Facebook Twitter

საქმე №ას-187-2022 27 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2021 წლის განჩინება უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2011 წლის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლის, გ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) კუთვნილი 1/6 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილიდან 29.04 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო საცხოვრებელი სადგომი“ ან „სადავო უძრავი ქონება“) მესაკუთრედ მოპასუხის სასარგებლოდ 660 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის სანაცვლოდ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის, მოპასუხის კუთვნილ 1/6 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილიდან 29.04 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების - 6600 აშშ დოლარის 25%-ის, 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის სანაცვლოდ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2012 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

3. 02.08.2017 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამავე საქმეზე გაცემულ, 16.01.2013 წლის სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის უფლებამონაცვლედ, ქონების ახალი მესაკუთრის - ი.კ–ის დადგენა, რომელიც ნასყიდობის საფუძველზე გახდა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე და, თავის მხრივ, იპოთეკით დატვირთა იგი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.02.2018 წლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე 16.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის, უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.კ–ი. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.07.2018 წლის განჩინებით.

5. 24.06.2019 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით კვლავ მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე 16.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის, უფლებამონაცვლედ დადგენილ მოვალე ი.კ–ის ნაცვლად, ახალ უფლებამონაცვლედ ქონების ახალი მესაკუთრის - ა.ა–ის დადგენა. განმცხადებლის მითითებით, სადავო საცხოვრებელ სადგომზე, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, განხორციელდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება იპოთეკარის დაკმაყოფილების მიზნით და ჩატარებული აუქციონის შედეგად გაიცა საკუთრების მოწმობა, რომლითაც სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრედ გამოცხადდა ა.ა–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.02.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე 16.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სადავო უძრავი ქონების ახალმა მესაკუთრემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2020 წლის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.02.2020 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნივთის აუქციონზე რეალიზაციისას მასზე მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა (მესამე პირის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია - რამდენად შეიძლებოდა სცოდნოდა, ან იცოდა აუქციონზე ქონების შემძენმა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ. როგორც წესი, ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაციისას, მასზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაენაცვლოს მოვალეს, თუ მისთვის ცნობილია შეზღუდვის შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75.5 მუხლის (სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე) დანაწესის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციასთან, რომლის გაქარწყლებაც არ მომხდარა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2021 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე 16.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

8.1. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად შეიძლებოდა სცოდნოდა, ან იცოდა აუქციონზე ქონების შემძენმა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ.

8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2021 წლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სამკვიდრო მოწმობა, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რწმუნებულება/მინდობილობები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სადავო სამართალურთიერთობაში ჩართული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ნათესავებს და არაკეთილსინდისიერად ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებას, რომ ხელი შეეშალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

8.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე, რომლის უფლებამონაცვლედ ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, არის სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის შვილიშვილი. მოპასუხის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდნენ მისი ქალიშვილები ლ. და ი. გ–ები, ხოლო ეს უკანასკნელი, შემდეგში გ–ი ი. არის სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის დედა. ი. გ–ი დღეის მონაცემებითაც რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ თავდაპირველად საცხოვრებლი სადგომის ი.კ–ზე გასხვისებას, აღნიშნულთან დაკავშრებით, მოსარჩელემ ასევე მიუთითა ნათესაურ კავშირზე (ლ. გ–ის მეუღლე). წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე დასტურდება, რომ ნათესაურ კავშირში მყოფი ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა უძრავი ქონებების განკარგვასთან დაკავშირებით ერთმანეთის წარმომადგენლობასაც ახორციელებდნენ. სააპელაციო სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და საქმის ზეპირი შესწავლის შედეგად, დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრისთვის ცნობილი იყო სადავო უძრავ ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი აუქციონის წესით გახდა ნივთზე მესაკუთრე, მისი ინტერესი ყოველთვის იყო ბაბუის ქონება, შესაბამისად, აუქციონმა იგი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ აქცია, მით უმეტეს, რომ მთელი ოჯახი სწორედ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და საკმაო გამოცდილება ჰქონდათ, თუ როგორ იყო შესაძლებელი ვალდებულებებისაგან გათავისუფლებული უძრავი ნივთის მათ სახელზე აღრიცხვა და ფაქტობრივად, ნივთის კვლავ იმავე ოჯახის სახელზე დატოვება და მისით სარგებლობა.

8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. უფლებამონაცვლეობა დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა იძლევა ამის შესაძლებლობას. პალატამ მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ სპეციალური კანონიდან გამომდინარეობს, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. განსახილველ შემთხვევაში, მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა სასამართლოს მიერ დადგენილია და ამ უძრავ ნივთზე, მოსარჩელეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, როგორც მოსარგებლეს, მოპოვებული აქვს კანონით გათვალისწინებული უფლება. ამასთან, დადგინდა, რომ სადავო უძრავი ქონების ახალის მესაკუთრისთვის ცნობილი იყო შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ამ ურთიერთობის მონაწილეს (უფლებამონაცვლე) და მასთან მიმართებით უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე მესაკუთრისათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ხდება ამ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე. ამრიგად, არსებობს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლებამონაცვლის დადგენის წინაპირობა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სადავო უძრავი ქონების ახალმა მესაკუთრემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე ცნობილ იქნა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე 16.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის უფლებამონაცვლედ.

13. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

14. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც (სუსგ №ას-839-839-2018, 13.07.2018წ., პ. 15). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების - 6600 აშშ დოლარის 25%-ის, 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის სანაცვლოდ (იხ. ტ.2, ს.ფ. 39-53, 82-87). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 16.01.2013 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსრულებამდე მოპასუხემ სადავო საცხოვრებელი სადგომი გაასხვისა ი.კ–ზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2018 წლის განჩინებით ცნობილ იქნა ამ ურთიერთობაში მოპასუხის უფლებამონაცვლედ (იხ. ტ.3, ს.ფ. 222-224). დადგენილია ასევე, რომ ი.კ–მა სადავო საცხოვრებელი სადგომი დატვირთა იპოთეკით, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა და კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით, სადავო საცხოვრებელი სადგომი იძულებით აუქციონზე გაიყიდა, ნივთი კერძო საჩივრის ავტორმა შეიძინა (იხ. ტ.4, ს.ფ. 36; 37-38; იხ. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ტ.4, ს.ფ. 249).

16. სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს მითითებების (ტ.4, ს.ფ.179-183) შესაბამისად, საქმეში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დაადგინა და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე, რომლის მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, არის სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, მოპასუხის შვილიშვილი. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდნენ მისი ქალიშვილები ლ. და ი. გ–ები; ი. გ–ი არის სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის დედა; იგი დღეის მონაცემებითაც რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის ახალი მესაკუთრისათვის ნივთის შეძენისას ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2012 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების არსებობის შესახებ. რაც შეეხება შუალედში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ი.კ–ის აღრიცხვას, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2018 წლის განჩინებით ჩაენაცვლა მოპასუხეს (კერძო საჩივრის ავტორის ბაბუას). შესაბამისად, ვინაიდან ამჟამინდელი მესაკუთრე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, მის მიმართ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75.5 მუხლის (სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე) დანაწესის გავრცელება საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის (შდრ. სუსგ №ას-1091-2020, 21.12.2020წ., იხ. ტ.4, ს.ფ.179-183; №ას-1025-2021, 20.01.2022წ.).

17. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში სადავო უძრავი ქონების ახალმა მესაკუთრემ დაიკავა მოპასუხის ადგილი. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.10.2021 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია