24 ნოემბერი 2021 წელი
საქმე №ას-842-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–ძემ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც: „მოპასუხე“ „დამსაქმებელი“) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 11200 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის განსაზღვრა 2 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 30 იანვრის N3 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2012 წლის 16 ივლისის N 3357/კ ბრძანების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით გადაინიშნა სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე (ტ.1, ს.ფ. 19, 20). სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად. მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახდელდადებული არ ყოფილა.
5.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისს N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები შეიქმნა რეგიონალური პრინციპით. შედეგად 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად ფუნქციონირება განაგრძო 22 ტერიტორიულმა სამსახურმა. რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარი; რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით (ტ.1, ს. ფ. 126). რეორგანიზაციის შედეგად - შეიქმნა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელიც ნაცვლად ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებული 49 საშტატო ერთეულისა, დაკომპლექტდა 35 საშტატო ერთეულით, აქედან, რეგიონული სამსახურის უფროსის - 01 და მთავარი სპეციალისტის - 34 საშტატო ერთეულით (ტ.1, ს.ფ. 127).
5.3. სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/ კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად განხორციელებულიყო ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის N 13703/კ ბრძანებით კი, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში რეორგანიზაციიდან გამომდინარე დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება (ტ.1, ს.ფ. 26-27, 28-29).
5.4. მოსარჩელის ტესტირების შედეგები შემდეგნაირად განისაზღვრა: ზოგადი უნარჩვევები - 56 ქულა (მაქსიმალური ქულა – 80), სახელმწიფო ენის მართლწერა - 58 11 ქულა (მაქსიმალური ქულა – 80), პროფესიული თემატიკა - 41 ქულა (მაქსიმალური ქულა – 50).
5.5. სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის N401/კ ბრძანებით, თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია. კომისიის 14.01.2020 წლის გასაუბრების N16 ოქმის თანახმად, დასაქმებულმა კომისიის მიერ დასმულ კითხვაზე - რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში საშუალოზე დაბალ შეფასებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ მიღებული ქულები მისი ცოდნის პროპორციულია. ასევე განმარტა, რომ სამსახურში დატვირთულია და ესაჭიროებათ მეტი ადამიანური რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ შემდგომი საქმიანობა (ტ.1, ს.ფ. 33-34).
5.6. მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანების მე-3 პუნქტში მითითებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის ფარგლებში 14.01.2020 წელს ჩატარებული გასაუბრების ოქმი N16 (ტ.1, ს.ფ. 30-31). მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5.7. მოსარჩელემ ტესტირებაში მიღებული ქულების ჯამით, ტესტირებაში მონაწილე იმ 35 პირთაგან, ვინც რეორგანიზაციის შედეგად დაინიშნენ/გადაინიშნენ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 31 დასაქმებულ პირზე მაღალი შეფასება მიიღო. მათ შორის მოსარჩელის, როგორც ტერიტორიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ მიღებული ქულების ჯამი აღემატებოდა ამავე პოზიციაზე დასაქმებულ და ტესტირებაში მონაწილე 8 პირიდან 5 პირის (სამსახურის უფროსის) მიერ მიღებულ შედეგებს, რომლებიც რეორგანიზაციის პირობებში დაინიშნენ მთავარი სპეციალისტების პოზიციებზე (ტ.1, ს.ფ. 180-184).
5.8. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის ყოველთვიურად 1400 ლარს (დარიცხული ხელფასი) შეადგენდა (ტ.1, ს.ფ. 87). ამასთან, რეორგანიზაცის შედეგად ის პოზიცია, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა, გაუქმდა, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას, ტოლფასი - მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა აღარ არსებობდა.
5.9. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელემ „საშუალოზე დაბალი“ შეფასება მიიღო, ვინაიდან მოსარჩელემ იმ პირებზე მაღალი შეფასება მიიღო, რომლებმაც რეორგანიზაციის შემდეგ გააგრძელეს სააგენტოში მუშაობა. ამასთან, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ტერიტორიული სამსახურების უფროსების პოზიციებზე დასაქმებული ყველა პირი, გარდა მოსარჩელისა, გადაინიშნა მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ 5 მათგანს ჰქონდა უფრო დაბალი შეფასება, ვიდრე მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ. 151-153; 179-184).
5.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ კომისიამ სხვა დასაქმებულებს უპირატესობა ობიექტურ კრიტერიმებზე დაყრდნობით მიანიჭა.
5.11. სამუშაოზე დასანიშნი/გადასანიშნი/გასათავისუფლებელი კანდიდატის შერჩევა სააგენტომ არ უზრუნველყო ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად. არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არსებობდა გათავისუფლების ობიექტური საფუძვლები, რის გამოც დამსაქმებლის გადაწყვეტილება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ იყო არალეგიტიმური და ბათილი.
5.12. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის სამუშაოდან უკანონო გათავისუფლების გამო, ასანაზღაურებელი კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 8 თვის შრომის ანაზღაურება - 11 200 ლარი მიიჩნია.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უნდა მიეჩნიათ მოსარჩელის მიერ კომისიასთან გასაუბრებისას დაფიქსირებული შემდეგი პოზიცია: მიღებული ქულები მისი ცოდნის პროპორციულია, სამსახურში დატვირთულია და ესაჭიროება მეტი ადამიანური რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჭირდება შემდგომი საქმიანობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად სარჩელითაც არ გახადა სადავოდ კომისიის მითითებული სხდომის ოქმის შინაარსი. დასაქმებულმა გასაუბრებისას განმარტა ისიც, რომ გაცნობიერებული ჰქონდა რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები, რადგან რეგიონული გამსხვილების პირობებში ტერიტორიული სამსახურები აღარ იარსებებდა, აღნიშნული გამოიწვევდა როგორც ტერიტორიული სამსახურების უფროსების, აგრეთვე მოადგილეების შემცირებას.
6.2. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სამუშაოზე აღდგენაზე არა იმ მოტივით, რომ ვაკანტური ადგილები არ არსებობდა, არამედ ზოგადად, აღარ სურდა სააგენტოში საქმიანობის გაგრძელება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
11. დამსაქმებელმა მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
12. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რეორგანიზაციისას დასაქმებულის შეფასება მოხდა ობიექტურად და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა მართლზომიერად, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დააკისრეს დამსაქმებელს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელესტან გასაუბრებისას, გაცემული პასუხები იძლეოდა ტესტირებით მასზე დაბალი შეფასების მქონე პირებისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლობლობას.
13. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელმა რეორგანიზაციის შემდეგ გადანიშულ პირებზე მაღალი შეფასება მიიღო ტესტირებისას.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ: №ას-1440-2020, 28.04.2021წ.; №ას-67-2020, 29.09.2020წ.; №ას-310-2020, 15.10.2020წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; №ას-1513-2019, 16.12.2019წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 560 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 560 ლარის 70% – 392 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 560 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №11042, გადახდის თარიღი 13.07.2021 წ.) 70% – 392 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია