№ას-814-2022 12 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ხ–ი, ა.ბ–ი (გ.ბ–ის უფლებამონაცვლეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი, ი.ბ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რწმუნებულის მიერ მინდობილი მოქმედების შესასრულებლად შეძენილი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ბ–მა წარადგინა სარჩელი ნ.ბ–ის მიმართ და მოითხოვა:
- აღიარებულ იქნეს ნ.ბ–ის საკუთრების უფლება მისი დავალებით და ფულით მოსარჩელის მიერ 18.03.2014 წლის აუქციონზე შეძენილ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე, დედოფლისწყარო, ......, საკადასტრო კოდი: № ...... (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც "სადავო უძრავი ნივთი");
- დაევალოს ნ.ბ–ს თავის სახელზე, თავისი ხარჯით დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება მოსარჩელეზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ სადავო უძრავ ნივთზე;
- მასვე დაეკისროს 25.11.2010 წლის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად 621 აშშ დოლარის და 14.03.2014 წლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად 1000 აშშ დოლარის გადახდა.
2. ნ.ბ–მა და ი.ბ–მა წარადგინეს სარჩელი გ.ბ–ის მიმართ და მოითხოვეს:
- დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ გ.ბ–ის მიერ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 18.03.2014 წელს ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა და მის მიერ სადავო უძრავი ნივთის შეძენა განხორციელდა ნ.ბ–სა და გ.ბ–ს შორის დადებული გარიგების (დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე ი.ბ–ის სასარგებლოდ;
- გაუქმდეს გ.ბ–ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და იგი საკუთრების უფლებით აღირიცხოს ი.ბ–ის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.02.2016 წლის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.05.2017 წლის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- ნ.ბ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 621 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
- სარჩელის მოთხოვნები დავალების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღიარების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
- ნ.ბ–ის და ი.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4. ს.ფ. 252-268).
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2017 წლის განჩინებით ი.ბ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.05.2017 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.5, ს.ფ. 77-80).
5. ამავე პალატის 17.01.2019 წლის საოქმო განჩინებით გ.ბ–ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ.:ტ.5, ს.ფ. 134-139).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2022წ. საოქმო განჩინებით გ.ბ–ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ.ხ–ი და ა.ბ–ი (იხ.:ტ.6, ს.ფ. 27-30).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2022 წლის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ბ–ისა და ი.ბ–ის სარჩელი) და დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გ.ბ–ის კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 18.03.2014 წლის ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა და მის მიერ სადავო უძრავი ნივთის შეძენა განხორციელდა ნ.ბ–სა და გ.ბ–ს შორის დადებული გარიგების (დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე მესამე პირის - ი.ბ–ის სასარგებლოდ;
- გაუქმდა ა.ბ–ისა და ნ.ხ–ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და დადგინდა მისი საკუთრების უფლებით აღრიცხვა ი.ბ–ის სახელზე;
- სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.6, ს.ფ.75-87).
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ხ–მა (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც "პირველი კასატორი") და ა.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც "მეორე კასატორი", პირველ კასატორთან ერთად ერთობლიობაში მოხსენიებული, როგორც "კასატორები").
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორებს განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.6, ს.ფ.115-124).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინება გაეგზავნა პირველი კასატორის წარმომადგენელს (იხ.: მინდობილობა, ტ.5, ს.ფ.225,226) და პირადად ჩაჰბარდა 22.07.2022 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.6, ს.ფ.129). აღნიშნული განჩინება ასევე გაეგზავნა მეორე კასატორის წარმომადგენელს (იხ.: მინდობილობა, ტ.6, ს.ფ. 57,58) და 22.07.2022 წელს ჩაჰბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.6, ს.ფ.128).
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 23.07.2022 წელს და ამოიწურა 01.08.2022 წელს. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 01.08.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-765-2022, 28.07.2022წ.; №ას-789-2022, 25.07.2022წ.; №ას-261-2022, 11.07.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ისა და ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე