Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-54-გ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველომ 2001წ. 13 ივლისს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კოოპერატივ «ნ-ის” მიმართ, რომლითაც გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 მაისის დადგენილების გაუქმება მოითხოვა. სასამართლოს აღნიშნული დადგენილებით კოოპერატივ «ნ-ს” სამეურნეობათაშორისო გაერთიანების ქონება გადაეცა, რაც მის საწესდებო კაპიტალში ჩაიდო. მოსარჩელემ, ამასთან, კოოპერატივ «ნ-ზე” გადაცემული სახელმწიფო ქონების სათბურების სამეურნეოთაშორისო გაერთიანებისათვის დაბრუნება მოითხოვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს სარჩელი _ გაუქმდა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 მაისის გასაჩივრებული დადგენილება და ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განჩინებით კოოპერატივ «ნ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან მოცემულ საქმეზე მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველო _ ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენდა, საქმე ადმინისტრაციულ დავად უნდა ჩათვლილიყო და მისი გადაწყვეტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების თანახმად უნდა მომხდარიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით განმარტა, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან გამომდინარე დავად მიჩნევა და მისი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. მოცემული მუხლის კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა უფლებამოსილია განსჯადობის საკითხი გადაწყვიტოს ქვემდგომ სასამართლოთა შორის დავის არსებობისას, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც განსჯადობის შესახებ დავა რეალურად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის წარმოიშვა _ აღნიშნულზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები ვერ გავრცელდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განსჯადი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ვერ იმსჯელებს განსჯადობის საკითხზე, ვერ შეცვლის კანონიერ ძალაში შესულ უზენაესი სასამართლოს სხვა პალატის განჩინებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აქვე საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, მართალია, დავაში ერთ-ერთი მხარე (მოსარჩელე) გურჯაანის რაიონის ქონების მართვის სამმართველოა, მაგრამ სუბიექტის მიხედვით დავის შინაარსის განსაზღვრა არ გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქმე რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნორმებით იქნეს განხილული, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა დავა. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს 1. გურჯაანის რაიონის სასამართლოს დადგენილება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე და 2) კოოპერატივ «ნ-ისაგან” უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, რაც წმინდა სამოქალაქო დავაა.

საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში დაბრუნების შემდგომ ეს უკანასკნელი უფლებამოსილია მოცემული საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინების შესაბამისად განიხილოს, რადგან აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია და მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი არ იზიარებს აღნიშნულ განჩინებას, შეუძლია საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადასცეს. მითითებულ პალატებს შორის განსჯადობის დავის კვლავ წარმოშობისას უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა უფლებამოსილი იქნება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იმსჯელოს ქვემდგომ სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე და გამოიტანოს დასაბუთებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას დაუბრუნდეს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.