Facebook Twitter

საქმე №ას-213-2022 06 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და შპს ,,მ–ს’’ (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N195 ხელშეკრულება, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს შსს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის სამთო აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენდა.

1.2. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

1.2. შპს „მ–მა“ 2020 წლის 11 მაისს წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მიწოდების ვადის გაზრდა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხეს 2020 წლის 15 მაისს ეცნობა, რომ ხელშეკრულების მიწოდების ვადის გაგრძელებისთვის, კომპანიას უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მათ შორის, დაბრკოლების არსებობისას - ფორს-მაჟორის დადასტურების შესახებ სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა.

1.3. მოპასუხის მიერ შესყიდვის ობიექტის ნაწილი (24 ცალი ზურგჩანთა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 8400 ლარს), ნაცვლად 2020 წლის 19 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 7 აგვისტოს - 80 კალენდარული დღის დაგვიანებით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ–ის’’ მიმართ და მოპასუხისათვის 15 576 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, გარდა ამისა, მოპასუხის განცხადებით, შესრულების ვადის დარღვევა განპირობებული იყო არა უმოქმედობით, არამედ იმ ქვეკონტრაქტორების მხრიდან მოწოდების ვადების დარღვევით, რომლებთანაც, თავის მხრივ, შპს „მ–ი“ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1560 ლარის გადახდა.

4.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია მასსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2020 წლის 20 მარტის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N195 ხელშეკრულების 3.1. პუნქტი და შესყიდვის ობიექტი, ნაცვლად 2020 წლის 19 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 7 აგვისტოს - 80 კალენდარული დღის დაგვიანებით. სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;

6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოპასუხემ სულ 8400 ლარის საქონლის მიწოდება დააგვიანა 80 დღით, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგსამტეხლოს სახით 15 576 ლარის მოთხოვნა არაგონივრულია და სცდება სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა და, შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

7.1. კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და, ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს პირგასამტეხლოს ფუნქციას, დარღვევის სიმძიმეს, და მოცულობას, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც მხარე იქმნის გარანტიას, რომ მეორე მხარე არ დაარღვევს ხელშეკრულების არსებით პირობებს და ის კეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ მოვალეობებს. კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ვადა გადაცილდა 80 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე ცალსახაა, რომ სასამართლო შპს "მ–ის" მიერ შესრულების ვადის 80 დღით გადაცილებას მიიჩნევს ვალდებულების მნიშვნელოვან დარღვევად, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაა აუცილებელი.

7.2. კასატორი აღნიშნავს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა - გონივრულობის ფარგლებში. პირგასამტეხლოს თანხის 10-ჯერ შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად განიხილება. პირგასამტეხლოს ოდენობის 10-ჯერ შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველ მხარეს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნივთების მიწოდების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

14. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14.1. 2020 წლის 20 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N195 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შსს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის სამთო - აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 129 800 ლარს; ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

14.2. მოპასუხემ 2020 წლის 11 მაისს წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა მიწოდების ვადის გაზრდა 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხეს 2020 წლის 15 მაისს ეცნობა, რომ ხელშეკრულების მიწოდების ვადის გაგრძელებისთვის, კომპანიას უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მათ შორის, ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას - სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორს-მაჟორის დადასტურების შესახებ.

14.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2020 წლის 20 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N195 ხელშეკრულების 3.1. პუნქტი და შესყიდვის ობიექტის ნაწილი (24 ცალი ზურგჩანთა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 8400 ლარს), ნაცვლად 2020 წლის 19 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 7 აგვისტოს - 80 კალენდარული დღის დაგვიანებით.

15. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა ვადის დარღვევით (80 დღე). შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

17. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი