Facebook Twitter

¹ 3გ-ად-53-გ-02 23 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ცსკოს 16.09.02წ. ¹142/2002 და 24.09.02წ., ¹145/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა, საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შეტანილი საკითხების რეგისტრაციაში გატარება.

აღწერილობითი ნაწილი:

რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო უჯგუფმა 13.04.02წ. მიმართა ცსკოს თხოვნით რეგისტრაციაში გაეტარებინა საინიაციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხები. ცსკომ 16.09.02წ. ¹142/2002 განკარგულებით უარი თქვა საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკუთრების რეგისტრაციაზე. რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფმა 20.09.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე _ ცსკოს მიმართ და მოითხოვა «საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ" ცსკოს 16.09.02წ. ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 24.09.02წ. განჩინებით სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობა აღმოცენებულია საჯარო (ადმინისტრაციული) კანონმდებლობის _ «რეფერენდუმის შესახებ" კანონის საფუძველზე. მოპასუხე _ ცსკომ ამავე კანონის მე-9 და მე-19 მუხლების თანხმად, იმავდროულად საქარათველოს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიაცაა, რის გამო განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის «ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. პალატამ აღნიშნა, რომ სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით ადგილი აქვს კოლიზიას იერარქიის ერთ საფეხურზე მდგომ კანონებს _ «რეფერენდუმის შესახებ" კანონს, რომლის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარი გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საქართველოს ადმინისტრციულ საპროცესო კოდექსს შორის. პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ «რეფერენდუმის შესახებ" კანონი მიღებულია 15.05.96წ., ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამოქმედდა 01.01.2000წ., კოდექსი მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე განსახილველად განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

24.09.02წ. ¹145/2002 განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება 16.09.02წ. განკარგულების დასაბუთებით ნაწილში (პრეამბულაში). საინიციატივო ჯგუფმა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა ცსკოს 16.09.02წ, ¹142/2002 განაკარგულებისა და 24.09.02წ., ¹145/2002 განკარგულების ბათილად ცნობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხების რეგისტრაციაში გატარების დავალება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.10.02წ. განჩიებით საქმის წარმოება შეჩერდა «რეფერენდუმის შესახებ" კანონის საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის თაობაზე კოლეგიის მიერ კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 10.10.02წ. საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ყოფილიყო ცნობილი «რეფერენდუმის შესახებ" 15.05.96წ. კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 03.12.02წ. ¹11/203/2 გადაწყვეტილებით არ დადასტურდა «რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს 15.05.96წ. კანონის საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შეუსაბამობა.

თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.12.02წ. განჩინებით საინიციატივო ჯგუფის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლო არ არის სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო, ვინაიდან წინააღმდეგობაში მყოფ ორ ნორმატიულ აქტს შორის _ «რეფერენდუმის შესახებ" კანონი წარმოადგენს ორგანულ კანონს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის _ საქართველოს კანონს, შესაბამისად - «რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონი იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი კანონია, შესაბამისად აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტს უპირატესობა უნდა მიენიჭოს განსჯადობის გადაწყვეტისას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის სარჩელის გამო პირველი ინსტანციით უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.09.02წ. განჩინებით, იერარქიის ერთ საფეხურზე მდგომ კანონებს _ «რეფერენდუმის შესახებ" კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს შორის კოლიზიის არსებობის გამო, «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პრიორიტეტი მიენიჭა უფრო გვიან მიღებულ კანონს _ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს, რომლის მე-6 მუხლის «ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ცსკოს, როგორც უმაღლესი საარჩევნო და სარეფერენდუმო ადმინისტრაციის, სადავო აქტი განსახილველად განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. საქმის განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნის შემდეგ, «რეფერენდუმის შესახებ" კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ ,,რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 19.11.02წ. ორგანული კანონის თანახმად («საქართველოს საკანონმდებლო მაცნე", ¹29, 26./11.02წ.) «რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონის სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «საქართველოს ორგანული კანონი «რეფერენდუმის შესახებ". კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად აღიკვეთა აღნიშნულ ორ კანონს შორის არსებული კოლიზია, «რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონის ნორმებს, «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-19 მუხლით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის მიხედვით, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭა კოდიფიცირებული აქტის _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების მიმართ. «რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარი გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს რიგი დავების (არჩევნებთან, მოქალქეობასთან დაკავშირებულ საქმეთა) განხილვას, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის _ ბ. გ.-ს, გ. დ.-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადება განსჯადობით პირველი ინსტანციით განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ სსკ-ს 22-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ განჯსადობის წესების დაცვით თავის წამროებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვეტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. მართალია, «რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" 19.11.02წ. ორგანული კანონი მიღებულ იქნა განსჯადობის წესების დაცვით საქმის საოლქო სასამართლო კოლეგიისათვის განსახილველად გადაგზავნის შემდეგ, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 03.12.02წ. გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კონსტიტუციურ წარდგინებაზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მიუხედავად «რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონის სახელწოდებისა, იგი მიღებულია ორგანული კანონის მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვორუმით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 03.12.02წ. გადაწყვეტილების სამართლებრივი პოზიციის გათვალისწინებით, სარჩელი იმთავითვე განეკუთვნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეთა რიცხვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული სკ-ს 26-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს სარჩელის უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოში წარდგენას, სარეფერენდუმო საინციატივო ჯგუფის სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, სარჩელის პირველი ინსტანციის წესით განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე 74-ე, «რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის: ბ. გ.-ს, გ. დ.-ის, კ. ნ.-ის, თ. რ.-ის, გ. უ.-ის, გ. ყ.-ისა და ც. ხ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას საქმის პირველი ინსტანციის წესით განსახილველად.

2. განჩინების შესახებ ეცნობოს მხარეებს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.