23 თებერვალი 2022 წელი
საქმე №ას-960-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ (შემდეგში: „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, .... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ ...., გამოთხოვა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ..... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ ......
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთი სახელმწიფოს საკუთრებაა.
5.2. მოპასუხე სადავო ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
5.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, კუთვნილი ნივთი მესაკუთრისათვის დაებრუნებინა.
5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთის ფართისა და საზღვრების მითითების გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის სადავო ნივთის დაზუსტებული ფართობი შეადგენდა 1923 კვ.მ-ს. სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე კი, ამ ნივთიდან (ზემოაღნიშნული 1923 კვ. მ-დან) 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ეს უკანასკნელი გახდა N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე. შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა 423 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ცხადია, მოპასუხე არ არის ვალდებული მოსარჩელეს N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი გადასცეს. აღნიშნული არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა არა მისი, არამედ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. თუმცა, დარჩენილ 423 კვ.მ. ფართზე მოპასუხეს უფლება არ გააჩნია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი 423 კვ.მ. ფართის მქონე ნაკვეთის ფლობის მართლზომიერი საფუძვლები მოპასუხეს არ მიუთითებია და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დადგენილა.
5.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლები, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ამ სამართლებრივ შეცდომას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო, არ ვლინდებოდა მისი გაუქმების საფუძვლები.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოპასუხე სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის ჩანაწერებში 2021 წლის 05 თებერვალს შევიდა ცვლილება, სახელმწიფოს საკუთრებად ცალ-ცალკე უფლების ობიექტებად დარეგისტრირდა და სხვადასხვა საკადასტრო კოდები მიენიჭა 376 კვ.მ. (ს.კ. N .....) და 47 კვ.მ. (ს.კ. N .....) ფართის მიწის ნაკვეთებს. ხსენებული ცვლილების შედეგად მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ფართობი, №1 და №2 შენობა-ნაგებობებით გამოთავისუფლდა და საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად (ს/კ N .....). სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 376 კვ.მ და 47 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთებს კი, არ ფლობს მოპასუხე, შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძვლებიც არ არსებობს.
6.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება N .... საკადასტრო კოდით რეგისტირებული უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაშინ, როდესაც აღნიშნული უძრავი ნივთის ნაწილი - 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით) უკვე მოპასუხის მფლობელობასა და საკუთრებაშია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს სადავო ნივთის დაზუსტებული ფართობი იყო - 1923 კვ.მ, საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მითითებული ფართიდან 1500 კვ.მ მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი: ..... (ტ. 2, ს.ფ. 92-93), შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა მხოლოდ 423 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკასაციო საჩივარში მოპასუხე მიუთითებს, რომ არ ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, მაგრამ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით და საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ #.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას სრულად არ ფლობდა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ აპელანტი არ არის ვალდებული მოსარჩელეს გადასცეს #.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, ეს არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, აპელანტის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (423 კვ.მ.), რომლის ფლობის მართლზომიერების საფუძველი მოპასუხეს არ აქვს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ბ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №11842838143, გადახდის თარიღი 25.10.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია