საქმე №ას-173-2022 8 ივლისი, 2022 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ჯ-ხი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-კი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
მესამე პირი - არასრულწლოვანი გ. ჯ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების შეზღუდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე ე. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დედა, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან პირველი აპელანტი) სარჩელი და:
1.1. ა. ჯ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მამა, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან კასატორი) პასპორტის აღებისა და დედის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში შეეზღუდა მშობლის უფლება 2015 წლის 9 იანვარს დაბადებული გ. ჯ-ის (შემდეგში: შვილი, ბავშვი ან არასრულწლოვანი) მიმართ, კერძოდ: საბერძნეთის რესპუბლიკაში დედამ შვილი გაიყვანოს 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე უკან დაბრუნების ვალდებულებით. დედამ არასრულწლოვნის პასპორტი აიღოს და საზღვარგარეთ წაიყვანოს 2025 წლიდან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით;
1.2. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხის (მამის) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, არასრულწლოვნის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა;
1.3. მოსარჩელის (დედის) სარჩელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.4. დედას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა საქართველოში ყოფნისას შემდეგი სახით განესაზღვრა:
ა) ყოველი კვირის, პარასკევ დღეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან სხვა დღეებში, 12:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის და უკან მამის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. დედას მიეცეს უფლება, ყოველი კვირის სამშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან სხვა დღეებში 12:00 საათიდან წაყვანისა და იმავე დღის 20:00 საათამდე უკან მამის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
ბ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში დედამ ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან - 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე წაყვანისა და უკან დაბრუნების ვალდებულებით;
გ) 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე არასრულწლოვანი იქნება მამასთან;
დ) ზამთრის არდადეგების პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად: დედამ იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან არდადეგების დაწყებიდან 7 იანვრამდე წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო 7 იანვრიდან 14 იანვრამდე ბავშვი იქნება მამასთან;
1.5. მოსარჩელეს (დედას) არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა საქართველოში არყოფნის შემთხვევაში განესაზღვრა შემდეგი სახით:
ა) დედას შვილთან ურთიერთობა მიეცეს კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და შაბათს, დღის 19:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე საკომუნიკაციო პროგრამების - ვაიბერის (viber), ვოტსაპის (whatsapp), მესენჯერის ან სკაიპის მეშვეობით;
ბ) მამამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია დედას ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებიდან რომელი აქვს ჩართული - დედის მიერ ანალოგიური საკომუნიკაციო საშუალების ჩართვის მიზნით. ასეთ შემთხვევაში მამამ დედას მიაწოდოს შვილის სატელეფონო ნომრის შესახებ ინფორმაცია ერთმანეთთან სასაუბროდ;
გ) მამამ უზრუნველყოს მითითებულ პერიოდში სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალების გამართულობა/ჩართულობა დედის მიერ შვილთან საუბრის მიზნით.
1.6. …..-….. - დროებითი განკარგულების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 8.05.2020 წელს გამოცემული განჩინება - ძალაში დარჩა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მესამე პუნქტის (წინამდებარე განჩინების 1.3-1.5 ქვეპუნქტების) გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით - მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოსარჩელის (დედის) სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე - იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა 2025 წლიდან და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
4. მოსარჩელის სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვებელი ადგილი: ქ. თბილისი, ----- ----- დასახლება მე---- მ/რ, მე--- კვარტალი, კორპ. --- ბ, ბინა ---- განისაზღვრა;
5. მოპასუხის (მამის) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2014 წლის 16 ივნისს დაქორწინდნენ;
6.2. მხარეებს 2015 წლის 9 იანვარს შვილი შეეძინათ;
6.3. მოსარჩელე და მოპასუხე ამჟამად განქორწინებულები არიან;
6.4. მოსარჩელე დაქორწინებულია დ. კ-ან. იგი პერიოდულად, საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა აქვს.
6.5. ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, დედის ოჯახში და დედის არყოფნის პერიოდში, მასზე ზრუნავს ბებია, დედის დედა, დ. ვ-ძე.
6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დედის სარჩელი და მამას, ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით 140 ლარის გადახდა დაეკისრა.
6.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით - დაკმაყოფილდა მამის სარჩელი და მას ბავშვთან ურთიერთობისთვის, ხუთი წლის ასაკის მიღწევამდე, თვეში ორი დღე, ხოლო ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ - თვეში სამი დღე განესაზღვრა.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საოჯახო საქმეთა განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მხარეები ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან საერთოდ თავისუფლდებიან.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1201-ე მუხლის შესაბამისად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი; 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ დებულებათა შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივ, მშობელთა შეთანხმებით განისაზღვრება. სასამართლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხს წყვეტს მშობლების შეუთანხმებლობის, მათ შორის - დავის არსებობის შემთხვევაში.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მშობლებსა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობები მოაწესრიგა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მამისა და შვილის ურთიერთობა მოგვარდა ხანგრძლივი პერიოდით, ბავშვის ხუთი წლის შესრულების შემდეგაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, ბავშვის საცხოვრებელი დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრა და სასამართლომ ეს შეთანხმება მართლზომიერად და ბავშვის ინტერესების შესაბამისად მიიჩნია. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დედის მოთხოვნა მართებულია და, არსებითად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ამრიგად, ამ ნაწილში, თავდაპირველმა მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად დაამტკიცა.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მამა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით უკვე დადგენილი და გადაწყვეტილი სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლას ითხოვს. ამ ვითარებაში, თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება სწორედ მამას ეკისრებოდა. ერთადერთი გარემოება, რის გამოც მამა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრას ითხოვს, არის ის, რომ დედა საზღვარგარეთ იმყოფება და ბავშვს ბებია (დედის დედა) ზრდის.
11. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, დედის მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, რამდენადაც სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, 2017 წლის 4 მაისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით დედამ საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ორივე მიმართულებით სულ თხუთმეტჯერ გადალახა და ამ პერიოდში საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების შემდეგ იგი საქართველოში ბრუნდებოდა. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მამის მიერ მითითებული ფაქტი, მისი დამტკიცების შემთხვევაშიც კი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თავისთავად შეცვლის საფუძველი არ არის.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განმარტებაზე მიუთითა: „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ – (სუსგ. საქმე №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, პ. 59).
13. სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სოციალურ ქსელთან - მეგობრებთან, ამხანაგებთან, მეზობლებთან ურთიერთობის, ჩვეული გარემოს დაკარგვისა და ახალ გარემოსთან შეგუების პროცესთანაა დაკავშირებული. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ცხოვრების წესის შეცვლას ან, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან ამოვარდნას მაინც იწვევს. ამიტომ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ზემოხსენებული რისკის შეფასება და გათვალისწინება აუცილებელია. უპირატესობა არსებული, სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას უნდა მიენიჭოს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება და მათზე არც მხარეებს მიუთითებიათ, რომ დედის საცხოვრებელ ადგილას ბავშვს ფიზიკური ან ფსიქიკური საფრთხე დაემუქრება; იგი ვერ მიიღებს განათლებას; არ იქნება დაცული მისი ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები; იქნება ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 2 აპრილის დასკვნის შესაბამისად, „ბავშვის საცხოვრებელი ადგილი კეთილმოწყობილია, ბავშვს აქვს თავისი პირადი სივრცე, ოთახი, განმავითარებელი სათამაშოები. ოჯახში ჰიგიენის ნორმები დაცულია, არასრულწლოვანს აქვს ყველა საჭირო პირობა განვითარებისთვის. ვიზიტის დროს გამოიკვეთა ბებიის მზრუნველობა და ყურადღება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ამჟამად, დედის რწმუნებული გახლავთ დ. ვ-ძე (სანოტარო აქტი მოქმედების მინდობილობით: N-------) ოჯახში სრულად დაცულია ბავშვის უსაფრთხოება. არ იკვეთება ძალადობისა და უგულებელყოფის ნიშნები... არასრულწლოვანთან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ მოსწონს საცხოვრებელი ადგილი“.
15. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ამ დროისთვის, ბავშვის ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე ასაკის შესაბამისი იყო. მას ყოველი ვიზიტისას დადებითი გუნება-განწყობილება ჰქონდა, ემოციურ სფეროში სირთულეები არ აღენიშნებოდა, არ ვლინდებოდა შფოთვა და დაძაბულობა. ახლობელ ადამიანებთან აკავშირებდა პოზიტიური მიჯაჭვულობა და უცხო გარემოში ადვილად ადაპტირდებოდა. შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 2021 წლის 5 თებერვლის დასკვნის შესაბამისად, ბავშვი სუფთად ჩაცმული და მოწესრიგებული იყო. შეხვედრისას გამოირჩეოდა კომუნიკაბელურობით, ცდილობდა დასმულ კითხვებზე ვრცლად და დაუფარავად ეპასუხა. საუბრობდა როგორც დედასთან, ისე მამასთან და მათ ოჯახის წევრებთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. შეხვედრისას კომფორტულად გრძნობდა თავს და მასზე რაიმე ფაქტორის ზემოქმედება არ ვლინდებოდა, არ განიცდიდა დაძაბულობას, გონებრივი, ინტელექტუალური და ლოგიკური განვითარება ასაკის შესაბამისი იყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ ბავშვის საცხოვრებელი გარემო მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვის, სოციალური განვითარების ინტერესებს შეესაბამება და სტაბილური გარემოს შეცვლა შეიძლება მისთვის საფრთხის შემცველი იყოს. სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი, მშობლების გარდა, ძლიერ იყო მიჯაჭვული ბებიაზე, რადგან ადრეული ასაკიდან, სწორედ იგი იყო მასზე „ძირითადი მზრუნველი პირი“. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ცხადია, ამ მიჯაჭვულობის რღვევას გამოიწვევს, ეს კი ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.
17. შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 2021 წლის 5 თებერვლის დასკვნის მიხედვით, ბავშვის მამას ფსიქოლოგმა მისცა „რეკომენდაციები მცირეწლოვნის ასაკობრივ თავისებურებებთან, სირთულეებთან, ინტერესებთან და განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით, რათა ბიოლოგიურ მამას სწორად აღექვა და გაეანალიზებინა ბავშვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური საცხოვრებელი გარემოს და სანდო მიჯაჭვულობის არსებობა. შეხვედრისას ხაზი გაესვა მიჯაჭვულობის დარღვევის რისკებს და სამომავლო უარყოფით შედეგებსაც“. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა დასკვნაში ყურადღება გაამახვილა ბავშვისთვის სტაბილურობის შეგრძნებისა და მისთვის მნიშვნელოვან ახლობელ ადამიანებთან მიჯაჭვულობის შენარჩუნების აუცილებლობას, რაც ფსიქოლოგის მოსაზრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენდა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მისი შემდგომი განვითარებისთვის.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მისი დასაბუთებული პოზიციის მოსმენა შეუძლებელია - იგი ამ ტერმინის სამართლებრივ და ფაქტობრივ მნიშვნელობას ჯეროვნად ვერ აცნობიერებს, თუმცა, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბავშვმა მზრუნველად ბებია დაასახელა და თქვა, რომ ყველაზე მეტად დედა უყვარდა. ამით, სასამართლოს აზრით, ბავშვმა მისი ასაკისათვის შესაფერისი ლექსიკით განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნია თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 15 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმადაც „არასრულწლოვანთან საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ მოსწონს საცხოვრებელი ადგილი“.
19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა დასკვნებიდან ირკვევა, რომ არსებულ ვითარებაში ბავშვს ურთიერთობა ორივე მშობელთან აქვს და ისინი ახლობელ, ძვირფას ადამიანებად მიაჩნია. ამავდროულად, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 30 ოქტომბრის დასკვნაში აღწერილია შემთხვევა, რომ ბავშვს მამის ოჯახში დედის თაობაზე ნეგატიური ინფორმაცია ჩააგონეს - „მამამ თქვა, ცუდი დედა გყავსო“ - რაც ფსიქოლოგმა ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ზიანის მიმყენებლად და დაუშვებლად მიიჩნია. ამის შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, იარსებებს მსგავსი ვითარების განმეორებისა და, ამის შედეგად, დედა-შვილს შორის ურთიერთობის გაუარესების რისკი. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შენარჩუნება ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების მიზანსაც შეესაბამება.
20. სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ, შესაძლებელია, მას სტაბილურობის შეგრძნება დაუკარგოს და ახლობელ ადამიანებთან მიჯაჭვულობის რღვევა გამოიწვიოს, ეს კი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება. ამავდროულად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა ვერ დამტკიცდა და ამიტომ მისი საცხოვრებელი საქართველოში დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ამრიგად, მოპასუხის (მამის) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
21. სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დედის მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში მისი საცხოვრებელი ადგილის მითითება დასაშვებად მიიჩნია. დაადგინა, რომ საბერძნეთში დედის საცხოვრებელი ადგილის მითითება 15 ივნისიდან 30 აგვისტომდე და 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრას ემსახურება და სსკ-ის 1201-ე მუხლი, შინაარსობრივად, სსკ-ის მე-20 მუხლს („ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი“; არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი“) უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს. ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ნიშნავს იმასაც, რომ ამ მშობლის საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილიც შეიცვლება.
22. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ბავშვმა საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული დრო, წელიწადში, დაახლოებით, ორი კვირა დღე უნდა გაატაროს, ამ ვადით გარკვეულ ადგილას ყოფნა საცხოვრებელ ადგილს არ წარმოშობს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკაში ბავშვის ადგილსამყოფლის განსაზღვრის აუცილებლობა არ წარმოიშვა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დედის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მამას ბავშვთან მიმართებით უფლება შეეზღუდა და დედას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება ყოველი წლის 15 ივნისიდან პირველ აგვისტომდე - 2025 წლიდან, ანუ ბავშვის 10 წლის შესრულების შემდეგ მიეცა. ამ ნაწილში მამას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
24. სასამართლოს განსჯით, დედის მიერ მოთხოვნილი ვადითა და პერიოდებში ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა მამასა და შვილს შორის ურთიერთობას შეაფერხებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასაც შეუძლებელს გახდის - როგორც აღინიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ბავშვის ხუთი წლის შესრულების შემდეგ, მამას მისი, ყოველთვიურად, სამი დღით წაყვანის უფლება მიეცა. ბავშვი ხუთი წლის 2020 წლის 9 იანვარს გახდა. იმ შემთხვევაში, თუ დედა ბავშვს საზღვარგარეთ 15 ივნისიდან 30 აგვისტომდე გაიყვანს, აგვისტოში მამა ბავშვთან ურთიერთობას ვერ მოახერხებს, ე.ი. გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. გარდა ამისა, მამა-შვილს შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენისათვის, მნიშვნელოვანია საახალწლო-საშობაო დღესასწაულებისას მათ უშუალო, ფიზიკური კონტაქტის საშუალებაც ჰქონდეთ, ხოლო, თუ ბავშვი ამ პერიოდში საბერძნეთის რესპუბლიკაში იქნება, ამას ვერ მოახერხებენ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობისა და თავად დედის განმარტების თანახმად, იგი საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივად არ იმყოფება. ამიტომ, ბავშვთან უშუალო ურთიერთობას საქართველოში დაბრუნების დროსაც შეძლებს. შესაბამისად, მამის პოზიციის გათვალისწინებით, დედას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით, ე.ი. 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე მიენიჭა, თუმცა, ვინაიდან 2025 წლამდე ამ შესაძლებლობის შეზღუდვის არავითარი საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობდა ამ ნაწილში, გადაწყვეტილება გაუქმდა.
25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
25.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
25.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შიდა ქართლის რეგიონალური ცენტრის 2021 წლის 26 აპრილის დასკვნა, რომ არ არსებობდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებლობა უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და ბავშვის დედას შესაძლებლობა მიეცა, საბერძნეთის რესპუბლიკაში კონკრეტული პერიოდით, 2025 წლიდან გაიყვანოს; არ შეფასდა ის გარემოება, რომ დედა მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს და არსებობს საშიშროება, ბავშვი საქართველოში აღარ დააბრუნოს; სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა, თითქოს სასამართლომ ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება და ამით მშობლებს და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობა მოაწესრიგა; საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მამისა და ბავშვის ურთიერთობა მოწესრიგდა ხანგრძლივი პერიოდით, 5 წლის ასაკის მიღწევის შემდეგაც, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებეთა შეთანხმებით ბავშვის საცხოვრებელი დედის საცხოვრებელი ადგილით განისაზღვრა; სამართლებრივად არასწორად შეაფასა და დაასკვნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბავშვთან ურთიერთობის წესს ეხებოდა და არა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას; სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა სასამართლო სხდომაზე დაკითხული სოციალური მუშაკის პოზიცია, რომელმაც ორივე ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიზანშეწონილად მიიჩნევდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილი მამის საცხოვრებლით განსაზღვრულიყო; არ გამოიკვლია, ის გარემოება, რომ დედას არ შეუძლია დღე და ღამე ბავშვზე ზრუნვდა, რადგან არ ცხოვრობს საქართველოში;
25.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და მოპასუხის (ბავშვის მამის) შეგებებული სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოადგინა.
27. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არის თუ არა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებული მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
28. კასატორის პირველი პრეტენზია ისაა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სხდომაზე დაკითხული სოციალური მუშაკის პოზიცია, რომელმაც ორივე ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიზანშეწონილად მიიჩნევდა ბავშვის საცხოვრებლად მამის საცხოვრებლით განსაზღვრულიყო; არ გამოიკვლია, ის გარემოება, რომ დედას არ შეუძლია დღე და ღამე იზრუნოს ბავშვზე, რამდენადაც იგი საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობს.
29. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
30. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
31. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). აღნიშნული ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი დაშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
33. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სსკ-ის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
34. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ N ას- 458-440-2016, 15.07.2016წ).
35. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილზე; მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი; მოსარჩელე (ბავშვის დედა) 2017 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და აქვს იქ ცხოვრების ნებართვა, რომელიც 2017 წლის 13 ივლისს გაიცა და 2022 წლის 12 ივლისამდე ძალაშია; მოსარჩელე 2017 წლის 7 მარტიდან დაქორწინებულია საბერძნეთის მოქალაქე დ. კ-ზე; მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი; მოპასუხე (ბავშვის მამა) ცხოვრობს საქართველოში, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია გორის რაიონი, სოფელი ------; მათი არასრულწლოვანი შვილი ძირითადად ბებიასთან (დედის დედასთან) თბილისში (---- --- დასახლება, მე--- მკ/რ, მე--- კვარტალი, კორპ. N---ბინა N----) ცხოვრობს და გარკვეულ პერიოდს ბ-----ის რაიონის სოფელ ----- ატარებს, სადაც მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელია.
36. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 4.10.1979წ).
37. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ). მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული რამდენიმე დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში - არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე ბავშვი ყოველი თვის 10 დღეს ატარებს მამის ოჯახში, გორის რაიონ სოფელ -----, დანარჩენ დროს - ბებიასთან (დედის დედასთან), -----. ბავშვის დედა საბერძნეთში ცხოვრობს. მამის ოჯახში არასრულწლოვანი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს და ურჩევნია იქ ყოფნა. მისი საჭიროებები, სურვილები და ინტერესები ოჯახის მხრიდან დაკმაყოფილებულია. მამა არ ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვზე. საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგს შესაბამისი კვლევა დაევალა. ფსიქოლოგის შეფასებით, რეკომენდებულია, შემუშავდეს ორივე მშობელთან ურთიერთობისა და თანაცხოვრების იმდაგვარი რეჟიმი, რომელიც ბავშვს არ დაუკარგავს სტაბილურობის შეგრძნებას და ხელს შეუწყობს მისთვის მნიშვნელოვან ახლობელ ადამიანებთან მიჯაჭვულობის შენარჩუნებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი შემდგომი განვითარებისთვის. ორივე მშობელი ყურადღებიანი და მზრუნველია ბავშვის მიმართ, ორივე მათგანი ორიენტირებულია ბავშვის ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაზე. დედა ადეკვატურად გამოხატავდა სითბოს, სათანადოდ უჭერდა მხარს შვილს, ზრუნავდა მის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ განვითარებაზე. მამის საუბრის მანერა და ხმის ტემბრი ერგებოდა არასრულწლოვნის ასაკობრივ თავისებურებებს. ბავშვის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა მამაა, რომელთანაც დადებითი ემოციები აკავშირებს. მშობლებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს ბავშვის ემოციებსა და ფსიქიკაზე, მის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე. შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგმა არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობა შეაფასა 2021 წლის დასაწყისშიც. ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის შეფასებით, არ არის რეკომენდებული ერთი თვის თანაბრად გაყოფა მხარეებს შორის და ბავშვის ორ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება. ამან შესაძლოა ბავშვის ფსიქიკის გაორება გამოიწვიოს, საფრთხე შეექმნას მის განვითარებას, დაირღვეს სანდო მიჯაჭვულობა და პიროვნულ თვისებებში პრობლემებმა იჩინოს თავი. როგორც ფსიქოლოგის, ასევე, სოციალური მუშაკის რეკომენდაციაა, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სტაბილური გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი ძირითადად იცხოვრებს მზრუნველ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში. არასრულწლოვანს ამ ეტაპზე რაიმე სახის ემოციური სირთულე არ აღენიშნება.
38. სოციალური სამსახურის მიერ დეტალურად შემოწმდა მამის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი არის ორსართულიანი ბინა, პირველ სართულზე არის სამი ოთახი, იქვეა მოწესრიგებული სააბაზანო-საპირფარეშო, გ-ის აქვს თავისი საწოლი და ახლად გარემონტებული ოთახი, სახლი აღჭურვილია პირველადი მოხმარების ტექნიკითა და ავეჯით; სოციალური სამსახურის შეფასებით, მამის საცხოვრებელ ადგილას, ბავშვზე დამაკმაყოფილებლად ზრუნავენ, აქვს საკვები, ტანსაცმელი და სათამაშოები, მას ეპყრობიან სითბოთი და სიყვარულით. მამასთან ურთიერთობა ღია და გულწრფელია. მამა-შვილი ერთმანეთის მიმართ გამოხატავს თბილ დამოკიდებულებას. მამის ოჯახში ყოფნისას არასრულწლოვანი დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისგან. მას მოსწონს იქ ცხოვრება. მამის ოჯახი ინტეგრირებულია იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ოჯახის წევრებს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. საცხოვრებელი სახლი ბავშვისთვის არის უსაფრთხო. მამისა და თავად არასრულწლოვნის გადმოცემით, მას ჰყავს სოფელში მეგობრები, რომლებთანაც თამაშობს და ერთობა. მამას სურს და მუდმივად ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, დადგენილია, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და უფლებები - ცხოვრობდეს მშვიდ, უსაფრთხო მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, სრულად დაცული და უზრუნველყოფილია მამის საცხოვრებელ ადგილზე.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს, იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარების, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ორივე მშობლის მიმართ ამჟღავნებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვლინდება მამასთან ურთიერთობის დანაკლისი. სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვს ახარებს მამის ნახვა და მასთან ურთიერთობა დადებით ემოციებს უქმნის. ამ ეტაპზე არასრულწლოვნის დედა ძირითადად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბერძნეთში მეუღლესთან ერთად. ბავშვის დედისავე განმარტებით, იგი წელიწადში რამდენჯერმე შეძლებს ჩამოსვლას ბავშვთან (ზუსტ დროს და პერიოდულობას ვერ ასახელებს). ფაქტობრივად ამჟამად ბავშვი არ იზრდება არც ერთ მშობელთან და მისი ძირითად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ბებიის (დედის დედის) საცხოვრებელი, შესაბამისად, ბავშვი მოკლებულია ორივე მშობლის სიახლოვეს და მათთან ურთიერთობებს. არც ერთი მხარე არ არის წინააღმდეგი მეორე მშობელს შეუზღუდავად ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვანთან საქართველოს ტერიტორიაზე.
40. საქმეზე დადგენილი გარემოებებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული დასკვნების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვნის მამასთან ცხოვრება არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მის, როგორც საზოგადოების სრუ ლყოფილ წევრებად, ჩამოყალიბებას. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი პოზიტიური ემოციების გამოხატულება მამის მიმართ სასამართლოს აძლევს იმ დაკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ბავშვისთვის უკეთესია ცხოვრობდეს ერთ-ერთ მშობელთან, ამ შემთხვევაში მამასთან და, თავის მხრივ, მამაც აქტიურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური შეფასებიდან ირკვევა, ბავშვის მხრიდან იკვეთება მამასთან ინტენსიური ურთიერთობის სურვილი. მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში მეტად მნიშნელოვანია. ამასთან, ფსიქოლოგის რეკომენდაციით, არ არის სასურველი, მხარეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბავშვის ყოფნის პერიოდის ერთი თვის თანაბრად გაყოფა და მისი ორ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება, რადგან ამან შესაძლოა ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური გახლეჩა გამოიწვიოს, საფრთხე შეუქმნას მის განვითარებას, დაირღვეს სანდო მიჯაჭვულობა. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნება, რაც ცალსახად ვლინდება მამის ოჯახში ყოფნის დროს ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასებისას.
41. საკასაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; საჩივარი N.71776/12; 16.02.2016წ; საბოლოო გახდა 2.05.2016წ). საკასაციო სასამართლოს განსჯით, მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობის არსებობა, რათა მან კონტაქტი არ დაკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, საგამონაკლისო გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელიც ბავშვს უკავშირდება (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“).
42. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განქორწინებული მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშის მიმართ, თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ - ზედმიწევნით უნდა შეფასდეს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც მშობლის არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა.
43. საკასაციო სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მის ზრდა-განვითარებაში და ორივე მშობელმა თანაბრად უნდა ივალდებულოს შვილზე პასუხისმგებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის დედის ძირითად საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს საქართველო, ხოლო ბავშვს მამასთან აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა, ურთიერთობის დანაკლისი და ავლენს შიშს მასთან განშორებისა, სოციალური სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ ბავშვი ცხოვრობდეს მშობელთან, ამ შემთხვევაში მამასთან, თუმცა მას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს რეგულარული და პირადი ხასიათის კონტაქტი დედასთან, რომელთანაც სიყვარული დაპოზიტიური მიჯაჭვულობა აკავშირებს. ბავშვის დედასთან სტაბილური ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია მათ შორის არსებული ემოციური კავშირის შესანარჩუნებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დედას, როგორც მშობელს, უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, რაც შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს.
44. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ გამორჩეულია ბებია-პაპის როლი ბავშვის ცხოვრებაში და წინამდებარე გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მის დაკნინებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბებიის სიყვარული და მზრუნველობა მამასთან შვილის ურთიერთობის აუცილებლობას ვერ ჩაანაცვლებს, ისევე, როგორც შეუცვლელია მშობელთა როლი და მათთან ურთიერთობა.
45. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას შეეხება, სადაც სასამართლომ მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მშობლებსა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობები მოაწესრიგა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოწესრიგდა მამისა და ბავშვის ურთიერთობა ხანგრძლივი პერიოდით, ბავშვის მიერ ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგაც, სასამართლოს შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრა და სასამართლომ ეს შეთანხმება მართლზომიერად და ბავშვის ინტერესების შესაბამისად მიიჩნია. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას, რამდენადაც ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, მხარეებს შორის დავის საგანი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას შეეხებოდა, რაც ცხადია განსახილველი დავის საგნისგან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნაა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი და გადაწყვეტილი სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლას არ გულისხმობს.
46. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
47. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითი ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. კ-ის /პ/ნ ----/ სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
3.1. ა. ჯ-ს /პ/ნ -----/ შეეზღუდოს მშობლის უფლება გ. ჯ-ის / დაბადებული 2015 წლის 09 იანვარს, პ/ნ ------/ მიმართ პასპორტის აღების და ე. კ-ის მიერ გ. ჯ-ის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, კერძოდ: ე. კ-მა /პ/ნ ----/ გ. ჯ-ი გაიყვანოს საბერძნეთის რესპუბლიკაში 15 ივნისიდან 01 აგვისტომდე - უკან დაბრუნების ვალდებულებით;
4. ა. ჯ-ის /პ/ნ ----/ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:
4.1. არასრულწლოვნის გ. ჯ-ის / დაბადებული 2015 წლის 09 იანვარს, პ/ნ ---- / საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ა. ჯ-ის /პ/ნ ----/ საცხოვრებელი ადგილი;
5. ე. კ-ის /პ/ნ -----/ სარჩელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
5.1. ე. კ-ს /პ/ნ ----/ არასრულწლოვან შვილთან გ.ჯ-თან / დაბადებული 2015 წლის 09 იანვარს, პ/ნ --- / ურთიერთობა საქართველოში ყოფნისას განესაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ყოველი კვირის პარასკევ დღეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და უკან მამის - ა. ჯ-ის /პ/ნ ----/ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ასევე, ე. კ-ს მიეცეს უფლება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან წაყვანის და იმავე დღის 20:00 საათამდე უკან მამის, ა. ჯ-ის /პ/ნ ---/ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
ბ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ე. კ-მა /პ/ნ ---/ იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, გ. ჯ-ან 15 ივნისიდან 01 აგვისტომდე წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით.
გ) 01 აგვისტოდან 01 სექტემბრამდე არასრულწლოვანი ბავშვი, გ. ჯ-ი იქნება მამასთან - ა. ჯ-ან.
დ) ზამთრის არდადეგების პერიოდი განისაზღვროს შემდეგი სახით: ე. კ-მა იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან გ. ჯ-ან არდადეგების დაწყებიდან 07 იანვრამდე წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო 07 იანვრიდან 14 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვი გ. ჯ-ი იქნება მამასთან - ა. ჯ-ან.
5.2. ე. კ-ს /პ/ნ ----/ არასრულწლოვან შვილთან გ. ჯ-ან / დაბადებული 2015 წლის 09 იანვარს, პ/ნ ---- / ურთიერთობა საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში განესაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ე. კ-ს შვილთან ურთიერთობა მიეცეს კვირაში ორჯერ ოთხშაბათ და შაბათ დღეს დღის 19:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე კომუნიკაციის საშუალებით /Viber-ით, whatsapp-ის, მესენჯერით, ან სკაიპის/ მეშვეობით.
ბ) ა. ჯ-მა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია ე. კ-კს ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებიდან /იხ. 5.2 ,,ა“ პუნქტი/ რა აქვს ჩართული - ე. კ-ის მიერ ანალოგიური საკომუნიკაციო საშუალების ჩართვის მიზნით. ასეთ შემთხვევაში ა. ჯ-ის მიერ ასევე მიეწოდოს ე. კ-ს, თუ რა სატელეფონო ნომრით სარგებლობს - დედის მხრიდან შვილთან საუბრის მიზნით.
გ) ა. ჯ-მა უზრუნველყოს ზემოთ მითითებულ პერიოდში /იხ. 5.2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი/ სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალების გამართულობა/ჩართულობა ე. კ-ის მიერ შვილთან გ. ჯ-ან საუბრის მიზნით;
6. ე. კ-კს ა. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;
7. ე. კ-ს /პ/ნ ----/ დაუბრუნდეს მოცემულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარიდან - 100 (ასი) ლარი / გადახდილი ორჯერ 100 - 100 ლარი;
პირველი გადახდა - გადამხდელი გ. კ-ძე, პ/ნ ----, გადახდილი 16.01.2019 წელს, სს ,,----- ბანკში“ საგადახდო დავალება # - გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ბანკის კოდი -----, სახაზინო კოდი ------.
მეორე გადახდა - გადამხდელი გ.კ-ძე, პ/ნ -----, გადახდილი 24.12.2019 წელს, სს ,,----- ბანკში“ საგადახდო დავალება # -- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ბანკის კოდი -----, სახაზინო კოდი ------/;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე