საქმე № ას-1202-2021 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ------ო გ--------ლი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე------ო-პ-----ო ჯ-------ა გ-------ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 13 ნოემბერს შპს ჯ----ო გ-----სა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი) და სს ე-----ო- პ----ო ჯ-----ა გ-----ას (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება #-------, რომლის საფუძველზე სს ე-----ო-პ----ო ჯ------ია გ------ამ შპს ჯ---ო გ------ლს საკუთრებაში გადასცა გ------ი ჰ-----ი მდებარე საქონელი 1 ცალი უვარგისი ძალოვანი ტრანსფორმატორი ----- კვა/A-------d P-----r T-------er.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულება შეადგენს 166 498 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
3. შპს ჯ---ო გ-----მა აიღო ვალდებულება საქონლის მის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ მიმწოდებელს გადაუხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.
4. 2019 წლის 20 დეკემბერს სს ე----ო-პ-----ო ჯ-----ა გ----მ შეწყვიტა შპს შპს ჯ--ო გ----ან 2019 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება. 2019 წლის 13 ნომბრის ხელშეკრულების 4.2. მუხლით შემსყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად, ჯეროვნად და დროულად შესრულების საგარანტიო თანხას წარმოადგენდა 15000 ლარი, დღგს ჩათვლით, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის უკვე გადახდილი იყო შემსყიდველის მიერ. აღნიშნულ თანხას მიმწოდებელი უკან დაუბრუნებდა შემსყიდველს შემსყიდველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. მიუთითა 2019 წლის 13 ნომბრის ხელშეკრულების 2.2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენს საკუთარი ხარჯით განახორციელოს საქონლის სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა და ტრანსპორტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
6. 2019 წლის 05 დეკემბერს შპს ჯ-----ო გ-----მა წერილით მიმართა სს ე----ო-პ----ო ჯ-----ა გ----ას და აცნობა, რომ თანახმა იყო მიეღო გ-----ის ტვირთის წონა დოკუმენტების მიხედვით. ხოლო 2019 წლის 16 დეკემბრის წერილით აცნობა, რომ თანახმა იყო წაეღო სპილენძისა და რკინის ჯართი, მაგრამ არ შეუძლია წაიღოს ჯართი, როგორც ტრანსფორმატორი, რადგან ეს არღვევდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. 2019 წლის 26 დეკემბრის წერილით კი აცნობა, რომ შემოწმების შედეგად ადგილზე არ აღმოჩნდა ძალოვანი ტრანფორმატორები, რითაც დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
7. 2019 წლის 18 დეკემბრის წერილით სს ე----გო-პ----ო ჯ-----ა გ----მ აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ შეწყვიტა 2019 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულება, შემსყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად, ჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის გამო და დაიტოვა კომპანიის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა 15 000 ლარის ოდენობით.
8. სს ე-----ო-პ-----ო ჯ----ა გ-----ას შპს ჯ---ო გ----ვის საკუთრებაში უნდა გადეცა გ---ი ჰ---ი მდებარე 1 ცალი უვარგისი ძალოვანი ტრანსფორმატორი -- კვა/A--d P---r T---r; საწინაააღმდეგო მტკიცებულება, თუ როგორ მდგომაროებაში უნდა ყოფილიყო უვარგისი ძალოვანი ტრანსფორმატორი, რა ინფორმაციას შეიცავდა სატენდერო განცხადება, რა პირობებს დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იყო. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ადგილზე არსებული და შეთავაზებული საქონელი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. მოსარჩელის მტკიცებით შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ადგილზე იყო არა ტრანსფორმატორი, არამედ ტრანსფორმატორის რაღაც ნაწილები, ანუ დაშლილ მდგომარეობაში. მოსარჩელის მოსაზრებით გაურკვეველია ეს ნაწილები ერთობლიობაში, შეადგენს თუ არა ძალოვან ტრანსფორმატორს, რაც თავის მხვრივ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევას წარმოადგენს.
სასარჩელო მოთხოვნა
9. სს ე----ო-პ----ო ჯ----ია გ----ას- შპს ჯ---ო გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 ლარის გადახდა.
10. სს ე-----ო-პ----ო ჯ----ია გ-----ას- შპს ჯ---ო გ----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 15101.5 ლარის გადახდა..
მოსარჩელის პოზიცია
11. სს ე----ო-პ----ო ჯ----ია გ----ამ 2019 წლის 30 სექტემბერს გამოაცხადა ტენდერი უვარგისი ტრანსფორმატორების გასხვისებაზე. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ჯ---ო გ----მა. მხარეთა შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება უვარგისი ძალოვანი ტრანსფორმატორების შესყიდვა- მიწოდების შესახებ. პირველი ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 13 ნოემბერს. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხე ვალდებული იყო მიეწოდებინა მოსარჩელესათვის უვარგისი ძალოვანი ტრანსფორმატორი 31500 კვა, რომელიც მდებარეობდა გ----ი ჰ---ი, ხოლო მოსარჩელეს აღებული ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა საქონლის ღრებულება ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესებით და პირობებით. მოსარჩელე მხარეს წინასწარ ჰქონდა გადახდილი საგარანტიო თანხა 15000 ლარი.
12. საქონლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქონელი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. მეტიც, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ არანაირი ტრანსფორმატორი იქ არ იყო, იქ იყო ტრანსფორმატორის რაღაც ნაწილები, ანუ ტრანსფორმატორი დაშლილ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში გაურკვეველიიყო, იყო თუ არა ყველა ნაწილი ერთობლიობაში, რაც შეადგენს ძალოვან ტრანსფორმატორს, ხოლო თუ ეს ნაწილები ერთობლიობაში ტრანსფორმატორს არ ააწყობდა ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევას წარმოადგენდა.
13. თუ მოპასუხე შეასრულებდა მის ვალდებულებას და მიაწოდებდა ტრანსფორმატორს მოსარჩელე მიიღებდა მოგებას, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა მისი ვალდებულება. არ მიაწოდა ტრანსფორმატორი, ხოლო ტრანსფორმატორის ნაცვლად მიიღოს ტრანსფორმატორის რაღაც ნაწილები მოსარჩელისთვის წამგებიანია, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ ყველა ნაწილი ტრანსფორმატორის არის ადგილზე, ყველა შემთხვევაში ცხადია, რომ ზეთი მასში აღარ არის. მოსარჩელე ტრანსფორმატორის შეძენის შემთხვევაში დამატებით ღირებულების გადასახადს იხდის, ხოლო ჯართის (ფერადი და შავ-თეთრი ლითონებად) შეძენის შემთხვევაში არ იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამასთან დაკავშირებით მიმოწერა ჰქონდა მოპასუხესთან, თუმცა იგი თავს არიდებს პასუხისმგებლობას. მოსარჩელემ შესთავაზა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, რათა დაედგინა, მოპასუხის მიერ შეთავაზებული საქონელი იყო თუ არა ძალოვანი ტრანსფორმატორი, თუმცა უარი უთხრეს ექსპერტების ობიექტზე შეშვებაზე.
14. მოპასუხე მხარემ ხელშეკრულება 2019 წლის დეკემბერში ცალმხრივად შეწყვიტა და დაიტოვა მოსარჩელის მიერ გადახდილი 15 000 ლარი უსაფუძვლოდ. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ჩაბარდათ 2020 წლის 10 იანვარს.
15. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი სამომავლო მოგების სახით. მას მესამე პირთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლითაც უნდა მიეწოდებოდა შესყიდული საქონელი და მიეღო მოგება, მაგრამ რადგან მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და არ მიაწოდა საქონელი, ვერც მან შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად ვერ მიიღო მოგება. მოგება კი უნდა ყოფილიყო შემდეგი ოდენობით შავ თეთრ ლითონზე 1572,88 აშშ დოლარი, ხოლო ფერად ლითონზე 4524,27 აშშ დოლარი, რაც ერთობლიობაში შეადგენს 15101.5 ლარს.
მოპასუხის შესაგებელი
16. მოპასუხე სს ე-----ო-პ-----ო ჯ----ია გ----ამ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მიწოდებული საქონელი უნდა ყოფილიყო არა გამართულ მდგომარეობაში მყოფი ტრანსფორმატორი, არამედ უვარგისი, დემონტირებული ძალოვანი ტრანსფორმატორი. მოსარჩელე კი პრეტენზიას გამოთქვამს იმაზე, რომ მას ადგილზე უნდა დახვედროდა ტრანსფორმატორი სრულად, ყველა საჭირო შემადგენლობით. მოსარჩელე ამბობს, რომ მან ვერ გაარკვია, იყო თუ არა ეს ტრანსფორმატორი ამ მონაცემების შესაბამისი მაშინ, როდესაც მოსარჩელემ ხელშეკრულებით შეიძინა უვარგისი დემონტირებული ტრანსფორმატორი. ცალსახაა სიტყვა „უვარგისი და დემონტირებული„ გულისხმობს იმას, რომ ტრანსფორმატორი ვერ იქნებოდა ვარგისი და გამართულ მდგომარეობაში.
17. ტრანსფორმატორი თავისი მოცულობითი სიდიდიდან გამომდინარე, შეიძლება გადაზიდვის დროს იყოს დაშლილ მდგომარეობაში, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს ადგილი, არამარტო უვარგისი და დემონტირებული, არამედ სრულიად გამართული და მუშა ტრანსფორმატორების შემთხვევაშიც კი, ვინაიდან ამ ფორმით უფრო მარტივი და მოსახერხებელია მისი გადაზიდვა, ხოლო აწყობილ მდგომაროებაში თითქმის შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოადგენს მხოლოდ ნაწილებს და არა ტრანსფორმატორს.
18. მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულება გააფორმა უვარგის და დემონტირებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა სრულყოფილი და გამართულ მდგომარეობაში.
19. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე 2019 წლის 28 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა იდენტური ხელშეკრულება, ძალოვანი ტრანსფორმატორების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებული იყო რიონჰესის ტერიტორიაზე. მოსარჩელე მხარემ ამ კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე ჩაიბარა სწორედ დემონტირებული ტრანსფორმატორი, იგივე ფორმით, რა ფორმითაც არსებობს სადავო ქონება დღეის მდგომარეობით გ----ის ტერიტორიაზე, მას სადავოდ არ გაუხდია ტრანსფორმატორების უვარგისობა, ვინაიდან იცოდა აღნიშნულის თაობაზე და მიღება- ჩაბარების აქტშიც ადასტურებს, რომ ჩაიბარა ძალოვანი ტრანსფორმატორი, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცდილობს წარმოაჩინოს არარსებული პრობლემა და აღნიშნულის საფუძველზე უსაფუძვლოდ გამდიდრდეს.
20. სს ე----ო-პ---ო ჯ---ია გ----ას არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა შემსყიდველისთვის „უვარგისი, დემონტირებული ტრანსფორმატორის„ გადაცემა. მიუხედავად მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან არაერთი მიმართვისა, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით არ განახორციელა საქონლის სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა და ტრანსპორტირება.
21. მას შემდეგ რაც მოსარჩელე მხარემ უგულებელყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამ სადავო ტრანსფორმატორის შეძენაზე 2020 წლის 24 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება სს ე---ო-პ---ო ჯ----ია გ----ას და შპს ს----ს შორის, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა შეისყიდა კომპანიისგან
22. „უვარგისი დემონტირებული ტრანსფორმატორი. მოსარჩელის მიერ მოპასუხის დადანაშაულება იმაში, რომ უვარგისი და დემონტირებული ტრანსფორმატორის შეძენით ვერ მიიღო მოგება აბსურდულია. კომპანიამ უზრუნველყო მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გადაცემა, რითაც შეასრულა საკუთარი ვალდებულება, ხოლო თუ ეს ქონება არ აღმოჩნდა მხარისთვის მომგებიანი, კომპანია მასზე პასუხსმგებელი ვერ იქნებოდა.
23. კომპანიამ გასაყიდად გაიტანა ქონება იმ სახით, რა სახითაც გააჩნდა და რაზეც იყვნენ შეთანხმებულები, ხოლო თუ მხარეს არ აკმაყოფილებდა ასეთ მდგომაროებაში არსებული ქონება, არ უნდა მიეღო მონაწილეობა ტენდერში და არ უნდა გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულებაც. მოსარჩელის პოზიცია მიუღებელი მოგების ოდენობასთან დაკავშირებითაც სრულიად დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
24. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
25. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
27. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების 4.2. მუხლით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ გადახდილი 15000 ლარი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას- ბეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ შპს ჯ---ო გ----ლი ითხოვს ბეს დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას იმ გარემობებზე მითითებით, რომ საქონელი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (ბეს მიმღების ბრალეული ქმედება). მოპასუხე მხარემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და დაიტოვა მოსარჩელის მიერ გადახდილი 15 000 ლარი უსაფუძვლოდ. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი სამომავლო მოგების სახით. სასამართლოს განმარტებით, ძირითადი ვალდებულების დარღვევა, გარკვეულ უარყოფით სამართლებრივ შედეგებს იწვევს. როცა ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულას, ბე რჩება მის მიმღებს. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების 2.2.1. მუხლით გათვალისწინებული პირობა. ამდენად, მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ მის მიერ გადახდილი ბე - 15000 ლარი უსაფძვლოდ დაიტოვა მიმწოდებელმა არ გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან.
29. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მხარები შეთანხმდნენ ნასყიდობის ყველა პირობაზე სსკ-ის 327-ე მუხლის საფუძველზე, ასევე მათ მიერ მოხდა ორმხრივი ურთიერთმავალდებულებელი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე გარიგების დადება სსკ-ის 50-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე. თავის მხრივ, მოპასუხემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, გადასცა შეთანხმებული ნივთი მოსარჩელეს, შესაბამისად, მყიდველის მიერ მითითება იმის შესახებ, რომ გამყიდველმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ნასყიდობით გათვალისწინებული ობიექტის არგადაცემით, ვერ დადასტურდა, რადგან ნება მხარეებს შორის გამოვლინდა სწორედ იმ ნივთზე, რაც გამყიდველმა მყიდველს გადასცა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მოპასუხის მიერ დარღვევა, პირიქით, თავად მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, რის გამოც, წინსწრებით ბე-ს სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს გამყიდველს.
30. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ტრანსპორმატორში ნარჩენი ზეთის რეალიზაციის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა მოსარჩელეს, რადგან ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდებოდა შესაბამისი ლიცენზია ასეთი სახის ნარჩენის - ზეთის რეალიზაციისათვის, შესაბამისად, მოპასუხის პოზიციის მიხედვით, ასეთი ზეთის ტრანსფორმატორში არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე არა თუ გაიმარჯვებდა, ტენდერში მონაწილეობის მიღებასაც ვერ შეძლებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიცია დაუსაბუთებელია.
კასატორის მოთხოვნა
31. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
32. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საჩივრის ავტორი ხელახლა უთითებს წინა ინსტანციების მიერ დადგენილ ფაქტორბრივ გარემოებებზე და აცხადებს, რომ ხელშეკრულება დადებული იყო ტრანსფორმატორზე, რეალურად კი აღმოჩნა მხოლოდ ტრანსფორმატორის დაშლილი ნაწილები, რაც მისი პოზიციით ხელშეკრულების ობიექტს არ წარმოადგენდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ტრანფორმატორში იქნებოდა დიდი რაოდენობით ზეთი, ასევე ფერადი და შავ-თეთრი ლითონები, რომლებსაც ტრანფორმატორის გარემონტების შეუძლებლობის შემთხვევაში ჯართის სახით გაყიდდა, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ბეს სახით წინასწარ გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინა გამყიდვლეს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტი ვერ გადასცეს მყიდველს, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევას, აღნიშნული ფაქტზე კი სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
35.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
36.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
37.საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
38.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ0 სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
39.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
40.წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
41.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შეუძლია თუ არა მყიდველს გამყიდველისგან მოითხოვოს ბეს დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ კი სახეზე არაა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, პირიქით, სახეზეა თავად მყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ნასყიდობის ობიექტის მიღებაზე უარით გამოიხატება.
42.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები - ას-52-2020, 25.02.2022; ას-1190-2021, 22.02.2022; ას-1232-2021, 18.02.2022; ას-989-2021, 18.02.2022).
43.მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება, დაფუძნებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორ ინტერპრეტაციაზე. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კანონს, თუმცა არ უთითებს კონკრეტულად რომელ სამართლებრივ ნორმას გულისხმობს და ასევე არ უთითებს თუ რაში გამოიხატება წინააღმდეგობა.
44.საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებას აღნიშნული დავის ფარგლებში და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
45.მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი და დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელის მთავარი პრეტენზია მიმართულია ნასყიდობის ობიექტისაკენ, რომ აღნიშნული საგანი არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული თვისებების მქონე ნივთს, კერძოდ, მყიდველის პოზიციით, ნივთი უნდა ყოფილიყო ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომლის შეკეთებასაც ახორციელებს მოსარჩელე, თუმცა შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაშლილ მდგომარეობაში, მის ნაწილებს, როგორც ჯართს ისე ყიდის და იღებს მოგებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორად აღნიშნა და სააპელაციო პალატამაც სწორად დაადგინა, რომ სახეზე არ არის გამყიდველის მხრიდან არასწორი ნივთის გადაცემის ფაქტი, რადგან მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაში ცალსახად იყო მითითებული ნივთის დახასიათება ,,უვარგისი და დემონტირებული“, რაც აშკარად და არაორაზროვნად აღნიშნავს მოცემული საგნის მდგომარეობას, შესაბამისად, ამ მხრივ მოსარჩელის შესაგებელი, რომ ვალდებულება დაარღვია მოპასუხემ ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, რაზეც თავის მხრივ დასაბუთებული პოზიცია ჩამოაყალიბა სააპელაციო პალატამ.
46.მოსარჩელის პირველი მოთხოვნა იყო გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბეს სახით გადახდილი თანხის დაბრუნება, თუმცა როგორც დადგინდა, მოპასუხე მხარის მიერ არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. სსკ-ის 416-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები, მათ შორის სსკ-ის 421-ე მუხლში გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალება - ბე, რომელიც გადაიხდება ერთი მხარის მიერ მეორესთვის, რაც ადასტურებს ხელშეკრულების დადებას. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.
47.განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ ნათლად დადგინდა, რომ თავად მყიდველმა, ანუ ბეს გადამხდელმა ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თავის მხრივ, გამყიდველმა თავისი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ბეს უკან დაბრუნების მოთხოვნა აღნიშნული ნორმის საფუძველზე ვერ მოხდება.
48.რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ სწორად გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ აღნიშნული მოგების მიღების მოლოდინი ვერ ექნებოდა მოსარჩელეს, რადგან პირველ რიგში, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნათლად იყო გაწერილი ობიექტის თვისებები, რაშიც არ შედიოდა ზეთი, ასევე, მყიდველს არ გააჩნია ზეთის გადაყიდვის უფლება, რადგან ქმედება ლიცენზირებად საქმიანობას წარმოადგენს, მოსარჩელეს კი ასეთი სახის ლიცენზია არ აქვს.
49.დამატებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მოთხოვნის მთავარ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაღაურება. აღნიშნული ნორმისა და მოთხოვნის სუბსუმირებისას ცხადი ხდება, რომ სახეზე არ გვაქვს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი სახის მოთხოვნა წარუმატებელია.
50.ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
51.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ----ო გ-----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჯ---ო გ----ს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ------, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2021 წლის 16 დეკემბერი), 1 506 ლარის 70% - 1 054.2 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე