Facebook Twitter

საქმე№ას-1582-2018 9 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-------ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისში, ----- მე----შეს. N--ში მდებარე უძრავი ქონების მისამართზე N----- აბონენტად რეგისტრირებულია - თ. მ-ლი (შემდეგში აბონენტი, უძრავი ნივთის მესაკუთრე).

2. 2014 წლის 13 აგვისტოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად, N----- აბონენტს (შ-ია (მითითებული პირი ყოფილი აბონენტია), რომელსაც სს ,,თ----ის“ მიმართ ერიცხებოდა მოხმარებული 4532.17 ლარის ელექტროენერგიის დავალიანება, ბ. ხ-ის (შემდეგში - მოპასუხე) განცხადების საფუძველზე, დავალიანება გადაუნაწილდა 90 თვეზე. ყოველთვიურად გადასახდელმა მინიმალურმა თანხამ შეადგინა 50.36 ლარი.

3. ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას სს ,,თ---ის“ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კრედიტორი) მხრიდან კრედიტორის სტატუსით ხელს აწერს კ. კ-ძე, ხოლო N---- აბონენტის (შ-ია) მიმართ დავალიანების განაწილებაზე, მოვალის სახელით ხელს აწერს მოპასუხე.

4. N----- აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ აბონენტს ერიცხება 4489.02 ლარის დავალიანება.

5. სასარჩელო მოთხოვნა:

5.1. კრედიტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის და მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 4489.02 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

5.2. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ დაარღვია ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორის წინაშე აღიარა დავალიანების არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მას ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა.

6. მოპასუხის პოზიცია:

6.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხის მითითებით, მისამართზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახისა და თავად მესაკუთრის თხოვნით და მათი სახელით კრედიტორის წინაშე დავალიანების ოდენობის და მისი გადანაწილების შესაძლებლობის გარკვევა იკისრა, ვინაიდან ელექტროენერგია აბონენტს დიდი ხანი არ მიეწოდებოდა და მცხოვრებლებს სურდათ გრაფიკის სანაცვლოდ ელექტროენერგიის აღდგენა. მოპასუხის მტკიცებით, მან ამ მიზნით მოაწერა ხელი ვალის რესტრუქტურიზაციის დოკუმენტს.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 203-ე, 316-317-ე, 341-ე, 371-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

7.2. სასამართლოს შეფასებით, ვალის რექსტურქტურიზაციის შეთანხმების შედეგი დადგა აბონენტისათვის, რამდენადაც სწორედ აბონენტად რეგისტრირებული პირი იმყოფება ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელესთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდა არც ვალის აბსტრაქტული აღიარების (სსკ-ის 341-ე მუხლის) და არც ვალის გადაკისრების (სსკ-ის 203-ე მუხლის) მოთხოვნებს, რაც შეიძლებოდა, მოპასუხისათვის პასუხიმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:

8.1. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სამართლებრივი დასკვნები:

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4489.02 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

9.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა N---- აბონენტზე რიცხული დავალიანების გადახდაზე კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელ პირს. პალატის მითითებით, მოპასუხემ, რომელიც აბონენტის მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებ პირს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით აღიარა დავალიანების არსებობა და მზაობა გამოთქვა მის ეტაპობრივად გადახდაზე, შესაბამისად, მასვე უნდა გადაეხადა რესტრუქტურიზებული ვალის აუნაზღაურებელი ნაწილი.

9.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აბონენტად სხვა პირის რეგისტრაცია მოპასუხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების უალტერნატივო წინაპირობას არ წარმოადგენდა. პალატის განმარტებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით, რომელიც მოპასუხის ნებით გაფორმდა, მან აღიარა, რომ წარმოადგენდა №----- აბონენტის დავალიანების დაფარვის ვალდებულების მქონე პირს.

10. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

10.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10.2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

10.2.1. კასატორის მტკიცებით, ის დავალიანების მქონე აბონენტს არ წარმოადგენს. აბონენტად რეგისტრირებულია უძრავი ნივთის მესაკუთრე. ამასთან, მისი განცხადების საფუძველზე დავალიანება გაუნაწილვადდა არა პირადად მას, არამედ დავალიანების მქონედ რეგისტრირებულ აბონენტს. შესაბამისად, სასამართლომ, მას როგორც არასათანადო მოპასუხეს, ისე დააკისრა დავალიანების ანაზღაურება.

10.2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე მუხლითა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-3 მუხლით. აღნიშნულ ნორმათა დანაწესით ელენერგიის მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს გახარჯული ენერგიის საფასური. კასატორმა მითითებული წესების 9.7. მუხლზეც მიუთითა, რომლის თანახმად მომხმარებლის სახელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

10.2.3. კასატორის მსჯელობით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 341-ე მუხლით, ვინაიდან ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მხარე N----- აბონენტია. კასატორის მკტიცებით, ის იყო აბონენტის რეგისტრაციის მისამართზე დროებით მცხოვრები პირი - მდგმური და შეთანხმების გაფორმებისა და ხელმოწერისას მესაკუთრის დავალებით მოქმედებდა, შესაბამისად, ის არა ხელშეკრულების მხარე - დავალიანებაზე პასუხისმგებელი პირი, არამედ აბონენტის წარმომადგენელი იყო.

10.2.4. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ისე შეაფასა სადავო სამართალურთიერთობა ვალის აღიარებად, რომ არ გამოურკვევია არსებობდა თუ არა მას და მოსარჩელეს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ან, თუნდაც, მესამე პირს რატომ უნდა ეღიარებინა სხვისი ფულადი ვალდებულება.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,ე'' ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 341-ე (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.) მუხლი, შესაბამისად, არ გამოიკვლია ამ ნორმის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა, რის შედეგადაც სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

14. საკასაციო პალატა სადავო სამართალურთიერთობის შეფასების მიზნებისათვის ყურადღებას მიაქცევს არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:

● ვალის რესტრუქტურიზაციის შეთანხმების ფარგლებში, აბონენტს კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება 90 თვეზე გადაუნაწილდა;

● ხელშეკრულებას მოვალის სტატუსით ხელს აწერს მოპასუხე.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობა აღიარა, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველია. მოსარჩელის ამ მსჯელობის გასაქარწყლებლად მოპასუხე (კასატორი) მიუთითებს, რომ ის არა პირადად, საკუთარი ნებით, არამედ აბონენტის დავალებით მოქმედებდა, ამასთან, მხოლოდ აბონენტი იყო უფლებამოსილი, ვალის განაწილვადების მოთხოვნით მიემართა კრედიტორისათვის. ამრიგად, მიმდინარე სამართალწარმოების მთავარ ქვაკუთხედს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა და მოვალის სახელით ხელმომწერი პირის - მოპასუხის სამართლებრივი სტატუსის გამორკვევა, მისი პასუხისმგებლობის დამდგენი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენს.

15. იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს და შეფასდეს მოპასუხის ქმედება - ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განიხილება თუ არა კონცეპტუალურად მოპასუხის მხრიდან სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარებად, მნიშვნელოვანია თავად ვალის აღიარების ხელშეკრულების არსობრივი ანალიზი.

15.1. ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს.

15.2. 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (სსკ-ის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf) რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით (იქვე, გვ.176).

15.3. სამართლის თეორიაში გაბატონებულ შეხედულებასთან ჰარმონიაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკაც. არაერთ საქმეზე განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი).

15.4. კონკრეტულ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის შეთანხმება ემსახურება აბონენტისათვის ხანგრძლივ პერიოდში დაგროვებული დავალიანების განაწილვადებას, რაც, ცხადია, არ მოიცავს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. დავალიანების აღიარება და პასუხისმგებლობის აღება მოქნილი გადახდის მექანიზმით მის ანაზღაურებაზე არსობრივად კაუზალურ ვალის აღიარებას ემსგავსება, თუმცა განსახილველ შემთხვევას ვერც ვალის აღიარების ამ შემთხვევად მივიჩნევთ. ვალის აღიარება კაუზალური იქნება ეს თუ აბსტრაქტული, უფლებამოსილმა პირმა მიერ უნდა განხორციელდეს, სადავო შემთხვევაში კი, ვალის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა არა დავალიანების ადრესატის/უშუალო მოვალის, არამედ, მესამე პირის მიმართვის საფუძველზე. სხვისი ვალის აღიარება, ვალის აღიარების არც კაუზალურ და, მითუმეტეს, არც სსკ-ის 341-ე მუხლში იმპლემენტირებულ ვალის აბსტრაქტულ აღიარებად არ განიხილება.

16. საკასაციო პალატის ეს მსჯელობა, თავის მხრივ, ეყრდნობა ელექტროენერგიის ნასყიდობის ურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალური სამართლებრივი აქტის დანაწესთა ერთობლიობას, კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (ძალადაკარგულია 01/07/2021 წლიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე წესების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. ამრიგად, ვალის აღიარებაზე უფლებამოსილ პირს ელექტროენერგიის მყიდველი/აბონენტი წარმოადგენს.

17. განსახილველ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ამოღების სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია არა აბონენტის, არამედ მესამე პირის წინააღმდეგ, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიული წინაპირობები უნდა იკვეთებოდეს.

18. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის, საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

19. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების კონტრაჰენტს და, აქედან გამომდინარე, დავალიანების ანაზღაურების მოვალეს ელექტროენერგიის მყიდველი/აბონენტი წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტისათვის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას მესამე პირი აწერს ხელს, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნის პერსპექტივა შეამოწმოს სსკ-ის 371-ე და 203-ე მუხლების წინაპირობების ფარგლებშიც, რამდენადაც მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, დავალიანება კრედიტორის წინაშე დაფაროს არამხოლოდ ხელშემკვრელმა მხარემ, არამედ სხვა პირმაც, რაც ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულებისა და ვალის გადაკისრების ინსტიტუტების რეგულირების სფეროში ექცევა.

19.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მესამე პირს აქვს მოვალის ვალდებულების შესრულების უფლება, თუმცა კრედიტორი უფლებამოსილი არ არის, შესრულება მოსთხოვოს მესამე პირს. მესამე პირისაგან შესრულების მოთხოვნის წარმოშობისათვის დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაა საჭირო. ამგვარ საფუძველს, ხშირ შემთხვევაში, სხვისი ვალის აღიარება წარმოადგენს. სხვისი ვალის აღიარების დროს მესამე პირი კრედიტორის წინაშე კისრულობს იმ ვალდებულების შესრულების მოვალეობას, რომელიც მის პირად ვალდებულებას (მოვალის ვალი) არ წარმოადგენს (კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ქეთევან მესხიშვილი, გვ.25), მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ მესამე პირი სხვის ვალდებულებას გაცნობიერებულად ასრულებდეს (ქ. მესხიშვილი, სსკ-ის 371-ე მუხლის კომენტარი, გვ. 441). მოცემულ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მხარეებად მითითებული არიან, ერთი მხრივ, კრედიტორი, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხე როგორც მოვალე (წარმომადგენელი). შედეგობრივადაც დავალიანების გადახდა გაუნაწილვადდა აბონენტს. ხელშეკრულების ამგვარად ფორმულირებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ მოპასუხემ თავის თავზე აიღო სხვისი ვალდებულების შესრულება და ეს ქმედება მისი გაცნობიერებული ნების გამოვლენის შედეგია. გარდა ამისა, როგორც თავად კრედიტორი მიუთითებს საკასაციო შესაგებელში, ელექტროენერგია მოხმარებული იყო როგორც მოპასუხის, ისე აბონენტის რეგისტრაციის მისამართზე მცხოვრები სხვა მოსარგებლეების (მდგმურების) მიერ. ნიშანდობლივია, რომ დავალიანების აღრიცხვის პერიოდისათვის არ დგინდება თითოეული ბინათმოსარგებლისათვის ინდივიდუალური მრიცხველის არსებობა (იხ. 17/03/2020 წლის სხდომის ოქმი), დავალიანების დარიცხვის პერიოდი კი, მოიცავს 2000-2015 წლებს, მაშინ, როდესაც თავად მოპასუხე 2008-2014 წლებში ცხოვრობდა N----- აბონენტის რეგისტრაციის მისამართზე. საკასაციო პალატის განსჯით, ისეთ ვითარებაში, როდესაც საკითხი ეხება არაერთი მოსარგებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის სოლიდური დავალიანების დაფარვას, მესამე პირის მიერ საკუთარ თავზე ფულადი ვალდებულების აღების ფაქტი, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მონოპოლიური ძალაუფლების მქონე პირია, რომელსაც დომინანტური როლი უჭირავს სახელშეკრულებო ურთიერთობაში და სწორედ მას აწევს პასუხისმგებლობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის ძლიერ მხარეს ამა თუ იმ პირთან გააფორმოს ისეთი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც გამორიცხავს შემდგომ ბუნდოვანებას. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული ბუნდოვანება, საკასაციო პალატის განსჯით, მოვალის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, მითუმეტეს, როდესაც საკითხი სხვისი ვალდებულების შესრულების ტვირთის აღებას ეხება.

19.2. რაც შეეხება ვალის გადაკისრების სამართლებრივ ინსტიტუტს, სსკის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრება ვლინდება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე კრედიტორის ნება. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, ანუ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია, ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს (კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ქეთევან მესხიშვილი, გვ. 26). კონკრეტულ შემთხვევაში, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით დავალიანების მქონე მოვალე (აბონენტად რეგისტრირებული პირი) ახალი მოვალით არ ჩანაცვლებულა, პირიქით დავალიანება გაუნაწილვადდა რეგისტრირებულ აბონენტს და მოპასუხეც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია მოვალის (რეგისტრირებული აბონენტის) წარმომადგენლად. ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების არსებული ფორმულირება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ვალის გადაკისრების სამართლებრივი რეჟიმის ამ ურთიერთობაზე გავრცელებას.

20. ამრიგად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, სსკ-ის 341-ე მუხლის კონტექსტში არაუფლებამოსილი პირის მიერ არის ხელმოწერილი და, ამავდროულად, არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმის გამოყენების კანონისმიერ წინაპირობებსაც, რის გამოც ამ მტკიცებულებას საკასაციო პალატა მოპასუხის მიმართ მითითებული საფუძვლით მოთხოვნის იძულებით განხორციელების წინაპირობად არ განიხილავს. შეთანხმება არ ქმნის არც ვალის გადაკისრების შემადგენლობას. რაც შეეხება მოპასუხის, როგორც მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების, ან თუნდაც სხვისი ვალის აღიარებას, მტკიცებულებათა უკმარისობის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო სამართალურთიერთობა შეაფასოს მესამე პირის მიერ სხვისი ვალდებულების შესრულების/აღიარების შემთხვევად.

21. საკასაციო პალატა აქვე მოკლედ აღნიშნავს, რომ დავის ფარგლებში მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა), მოსარჩელეს ევალებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მიზნით, იმ ფაქტებზე/მტკიცებულებებზე მითითება, რომელიც ამა თუ იმ კანონისმიერი საფუძვლით მოწინააღმდეგე მხარისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიულ შემადგენლობას ქმნის, მოპასუხეს კი, მოსარჩელის ამ მტკიცების ქმედითად უარყოფა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაძლია მისთვის განკუთვნადი მტკიცების ტვირთი და სასამართლოს წინაშე ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენითა და სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციით დაემტკიცებინა მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლიანობა.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს რა ამ საპროცესო დანაწესით, ახალი გადაწყვეტილებით არ აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელე სმოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, მის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი, დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „თ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. სს „თ-----ის“ მიერ, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

4. სს „თ-----სს“ ბ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე