Facebook Twitter

საქმე №ას-387-2022 4 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.გ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 13 თებერვალს გ.ტ.კიზი გ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ა.გ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და მოსარჩელე გ.გ–ვას გადაეცეს შემდეგი მოძრავი ნივთები: (1) ოქროს რგოლი; ოქროს ბეჭი პატარა ცირკონის თვალით; ძეწკვი ჯაჭვისებური ქსოვილით, კულონით ნახევარმთვარის ფორმის; ძეწკვი ჯაჭვისებური ფორმით და ოვალური კულონი; ოქროს სამეული - ოვალური ფორმის ბრილიანტის თვალებით, საყურეები და ბეჭედი (შემდეგ - „ოქროულობა“ ან „ძვირფასეულობა“), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღნიშნული ნივთები მოპასუხესთან (მოვალე) არ აღმოჩნდება, მოპასუხე ა.გ–ვს მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ძვირფასეულობის ღირებულების ანაზღაურება 2880 ლარის ოდენობით და ასევე (2) თეთრი ფერის საძინებელი გარნიტური; „გორკა“; მაგიდა ექვსი სკამით; დივანი ორი სავარძლით; პლაზმური ტელევიზორი და მაცივარი; სარეცხის მანქანა; ტელევიზორის სადგამი; 2 ცალი ხალიჩა და ე.წ. „დაროშკა“; ორი ჭაღი; მტვერსასრუტი „სამსუნგის“ ფირმის; ხორცსაკეპი „სიმბას“ ფირმის; საუთოო მაგიდა; ყავისა და ჩაის სერვიზები; სამი საბანი; - ორი წითელი და ერთი ცისფერი პირით; ბალიშები ოთხი ცალი; ორი ლეიბი (სახლში გაკეთებული); საწოლის გადასაფარებელი; ბუმბულის გადასაფარებელი; ორი ცალი ემალის სათლი „ვედრო“; უთო „ტესინის“ ფირმის; დეკორატიული ყვავილები; „ტესინის“ ფირმის ტეფლონის „ტეფალის“ ქვაბების კომპლექტი; კედლის საათი; დღის და ღამის ფარდები; ოთხი წყვილი თეთრეულის კომპლექტი; 18 ცალი პირსახოცი; ერთი ვაზა; ორი ცალი საშაქრე; 18 ცალი წვენის ჭიქები; ყვავილების ლითონის სადგამი; ვერცხლის ფერი დანა-ჩანგლის ნაკრები; სამზარეულოს ნაკრები (დანები, კოვზები, სამარილე); ორი ცალი ღამის სანათი (შემდეგ - „ავეჯი“ ან „საყოფაცხოვრებო ნივთები“), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღნიშნული ნივთები მოპასუხესთან (მოვალე) არ აღმოჩნდება, მოპასუხე ა.გ–ვს მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ღირებულების ანაზღაურება 13550 ლარის ოდენობით;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე ა.გ–ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელე გ.გ–ვას გადაეცეს შემდეგი მოძრავი ნივთები:

- ოქროს რგოლი; ოქროს ბეჭი პატარა ცირკონის თვალით; ძეწკვი ჯაჭვისებური ქსოვილით, კულონით ნახევარმთვარის ფორმის; ძეწკვი ჯაჭვისებური ფორმით და ოვალური კულონი; ოქროს სამეული - ოვალური ფორმის ბრილიანტის თვალებით, საყურეები და ბეჭედი. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღნიშნული ნივთები მოპასუხესთან (მოვალე) არ აღმოჩნდება, მოპასუხე ა.გ–ვს მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ძვირფასეულობის ღირებულების ანაზღაურება 2880 ლარის ოდენობით; - თეთრი ფერის საძინებელი გარნიტური; „გორკა“; მაგიდა ექვსი სკამით; დივანი ორი სავარძლით; პლაზმური ტელევიზორი და მაცივარი; სარეცხის მანქანა; ტელევიზორის სადგამი; 2 ცალი ხალიჩა და ე.წ. „დაროშკა“; ორი ჭაღი; მტვერსასრუტი „სამსუნგის“ ფირმის; ხორცსაკეპი „სიმბას“ ფირმის; საუთოო მაგიდა; ყავისა და ჩაის სერვიზები; სამი საბანი - ორი წითელი და ერთი ცისფერი პირით; ბალიშები ოთხი ცალი; ორი ლეიბი (სახლში გაკეთებული); საწოლის გადასაფარებელი; ბუმბულის გადასაფარებელი; ორი ცალი ემალის სათლი „ვედრო“; უთო „ტესინის“ ფირმის; დეკორატიული ყვავილები; „ტესინის“ ფირმის ტეფლონის „ტეფალის“ ქვაბების კომპლექტი; კედლის საათი; დღის და ღამის ფარდები; ოთხი წყვილი თეთრეულის კომპლექტი; 18 ცალი პირსახოცი; ერთი ვაზა; ორი ცალი საშაქრე; 18 ცალი წვენის ჭიქები; ყვავილების ლითონის სადგამი; ვერცხლის ფერი დანა-ჩანგლის ნაკრები; სამზარეულოს ნაკრები (დანები, კოვზები, სამარილე); ორი ცალი ღამის სანათი. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღნიშნული ნივთები მოპასუხესთან (მოვალე) არ აღმოჩნდება, მოპასუხე ა.გ–ვს მოსარჩელე გ.გ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ღირებულების ანაზღაურება 13550 ლარის ოდენობით;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. აღნიშნული განჩინება ა.გ–ვმა (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

9. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 03.02.2022 წლის განჩინება, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2022 წლის 10 თებერვალს ჩაბარდა აპელანტის მშობელს - მ.გ–ს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ტომი II, ს.ფ. 10).

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, სახელდობრ, აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 11 თებერვალს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2022 წლის 17 თებერვალს ამოიწურა (სსსკ-ის 61.2 მუხლი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

12. ვინაიდან დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, რომელიც გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ჩაბარდა აპელანტის მამას, მიიჩნევა, რომ გზავნილი ჩაიბარა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. შესაბამისად, გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ განჩინება მას პირადად არ ჩაბარებია, დაუსაბუთებელია.

13. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ, თუ მხარის მიერ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი მიუთითებს, რომ მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია, სასამართლო გზავნილს მხარის ოჯახის წევრისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება კი, თავად მხარეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. კერძო საჩივრის ავტორის მიუთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 03.02.2022 წლის განჩინება პირადად მას არ ჩაბარდა, რამდენიმე წელია ცხოვრობს პაპასთან - გ.გ–თან და მას, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თებერვალში ჩაუტარდა ოპერაცია. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სსკ-ის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს არ უცნობებია სააპელაციო სასამართლოსათვის თავისი მისამართის შეცვლის თაობაზე და შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. ასევე საყურდღებოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს შემდგომი გზავნილი - განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ჩაიბარა პირადად აპელანტმა, სწორედ მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს (კერძო საჩივარს არ ერთვის შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ პაპის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე) საპროცესო ვადის სწორედ საპატიო მიზეზით დარღვევას.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: #ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; #ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; #ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ვის კერძო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი