Facebook Twitter

საქმე №ას-309-2022 7 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ქ. ხ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაცია იმას დაეფუძნა, რომ მოსარჩელისათვის საერთო შესასვლელი არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად. ამ კარით მოპასუხე მის საკუთრებაში არსებულ ფართს უკავშირდება. მოსარჩელემ როგორც სარჩელში, ისე სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ის საჯარო სივრციდან საცხოვრებელ სახლს უკავშირდება, რაც, სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტს.

3. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ საერთო შესასვლელით სარგებლობისა და ბინაში შესვლის შეუძლებლობა თითქოსდა მოპასუხის მიერ შესასვლელის გაუქმების, კედლის ამოშენების გამო, შესაბამისად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა უკანონო ხელშეშლა და დაევალა ქ. თბილისში, -. ----- ქ. N----ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში სადარბაზოში გასასვლელი კარის უკან არსებული კედლის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

5.1. ქ. თბილისში, -. ----- ქ. N----ში მდებარე სამოთახიანი ბინა, ფართით 57 კვ.მ, დამხმარე ფართი - 22 კვ.მ, სასარგებლო ფართი - 79 კვ.მ, სარდაფი - 9 კვ.მ, 1997 წლის 29 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელის მეუღლეს - ა. დ-ლს. ა. დ-ლი 2005 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა და მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით სრულად მიიღო და დაირეგისტრირა მისმა მეუღლემ - მოსარჩელემ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ------ ქ. N----ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 79 კვ.მ. რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება;

5.2. ქ. თბილისში, ----- ქ. N-----ში მდებარე ოროთახიანი ბინა და საცხოვრებელი ფართი - 40 კვ.მ, დამხმარე ფართი - 16 კვ.მ, სასარგებლო ფართი - 56 კვ.მ, სარდაფი - 10 კვ.მ, 1992 წლის 5 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. საკუთრებაში ს. კ-ემ მიიღო. ს. კ-ძე 2008 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა და მისი დანაშთი ქონება მისმა შვილმა ნ.კ-ემ სრულად მიიღო მემკვიდრეობით და საკუთრებაში დაირეგისტრირა. ნ. კ-ემ საკუთრებაში არსებული ბინის საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, ჯამში 56 კვ.მ გამიჯნა და გაყო ორ ფართად: 44.75 კვ.მ და 11.25 კვ.მ;

5.3. ქ. თბილისში, ---- ქ. N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 11.25 კვ.მ რეგისტრირებულია ი. ო-ას საკუთრების უფლება;

5.4. ქ. თბილისში, ---- ქ. N----ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 44.75 კვ.მ რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება;

5.5. ა. დ-სა და ს. კ-ვის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქ. თბილისში, ---- ქ. N----ში მდებარე ბინები ესაზღვრებოდა ერთმანეთს და ჰქონდათ საერთო გასასვლელი;

5.6. საინვენტარიზაციო გეგმაზე მონიშნული N - და N - ოთახები მოპასუხის საკუთრებაშია, N -, N -, N - და N - ოთახები - მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო N - ფართი მდებარეობს N- და N - ოთახებს შორის და საერთო სარგებლობის ფართს (საერთო გასასვლელს) წარმოადგენს, რომლითაც მითითებული ოთახები (N - და N -) სადარბაზოს უკავშირდება;

5.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა ნეგატორულ სარჩელს წარმოადგენს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი ისეთ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით;

5.8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ის და ს. კ-ვის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ბინები ესაზღვრებოდა ერთმანეთს და საერთო გასასვლელი ჰქონდათ. ასევე, დადგენილია, რომ ფართი (N- ოთახი), რომელზეც დავობს აპელანტი, სწორედ საერთო გასასვლელს წარმოადგენს და, შესაბამისად, მოსარჩელისა და მოპასუხისათვის საერთო სარგებლობის ფართია, იმავდროულად - სადარბაზოსთან დამაკავშირებელი საშუალება. აღნიშნულს მხარეთა ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში წარმოდგენილი, საინვენტარიზაციო გეგმაც ადასტურებს, რომლის პირველი სართულის გეგმაზეც საერთო ფართად (შესასვლელად) მონიშნულ ნაწილზე თავისუფლად ჩანს სადარბაზოს კიბის უჯრედი;

5.9. ქ. თბილისში, --- ქ. N----ში მდებარე უძრავი ქონება 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლია და სადავო შესასვლელი (ფართი N-) საერთო სარგებლობის ფართია, რომელიც უკავშირდება როგორც აპელანტის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებას, თუმცა აპელანტი ამ შესასვლელით ვერ სარგებლობს;

5.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N ---- დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, - --- ქ. N ---ში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ---- ქუჩაზე მოხვედრა, ცენტრალური სადარბაზოს კარის გავლით, N -- და N -- ოთახებს შორის არსებული ხის კარის გახსნის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია;

5.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდებოდა, რომ მხარეთა საკუთრებას შორის მოთავსებულია საერთო სარგებლობის შესასვლელი, რომლითაც აპელანტი ვერ სარგებლობდა, რამდენადაც ფართში არსებული კარი იღებოდა მოპასუხის საკუთრების მხარეს და მას შეზღუდული ჰქონდა, თავის საცხოვრებელში, სადარბაზოს გავლით მოხვედრა. საქმეში წარდგენილი N---- ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა ისიც, რომ მოსარჩელის კუთვნილი ფართიდან (საინვენტარიზაციო გეგმაზე N-- ოთახი) ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, ვერ მოხდა არსებული ხის კარის ღიობის გავლით, რომელიც გადის სადარბაზოში გასასვლელ ფართში (საინვენტარიზაციო გეგმაზე N-- ოთახი), საერთო სარგებლობის ფართში მოხვედრა, ვინაიდან აღნიშნული ხის კარი იყო დაკეტილი, ხოლო მოსარჩელის განმარტებით, მისი კუთვნილი N-- ოთახის მეორე მხარეს განთავსებული N-- ოთახის მხრიდან მეზობლის მიერ აღნიშნული კარის ღიობი არის ამოშენებული. პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე დაკითხული ექსპერტის, ბ. ბ-ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ექსპერტის მიერ ვერ დადგინდა, ქ. თბილისში, - --- ქ. N---ში სადარბაზოს გასასვლელი კარი იყო თუ არა ამოშენებული, რადგან ადგილზე გამოცხადების დროს ქუჩის მხრიდან არსებული სადარბაზოს კარის გავლით მარჯვენა მხარეს არსებული შესასვლელი ოთახის თეთრი ხის კარი იყო დაკეტილი და ვერ მოხერხდა ოთახებში და ფართში შეღწევა. ექსპერტმა აღნიშნულ შენობას ქუჩიდან, ბაღის მხრიდან შემოუარა და ისე შევიდა N- ოთახში. მასში შესვლის შემდეგ ექსპერტს დახვდა სხვა ოთახში გასასვლელი თეთრი ხის კარი, რომელზეც მიყუდებული იყო დივანი და კარი იყო ჯაჭვით დაკეტილი და ედო ბოქლომი, შესაბამისად, იგი მე-- ოთახში ვერ შევიდა, ხოლო აღნიშნული დივანი კარზე N- ოთახის მხრიდან იყო მიდგმული. ექსპერტი შეეცადა ფანჯრიდან შეეხედა და გაერკვია მეორე ოთახში არსებული მდგომარეობა, მაგრამ ვიზუალიზაცია და აღქმა ვერ მოხერხდა;

5.12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს საერთო სარგებლობის N -- ფართით, აღნიშნულ ფართში მოხვედრა ვერ შეძლო ექსპერტმა ვერც სადარბაზოს და ვერც N -- ოთახის მხრიდან. N -- საერთო სარგებლობის ფართი მოპასუხეს ინდივიდუალურ სარგებლობაში აქვს მოქცეული და მოსარჩელეს არ ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს საერთო საკუთრებით;

5.13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელისათვის საერთო შესასვლელი არ წარმოადგენდა საკომუნიკაციო საშუალებას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად და ამ კარით მოპასუხე მის საკუთრებაში არსებულ ფართს უკავშირებდა, ხოლო თავად მოსარჩელე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებას სხვა საჯარო სივრციდან ახერხებდა, რაც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან მისთვის რაიმე ხელშეშლის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ფართის სტატუსი დადგენილია (უტყუარად დადასტურდა, რომ სადავო ფართი საერთო სარგებლობისაა), ხოლო ის გარემოება, რომ აპელანტი სხვა მხრიდან მაინც ახერხებდა საცხოვრებელ სახლში მოხვედრას, მნიშვნელოვნად არ მიიჩნია;

5.14. სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით საფუძვლიანია, მოსარჩელემ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რომ იგი ქონების თანამესაკუთრეა, მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ზემოქმედება კი არსებითი ხასიათისაა და დაუშვებლად ხელყოფს მის ინტერესებს.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ თვითნებურად ამოაშენა საერთო სარგებლობის ფართთან დამაკავშირებელი ღიობი, რის გამოც ვერ სარგებლობს საერთო სარგელობის ფართით. მოსარჩელე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად უთითებდა ერთადერთ მტკიცებულებაზე - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან მომზადებული დაკვნის შინაარსზე, რომლითაც, თავის მხრივ, არ დგინდება და არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტი;

6.2. კასატორმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც - მოსარჩელის უძრავი ქონებიდან ---- ქუჩაზე მოხვედრა ცენტრალური სადარბაზოს გავლით შეუძლებელია N- და N- ოთახებს შორის ხის კარის გახსნის გარეშე... მოსარჩელის კუთვნილი ფართიდან (საინვენტარიზაციო გეგმაზე N- ოთახი) ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ვერ მოხდა არსებული ხის კარის ღიობის გავლით, რომელიც გადის სადარბაზოში გასასვლელ ფართში (საინვენტარიზაციო გეგმაზე N - ოთახი) საერთო სადარბაზოს ფართში მოხვედრა, ვინაიდან აღნიშნული ხის კარი იყო დაკეტილი, ხოლო განმცხადებლის განმარტებით მოსარჩელის კუთვნილი N - ოთახის მეორე მხარეს განთავსებული ოთახის მხრიდან კარის ღიობი მეზობლის მხრიდან არის ამოშენებული;

6.3. მოცემული დასკვნის საფუძველზე კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელე, მისივე საცხოვრებელი ფართიდან სადარბაზოს ვერ უკავშირდება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისივე საკუთრებაში არსებული გასასვლელი კარი თავად აქვს დაკეტილი (მოპასუხე ვერ დაკეტავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ კარს, ამის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი). ასევე ექსპერტიზისნ დასკვნით არ დადგენილა, რომ სადარბაზოში გასასვლელი კარის ღიობი არის ამოშენებული, ხოლო მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს კარის ღიობი ამოშენებულია ემყარება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. ამგვარად, წარმოდგენილი დასკვნით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს საერთო საკუთრებით სარგებლობაში;

6.4. რაც შეეხება, სააპელაციო საამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ექსპერტის ადგილზე გამოცხადების დროს ქუჩის მხრიდან არსებული სადარბაზოს კარის გავლით მარჯვენა მხარეს არსებული შესასვლელი ოთახის თეთრი ხის კარი იყო დაკეტილი და ვერ მოხდა ოთახებში და ფართში შეღწევა, ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს საერთო სარგებლობის ფართით, არ შეესაბამება რეალობას. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული გარემოებით დასტურდება სასამართლოს მხრიდან ზემოხსენებული მსჯელობის საწინააღმდეგო, კერძოდ, აღნიშნული გარემოებით ცალსახად დასტურდება, რომ ექსპერტმა საერთო სარგებლობის ფართში შეღწევა დაუბრკოლებლად მოახერხა და მას საერთო სარგებლობის ფართში შეღწევისას არ დახვედრია ამოშენებული კედელი, პირიქით ექსპერტს საერთო სარგებლობის ფართში შესვლის შემდეგ დახვდა მხოლოდ ის თეთრი ხის კარი, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის მხრიდან იყო დაკეტილი, რომლის დაკეტვასაც, ბუნებრივია, მოპასუხე ვერ მოახერხებდა. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახად დასტურდება, რომ საერთო სარგებლობის ფართთან დასაკავშირებლად არ არსებობდა რაიმე სახის შემზღუდავი ან დამაბრკოლებელი ბარიერი (ამოშენებული კედლის სახით). შესაბამისად, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტის მხრიდან მიცემულ ჩვენებას და დააკმაყოფილა უსაფუძვლო სარჩელი, რის შედეგადაც მოპასუხეს იმ კედლის დემონტაჟი დაავალა, რომელიც არ არსებობს;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

9. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

11. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.).

13. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

14. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად უთითებს მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტს, თუმცა, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, რომ მოპასუხეს ამოშენებული აქვს კარის ღიობი, რის გამოც მოსარჩელეს საერთო სარგებლობის ფართთან დაკავშირება ეზღუდება. მოპასუხის მიერ სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელში, სხვასთან ერთად, ეს გარემოებაც შედავებულია და მითითებულია, რომ „მოპასუხემ საცხოვრებელი ფართი არსებული სახით შეიძინა და მასში არანაირი ცვლილება, მათ შორის არც კედლის ამოშენება არ განუხორციელებია, მოპასუხე ფართს საკუთრების უფლებით ფლობს საჯარო რეესტრის ამონაწერში მოცემული კვადრატულობის სიზუსტით, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მოპასუხისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას, შეამცირებს მოპასუხის საკუთრებას, რითაც უხეშად შეილახება საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება“ (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 258, ასევე- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის პოზიცია - ს.ფ. 316). საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტებს და დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ „ქ. თბილისში, ----- ქ. N ----ში, მოქ. ე. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ----- ქუჩაზე მოხვედრა, ცენტრალური სადარბაზოს კარის გავლით, N - და N -ოთახებს შორის არსებული ხის კარის გახსნის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია“ (იხ. დასკვნა- ს.ფ. 159) ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტს, რადგან მოსარჩელეს არ გაუქარწყლებია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ ამ უკანასკნელმა საცხოვრებელი ფართი შეიძინა არსებული სახით და მასში არავითარი ცვლილება არ განუხორციელებია (შეად. სუსგ-ას N ას-826-2021, 17.11.2021წ; პ.15) სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ-ები: N ას-843-809-2016, 26.10.2016 წელი; N ას-674-2019, 30. 09.2019 წ; N ას- 826-2021, 17.11.2021წ.).

15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021

16. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ №ას-1041-998-2016).

17. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს, არის თუ არა მოსარჩელის საკუთრებიდან სადარბაზოში გამავალი კარის ღიობი ამოშენებული და ხომ არ ეზღუდება საერთო სარგებლობის ფართით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის განმარტება, რომ გასასვლელი კარის უკან, კედელია ამოშენებული, არ არის გამყარებული დამაჯერებელი და სათანადო მტკიცებულებებით, რადგან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით სადარბაზოში გასასვლელი კარის ღიობის ამოშენების ფაქტი არ დასტურდება, მარტოოდენ მხარის-ახსნა განმარტება კი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად არასაკმარისი მტკიცებულებაა, თანაც იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის შედავება იმას ეფუძნება, რომ მან არსებული სახით შეიძინა საკუთრება და დღემდე უცვლელი სახით ფლობს.

18. როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, N- და N- ოთახებს შორის არსებული ხის კარის გახსნის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია უძრავი ქონებიდან სადარბაზოს გავლით --- ქუჩაზე მოხვედრა. ექსპერტმა, მოსარჩელის კუთვნილი ფართიდან (საინვენტარიზაციო გეგმაზე N- ოთახი) არსებული ხის კარის ღიობის გავლით, ვერ შეძლო საერთო სარგებლობის ფართში მოხვედრა, რადგანაც ხის კარი, რომლითაც მოსარჩელე მისი საცხოვრებელი ფართიდან სადარბაზოს უკავშირდებოდა, დაკეტილი იყო. ეს კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელე მისი საცხოვრებელი ფართიდან სადარბაზოს ვერ უკავშირდებოდა, რადგან მისივე საკუთრებაში არსებული გასასვლელი თავად ჰქონდა დაკეტილი. მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს განეკუთვნება, რაც მან მცემულ შემთხვევაში ვერ დაამტკიცა.

19. სსსკ-ის 53.1-ე მუხლის თანახმად და იქედან გამომდინარე, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კასატორის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელეს (აპელანტს) დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ე. დ-ლს, ქ. ხ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე