ას-979-2021
28 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „თ.ს.კ–ის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-21).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ის სარჩელი შპს „თ.ს.კ–ის“ მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ.ს.კ–ის“ 2018 წლის 04 აპრილის N01/1-3/1/863 ბრძანება თ.ბ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში ადღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. შპს „თ.ს.კ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 10000 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 1995 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო თბილისის მეტროპოლიტენში (ამჟამად შპს „თ.ს.კ–ა“) სხვადასხვა პოზიციებზე.
5.2. 2017 წლის 10 ივლისს, შპს „თ.ს.კ–ასა“ და თ.ბ–ს, როგორც ლაბორატორიული ცენტრის უფროსის მოადგილეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.
5.3. შპს „თ.ს.კ–ის“ 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანიაში დაიგეგმა განხორციელებულიყო ორგანიზაციული ცვლილებები. ამავე ბრძანებით, გაფრთხილებულ იქნა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პირები მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე.
5.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელე გააფრთხილეს 2018 წლის 27 მარტს, ხოლო 2018 წლის 04 აპრილს კომპანიაში დასაქმებულ 6 პირს, მათ შორის თ.ბ–ს ეცნობა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
5.5. 2018 წლის 02 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე კომპანიას და მოითხოვა მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება და გაითხოვა დოკუმენტები: მოსარჩელის პირადი საქმე და საშტატო ნუსხა, როგორც მოსარჩელის განთავისუფლებამდე, ისე განთავისუფლების შემდეგ.
5.6. შპს „თ.ს.კ–ის“ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე ადამიანის რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ლაბორატორიული ცენტრის უფროსის მოადგილეს თ.ბ–ს კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციული პროცესის გათვალისწინებით შესთავაზა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორის თანამდებობა. აღნიშნულ შეთავაზებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
5.7. თ.ბ–ს მიღებული აქვს სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცის ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე (რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად) და განმარტა, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით (იხ. სუსგ 07/04/2017წ. №ას-210-199-2017).
5.9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამუშაო ძალის შემცირება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია იყო უკანონო და რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდებოდა, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელი იყო, რაც ძველი სტრუქტურული ერთეულები. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე მიუთითებდა, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა.
5.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენდა იმის მტკიცება, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო.
5.11. სააპელაციო პალატის მითითებით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა კონკრეტულად მოსარჩელე თ.ბ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა და მისთვის სხვა ვაკანტური/ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების შეუძლებლობა. თ.ბ–ის გათავისუფლების შემდგომ კომპანიაში განხორციელებული დამატებითი ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა სახელფასო ფონდი და საშტატო განაკვეთი, შესაბამისად ვერ დასტურდებოდა მოპასუხის მტკიცება, რომ რეორგანიზაცია ემსახურებოდა გარკვეული ფინანსების დაზოგვასა, თუ კადრების ოპტიმიზაციას, რის ფარგლებშიდაც გარდაუვალი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება.
5.12. ვარგის არგუმენტად არ იქნა მიჩნეული ფუნქციების დუბლირებაზე აპელირება, ვინაიდან, დამსაქმებელმა თავად შექმნა საშტატო ერთეულები და დაასაქმა პირები, შესაბამისად, მის ვალდებულებას შეადგენდა საშტატო განრიგის იმგვარი დაგეგმვის უზრუნველყოფა, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილებინა აღნიშნული საფუძვლით თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვა და შრომითი უფლების შეზღუდვა.
5.13. რაც შეეხება მოსარჩელისათვის გათავისუფლების შემდგომ კონტროლიორის პოზიციაზე დასაქმების შეთავაზებას, აღნიშნული ვერ განიხილებოდა დამსაქმებლის მხრიდან მასთან დასაქმებული თანამშრომლისადმი გულისხმიერ და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებად, რამეთუ თ.ბ–ი დასაქმებული იყო ერთ-ერთ ხელმძღვანელობით პოზიციაზე, რის ნაცვლადაც მისთვის იმგვარი პოზიციის შეთავაზება, რომელიც ვერც თანამდებობრივად და ვერც ხელფასის ოდენობით ვერ მიიჩნევა ტოლფასად, ვერ განიხილებოდა იმგვარ შეთავაზებად, რაც დაადასტურებდა დამსაქმებლის ინტერესს შეენარჩუნებინა მასთან დასაქმებული კადრი.
5.14. სააპელაციო პალატამ მიმოიხილა მოწმე გ.ტ–ძის ჩვენება, მოსარჩელისათვის ზეპირი ფორმით ტექნიკური სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში შრომის დაცვის სპეციალისტის თანამდებობის შეთავაზებაზე და მიიჩნია, რომ ჩვენების ფარგლებში გადმოცემული გარემოებები ასახავდა მის სუბიექტურ შეფასებას გათავისუფლების ფაქტთან მიმართებით და არ ადასტურებდა რეალურად აღნიშნულ თანამდებობის მოსარჩელისათვის შეთავაზებას. მითუმეტეს, როდესაც კონტროლიორის პოზიციაზე შეთავაზება მოსარჩელისათვის განხორციელდა წერილობითი ფორმით.
5.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა, რაც განაპირობებდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობას. ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში კი ვინაიდან, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული ლაბორატორიული უფროსის მოადგილის პოზიცია და ამავე დროს არ დგინდებოდა ვაკანტური პოზიციის არსებობა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის აღდგენა სამსახურში, აღდგენის ალტერნატივასა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული აღდგენის საშუალებას წარმოადგენდა კომპენსაცია.
5.16. სააპელაციო პალატამ თავად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა და მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის უფლებების რესტიტუციის მიზნით მოპასუხისათვის 5 თვის მისაღები თანამდებობრივი სარგოს, კერძოდ: 10000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ს.კ–ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი სადავოდ ხდის დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობას, კომპენსაციის გადახდის მოვალეობასა და მის ოდენობას.
6.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა და რეორგანიზაცია განხორციელდა თუ არა კანონიერად.
6.4. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოჩვენებით ცვლილებას და გამომდინარეობდა არსებული საჭიროებიდან. ცვლილება შეეხო არა მხოლოდ მოსარჩელეს, არამედ სხვა პირებსაც და ამასთან ძირითადად ხელმძღვანელ პირებს. მოსარჩელე მხარეს დამსაქმებელმა შესთავაზა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორის თანამდებობა, რაზეც თ.ბ–მა უარი განაცხადა. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის ჩვენების გაუთვალისწინებლობას.
6.6. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოფარგლა და დასაბუთებისა და არგუმენტირების გარეშე განსაზღვრა კომპენსაცია 5 თვის ხელფასის ოდენობით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა თ.ბ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თ.ბ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. არასწორია მოსარჩელისთვის შპს „თ.ს.კ–ის“ ლაბორატორიული ცენტრის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს არ იძლევა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, სასამართლოს უნდა დაედგინა კომპენსაციის განსაზღვრისთვის აუცილებელი ყველა გარემოება და მოსარჩელისათვის მისაკუთვნებელი თანხა გამოეანგარიშებინა გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმზე დაყრდნობით. ამასთან, მიკუთვნებული კომპენსაცია უნდა ყოფილიყო მისთვის ცნობილ გარემოებებთან (ხელფასის ოდენობა და შრომითი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადა) ადეკვატური.
7.2. რეორგანიზაციის შემდგომ წარმოქმნილი მთელი რიგი საშტატო ერთეულებით გათვალისწინებულ ფუნქციას, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავისუფლად შეასრულებდა. ტოლფასი თანამდებობა დამსაქმებელი კომპანიისგან არ შეთავაზებულა, ხოლო შეთავაზებული პოზიციები არ იყო ტოლფასი არც ფუნქციურად და არც შრომითი გასამრჯელოს თვალსაზრისით.
7.3. კასატორის პრეტენზია შეეხება მის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმას იმ მიზეზით, რომ თითქოს ტოლფასი თანამდებობის ვაკანტურობა არ დგინდებოდა. რეორგანიზაციას შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება, პირიქით, შტატები გაიზარდა და მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმება შესაძლებელი იყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, თ.ბ–ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. მოსარჩელეთა მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.
12. მოცემულ შემთხვევაში, თ.ბ–ი სადავოდ ხდის უფლებრივი რესტიტუციის სახით მისთვის კომპენსაციის მიკუთვნებას და საკასაციო საჩივრის პრეტენზიად მიუთითებს, რომ მისთვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმა, ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა არ არის დასაბუთებული. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მიკუთვნების შემთხვევაშიც დამსაქმებელი კომპანიისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა არაგონივრულია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც დამატებით კვლევას არ საჭიროებს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დასაქმებულის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია რამდენად სწორად იქნა გამოყენებული დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების რესტიტუციის სახედ კომპენსაცია და რამდენად სწორად განისაზღვრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი ოდენობა.
14. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში (შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი), მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
15. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს, შესაბამისად, მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ Nას-890-857-2016, 09.10.2017წ.; Nას-475-456-2016, 24.06.2016წ.).
16. პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე - შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს კონკრეტულ ვაკანტურ ტოლფას თანამდებობაზე, რომელზეც მისი აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი არ მიუთითებია. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიუთითებდა ლაბორატორიული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნული თანამდებობა ტოლფასი თანამდებობის შინაარსის გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ლაბორატორიული ცენტრის უფროსის მოადგილის (უკვე გაუქმებულ) ტოლფას თანამდებობად, ამასთან, აღნიშნული თანამდებობა არც იყო ვაკანტური.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
18. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად გათავისუფლდა თანამდებობებიდან, ხოლო, ამავე ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების არამართლზომიერად ცნობის მიუხედავად მისი პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა ვერ მოხერხდა, ამდენად, ვერ აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც მას უვადო შრომით ურთიერთობაში დასაქმებულ პოზიციაზე დაბრუნებას გამოიწვევდა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში თუკი ბათილად იქნება ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რისგანაც, ცხადია, ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავდება განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტა, როდესაც თუკი შეუძლებელია იმ პირის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ვისთანაც უვადო შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, დამსაქმებელს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა დაეკისროს გასაცემი კომპენსაცია.
20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ ხანგრძლივ პერიოდს (გასულია 4 წელზე მეტი); საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა მოსარჩელის ერთი წლის ხელფასით უნდა განისაზღვროს. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 12 თვის შრომის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით. ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის სუსგ Nას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; Nას-1540-2019, 30.09.2019წელი.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 10000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს 24000 ლარით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი, სააპელაციო სასამართლოში 150 ლარი, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 300 ლარი. აღნიშნული თანხების ანაზღაურება (სულ 550 ლარის ოდენობით) მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, მასვე უნდა დაეკისროს 1830 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან, მოსარჩელე შრომის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობიდან გამომდინარე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1830 ლარს (720+960+700=2380, 2380-550=1830).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.ბ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს.კ–ას“ თ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 24000 ლარის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით;
5. შპს „ს.კ–ას“ თ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 550 (100+150+300) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
6. შპს „ს.კ–ას“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1830 ლარის გადახდა.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი