3გ-ად-55-გ-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე, დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.”-მ 2002წ. 6 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 3 დეკემბრის ¹11 სხდომის ოქმისა და ¹10 განკარგულების გაუქმება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სარჩელი ქ. რუსთავის ¹20 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ, კომისიის 2002წ. 3 დეკემბრის ¹11 სხდომის ოქმისა და ¹10 განკარგულების გაუქმების შესახებ განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არ აწესრიგებს სასამართლოთა შორის საარჩევნო დავების განსჯადობას, რის გამოც ამგვარი დავების განხილვაზე სასამართლოთა უფლებამოსილების საკითხი უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებისათვის განსაზღვრული საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ სარჩელებს და მიუთითა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში უმაღლეს საარჩევნო ადმინიტრაციას წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ქ. რუსთავის ¹20 საარჩევნო კომიისია, რომლის განკარგულებისა და სხდომის ოქმის გაუქმებასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს იმ დაწესებულებას, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ სარჩელები საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ კომისიაში ან სასამართლოში. საკასაციო პალატა არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნორმით არ არის მოწესრიგებული სასამართლოთა შორის განსჯადობა და მიიჩნევს, რომ კოდექსის 77-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოთა შორის საარჩევნო დავების განსჯადობა, მაგრამ აღნიშნული ჩამონათვალი არ აწესრიგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებულად ცნობის თაობაზე საოლქო კომისიის განკარგულების კანონიერების შემოწმების განსჯად სასამართლოს. ამიტომ საკითხი უნდა მოწესრიგდეს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთათვის განსაზღვრებადი საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ ადმინისტრაციულ სარჩელებს: ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს “საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე:
საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს განეკუთვნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ამდენად რუსთავის ¹20 საარჩევნო კომისია არ წარმოადგენს იმ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ სარჩელების საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯადია.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, “სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა”. კოდექსის აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო პალატა რაიონული სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პალატამ განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და ბათილად ცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 9 დეკემბრის ¹170/2002 განკარგულება “2002წ. 30 ნოემბრის ¹20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” და სხდომის ოქმი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-6, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არასამთავრობო ორგანიზაცია “ს.-ის” სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გაეგზავნოს დადგენილი წესით.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.