საქმე №ას-651-2022 16 სექტემბერი,2022
წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ფ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "--------- ბანკი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „------ ბანკის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი:
1.1. ფ. კ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6505.67 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის 5261.56 ლარი, საპროცენტო სარგებელი -1144,11 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 100 ლარი.
1.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 195.17 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. ბანკსა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 26 ივლისს №----- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 5500 ლარი, წლიური 30%-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2045 წლის 14 დეკემბრამდე განისაზღვრა.
3.2. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად გახარჯული თანხის მინიმალური ოდენობა უნდა შეეტანა, რომელიც შემდეგნაირად გამოითვლებოდა: დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე არსებული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, არსებობის შემთხვევაში. დაანგარიშების თარიღად ყოველი თვის 20 რიცხვი განისაზღვრა. მინიმალური ოდენობა დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25 დღის განმავლობაში უნდა დაფარულიყო. ამის შემდეგ იწყებოდა პირგასამტეხლოს -ყოველი პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ფიქსირებული 20 ლარის, ხოლო შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ის დარიცხვა.
3.3. მსესხებელმაუკანასკნელად, 2018 წლის 13 სექტემბერს, 390 ლარი გადაიხადა. აღნიშნულის შემდეგ საკრედიტო ბარათის ძირითადი თანხის დავალიანებამ 5261.56 ლარი შეადგინა.
3.4. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხაა 5261.56 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1144.11 ლარი, ჯარიმა კი - 526.16 ლარი .
4. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ ემყარება იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოვალის ოჯახის წევრს, კერძოდ, მოვალესთან მცხოვრებ მეუღლის დას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც აპელანტის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნულის საფუძველზე, ბანკი ვალდებული იყო, სესხის გრაფიკი შეცვლილი გარემოებებისადმი მიესადაგებინა, რაც არ შეასრულა, ეს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეცვლილი გარემოება უნდა იყოს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა, დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეული შედეგების წინაშე არ უნდა იდგეს, შესაბამისად, ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ცვლილება კონტრაჰენტის რისკის ან კონტროლის სფეროს ან რამდენად ითვალისწინებდნენ მხარეები ცვლილებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების მიზანი და ხასიათი. რისკი კი შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე - საგულისხმოც იყოს. გარემოებები იმდენად მკვეთრად და კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რომ თუკი მხარეები შემდგომში თავდაპირველ შეთანხმებას გაჰყვებოდნენ, ეს გამოიწვევდა სამართლისა და სამართლიანობის ცნებებისადმი აშკარა შეუსაბამობას (იხ. სუსგ საქმე №ას-251-2021, 11.06.2021 წ).
6. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, აპელანტის შედავების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, რამდენად შეცვლილია მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისთვის.
7. სადავო არაა, რომ აპელანტის (მოვალის) სახელზე სესხი მის სამეწარმეო საქმიანობაზე დაყრნობით და ფინანსური შესაძლებლობების შეფასებით გაიცა; დავის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის კუთხით რაიმე ცვლილების არსებობაზე მას მტკიცებულება ან პოზიცია არ წარუდგენია. შესაბამისად, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის სამეწარმეო საქმიანობას რაიმე დაბრკოლება არ წარმოშობია და ამ კუთხით, მისი შემოსავალი არ შემცირებულა. ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სესხის ხელშეკრულების გაფორმებას არ შეცვლილა, მოვალე კვლავ აგრძელებს სამეწარმეო საქმიანობას. სასამართლოს განსჯით, აპელანტმა (მოპასუხემ) მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის იმავე გარემოების არსებობისას, ხელშეკრულება ან არ დაიდებოდა, ან დაიდებოდა სხვა პირობებით. მითითებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 398-ე მუხლით განსაზღვრული შეცვლილი გარემოების შეფასების ინდიკატორებია, რაც ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა. ის ფაქტი, რომ მოვალეს დამატებითი ხარჯები წარმოეშვა, ხსენებული მუხლის მიზნებისთვის შეცვლილ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.
8. რაც შეეხება აპელანტის მითითებას სსკ-ის 387-ე მუხლზე (თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი), სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება და აღნიშნა, რომ, მიუხედავად მოვალის უფლებისა, ამოირჩიოს რამდენიმე ვალდებულებიდან ერთ-ერთის შესრულება, ეს არ ნიშნავს სხვა ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლებას ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის აკრძალვას. სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ აპელანტს, სსკ-ის 387-ე მუხლის საფუძველზე, არგუმენტირებული პოზიცია არ წარუდგენია და სააპელაციო საჩივარში მხოლოდ აღნიშნულ ნორმაზე მითითებით შემოიფარგლა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბანკის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო და მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, სულ - 6505.67 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ მოპასუხის (მსესხებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრვი გარემოებებსა და სამართლებრივ მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩნების 3.1-3.4, 4-8 პუნქტები) და მიუთითებს მათზე.
15. კასატორის ძირითადი პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ფინანსური სირთულეები და ხელშეკრულება არ მიუსადაგა შეცვლილ გარემოებას; მოპასუხის ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა, რადგან საჭირო გახდა დამატებითი ხარჯების გაღება მკურნალობისა და მედიკამენტებისათვის, რის შესახებაც მოვალემ არაერთხელ აცნობა ბანკს. მოპასუხე მოითხოვდა ყოველთვიური გადასახადის შემცირებას, ხელშეკრულების ვადის გაზრდას და მიმდინარე დავალიანების, მათ შორის - სარგებლისა და ჯარიმების საკრედიტო ხელშეკრულების ერთ მოცულობად მიჩნევას, რაც კრედიტორმა არ გაითვალისწინა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში – vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და, რომლის პირობებშიც, უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედეგებით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად (შეადრ. სუსგ N ას-1056-2021, 17.12.21 წ).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი – სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი – სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის „პირობის თეორიიდან“, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.), (შეად. სუსგ Nას-1056-2021, 17.12.2021 წ).
18. სსკ-ის 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. „ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ (შეად.სუსგ N ას-309-295-2012, 26.03.2012 წ).
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა დასტურდებოდა და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილი: „თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა“. მოცემულ საქმეზე არ დგინდება სსკ-ის 398.1-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რადგან ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილი უნდა იყოს ისეთი ობიექტური საფუძვლის მოშლა, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა ნება ეფუძნება ერთი მხარის წარმოდგენებს, რომლებიც ცნობილი იყო მეორე მხარისათვის და გაპროტესტების გარეშე იქნა მიღებული ან მხარეთა ნება ემყარება გარკვეული გარემოებების არსებობის ან მომავალში წარმოშობის შესახებ ორივე მხარის ერთობლივ წარმოდგენებს. ნორმას იყენებენ პრაქტიკულად ისეთ ვითარებაში, როდესაც შეცვლილი გარემოება სცდება მხარეთა გონივრულ მოლოდინს ანუ, თუკი გარემოებათა ცვლილება სახელშეკრულებო რისკების ფარგლებში განჭვრეტადია და მხარეებს შეეძლოთ მისი გათვალისწინება ან თუნდაც უშვებდნენ ასეთ ცვლილებას, მაშინ სამოქალაქო კოდექსის 398.1-ე მუხლი არ გამოიყენება (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, 398, ველი 2).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას სახელშეკრულებო მოლაპარაკების პროცესში, მაშინ სასამართლო წყვეტს: ხელშეკრულება შესრულდეს უცვლელი შინაარსით, ადაპტირდეს თუ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდეს. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი და ხელშეკრულების სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, მოდიფიცირებული ხელშეკრულება ყოველთვის მხარეთა თავდაპირველი სახელშეკრულებო ინტერესებისა და მიზნების ამსახველი უნდა იყოს.
21. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისას კეთილსინდისიერების პრინციპის თვალთახედვით უნდა შეფასდეს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებათა წონასწორობის რღვევის ხარისხი და მისი შედეგები. ვინაიდან, კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის შეფასებისათვის უმთავრესი მექანიზმია, ამიტომ, ხელშეკრულების ადაპტაცია არ იწვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვას, არამედ ბუნებრივი და სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად (იხ. სუსგ Nას-34-2022, 21.06.2022წ).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით, მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს, თავის მხრივ, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს, არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა, გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მას კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე დასაშვებად ცნობს საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ფ. კ-ს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. კ-ის (პ/ნ ------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 320,25 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 16 ივნისი), 70% – 224,17 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური