საქმე №ას-752-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ----ინ ჯ-----ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ----ი ე--- კ-----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ჯ---ი ე--- კ----მ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-----ინ ჯ----ას“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 16000 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 3 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით მოპასუხეს გადასცა ბულდოზერი, სანაცვლოდ იჯარის ღირებულებამ შეადგინა 16 000 ლარი. სადავო ურთიერთობის არსებობა დასტურდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული ანგარიშფაქტურით. მოპასუხეს იჯარის თანხა სრულყოფილად არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მისთვის მომსახურება არ გაუწევია, რაც გამორიცხავს საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მითითებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ 2019 წლის 23 მარტიდან 30 მარტამდე განეხორციელებინა მიწის სამუშაოები „KOMATSU-ს“ მარკის ბულდოზერით, ხოლო შემკვეთს უნდა აენაზღაურებინა მენარდისთვის მომსახურების საზღაური ერთ ნამუშევარ დღეზე 2000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით).
7. წინამდებარე დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა მენარდის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების შესრულების ფაქტი, რასაც აპელანტი უარყოფს და აღნიშნულზე დაყრდნობით უარს აცხადებს საზღაურის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე, 105-ე მუხლებზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 23 მარტიდან 30 მარტამდე პერიოდში 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.
9. მოსარჩელემ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად საქმეში წარადგინა რიგი მტკიცებულებებისა, რომლებიც სააპელაციო პალატამ შეაფასა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად.
10. №ეა------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის მარტში, მომსახურების გამწევს (გამყიდველს) წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო მომსახურების მიმღებს (მყიდველს) - მოპასუხე. მომსახურების საფასური ემთხვევა 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულებაში და მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი ხელმოსაწერად გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ოდენობას. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ მოპასუხე მხარეს 2019 წლის 15 აპრილს დადასტურებული აქვს მისთვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 180-ე, 175-ე მუხლების თანახმად, აპელანტმა დაადასტურა, რომ მან ანგარიშფაქტურის საფუძველზე ჩაითვალა დღგ (სხდომის ოქმი, 06.12.2021, 10:38 სთ.).
11. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ ანგარიშფაქტურას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობაში და სამოქალაქო დავის პროცესში მისი მტკიცებულების სახით გამოყენება არ შეიძლება. პალატამ განმარტა, რომ ანგარიშფაქტურა მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით აკმაყოფილებს სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ) დადგენილი წერილობითი მტკიცებულების კრიტერიუმებს და რაიმე აკრძალვას კანონი აღნიშნული კუთხით არ შეიცავს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ანგარიშფაქტურა, როგორც მეწარმე სუბიექტის მიერ გამოცემული დოკუმენტი, შესაძლებელია სამოქალაქო დავაში გამოყენებულ იქნეს როგორც წერილობითი მტკიცებულება, თუკი იგი შეიცავს საქმისთვის რელევანტურ ინფორმაციას.
12. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ანგარიშფაქტურის დადასტურება წარმოადგენდა საწარმოს ბუღალტრის შეცდომას, სააპელაციო პალატამ არც აღნიშნული არგუმენტი გაიზიარა, ვინაიდან საქმის განხილვის ფარგლებში აღნიშნული შეცდომის კორექტირების შესახებ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ის ფაქტი, რომ შეცდომის შესწორებას გარკვეული დრო და პროცედურა სჭირდება, არ ათავისუფლებს აპელანტს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან, რომ აღნიშნული პროცედურა დაწყებული მაინც აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც „შეცდომიდან“ გასულია თითქმის ორი წელი.
13. სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა აპელანტის არგუმენტი, რომ სადავო ანგარიშფაქტურაში მითითებულია ბულდოზერის იჯარა და არა მომსახურება. ვინაიდან ანგარიშფაქტურაში მითითებული სამშენებლო ტექნიკის დასახელება, მომსახურების საფასური და თარიღი ემთხვევა 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულების პირობებს, დოკუმენტში სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაზეა საუბარი. ის ფაქტი, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებულია „იჯარა“, ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებად გამორიცხვის საფუძვლად, ვინაიდან პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტრაჰენტები არასწორი დასახელებით მოიხსენებენ მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს და აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ ახდენს ურთიერთობის ნამდვილობაზე. პალატამ ასევე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნამდვილად ეხებოდა სამშენებლო ტექნიკის იჯარის ხელშეკრულებას, აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაც არსებობდა იმ პერიოდში, რაც მას არ განუხორციელებია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება საქმეში წარმოდგენილ №ეა------ საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან მიმართებით.
15. №ელ----- სასაქონლო ზედნადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ 2019 წლის 22 მარტს, ანუ სადავო ხელშეკრულების დადების დღეს, „KOMATSU-ს“ მარკის ბულდოზერი ---- ---- (თბილისი) გადაიყვანეს სოფელ ----- (გარდაბანი), რაც ემთხვევა მომსახურების გაწევის დროსა და ადგილს. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე კ. თ-მა. მითითებული გარემოების მიმართ აპელანტს რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
16. ელექტრონული ფოსტის წერილებით სააპელაციო პალატამ დადგენილად, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რადგან იდენტურ საფოსტო მისამართებზე ელექტრონული წერილები გაგზავნილია ორივე მხარის მიერ. აღნიშნული არც მხარეთა მიერ გამხდარა სადავო. 2019 წლის 10, 15 აპრილის და ამავე წლის 3 მაისის ელექტრონული წერილებით დგინდება, რომ მოსარჩელე მიმართავდა მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული.
17. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ მიმოწერაზე - 2019 წლის 22 მარტის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს სთხოვა დამოწმებული ხელშეკრულების უკან დაბრუნება. 2019 წლის 24 მარტის წერილით მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს, აღნიშნა, რომ დამოწმებული ხელშეკრულება არ მიუღია და ხელახლა მოითხოვა გამოგზავნა. 2019 წლის 25 მარტის წერილით მოპასუხემ ხელმოწერილი ხელშეკრულება გაუგზავნა მოსარჩელეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულების შესრულება 3 დღის დაწყებული უნდა ყოფილიყო და თუ მოსარჩელე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, გაუგებარია, ნაცვლად ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითებისა, რა მიზეზით მოაწერა მოპასუხემ ხელი ხელშეკრულებას და გაუგზავნა მოსარჩელეს.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი მოცემულობის საპირისპიროდ აპელანტს რაიმე დასაბუთებული არგუმენტი არ წარუდგენია და არც შესაბამისი ახსნა-განმარტება მიუცია, თუ რატომ არ განახორციელა მოპასუხე კომპანიამ მენარდესთან წერილობითი კომუნიკაცია იმ შემთხვევაში, თუკი მენარდე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ან ასრულებდა არაჯეროვნად. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი ინფორმაციით მხარეთა შორის შედგა სატელეფონო საუბარი, თუმცა აღნიშნული პოზიცია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება და ამასთან დადგენილია, რომ სამუშაოების დაწყების შემდეგ შემკვეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და ელექტრონულად გაუგზავნა მენარდეს, რაც ლოგიკურად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კუთხით რაიმე პრობლემას ადგილი არ ჰქონია.
19. მოწმე კ. თ-ის განმარტებით, ----- სამშენებლო მოედნის გასწორების მიზნით, მიწა იყო მოსაჭრელი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე. მან უშუალოდ შეასრულა აღნიშნული სამუშაო „KOMATSU-ს“ მარკის ბულდოზერით მოპასუხის სხვა ბულდოზერთან ერთად. მუშაობდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. მ. თ-ძე (მოპასუხე საწარმოს დირექტორი) პერიოდულად ამოწმებდა მუშაობის პროცესს და აძლევდა მითითებებს შესასრულებელ სამუშაოზე. მას რაც ეხებოდა ის სამუშაო შეასრულა. მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობდა და შეფერხებას არ ჰქონია ადგილი. მისი მხრიდან მუშაობის დასრულების შემდეგ, ბულდოზერი კიდევ დასჭირდებოდა მოპასუხეს. მოწმემ ვერ გაიხსენა მიწის მოჭრის ნიშნული და ბულდოზერის ნომერი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელმწიფო ნომრის დაკარგვის/დაზიანების საფრთხის გამო, პროექტზე მუშაობის დროს მძიმე ტექნიკას სახელმწიფო სანომრე ნიშანს არავინ აყენებს (სხდომის ოქმი. 06.12.2021, 10:48 სთ.).
20. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოწმე კ. თ-ის ჩვენების თანახმად, მოპასუხე ასხამდა საწვავს, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს უნდა ჩაესხა საწვავი. აღნიშნულ შენიშვნაზე, მოსარჩელემ მიუთითა 2019 წლის 10 აპრილის წერილზე, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხეს აცნობებდა, რომ ხელშეკრულების ჩანაწერი - „მომსახურებისას საკუთარი სახსრების უზრუნველყოფს ამწეს საწვავით“, სხვა ხელშეკრულების ფორმიდან მექანიკურად დარჩა და სრულად ამოსაღები იყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ელექტრონულ წერილზე შემკვეთს საპასუხო პოზიცია არ დაუფიქსირებია. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოწმის ჩვენების სარწმუნოობის კუთხით ეჭვის დასაბუთებული საფუძველი არ არსებობს.
21. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ აპელანტ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მოწმეთა გამოძახების სურვილის დაფიქსირებისა და სასამართლოს მხრიდან შეხსენების მიუხედავად, შესაბამისი შინაარსის შუამდგომლობა არ წარუდგენია.
22. სააპელაციო პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა აპელანტის არგუმენტი, რომ ობიექტზე მოსარჩელე მხარის კუთვნილი ბულდოზერის გარდა შემკვეთს დაქირავებული ჰყავდა სხვა ბულდოზერიც, რასაც აპელანტი იმით ხსნის, რომ მოსარჩელე მის ვალდებულებას არ ასრულებდა და მეორე ბულდოზერის დაქირავება მოუწია შემკვეთს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ მან 2019 წლის მარტში იჯარით მიიღო ტექნიკა. სხვა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამშენებლო ობიექტზე ორი ბულდოზერის არსებობა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ერთ-ერთი მათგანი სამუშაოს არ ასრულებს, ან ასრულებს არაჯეროვნად. პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ მეორე ბულდოზერის დაქირავება შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო მრავალი მიზეზით, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში სხვა რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება, რაც გაამყარებდა მოპასუხე მხარის პოზიციას, მხოლოდ მეორე ბულდოზერის დაქირავების ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დასადგენად. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის სამუშაო, რომლის შესასრულებლადაც დაიდო ნარდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის შესრულებულია.
23. აპელანტმა ხელშეკრულების შესრულების ფაქტის საწინააღმდეგოდ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, რაც 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, აუცილებელი იყო ხელშეკრულების შესრულებულად ჩათვლისთვის.
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მნიშვნელობას ვალდებულების შესრულების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ინდივიდუალური და ერთობლივი ანალიზის შედეგად, ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი დაძლეულია. თავის მხრივ, მოპასუხე მხარეს მისი შედავების დასადასტურებლად და მოსარჩელე მხარის პოზიციის უარსაყოფად შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელის პოზიციის გაზიარების წინაპირობას იძლევა.
26. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ჭრილში აპელანტს რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ დადასტურებულია მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობა და მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, სახეზეა შემკვეთის მხრიდან შემხვედრი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შეფასებული და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს საფასურის - 16 000 ლარის გადახდა კანონიერად დაეკისრა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
28. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ბუღალტრის შეცდომით გამოცემული №ეა----- საგადასახადო ანგარიშფაქტურა მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მხარემ განუმარტა სასამართლოს, რომ ამ შეცდომის კორექტირებას არეგულირებდა საგადასახადო კანონმდებლობა, მოითხოვდა გარკვეულ დროს და შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. სააპელაციოს პალატას აღნიშნული უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან მხარეებს შორის არ იყო შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი.
29. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გამოწერილი ზემოხსენებული ანგარიშფაქტურა გულისხმობდა სადავო ბულდოზერის იჯარას, რაც, სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით, არსებითად შესაფასებელი საკითხია. სააპელაციო სასამართლომ ზედაპირულად დააკავშირა ბულდოზერის გადაადგილების მარშრუტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო არეალთან.
30. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მოწმე კ. თ-მა, რომელიც ითვლება ამ მომსახურების უშუალოდ განმახორციელებელ პირად, ვერც კი გაიხსენა ტექნიკის ნომერი და მიწის მოჭრის ნიშნული მაშინ, როცა მხოლოდ მისი ჩვენებით დადგინდა, რომ მან გამოიყენა „KOMATSU-ს“ მარკის ბულდოზერი სამუშაოების განხორციელებისას.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
34. მხარეთა შორის 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მითითებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ------- 2019 წლის 23 მარტიდან 30 მარტამდე განეხორციელებინა მიწის სამუშაოები „KOMATSU-ს“ მარკის ბულდოზერით, ხოლო შემკვეთს უნდა აენაზღაურებინა მენარდისთვის მომსახურების საზღაური ერთ ნამუშევარ დღეზე 2000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით).
35. წინამდებარე საკასაციო საჩივარში კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სადავო მომსახურების გაწევის ფაქტი არასწორად დაადგინა, რა დროსაც არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
38. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
39. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
40. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).
41. განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა, თუმცა მოპასუხემ მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება სადავოდ გახადა.
42. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
43. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
44. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
46. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
48. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს, თავის მხრივ, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ, წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ.
50. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის (გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
51. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე. პალატა განმარტებით მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (იხ. საქმე №ას-459-438-15, 07.10.2015 წელი)
52. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 23 მარტიდან 30 მარტამდე პერიოდში 2019 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე ერთობლივად, ობიექტურად და ყოველმხრივ შეფასებას, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო №ეა------საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს მოპასუხემაც დაადასტურა, №ელ------ სასაქონლო ზედნადები, მხარეთა შორის სადავო პერიოდში არსებული ელექტრონული მიმოწერა და მოწმე კ. თ-ის განმარტება.
53. აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის მარტში მოსარჩელემ მომსახურება გაუწია მოპასუხეს, რისი საფასურიც ამავე წლის 22 მარტის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ოდენობის იდენტურია, რაც აისახა კიდეც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტებში. მოწმის განმარტებით დადასტურდა მის მიერ მოპასუხის ხელმძღვანელობით სადავო მარკის ბულდოზერით სამუშაოს შესრულების ფაქტი. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერებით სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება სადავო მომსახურების გაწევის თაობაზე დასაბუთებულად ჩათვალა.
54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას დასაშვები და სამართლებრივად საკმარისად მოტივირებული პრეტენზია ვერ დაუპირისპირა.
55. ასეთად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიცავდა შეცდომას, რისი გასწორებისათვის საჭირო იყო გარკვეული პროცედურის გავლა. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებისათვის მოპასუხეს არ მიუმართავს და შესაძლო შეცდომის გასწორება არ უცდია, შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელის პოზიციის მიმართ სათანადო შედავება ვერ განახორციელა.
56. ასევე, დაუშვებელია კასატორის პრეტენზია, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევისათვის მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სსკ-ის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1377-1297-2017 (17.10.2018, §48), განჩინება საქმეზე №ას-203-203-2018 (27.02.2019, §20), განჩინება საქმეზე №ას-746-714-2016 (08.05.2017, §50), განჩინება საქმეზე №ას-323-307-2011 (01.12.2011)).
57. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ მოსარჩელის მიერ გამოწერილი ზემოხსენებული ანგარიშფაქტურა გულისხმობდა სადავო ბულდოზერის იჯარას.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1220-1480-09).
59. შესაბამისად, ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა.
60. მოცემულ დავაში მხარეთა პოზიციების, ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა არა იჯარის, არამედ ნარდობის ხელშეკრულება.
61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ს-ის მიერ 2022 წლის 4 ივლისს №------ საგადახდო დავალებით გადახდილი 800 ლარის 70% – 560 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ-----ინ ჯ----ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ბ----ინ ჯ----ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ს-ის მიერ 2022 წლის 4 ივლისს №----- საგადახდო დავალებით გადახდილი 800 ლარის 70% – 560 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე