№ას-802-2022 04 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „მ.ე.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ბ–ძე, გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „მ.ე.კ–მა“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, საწარმო, კრედიტორი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) საარბიტრაჟო სარჩელის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მ.ბ–ძისა და გ.ბ–ძის (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხეები ან მოვალეები) საკუთრებაში არსებული ავტომობილების რაიმე სახით განკარგვის (გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის) აკრძალვა.
2. განმცხადებლის განმარტებით, სოლიდარული მოვალეები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მ.ბ–ძისა და გ.ბ–ძის ვალდებულებისა და სამართლებრივი შეზღუდვისგან თავისუფალი მოძრავი ქონებები (ავტომობილები) იქნას გასხვისებული კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, რის შედეგადაც, შპს ,,მ.ე.კ–ის'', როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება და აღარ იარსებებს საარბიტრჟო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 35618 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სარჩელზე, რომლის უზრუნველყოფაც განმცხადებელმა მოითხოვა, კრედიტორის/განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფლების მიზნით, მოგირავნეზე გაცემულია გირავნობის მოწმობა და კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.
3.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, განცხადებლის ვარაუდი რომ საავტომობილო საშუალება იყოს დაზიანებული ან განადგურებული, სსსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემობებით და შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ ვერ ხერხდება გირავნობის საგნის მოძიება და შესაძლებელია აღმოჩნდეს დაზიანებული ან ფაქტობრივად აღარ არსებობდეს, არ დასტურდება (განმცხდებლის მითითებით, აღსრულებადაქვემდებარებული აქტის საფუძველზე, გირავნობის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფლების მიზნით დაწყებულია სააღსრულებო წარმოება; გირავნობის საგანი - საავტომობილო საშუალება იძებნება).
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2018 წლის 15 ოქტომბრის კერძო აღმასრულებლის წერილის №A18071997-005/001 საფუძველზე, დასტურდება, რომ გირავნობის საგანი 2018 წლის 18 ივნისიდან არის გადაცემული დაკავებაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ ვერ მოხერხდა ამ ავტომანქანის დაკავება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
5.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მასში მითითებული გარემოებები კი არ ქმნიან სსსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულება (აღმასრულებლის წერილი №A18071997-005/001) განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის მომართვის ეტაპზე და იგი ასევე, არც საჩივარს არ ერთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
8. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
9. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
10. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
11. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
12. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც, საჩივრის ავტორი ითხოვდა დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულების მიქცევას მოპასუხის ნებისმიერ ქონებაზე, არ იყო წარმოდგენილი. სკ-ის 276-ე მუხლის, ასევე ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებში მითითებულია, რომ მსესხებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აგებს სხვა ქონებით პასუხს კრედიტორის წინაშე, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაცია სრულად ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, იმ საჭიროების არსებობა, რომ მოვალეებს აეკრძალოთ მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებების რაიმე სახით განკარგვა-გასხვისება ან/ და გირავნობით დატვირთვა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს საარბიტრაჟო მოპასუხეების უფლებების არათანაზომიერ და გაუმართლებელ შეზღუდვას. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
14. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ე.კ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა.ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ.ქოჩიაშვილი
თ.ძიმისტარაშვილი