საქმე №ას-27-2022 06 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ვ.ტ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ზ.ქ–ვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) და გ.ხ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი) შორის 2015 წლის 27 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 7000 ლარი 36 თვით, ყოველწლიური სარგებელი - 28%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 1% (იხ. სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 20-23).
2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს, ლ.ხ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, თავდები) ვ.ტ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, თავდები) და ზ.ქ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, თავდები) შორის 2015 წლის 27 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე 9270 ლარის ფარგლებში (იხ. განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება ს.ფ.25-30).
4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2017 წლის 12 ნოემბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდია.
5. მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 853.06 ლარია.
6. 2019 წლის 11 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირველი მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა სესხს და მხოლოდ ხუთი თვის ოდენობა დარჩა. ამასთან, მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და არსებობს მათი შემცირების საფუძველი; მოპასუხე ზ.ქ–ვას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა დადგენილი წესით, თუმცა მას შესაგებელი არ წარმოუდგენია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 4 334.49 ლარის, პროცენტის - 1 074.57 ლარისა და პირგესამტეხლოს - 722 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 52-ე, 115-ე მუხლები გამოიყენა.
9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) და უარყო აპელანტების პრეტენზია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი სარგებლის ოდენობა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სარგებლის შეთანხმებული ოდენობა წლიური 28% განისაზღვრა, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს.
10.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, დადგენილია - მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6 853.06 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 334.49 ლარი, პროცენტი - 1 074.57 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 444 ლარი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 2-ჯერ და მოპასუხეებს გადასახდელად განესაზღვრათ 722 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
10.3. სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 27 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით, მოპასუხეები ზ.ქ–ვა, ვ.ტ–ი და ლ.ხ–ი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებებს ბანკის წინაშე გ.ხ–ის ვალდებულებებისათვის. შესაბამისად, მოპასუხეებს სწორად დაეკისრათ თანხის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. კასატორების მტკიცებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და მიაჩნიათ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხის 1822.18 ლარის, პროცენტის 135.92 ლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილი ნაწილის ანაზღურებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას. მათი ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ეს პირობები არის კაბალური.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
19. მოპასუხეები/კასატორები უთითებენ, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს ძირითადი თანხისა და სარგებლის ოდენობა, მათი ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ეს პირობები არის კაბალური. ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეებმა ხელშეკრულებაში თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრეს სესხის სარგებელი წლიური 28%, რაც საბანკო სექტორში კრედიტზე დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, არ არის არაგონივრული ოდენობა. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიური სარგებელი - 28% საპროცენტო განაკვეთს შეადგენდა, რაც ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს.
20. განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, რომლის თანახმად, დავალიანების ოდენობა შეადენს 6 853.06 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 334.49 ლარი, პროცენტი - 1 074.57 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 444 ლარი (იხ. ცნობა ს.ფ. 18), მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 31-33). მითითებული მტკიცებულებები, ადასტურებს, მოპასუხეთა მიერ ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების არსებობას. მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, პროცენტი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად. ამ შეთანხმებისა და სსკ-ის 403.1 მუხლის (მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია) მიხედვით, პალატა მიიჩნევს, რომ მოვალეს მართებულად დაეკისრა პროცენტის გადახდა.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (იხ. სუსგ-ები №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015). შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია, რომ გადასახდელი დარჩათ ჯამში 1 958.1 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 822.18 ლარი, ხოლო პროცენტი 135.92 ლარი, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამასთან, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არ იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
22. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, გ.ხ–ს, ლ.ხ–სა და ვ.ტ–ს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2018), 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ის, ლ.ხ–ისა და ვ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ხ–ს (პ/ნ ......), ლ.ხ–სა (.....) და ვ.ტ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი ლ.ხ–ი პ/ნ .....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (საგადასახადო დავალება N12558160151, გადახდის თარიღი 07.02.2022), 70% –210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი