საქმე №ას-203-2022 06 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ლი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.კ–ლმა 2021 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ფ–ძის, თ.ლ–ძისა და თ.მ–ის მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის - 10 000 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.კ–ლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძესა და თ.მ–ს ნ.კ–ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 10 000 ევროს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ფ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. კასატორის მითითებით, მოსამართლემ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა დელიქტის მომწესრიგებელი ნორმები, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-9 მუხლები, რომლებიც მ.ფ–ძეზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან ის არ წარმოადგენდა კომპანიის პარტნიორს ან დირექტორს. მოსარჩელეს ზიანი მიადგა მსესხებლის ხელმძღვანელების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო, არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო, მსესხებლის კრედიტორების ფულადი თანხა მასობრივად უბრუნდებოდათ, რამაც მსესხებლის გადახდისუუნარობა გამოიწვია. თავის მხრივ, კასატორის მიერ მსესხებლისაგან ფულის სესხება არ არის მისი გაკოტრების მიზეზი, ის მაინც გადახდისუუნარო იქნებოდა. თუ სასამართლო დავას წყვეტს სსკ-ის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დელიქტური ურთიერთობისას პროცენტის დაკისრება არასწორია, რადგან აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან საჭიროებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძლიანობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არსებობამ განაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი ითვალისწინებს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობას. სარჩელის მსგავსი წესით განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა სსსკ-ს კოდექსის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის №ას-1426-2018 გადაწყვეტილება). სწორედ ამიტომ, დელიქტით მიყენებული ზიანის საერთო სასარჩელო წესით განხილვისგან განსხვავებით, „გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
10. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული განჩინებით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო 2348 პირს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ნ.კ–ლი დაზარალებულთა სიაში არის რიგით 938-ე.
11. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა იქნეს მიჩნეული (შეად. სუსგ-ებს: N 1322-2018, 04.04.2019წ: N ას-94-2021, 06. 07. 2021; ას-112-2021. 07.07.2021წ.)''. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოპასუხეს ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.
12. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სესხის ხელშეკრულების მხარეებსა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე, რადგან სასამართლო განიხილავს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რამაც მოსარჩელეს ქონებრივი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა სავალდებულო წინაპირობა. ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის დაუბრუნებელი თანხის - 10 000 ევროს ანაზღაურება.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი