Facebook Twitter

საქმე №ას-140-2022 17 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.მ–ი, ა.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.მ–ვამ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ისა და ა.მ–ის (შემდგომში − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ თანხის დაკისრებს თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ დაეკისრათ ალიმენტის 150 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2021 წლის 16 აგვისტოდან, მის სრულწლოვანებამდე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

7. ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.

8. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, მათ შორის კ.მ–ის შვილის მიმართ საალიმენტო ვალდებულებისგან გათასუფლების ნაწილში, აღნიშნული გადაუხდელი თანხა კი გაცილებით აღემატება 2000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილდებდა ქონებრივ-სამართლებრივ დავაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათალისწინებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებმა გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდის დაკისრებისა და კ.მ–ის საალიმენტო ვალდებულებისაგან გათავისუფლების ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 139-147).

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

16. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს, ვინაიდან დავის საგნის ფასში, ასევე გასათვალისწინებელია კ.მ–ის მიერ 2021 წლის 16 აგვისტომდე არსებული საალიმენტო დავალიანება - 3300 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით კ.მ–ს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ხოლო შემდგომ ამავე სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნოდარ და ა.მ–ებს დაეკისრათ არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2021 წლის 16 აგვისტოდან, ხოლო კ.მ–ი განთავისუფლდა საალიმენტო ვალდებულებისგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინების შესახებ საქმეებზე, დავის საგნის ფასის გაანგარიშების წესი დადგენილია სსკ-ის 41.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით და დავის საგნის ფასში არ მოიაზრება უკვე არსებული საალიმენტო დავალიანების ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გადაწყვეტილების მოდიფიკაცია, რომლითაც ახალი გადაწყვეტილებით შეიცვალა ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი. ამდენად, ვინაიდან დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობა არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2 000 ლარზე ნაკლებია, და იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

18. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

19. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ისა და ა.მ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი