საქმე №ას-788-2022 26 სექტემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი/განმცხადებელი – ა. ხ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე------ო კ-------“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის და 13 ივლისის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის/განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი –სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ა. ხ-ის სარჩელი, შპს "ე----ო კ-----"-ის მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს "ე-----ო კ-----"-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 1 ივნისს, განცხადებით მიმართა ა. ხ-მა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ა. ხ-ის 2022 წლის 1 ივნისის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების მე-4 გვერდზე მე-2 აბზაცში მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის ოქმის და საოქმო განჩინების თარიღი გასწორდა და მიეთითა 22.03.2021 წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ხ-ის შუამდგომლობა მოსამართლე მ. ე-ის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე წლის 13 ივლისის განჩინებით ა. ხ-ის კერძო საჩივარი, წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 11 აგვისტოს უზენაეს სასამართლოში ა. ხ-მა წარადგინა კერძო საჩივარი (განცხადებით) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის და 13 ივლისის განჩინებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ხ-ის შუამდგომლობა, მოსამართლე მ. ე-ის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი, წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის და 13 ივლისის განჩინებებით, მოსამართლის აცილების თაობაზე განცხადებასა და კერძო საჩივარზე საკასაციო წარმოება დასრულდა და განჩინებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, ა. ხ-ის მიერ, 2022 წლის 11 აგვისტოს წარმოდგენილი კერძო საჩივარი (განცხადება) უნდა დარჩეს განუხილველი. ვინაიდან, მან წარმოადგინა კერძო საჩივარი(განცხადება) საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და არ საჩივრდება. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები სავალდებულოა და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ხ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი