Facebook Twitter

საქმე №ას-763-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ---ი ე---- ე---- გ----ი“(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი –ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა„ქ----ი ე---მ ე-- გ--მა“ (შემდეგში - ამხანაგობა ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა ა. ა-ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 275500 ლარის გადახდის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 5 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე ყოველწლიურად 82650 ლარი და 2020 წლის აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 27550 ლარი. ( იხ. ტ.1.ს.ფ.6).

2. სარჩელის თანახმად, ამხანაგობის 2017 წლის 4 ივლისის კრებაზე ამხანაგობის ქონების ხელახალი განაწილებისას, ქ.ბორჯომში, ---- ქ. N-- მიმდებარედ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე N- კომერციული ფართი, 203.9 კვ.მ. გადაეცა მოპასუხეს, რომლის ღირებულება დღემდე არ გადაუხდია. უძრავი ქონება 2017 წლის 20 სექტემბრიდან საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მოპასუხისათვის გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 275500 ლარია.

3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს ვალდებულების შესრულებას და მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრებას, ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ( იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.8).

4. მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი - სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეებს შორის სადაო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და აქედან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობა. მოპასუხის მითითებით, მოპასუხეზე გადაცემული ქონების ღირებულება გამსეხებელ კ. გ-ლს გაქვითული აქვს ამხანაგობაზე გაცემული სესხის პროცენტის ანგარიშში. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიყენების ფაქტსა და დამდგარ შედეგთან, ასევე წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი - მოსარჩელის უსაფუძვლო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულიცაა ( იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.88, 91.).

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 275 500 ლარის გადახდა.( იხ. ტ.2, ს.ფ. 70).

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის - უარყოფილი იქნა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილი იქნა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 69-ე, 323-ე, 327-ე, 477-ე და 361-ემუხლებზე მითითებით.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება მოხდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.

10. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება, რაც მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს - თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას. წერილობითი გარიგების შედეგად გამყიდველის უარი ნასყიდობის ფასის მიღებასა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში შემძენის სახელზე დარეგისტრირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების დარღვევა და არა ვალდებულების შეუსრულებლობა გარიგების ფორმადაუცველობის საფუძვლით.

11. უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმების ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. იმავე შინაარსისაა სსკ-ის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის, უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა(სსკ-ის 59-ე მუხლი).

12. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სსკ-ის 323-ე და 183-ე მუხლის დანაწესები ურთიერთშეჯერებით უნდა იქნეს განხილული. ამასთან, სსკ-ის 323-ე მუხლი თავისი ბუნებით იმპერატიული ნორმაა, რომლის მიზანი, როგორც ზოგადად ყველა იმპერატიული ნორმების მიზანი კერძო უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაშია. კანონის განმარტება კანონის ბუნდოვანი ადგილების დაზუსტებას და ტექსტის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესებით პრობლემის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საფუძველია. კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება მაშინაა, როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო ხარვეზიანი ნორმის ტექსტისა და სამართლის ძირითად პრინციპების შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა - კანონმდებლის მიზანი.

14. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ განსახილველო შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე არ არსებობს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. იმისათვის, რომ დადგინდეს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, უნდა დასტურდებოდეს მხარეთა შორის კონსენსუსი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ უფლება-მოვალეობებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში, არ ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სათანადოდ დადასტურება. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით მოსარჩელის (აპელანტი) პრეტენზიას, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა, აღნიშნული გამორიცხავდა მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დამაყოფილება.

16. საკასაციო საჩივარი ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 393.3 მუხლის დარღვევას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასდა სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის დარღვევით, ასევე, არასწორადაა განაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.

17. კასატორი აღნიშნავს, უდავო გარემოებაა, რომ ამხანაგობის 2017 წლის 4 ივლისის კრების ოქმით მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ.ბორჯომში, --- ქ.N-- მიმდებარედ მდებარე კომერციული ფართი N-, სართული N-, 203.90 კვ.მ, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 275500 ლარს. კ. გ-ლს ამხანაგობისათვის უნდა ესესხებინა 300 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელს წარმოადგენდა ამხანაგობის მიერ კ. გ-ვის მშენებლობის დასრულების შემდეგ 400 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 75000 აშშ დოლარს.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შეფასება მხარეთა შეთანხმების არარსებულად და ფორმის დაუცველად მიჩნევასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ამხანაგობის კრების ოქმი სწორედ წერილობითი ფორმით დადებული გარიგებაა, რომელიც საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს, იგი ნამდვილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, არ გაუხდია ასევე საჯარო რეესტრს, რომელმაც მიიღო და საკუთრებაში დაურეგისტრირა მოპასუხეს უძრავი ქონება.

18. კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა, იგი ვალდებული იყო განეხორციელებინა თავისი პროცესუალური ვალდებულება და მოეხდინა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება. მითუმეტეს, როცა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით შეფასების გამო მიიღო.

19. კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურება, კერძოდ, მოპასუხესთან მისი ურთიერთობა გამომდინარეობდა თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი მარტო ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს (გადაწყვეტილება გვ. 8), თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად მოპასუხე უარყოფს და გამორიცხავს არსებულ ურთიერთობაში, თუნდაც ჩუქების არსებობას. დადასტურებულია და მოწინააღმდეგის მიერ შედავებული არ არის ამხანაგობის კრების ოქმით უძრავი ქონების გადაცემის, მოპასუხის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციისა და ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტები. ის გარემოება კი, შეწყდა თუ არა მოპასუხის ვალდებულება, რაც მხარეთა შორის ძირითადი სადავო გარემოებაა, ამ უკანასკნელის სამტკიცებელია.

20. კასატორი მიუთითებს, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოპასუხეზე გადაცემული ქონების ღირებულება გამსესხებელ კ. გ-ლს (მოსარჩელის კრედიტორს) გაქვითული აქვს ამხანაგობაზე გაცემული სესხის პროცენტის გადახდის ანგარიშში, რამდენადაც მას ჰქონდა მოპასუხის მიმართ დავალიანება, ამხანაგობას ჰქონდა კ. გ-მი ვალდებულება ნატურით გადაცემის შესახებ და კ. გ-ის დავალებით სადავო ფართი ამხანაგობამ პირდაპირ გადასცა მოპასუხეს. აღნიშნულის მტკიცება მოპასუხის მხრიდან სწორედ იმის მანიშნებელია, სულ რომ სწორი იყოს ეს გარემოება და მომხდარიყო ქონების გადაცემა მოპასუხეზე დავალების ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ღირებულების გაქვითვა კ. გ-ან, ამ შემთხვევაშიც კი სამართლებრივად მხოლოდ ნასყიდობის საშუალებით იყო შესაძლებელი აღნიშნულის ფორმის დაცვა საჯარო რეესტრში. თუმცა, მოცემულ ვითარებაში ყოველგვარ გაქვითვაზე საუბარი სამართლებრივად გაუმართლებელია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სსკ-ის 442-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეს უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარეს გაუქვითოს წარმოშობილი, განხორციელებადი, არასადავო და ვადამოსული მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოწმეს შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე დღემდე მიმდინარეობს სამართალწარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, §24; K.S. v. finland § 21).

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

28. განსახილველი დავის საგანს მოპასუხისათვის უძრავი ქონების საფასურის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელე მიუთითებს მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის სამართალურთიეთობაზე, საიდანაც გამომდინარეობს მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ.ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

32. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

33. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

34. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

35. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

36. სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 323-ე და 327-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია: მხარეთა ნამდვილი ნება, არსებით პირობებზე შეთანხმება და გარიგების წერილობითი ფორმით შედგენა.

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება.

38. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, უფლება აქვთ დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103).

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვებათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით. (შდრ: ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი3, თბილისი, 2019).

40. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულების დადების საკითხზე:

41. ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. (იხ., სუსგ Nას-338-2019, 22.03.2021).

42. ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება მაშინ არსებობს, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით განხორციელებული ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს სულ ცოტა, ორი მხარის ნებათა თანხვედრის (კონსესუსს) ლოგიკურ შედეგს, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ურთიერთმბოჭავ შეთანხმებას მიაღწევენ. აღნიშნული სახელშეკრულებო კონსესუსი მიიღწევა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ხელშეკრულების დადების შეთავაზებით და შეთავაზებაზე თანხმობის მიღებით; (იხ., სუსგ №ას-898-848-2015, 09 მარტი, 2016 წელი).

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 327.I მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ყველა მის არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ რას მოიზრებს ხელშეკრულების არსებითი პირობა (essentialia negotii). სსკ-ის 327.II მუხლის მიხედვით, „არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი იშვიათი გამონაკლისის გარდა, (რადგან თითოეული ტიპის ხელშეკრულებას აქვს კანონით გაწერილი „მინიმალური შინაარსი“, რომლესაც ქმნიან ის პირობები, რომლებზეც შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება), არ განსაზღვრავს. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების არსებითი პირობებია: მხარეები, საგანი და ფასი, რომლებზე შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება (შდრ: ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 327, ველი 8, თბილისი, 2019). არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები, რომელზეც მხარეთა შეთანხმების მიღწევის გარეშე, ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებად მიიჩნევა ნასყიდობის საგანი და ფასი (შდრ: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 327, გვ.90, თბილისი, 2001).

44. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზეც, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, არამედ საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება მოხდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.სსკ-ის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება.

46. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.

47. ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა, ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.

48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას.

49. სსკ-ის 477-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი, რასაკვირველია, საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებით (მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე), ისე სანივთო (გარიგებით საკუთრების უფლების განკარგვა და გადაცემა ხდება) გარიგების ელემენტებს და იგი, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული. უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმასავალდებულოობა ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს - უძრავი ნივთების სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას (იხ., სუსგ №ას-898-848-2015, 09 მარტი, 2016 წელი).

50. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრებას.

51. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

52. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ ამხანაგობის 2017 წლის 4 ივლისის კრებაზე ამხანაგობის ქონების ხელახალი განაწილებისას, ქ.ბორჯომში, ----- ქ. N--- მიმდებარედ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულაზე N- კომერციული ფართი, 203.9 კვ.მ. გადაეცა მოპასუხეს, რომლის ღირებულება დღემდე არ გადაუხდია. უძრავი ქონება 2017 წლის 20 სექტემბრიდან საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მოპასუხისათვის გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 275500 ლარს. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს შეფასება მხარეთა შორის ნასყიდობის შეთანხმების არარსებულად და ფორმის დაუცველად მიჩნევასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ამხანაგობის კრების ოქმი სწორედ წერილობითი ფორმით დადებული გარიგებაა, რომელიც საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს, იგი ნამდვილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, არ გაუხდია ასევე საჯარო რეესტრს, რომელმაც მიიღო და საკუთრებაში დაურეგისტრირა მოპასუხეს უძრავი ქონება.

53. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ამხანაგობის 2017 წლის 4 ივლისის კრების ოქმი, რომლითაც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ.ბორჯომში, ---- ქ.N--- მიმდებარედ მდებარე კომერციული ფართი N-, სართული N-, 203.90 კვ.მ, და რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, წარმოადგენს სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას.

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს.2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს.3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

57. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

58. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის)დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება, თანხის გადახდა, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოსიმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (სსსკ-ის მე–4 მუხლი)“ (იხ., თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).

60. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის განმაპირობებლი ფაქტობრივი გარემოებანი. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4; ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 182.).

61. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4 I-ელ მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთიმოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას.ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამმტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ.სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად. ,,მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.

64. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

65. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.

66. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.

67. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები_ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

69. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

70. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

71. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

73. მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებული პრინციპი _ „jura novit curia“ -სასამართლომ იცის კანონი, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (შდრ: სუსგ №ას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019).

74. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული ფასის გადახდის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა.

75. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების პ.14-ში განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმისათვის, რომ დადგინდეს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, უნდა დასტურდებოდეს მხარეთა შორის კონსენსუსი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ უფლება-მოვალეობებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში, არ ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სათანადოდ დადასტურება. საკასაციო პალატა ამიტომაც არ იზიარეს კასატორის პრეტენზიას, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

77. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

79. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 3000 ლარი, ხოლო დარჩენილი 3000 ლარი გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება).

80. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი განუხილელად დარჩა დაუშვებლობის გამო, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადასხდელი სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრება 6000 ლარის 30% -ით, რაც შეადგენს 1800 ლარს. ვინაიდან კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 3000 ლარი, მას სახელმწიფო ბიჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ----ი ე---- ე--- გ---ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ქ----ი ე--- ე-- გ--ს“ (ს.კ:------) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს დ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 05.07.2022-ში N-- საგადასახადო დავალებით გადახდილი 3000 ლარიდან 1200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

...