საქმე №ა-4608-შ-126-2022 13 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. წ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-უა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.----- ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის #------ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ქ.------ ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით: მ. თ-უა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და გ. წ-ავა (შემდეგში - მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) განქორწინდნენ; შეწყდა მოპასუხესა (დაბადებული 1983 წლის 22 ოქტომბერს, საქართველო) და მოსარჩელეს (დაბადებული 1991 წლის 29 აპრილს, საქართველო) შორის 2012 წლის 11 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №---------.
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 06 მაისს.
2. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. დადგენილია, რომ უკრაინის ქ.----- ------ რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ; შეწყდა მოპასუხესა (დაბადებული 1983 წლის 22 ოქტომბერს, საქართველო) და მოსარჩელეს (დაბადებული 1991 წლის 29 აპრილს, საქართველო) შორის 2012 წლის 11 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №-------
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურასა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
საერთაშორისო ხელშეკრულების 40.1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე.
8. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული მოთხოვნები დაცულია, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. წ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის ქ.----- ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: მხარეები განქორწინდნენ და შეწყდა გ. წ-ასა (დაბადებული 1983 წლის 22 ოქტომბერს, საქართველო პ/ნ-------) და მ. თ-ას (დაბადებული 1991 წლის 29 აპრილს, საქართველო პ/ნ -----) შორის 2012 წლის 11 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №-------.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე