გარდაცვალებიდან მოყოლებული ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დეიდებთან - ნ. (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი, ბავშვების დეიდა) და მ. წ-ან და ბებია-ბაბუა, ნ. და ზ. წ-ან.

4. მოსარჩელის მოთხოვნა:

4.1. 2017 წლის 26 იანვარს არასრულწლოვანი ბავშვების დეიდამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ბავშვების მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა - მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღებისა და განკარგვის, საზღვრის კვეთის (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში), საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის, ქონების განკარგვისა და მართვის, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისა და არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე (ნაწილში). ამავდროულად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენლის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხის დაკისრებაც მოითხოვა, რამაც 2010 წლის იანვრიდან - 2017 წლის ივნისის ჩათვლით, 21 252.5 ლარი შეადგინა. სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებდა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასაც.

5. მოპასუხის პოზიცია:

5.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი მტკიცებით, ყოველთვის სურდა, მონაწილეობა მიეღო ბავშვების აღზრდაში, თუმცა გარდაცვლილი მეუღლის ოჯახი მის მიმართ იმდენად უარყოფითად იყო განწყობილი, ბავშვებთან მიახლოებასა და მამობრივი ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდა.

6. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

6.1. მოპასუხემ დავაზე შეგებებული სარჩელიც წარადგინა, რომლითაც შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა მოითხოვა.

7. არასრულწლოვანთა საქმეში ჩაბმა:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქმის განხილვაში ჩაბმულ იქნენ არასრულწლოვანი ბავშვები.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დეიდის საცხოვრებელი ადგილი, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენლის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხის - 21 252.5 ლარის, თითოეულისათვის 7084.16 ლარის გადახდა. მოსარჩელეს მოპასუხისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლის, პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში) თანხმობის მიცემის ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვაზე უარი ეთქვა. მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე სხვა სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1პუნქტი). პირველი ინსტანციის სასამართლომ მამის შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა, მოპასუხეს შვილებთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირა დღის 10-დან-19 საათამდე პერიოდი, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

8.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებით, ასევე - ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-12, მე-14, მე-18 მუხლებით იხელმძღვანელა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების ასაკი არ იძლეოდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, დადგენილიყო რომელი გვარით ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას და რამდენად შეესაბამებოდა გვარის შეცვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ბავშვებისათვის პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მართებულობაც.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:

9.1. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აპელანტმა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც მოითხოვა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისკანონიერ ძალაში შესვლის ფარგლები:

10.1. ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მათი დეიდის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მოპასუხისათვის ბავშვების სასარგებლოდ დადგენილი შემწეობის დაკისრებისა და მოპასუხის მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრის საოქმო განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა, არასრულწლოვანი პირების ინტერესების დამცველის სტატუსით, მათ მიერ შერჩეული საპროცესო წარმომადგენლის პროცესში ჩართვაზე.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სამართლებრივი შეფასებები:

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ დავაზე მოსარჩელეს არ ჰქონდა არასრულწლოვანი დისშვილების წარმომადგენლობის მატერიალურსამართლებრივი უფლება თუ პროცესუალური უფლებამოსილება. პალატის განმარტებით, ბავშვების მამას მშობლის უფლება ჩამორთმეული არ ჰქონდა და კანონის მიხედვით, სწორედ ის წარმოადგენდა შვილების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. პალატის შეფასებით, მოსარჩელემ ისე მოითხოვა მოპასუხის, როგორც მშობლის უფლების შეზღუდვა, რომ მას არ გააჩნდა დავის წარმოების სათანადო უფლებამოსილება და შეუძლებელი იყო, მისი მოთხოვნა განხილულიყო არასრულწლოვანი ბავშვების ნებად. იმ ვითარებაში, როდესაც ბავშვების დედა გარდაცვლილი იყო, ხოლო დავა შეეხებოდა ერთადერთი ცოცხლად მყოფი მშობლის - მამის უფლების შეზღუდვას, პალატის განმარტებით, ეს შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო მხოლოდ უკიდურესად პატივსადებ მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ისიც მაშინ, თუ იარსებებდა ამ უფლების განმახორციელებელი სხვა პირი. პალატის მოსაზრებით, ბავშვების დატოვებას წარმომადგენლის გარეშე სადავო შემთხვევაში, შესაძლოა, გამოეწვია ექსტრემალურ სიტუაციაში ბავშვთა ინტერესების შეფერხება.

12.3. არასრულწლოვანი ბავშვების ნების გამორკვევის საკითხთან დაკავშირებით კი, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ბავშვები არ გამოუკითხავს კანონით დადგენილი წესით, რის გამოც საქმეში დაცულ გასაიდუმლოებულ სხდომის ოქმს დავის გადაწყვეტის დროს სამართლებრივი მნიშვნელობა არ მიანიჭა.

12.4. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხისათვის შვილების პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა. ამასთან, პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ მზაობა გამოთქვა, ხელი შეეწყო შვილების განვითარებისა და უნარების რეალიზებისათვის, საჭიროებისამებრ არასრულწლოვანი შვილებისათვის საზღვრის კვეთისა და პასპორტის ასაღებად თანხმობის გაცემაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების უფლებების ხელყოფას ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარ ფორმულირებას სააპელაციო პალატის შეფასებით, ერთგვარი პრევენციის მიზანი ჰქონდა, რის საფუძველზეც მშობლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელი იყო.

12.5. პალატის განსჯით, დავაზე არ გამოკვეთილა ბავშვებისათვის დედის გვარის მიკუთვნების საუკეთესო ინტერესიც. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის უფროსი (პირველი) შვილის ასაკზე და აღნიშნა, რომ მან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიაღწია სრულწლოვანების ასაკს და გვარის ნებისამებრ არჩევის სრული უფლება ჰქონდა, რაც შეეხება უმცროს შვილებს, ასაკის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, უნდა შეენარჩუნებინათ კავშირი ოჯახთან, მამასთან. ამ უკანასკნელთან კონტაქტის არ ქონის გათვალისწინებით კი, გვარის შეცვლის თაობაზე აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებით უფრო მეტად გაღრმავდებოდა მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის პრობლემა.

12.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე ქვემდგომი ისნტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მამისა და შვილის ურთიერთობის წესი იმგვარად იყო განსაზღვრული, მისი აღსრულება მთლიანად ბავშვის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, რაც ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულების პრინციპებს ესადაგებოდა.

13. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხის სრულწლოვანების ასაკს მიღწეული შვილმა (მეორე კასატორმა), რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

13.2. კასატორებმა, ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1-ელი ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვეს, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხეთა არასრულწლოვანი შვილების შუამდგომლობა მათ მიერ შერჩეული საპროცესო წარმომადგენლის ჩართვასთან დაკავშირებით.

13.3. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

13.3.1. კასატორთა მოსაზრებით, განსახილველ დავაზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნებისა და შეფასებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს:

ა)არასრულწლოვნების უფლების დარღვევის ფაქტებზე აქვს თუ არა უფლება არასრულწლოვანი ბავშვების დეიდას, მიმართოს სასამართლოს, როდესაც ფორმალურად იგი არ არის მათი წარმომადგენელი;

ბ) აქვს თუ არა არასრულწლოვანს უფლება, უარი თქვას სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის დაცვაზე და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა განახორციელოს მისი წარმომადგენლობა სასამართლოში;

გ) რა ფორმით და მოცულობით უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვნებს უფლება, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ სასამართლოს, ხოლო ასეთი სურვილის არქონის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ეს გარემოება შეფასდეს მათ საწინააღმდეგოდ;

დ) არის თუ არა ვალდებული სასამართლო, გაითვალისწინოს არასრულწლოვნების სურვილები - მათ შორის მშობლებთან ურთიერთობისა და გვარის შეცვლის საკითხთან მიმართებით;

ე) რა სამართლებრივი შედეგით უნდა დასრულდეს დავა, როდესაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სრულწლოვანი და ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელს აქვს თუ არა მისი არასრულწლოვანებისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

13.3.2. კასატორთა განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დავა უკავშირდება მშობლის უფლების შეზღუდვას, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეჩერებულია, ხოლო არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლად ინიშნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი. განსახილველ შემთხვევაში, ამ უწყების ხარვეზიანი მუშაობა საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის დადგენას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანთა სურვილი, საქმის განხილვაში წარმომადგენლად ჩართულიყო მათ მიერ შერჩეული პირი, რითაც სასამართლომ პრაქტიკულად ბავშვებს წაართვა შესაძლებლობა, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება წარმომადგენლის არჩევასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ბავშვების ინტერესები სასამართლოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უნდა წარმოედგინა. კასატორთა მოსაზრებით, საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლომ იდენტური გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენლის ჩართვაზე 13 და 17 წლის არასრულწლოვნების მიმართ, რაც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევასაც წარმოადგენს.

13.3.3. კასატორებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზეც მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ ბავშვების დეიდის მიერ წარდგენილი საჩივარი დასაშვებად მიიჩნია და განმარტა, რომ ბავშვებს დედის გარდაცვალების შემდგომ მამისადმი მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, დეიდის გარდა არავინ ჰყავდათ, ვინც მათი სახელით შეძლებდა საჩივრის წარდგენას, შესაბამისად, ბავშვების უმწეობა ამართლებდა განაცხადის მიმართ ნაკლებად მკაცრი მიდგომის გამოყენებას. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მამის მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა სწორედ ბავშვების დეიდის სარჩელის საფუძველზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, ერთ შემთხვევაში, დაკმაყოფილებულიყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე წარდგენილი მისი სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ამ არგუმენტზე დაყრდნობით ეთქვა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი.

13.3.4. კასატორების განმარტებით, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სასამართლოები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ბავშვების სურვილის ნამდვილობას, მათი ასაკისა და მოწიფულობის მიუხედავად. გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს ეს თავად სურთ. სასამართლოს საქმის განხილვის ეტაპზე ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა არასრულწლოვნებს და გაეგო მათი რეალური ნება. წლებია, ბავშვები იზრდებიან დედის მშობლებისა და დების ოჯახში და საკუთარ თავს აიგივებენ დედის გვართან. კასატორის წარმომადგენლის მითითებით, ნიშანდობლივია, რომ მოპასუხის სრულწლოვანების ასაკს მიღწეულმა შვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე უკვე შეიცვალა გვარი.

13.3.5. კასატორები არარელევანტურად მიიჩნევენ, მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თითქმის ყველა სფეროში და მას შეუნარჩუნდეს ეს უფლება საზღვრის კვეთისა და პასპორტის აღების ნაწილში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მოთხოვნა მოიცავს მხოლოდ სამედიცინო, სასწავლო თუ მცირე ხნით ტურისტული მიზნით მშობლის უფლების შეზღუდვას, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

13.3.6. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით კასატორებმა აღნიშნეს, რომ ბავშვებს არ აქვთ მამასთან ურთიერთობის სურვილი, შესაბამისად, არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, პირველი კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). პირველი კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

16. რაც შეეხება მეორე კასატორის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დავაზე გამოკვეთილია საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორს სრულწლოვანების ასაკის მიღწევის გამო, მოხსნილი აქვს ის ბარიერი, რაც სარჩელის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნის კასატორის იურიდიული ინტერესებისამებრ რეალიზაციას აფერხებდა, უფრო მეტიც, მან სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვარის შეცვლის მოთხოვნით, რა მიზნითაც სარჩელით მოთხოვნილი იყო მშობლის უფლების შეზღუდვა გვარის შეცვლაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის გათვალისწინებით, მეორე კასატორის მიერ საზღვრის კვეთა ასევე აღარ არის დამოკიდებული მშობლის უფლების მქონე პირის თანხმობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არ არსებობს დავის საგანი) დანაწესის გათვალისწინებით, მოპასუხის სრულწლოვანების ასაკს მიღწეული შვილის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მსჯელობის საგანს წარმოადგენდა - მათ შორის მეორე კასატორის სასარგებლოდ და საუკეთესო ინტერესების შესატყვისად, მშობლის უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შეფასება, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზიანობას, ისევე როგორც არასრულწლოვანთა მიერ შერჩეული საპროცესო წარმომადგენლის პროცესში ჩართვაზე უარის თქმის კანონიერებას მეორე კასატორის საუკეთესო ინტერესების სასამართლოს ძალით უზრუნველყოფის კონტექსტშიც შეაფასებს.

17. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია რამდენიმე ასპექტს მოიცავს, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო დეტალურად იმსჯელებს. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატის განსჯის საგანია მშობლის უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შეფასება. ამასთან, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია რა კანონიერ ძალაში, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განხილვის საგანს გვარის შეცვლის თაობაზე მშობლის თანხმობის გაცემის, პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე მშობლის თანხმობის გაცემის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის მართებულობის განსაზღვრა წარმოადგენს.

18. მშობლის უფლების შეზღუდვის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 1205-ე (მშობლის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ამასთან მშობელს შეიძლება შეეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნის სამართლებრივი უფლებამოსილება. მშობლის უფლების შეზღუდვის მომწესრიგებელი საკანონმდებლო დანაწესი (სსკ-ის 1205-ე მუხლი) იმპერატიულად არ განსაზღვრავს ამ მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს. ასეთად როგორც წესი პრაქტიკაში ერთ-ერთი მშობელი განიხილება, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დანაწესი (მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.) ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ამ მოთხოვნით სასამართლოს დაინტერესებულმა პირმაც მიმართოს. თავისთავად ცხადია ორივე მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის პირობებში, მშობელი, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ვერ იქნება მშობლის უფლების შეზღუდვის სასარჩელო განაცხადზე წარმდგენი პირი. საკითხის მოხმობილი ნორმით გათვალიწინებული სახით მოწესრიგება, ცხადყოფს კანონმდებლის ნებას, რომ მშობლის უფლების შეზღუდვაზე განაცხადის წარმდგენი შესაძლოა იყოს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ან თავად ბავშვი (სსკ-ის 1206-ე მუხლის ანალოგიით). {იხ. სსკ-ის 1205-ე მუხლის კომენტარი, ბატიაშვილი/რუსიაშვილი, გვ.272}, საკასაციო პალატის განსჯით, ამ უფლების მფლობელად ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება მოგვევლინოს ბავშვის ფაქტობრივი აღმზრდელიც/ახლო ნათესავი, მსგავსად განსახილველი შემთხვევისა. მოსარჩელე არის ბავშვების დეიდა, რომელთანაც წლებია იზრდებიან დისშვილები, მოსარჩელე ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მათი საყოფაცხოვრებო პირობებით თუ განათლებით უზრუნველყოფაზე. ბავშვებს დეიდასთან და დედის ოჯახთან აქვთ მიჯაჭვულობის განცდა, რაც დეიდას - ბავშვების ცხოვრებაში მისი როგორც აღმზრდელის ფაქტობრივი სტატუს-კვოს გათვალისწინებით, მოპასუხის (ბავშვების მამის) მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნის ინიცირების უფლებას ანიჭებს. რაც შეეხება საკითხს, მშობლის უფლების შეზღუდვა შეესაბამება თუ არა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს, ეს სასამართლოს შეფასების საგანია, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვების ჭეშმარიტად საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ საკითხთა სასამართლოში ინიცირების უფლებამოსილება, რომელიც გავლენას ახდენს ამ დავის მონაწილე არასრულწლოვანთა უფლებებზე (იმავე მხარეებს შორის სხვა დავაზე), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიანიჭა ბავშვების დეიდას. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ბავშვებს, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ მამასთან, ხოლო დედა გარდაცვლილი ჰყავდათ, უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წარმოედგინათ საკუთარი კანონიერი ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნია, რომ ბავშვების დეიდის გარდა, რომელთანაც იზრდებოდნენ ბავშვები და განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდათ, არ არსებობდა უფრო ახლო ნათესავი ვინც ბავშვების სახელით საჩივრის წარდგენას შეძლებდა. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო წარმოადგენდა რა თავად შესაბამის საქმეზე კრიტიკის საგანს, არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ხელს შეუწყობდა ბავშვების სახელით საჩივრის შეტანას, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა იმ სისტემის კრიტიკას, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.

18.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გამოტანილი დასკვნები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, საგამონაკლისო წესით შესაძლოა ბავშვების სახელითაც კი, საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ისეთ ახლო ნათესავს, რომელსაც, მართალია, არ აქვს ბავშვების ოფიციალური მეურვეობის უფლება მოპოვებული, მაგრამ საკუთარ თავზე აქვს აღებული ბავშვებზე მზრუნველობა და ბავშვების ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის (ბავშვების დეიდის) სასაჩელო მოთხოვნა არ შეესატყვისებოდა ბავშვების რეალურ ნებას და ინტერესებს, ასევე არ წარმოადგენს სადავო საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მართებულ მსჯელობას. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ აღინიშნა, მოსარჩელის სარჩელი კონცეპტუალურად სსკ-ის 1205-ე მუხლიდან გამომდინარეობს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვების აღმზრდელი დეიდა სასამართლოს მიმართავდა არასრულწლოვანი ბავშვების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების, დასკვნებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტიდან გამომდინარე, მოსარჩელე საგამონაკლისო წესით მიიჩნეოდა სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ პირად.

19. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიას, გვარის შეცვლის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლიანობასთან მიმართებით. პალატის განსჯით, სადავო საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების კომპლექსურ შეფასებას. ამ მხრივ, უწინარესად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბავშვების გამოკითხვის ოქმს, სადაც ბავშვებმა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს პოზიცია გვარის შეცვლის მიმართ მათი ინტერესის თაობაზე. დასახელებული კონფიდენციალური ოქმის მოსმენა სასამართლოს უქმნის შთაბეჭდილებას, ბავშვების მოწიფულობის, მათ მიერ საკითხის გააზრების, მისი შედეგების გაცნობიერების და ამ შედეგისაკენ სწრაფვის თაობაზე.

19.1. ბავშვი, როგორც ინდივიდი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი და სერიოზულად განხილული წარმოადგენს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (შემდეგში -კონვენციის) ერთ–ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული კონვენციის მე-12 მუხლის კომენტარის თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ ბავშვები ჩამოაყალიბონ თავისუფალი მოსაზრება და უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას გამოიყენოს მისი უფლება იყოს მოსმენილი. ამავდროულად, კონვენციის მე-3 მუხლის კომენტარის შესაბამისად (§17) ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს. თუ რა განიხილება ბავშვის საუკეთესო ინტერესად უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება მოქნილი და ადაპტირებადია. თითოეული გადაწყვეტილებისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა შეფასდეს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით .

19.2. კონვენციის მე-3 მუხლის კომენტარში, კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ კონვენციის მე-12 მუხლი ბავშვს უზრუნველყოფს უფლებით, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.

19.3. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის ბავშვებთან გასაუბრების შინაარსის გათვალისწინებაზე, სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე არგუმენტზე აპელირებით განაცხადა უარი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები ამ საკითხზე იურიდიულად დაუსაბუთებელი და მცდარია, სახელდობრ: სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დავაზე გამოკვეთილი იყო ბავშვების სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკითხვის მიზანშეწონილობა, რამეთუ ბავშვებს ასაკობრივ ზრდასთან ერთად შესაძლოა სადავო საკითხზე შეეცვალათ მოსაზრება და სადავო საოქმო ჩანაწერი არ ყოფილიყო რელევანტური და რეალური ვითარების ამსახველი. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა არ შეესაბამება ბავშვის მოსაზრებისათვის პატივისცემისა და გათვალისწინების კონვენციისეულ მიდგომებს. ის ფაქტი, რომ ბავშვებმა უარი განაცხადეს სააპელაციო სასამართლოში ხელახლა გამოკითხვაზე, არ ამართლებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის

განხილვის ეტაპზე ბავშვების მიერ გამოთქმული შეხედულებებისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის დაკარგვას. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის განმარტებით (კონვენციის მე–12–ე მუხლის კომეტარი §29, §30) კონვენციის მე-12 მუხლი იმ მოთხოვნის დადგენით, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს ასაკის და სიმწიფის გათვალისწინებით ბავშვის აზრს, ნათელს ჰფენს იმას, რომ მხოლოდ ასაკი ვერ იქნება ბავშვის მოსაზრების მნიშვნელობის განმსაზღვრელი. ბავშვების აღქმის დონე არ არის უნიფიცირებულად დაკავშირებული მათ ბიოლოგიურ ასაკთან. კვლევით დადგენილია, რომ ინფორმაცია, გამოცდილება, გარემო, სოციალური და კულტურული მოლოდინები, და მხარდაჭერის დონე - ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის შესაძლებლობებში ჩამოაყალიბოს მოსაზრება. ამ მიზეზის გამო, ბავშვის აზრი უნდა შეფასდეს შემთხვევების შესაბამისად. სიმწიფე არის გაგების და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი, და შესაბამისად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენა ხდება. კონკრეტულ ვითარებაშიც, გვარის შეცვლის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხზე ბავშვების მიერ გამოთქმული მოსაზრებანი სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეეფასებინა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონვენცია სასამართლოში მოსაზრების გამოთქმას განსაზღვრავს ბავშვის დისკრეციულ უფლებად, რაც თავის თავში ამ უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის უფლებასაც მოიცავს. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმის გადაწყვეტის დროს შეეფასებინა და ეხელმძღვანელა პირველის ინსტანციის სასამართლოში ბავშვების გამოკითხვის ოქმით, ბავშვების მოსაზრებები კი, დავის საკვანძო გარემოებებთან დაკავშირებით შეეფასებინა კონვენციით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით.

19.4. საკასაციო პალატა გაეცნო რა ბავშვების პოზიციას, მათ მოსაზრებებს (საქმეზე გასათვალისწინებელ სხვა გარემოებებთან ერთად, რომელთაც პალატა შედგომში შეეხება) მიიჩნევს, რომ ბავშვების გამოკითხვის კონფიდენციალური ოქმით განსაზღვრადია არასრულწლოვანთა მიერ სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხზე ინფორმაციის ფლობისა და პრობლემის გააზრების საკითხები, მათი მისწრაფებები, თუ დავის შედეგის მიმართ მოლოდინები. ის, რომ ბავშვებს გვარის შეცვლის საკითხზე ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მსვლელობის დროს ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ურყევი პოზიცია, ცხადყოფს ისიც, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სრულწლოვანებას მიღწეულმა მოპასუხის უფროსმა შვილმა ასაკობრივი ბარიერის მოხსნისთანავე მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გვარის შეცვლის მოთხოვნით (მეორე კასატორს 18 წელი შეუსრულდა 16.02.2020 წელს ხოლო შეცვლილი (დედის) გვარით მეორე კასატორის პირადობის მოწმობა გაიცა 28.04.2020 წელს). საკასაციო პალატა დავის გადაწყვეტისას, ამ გარემოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რამეთუ სამი ძმათაგან ერთ-ერთის დედის გვარზე გადასვლა, ხოლო არასრულწლოვანი ძმებისათვის ამ უფლების მოპასუხის ნებაზე დამოკიდებულად დატოვება კიდევ უფრო მატრავმირებელი ფაქტორია ბავშვებისათვის, ამ გარემოების ნიველირება და საკითხის განსხვავებულად მოწესრიგება არა მხოლოდ უგულებელყოფს ბავშვების ნებას გვარის შეცვლის თაობაზე, არამედ არ შეესატყვისება იმ არასრულწალოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას დედის გვართან ახდენენ.

19.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საააპელაციო სასამართლოს ვერც იმ პოზიციას, რომელიც ბავშვების გამოკითხვის ოქმისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭებას იმ საფუძვლით გამორიცხავს, რომ ოქმი პროცედურულად არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირთა პროცესზე გამოკითხვის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს გამოსაკითხ პირთა ასაკს, კერძოდ საკითხი ეხება ბავშვების გამოკითხვას ისეთ სათუთ თემაზე, როგორიცაა მშობლის უფლების შეზღუდვისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხები. აღსანიშნავია, რომ არც კონვენცია და არც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ბავშვის გამოკითხვის პროცედურულ წესს არ განსაზღვრავს, თუმცა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის შეფასებით (კონვენციის მე-12 მუხლის კომენტარი, §34) ბავშვის ეფექტურად მოსმენა ვერ მოხდება ისეთ გარემოში, რომელიც საფრთხის შემცველია, მტრულია, ბავშვის ასაკის მიმართ არ არის მგრძნობიარე და შესაბამისი. პროცედურები უნდა იყოს როგორც ხელმისაწვდომი, ასევე ბავშვზე მორგებული.

19.6. კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვები მოსამართლემ გამოკითხა კონფიდენციალურ გარემოში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, არასრულწოვანთა ადვოკატისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით, მოდავე მხარეთა დაუსწრებლად. გამოკითხვა მიმდინარეობდა ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში. ოქმის შინაარსი ცხადყოფს მოსამართლის მცდელობას, ბავშვებისათვის გამოკითხვის პროცესი ყოფილიყო ნაკლებად დამთრგუნველი და ბავშვების ასაკობრივი თავისებურების შესატყვისი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბავშებისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხებზე ბავშვების პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. ამრიგად, საკასაციო პალატის შეფასებით, არასრულწლოვნები გამოიკითხნენ მათდამი ადაპტირებულ გარემოში, რაც სრულად შეესაბამება ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებას და ბავშვთა უფლებათა კონვენციით რეგლამენტირებულ სტანდარტს.

19.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბავშვების გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით, უფროსი ძმის მიერ გვარის სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე შეცვლის (მამის გვარიდან დედის გვარზე გადასვლის), უმცროს ძმებზე ამ ფაქტის მოსალოდნელი ფსიქოლოგიური ეფექტის, მამის მიმართ ბავშვების უკიდურესად მწვავე/უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს გვარის შეცვლის თაობაზე მშობლის თანხომის გაცემის უფლების შეზღუდვას, რაზეც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ზემოთმითითებული გარემოებების კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე უნდა იმსჯელოს.

20. რაც შეეხება პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის ნაწილში თანხმობის გაცემაზე მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და სამართლებრივ დასკვნებს, რომ მოსარჩელეს დავაზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მშობლის უფლებით მანიპულირებას, უფლების ბოროტად გამოყენებას და ბავშვების ინტერესების საზიანოდ მათთვის სასწავლო, სპორტული, სამედიცინო თუ ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის მოთხოვნაზე უარის თქმას. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მზაობა გამოთქვა ბავშვებისათვის ხელი შეეწყო ამ პროცესში. საკასაციო პალატა, ერთი მხრივ, მხედველობაში იღებს მოცემულობას, რომ მოსარჩელეს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების გამო, არ აქვს კომუნიკაცია მოპასუხესთან, თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა არამხოლოდ სასამართლოს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, არამედ ამაზე ზრუნვა ევალებათ ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელს პირებსაც, შესაბამისად ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს არ ძალუძს მტკიცებულების წარმოდგენა მშობლის მიერ ბავშვებისათვის საზღვრის საგანმანათლებლო, სპორტული აქტივობებისთვის, სამედიცინო ან ტურისტული მიზნით გადაკვეთისათვის ხელშეშლის თაობაზე, მან ბავშვების საკეთილდღეოდ უნდა ითანამშრომლოს ბავშვების მამასთან.

21. კასატორის (მოსარჩელის) ერთ-ერთი პრეტენზია არასრულწლოვანთა წარმომადგენლის სამართალწარმოების პროცესში ჩაბმაზე სააპელაციო სასამართლოს უარს შეეხება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები არასრულწლოვანთა ადვოკატის პროცესში ჩართვის პროცესუალური შეუძლებლობაზე დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება ამ საკითხის საპროცესო კანონმდებლობის რელევანტურად გადაწყვეტის წესს. სახელდობრ:

21.1. სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, ამასთანავე სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას არასრულწლოვანიც. ცხადია, განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნისა და მშობლის უფლებათა შორის კონფლიქტის პირობებში, როდესაც სასამართლოს განსჯის საგანია მშობლის უფლების შეზღუდვის ფარგლები, ამ ნორმის მოქმედება გამორიცხულია. არასრულწლოვან პირებთან მიმართებით კიდევ ერთ რეგულაციას ითვალისწინებს სსსკ-ის 811 მუხლი (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქციით), რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საპროცესო ურთიერთობებში ჩართვის აუცილებლობაზე მიუთითებს მატერიალური სამართალიც. ბავშვების აღზრდის საკითხზე, ასევე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით წამოწყებულ დავაზე სსკ-ის 1200-ე (1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.) და 1201-ე (1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციის თანახმად, ბავშვთა ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. წინამდებარე დავის ფარგლებში გასაანალიზებელ საკითხს წარმოადგენს, შეზღუდულია თუ არა სასამართლო, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის გარდა, ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად მოიაზროს მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო?

21.2. უწინარესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სახელმწიფოს მიერ ბავშვზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში ბავშვის საკეთილდღეო ინტერესის გატარების მიზნით ერთვება სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაჭრაში და პირდაპირ არ შეიძლება აფილირებულ იქნეს სსსკ-ის 811 მუხლით ნაგულისხმევ ბავშვის საპროცესო წარმომადგენელთან. ამას მოწმობს ზემოხსენებული ნორმის დეფინიციაც, რომელიც, ერთი მხრივ, ადგენს სასამართლოს მიერ საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობას, რომელმაც, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ თუნდაც საპროცესო წარმომადგენლის ქმედებების მიმართ უნდა გამოხატოს პოზიცია, შეაფასოს, არასრულწლოვნის ინტერესების ფარგლებში რამდენად მოქმედებს მისი საპროცესო წარმომადგენელი და სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ სადავო საკითხზე ბავშვის საუკეთესო ინტერესების ჭრილში სასამართლოს წარუდგინოს, სადავო საკითხის მოწესრიგების მისეული ხედვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არასრულწლოვანთა წარმომადგენლებად მხოლოდ მათ კანონიერ წარმომადგენელს და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიაზრებს, ამ ნორმის არასწორ სამართლებრივ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საკასაციო პალატის განსჯით, 811 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება სასამართლოსი - დანიშნოს არასრუწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი არ შეიძლება ესოდენ ვიწროდ განიმარტოს და არასრუწლოვანს, რომელსაც ამავე მუხლით მინიჭებული აქვს შესაძლებლობა არ დაეთანხმოს საპროცესო წარმომადგენელს და თავად დაიცვას თავი სასამართლოს წინაშე, არ ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს საპროცესო წარმომადგენელი, რომელსაც მისი ინტერესების სასამართლოში დაცვას მიანდობს. საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის ნება ამა თუ იმ პირის მის საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე.

21.3. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ 811 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიბმულია არსრულწლოვნის ასაკობრივ ცენზს, 14 წლიან ბარიერს, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 წელს მიუღწეველ პირებს ასეთი ფართო საპროცესო ქმედუნარიანობა არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოქმედი საპროცესო ნორმის ეს რედაქცია ამ მხრივ ერთგვარად ხარვეზიანია, რამეთუ იმ პირობებში, როდესაც მშობლის მიერ ბავშვის საპროცესო წარმომადგენლობა გამორიცხულია, განსაზღვრული არ არის იმ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება დაიცვას სასამართლოში მათი ინტერესი. მატერიალური კანონმდებლობის თანახმად, ასეთად განიხილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ბავშვები, რომელთა უფლებებზეც გავლენა უნდა მოახდინოს ამ დავის გადაწყვეტამ, არ თანამშრომლობენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებთან. ამ საკითხზე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში (მათ შორის - საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც) არერთხელ დააფიქსირა პოზიცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა. შესაბამისად, არასრულწლოვნებსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შორის ნდობის მანდატის არარსებობა ამ ორანოს ქმედითუნარიანობას - სრულყოფილად განახორციელოს არასრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვა პროცესში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

21.4. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ წინამდებარე საკითხის გადაწყვეტის დროს საქმეში ჩაბმულ სამ არასრულწლოვანთაგან უფროსი 17 წლის იყო, ხოლო უმცროსი ძმები 13 წლისანი იყვნენ. სსსკ-ის 811 მუხლის თანახმად, უფროსი არასულწლოვანი კანონით აღჭურვილი იყო სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო წარმომადგენლის ყოლის უფლებით, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება სრულად უგულებელჰყო, ამასთანავე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც დავაში ჩაბმულია სამი სხვადასხვა ასაკის არასრუწლოვანი, რომელთა უფლებრივი მდგომარეობა სასამართლომ ერთგვაროვნად უნდა მოაწესრიგოს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირისათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვა, ხოლო 13 წლის არასრუწლოვნებისთვის უარის თქმა, საკითხის გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტა ვერ იქნებოდა. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ყველაზე მაღალი იერარქიული ძალის მქონე კანონით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს - მათ შორის ბავშვებსაც, აქვთ უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართონ სასამართლოს, რაც თავის თავში ასევე გულისხმობს, სასამართლოსადმი როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვის უფლებასაც. ამ კონტექსტში ანგარიშგასაწევია ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლის ( მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედუელბების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედუელბანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც მას ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით). დანაწესიც, რომელიც ბავშვის სასამართლო განხილვაში მონაწილეობას (უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით) ასაკობრივ შეზღუდვას არ უკავშირებს, კონვენცია ასაკს მხოლოდ ბავშვის მოსაზრებების გათვალისწინებადობის კონტექსტში ანიჭებს მნიშვნელობას. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მშობლებსა და ბავშვებს შორის, სამართალწარმოების მიზნებისათვის უნდა მოხდეს ან მეურვის ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენლის დანიშვნა, ბავშვის შეხედულებისა და ინტერესების წარმოდგენისა და სამართალწარმოების შინაარსის შესახებ ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები, მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ). მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში არასრულწლოვნებმა საკუთარი უფლებების სასამართლო წესით დაცვა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ორგანიზაციას მიანდეს, რომლის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბმული იყო საქმის განხილვაში - მათ შორის მონაწილეობდა ბავშვების სასამართლოს მიერ მოსმენის პროცესში. აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მიერ საკუთარ წარმომადგენლად განსაზღვრული პირის საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნაზე უარი სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დაუშვებლად ხელყოფს მათ პროცესუალურ უფლებებს. სააპელაციო სასამართლოს მცდარი სამართლებრივი დასკვნების გამო, საქმეში ჩაბმულ არასრულწლოვნებს წაერთვათ შესაძლებლობა, მათი პოზიცია სასამართლო სხდომაზე გაეჟღერებინათ მათ მიერ არჩეულ საპროცესო წარმომადგენელს.

21.5. ამრიგად, წინამდებარე საკითხის განსჯის შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორის მოთხოვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია, დასახელებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქმის გარემოებათა გათვალისწინებითა და საპროცესო კანონმდებლობის სწორი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს არასრულწლოვანთა წარმომადგენლის პროცესში ჩართვის საკითხი.

22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. საკასაციო პალატის განმარტებით, ბავშვთა უფლებებთან მიმართებით არსებული კონფლიქტის გადაწყვეტისას, მართალია, ბავშვთა უფლებები კონვენციით მშობლის უფლებებთან შედარებით სარგებლობს უპირატესობით, თუმცა ეს არ გულისხმობს დაპირისპირებული უფლების სრულ უგულებელყოფას ბავშვთა საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის საფუძველზე. სასამართლო ვალდებულია მოძებნოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი - ბავშვის უფლების, მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად რეალიზაციასა და მშობლის უფლების განხორციელებადობას შორის. იმ პირობებში, როდესაც მშობელს ჩამორთმეული არ აქვს მშობლის უფლება და არც ეს საკითხი დგას სამართალწარმოების დღის წესრიგში, მისთვის შვილებთან ურთიერთობის უფლების/შესაძლებლობის სრული წართმევა, მაშინაც კი, როდესაც შვილებს ესოდენ მტრული დამოკიდებულება აქვთ მამის მიმართ, უგულებელყოფს ინტერესთა კონფლიქტის სამართლიანად და გონივრული ბალანსის შესატყვისად გადაწყვეტის პრინციპს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ საკითხის იმგვარად მოწესრიგება, რომ მშობლის შვილებთან ურთიერთობა განისაზღვრა ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, სრულად პასუხობს დავაზე წარმოჩენილ მშობელსა და შვილებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გამოწვევებს. ბავშვის იძულება მშობელთან ურთიერთობის მიზნით, ყოვლად დაუშვებელია, რისი ცალსახა ინდიკატორიცაა მოპასუხის სარჩელის საფუძველზე სხვა დავაზე მიღებული გადაწყვეტილება (საქმე Nას-669-630-2011, 11.10.11 წ.), რომლითაც არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოხმობილი გადაწყვეტილება ბავშვების კატეგორული წინააღმდეგობის გამო აღუსრულებელი დარჩა. საკასაციო პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს იმასაც, რომ წინამდებარე დავაზე მოპასუხის (მამის) შეგებებულ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს არა ერთჯერადი ან დროებითი ეფექტი, არამედ დროში განგრძობადი ხასიათი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვები სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე დროის რომელიმე პერიოდში გამოხატავენ სურვილს იურთიერთობონ მამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ სასამართლოს ძალით უზრუნველყოფილი შესაძლებლობა გარეშე ფაქტორებით განპირობებული დაბრკოლებისგან დამოუკიდებლად კავშირი ჰქონდეთ მამასთან. სასამართლო სწორედ ამ პოტენციურ შესაძლებლობას განუსაზღვრავს მშობელს შვილებთან და პირიქით ბავშვებს მამასთან ურთიერთობისათვის.

23. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 272-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ნ. წ-ის საკასაციო მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება ნ. წ-ის საკასაციო საჩივარზე.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე