Facebook Twitter

3გ-ად-56-გ-02 28 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. კვირკველიას სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.06.02წ. ¹1-3/387 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის I პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული მონაცემების შეუსრულებლობისათვის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილების უფროსი გ. კვირკველია.

გ. კვირკველიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. ქ. თბილისის ვაკე-საბურთლოს რაიონული სასამართლოს 15.11.02წ. განჩინებით გ. კვირკველიას სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან ეხება სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანების ანუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კვირკველიას სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილ სასამართლოში, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის _ საქართევლოს ქონების მართვის მინისტრის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.12.02წ. განჩინებით გ. კვირკველიას სასარჩელო განცხადება მოპასუხე _ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსა და ყოფილ საჯარო მოსამსახურე გ. კვირკველიას შორის, ამდენად დავის საგანს შეადგენს არა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრის ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე გ. კვირკველიას სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადად მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.06.02წ. ¹1-3/387 ბრძანება მიღებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, რომლიც საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს. განსახილველ დავაში მოსარჩელეა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს განყოფილების ყოფილი უფროსი გ. კვირკველია, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოა და რადგან სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს სამინისტრო წარმოადგენს, განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.06.02წ. ¹1-3/387 ბრძანება გ. კვირკველიას და სამინისტროს შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა. ამასთან, 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა შემოიღო ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტი, კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება». განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ გ. კვირკველიას და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს შორის, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.06.02წ. ¹1-3/387 ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 04.06.02წ. ¹1-3/387 ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად გ. კვირკველიას და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს საჯარო-შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ არის ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან» და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს იმ შემთხვევაში თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, გ. კვირკველიას სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კვირკველიას სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

2. გ. კვირკველიას სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.