Facebook Twitter

№ას-1105-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი/საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ – სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2021 წლის განჩინება; ამავე სასამართლოს 14.03.2022 წლის განჩინება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

განმცხადებელი - შპს „ჯ – სი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჯი ელ სიმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სს „ს.კ.პ–ის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა 94 340 აშშ დოლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 89 623 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული ხარჯების გადახდა (ტ.3, ს.ფ. 96-111). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ტ.4, ს.ფ. 183-203). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. 16.02.2022 წელს მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე და ს.ე.ბ–ის მიერ საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის - 89 623 აშშ დოლარისა და 10 649.99 ლარის ფარგლებში (ტ.4, ს.ფ. 212-215).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი: ..... , ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..... (ტ.4, ს.ფ. 224-230). განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ამავე სასამართლოს 17.02.2022 წლის განჩინებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო ს.ე.ბ–ის მიერ საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს, გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის - 89 623 აშშ დოლარისა და 10 649.99 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა (ტ.4, ს.ფ. 254-261). განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2022 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ამავე სასამართლოს 14.03.2022 წლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსახილველად გადმოეგზავნა ასევე მოპასუხის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2021 წლის განჩინებაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა მის შესავსებად.

9. 26.09.2022 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება და სს „ს.ბ–ში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის მოხსნა.

10. ხარვეზის შესავსებად დადგენილ 10 დღიან ვადაში საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა განცხადებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განმარტა, რომ უარს ამბობს როგორც საკასაციო საჩივარზე, ისე საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.2022 წლის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო მის საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება; ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

12. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

14. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-712-2020, 04.03.2021 წელი).

15. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან საკასაციო საჩივრის ავტორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).

16. სსკ-ის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

17. მოპასუხემ/საჩივრის ავტორმა ასევე უარი თქვა საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებაზე, რაც საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

18. საკასაციო სასამართლო მოპასუხეს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე/საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინებები.

19. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი განცხადებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას და სს „ს.ბ–ში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის მოხსნას.

20. სსსკ-ის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილებისაღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით). სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა (სუსგ Nას-1215-2019, 31.01.2020წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში პირი, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც სასამართლომ გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ს.ე.ბ–ის მიერ საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს, ითხოვს მის ნაწილობრივ გაუქმებას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციური ნების გამოხატულებაა და განცხადების დაკმაყოფილების, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნილ ნაწილში გაუქმების, საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 191-ე, 271-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2021 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შეწყდეს საქმის წარმოება სს „ს.კ.პ–ის“ საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებაზე და საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს განჩინება.

3. შპს „ჯ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2022 წლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღების ნაწილში და ყადაღა მოეხსნას სს „ს.ბ–ში“ სს „ს.კ.პ–ის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია