Facebook Twitter

საქმე №ას-237-2020 20 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ბ. თ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ი----ა ,,ჭ-----ძე ----ბ“, ნ. ო-ის უფლებამონაცვლე ი. ო-ძე, ჯ. ა-ნი, გ. ს-ძე, ი. ა-ლი, მ. ჩ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ. თ-ამ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სასამართლოში სარჩელი აღძრა ი---ა „ჭ----ძე ----ბ-ს“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ. ო-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ჯ. ა-ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე), გ. ს-ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ი. ა-ისა (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და მ. ჩ-ის (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე) წინააღმდეგ.

მოსარჩელემ მოითხოვა:

- მისთვის 108კვ.მ ბინის გადაცემის შესახებ პირველ მოპასუხესთან 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება;

- პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 108კვ.მ ბინის საბაზრო ღირებულების, 109 000 აშშ დოლარის დაკისრება;

- პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სარგებლის - 109 000 აშშ დოლარის წლიური 9%-ის დაკისრება, 2016 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- მეექვსე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 115 000 აშშ დოლარის დაკისრება;

- მეექვსე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, თვეში 700 აშშ დოლარის დაკისრება, 2011 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით:

2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.2. შეწყვეტილად იქნა აღიარებული, მოსარჩელისათვის 108კვ.მ ბინის გადაცემის შესახებ ამ უკანასკნელსა და პირველ მოპასუხეს შორის 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება;

2.3. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 50 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ

2.4. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაევალა 50 000 აშშ დოლარის წლიური 9%-ის გადახდაც, სარჩელის შეტანიდან, 2016 წლის 6 ოქტომბრიდან თანხის გადახდამდე;

2.5. სასარჩელო მოთხოვნა მეექვსე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, სააპელაციო საჩივრის მიღების ეტაპიდან საქმის განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე კანონით დადგენილ 30-დღიან ვადაში არ განთავსებულა.

შესაბამისად, გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების შესახებ აქტი მოსამართლის თანაშემწეს საქმეში უნდა მოეთავსებინა, თუმცა მას ასე არ უმოქმედია.

სასამართლოს ელექტრონულ ვებგვერდზე, სერვერებზე განთავსების შესახებ თარიღები არ მიეთითება და მოსამართლის თანაშემწეები მათ ხელით აწერენ.

აქედან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს სერვერზე გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწემ 2019 წლის 26 ივლისს ატვირთა, რაც არასწორია. აღნიშნულს ისიც მოწმობს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მოძიება დღემდე ვერ ხერხდება.

მითითებული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივარზე დართულია გადაწყვეტილების საძიებო სისტემის ვებგვერდიდან მოპოვებული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება სერვერებზე არ იძებნება.

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაგვიანებით დაწერის ფაქტს ისიც ასაბუთებს, რომ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის თანაშემწეები შვებულებიდან მხოლოდ 2019 წლის 16 აგვისტოს გამოვიდნენ.

აღნიშნული პერიოდისთვის 30-დღიანი ვადა უკვე გასული იყო და მათ კერძო საჩივრის ავტორისთვის გადაწყვეტილების მზაობის თაობაზე უნდა ეცნობებინათ და იგი მისთვის უნდა გადაეცათ. ამასთან, მითითებულ ვადაში გადაწყვეტილების მოუმზადებლობის პირობებში, საქმეში შესაბამისი აქტი უნდა ჩადებულიყო, მაგრამ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.

5.3. კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი წარმოადგინა, რომელსაც თან ერთვის პირველი ინსტანციით საქმის განმხილველი მოსამართლის შვებულების შესახებ ბრძანება და რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნული მოსამართლე შვებულებაში 2019 წლის 29 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ: 1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და, 2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი). დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოება: სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2019 წლის 8 ივლისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებასაც აპელანტი ესწრებოდა (ტომი 3, ს.ფ. 182).

13. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის შემთხვევაში, მისი ასლი ჩაებარებინა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება კერძო საჩივარში გაქარწყლებული არ არის, რის გამოც პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

14. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2019 წლის 8 ივლისს და მისი გამოცხადებიდან 30-ე დღე 2019 წლის 7 აგვისტოა. აქედან გამომდინარე აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 8 აგვისტოდან და ამოიწურა 2019 წლის 21 აგვისტოს.

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2019 წლის 27 სექტემბერს ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

16. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).

აქვე საგულისხმოა, რომ საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო წესით გასაჩივრებული 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების ასლი პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 2019 წლის 6 აგვისტოს ჩაიბარა (ტომი 3, ს.ფ. 205).

ეს გარემოება მთლიანად აქარწყლებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გადაწყვეტილების საპროცესო ვადის დარღვევით მომზადების შესახებ და იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული დროისთვის, კერძოდ, 2019 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, დასახელებული გადაწყვეტილება შედგენილი იყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-959-2018, 27.09.2018).

17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამის ვებგვერდზე არ ატვირთულა.

ეს გარემოება, მისი დადასტურების პირობებშიც კი, გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების ფაქტს არ გამორიცხავს. უფრო კონკრეტულად, რომ ითქვას, თუკი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამის ვებგვერდზე განთავსება დაგვიანებით შესრულდა ან აღნიშნული საერთოდ არ შესრულებულა აპრიორი დადგენილად ვერ მიიჩნევა, რომ გადაწყვეტილების მომზადების ვადები დარღვეულია.

ზემოაღნიშნულ გარემოებას ვერც ის ფაქტი ასაბუთებს, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის აპარატი, სახელდობრ, მოსამართლის თანაშემწე და სხდომის მდივანი, 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით შვებულებაში იმყოფებოდნენ, ხოლო გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს შვებულება 2019 წლის 29 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდა გაფორმებული.

კერძო საჩივრის ავტორის მოცემული პრეტენზიის უარსაყოფად პალატა შემდეგ გარემოებაზე მიუთითებს: კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სასამართლოს ზემომითითებული მოხელეები კუთვნილ შვებულებაში 2019 წლის 29 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდნენ, თავად მოსამართლე, შვებულებაში, იმავე წლის 29 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა, ხოლო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისსაა მიღებული.

სასამართლო კვლავ მიაქცევს ყურადღებას 2019 წლის 6 აგვისტოს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს, რომელიც საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებულია და ლოგიკური მსჯელობის შედეგად აყალიბებს დასკვნას, რომ მოცემული გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისიდან 29 ივლისამდე დროის მონაკვეთში უკვე იყო მომზადებული.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე