Facebook Twitter

22 ივნისი, 2022 წელი, თბილისი

საქმე №ას-740-2021

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „#-- ს---ო ს-----იო ს-----ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) გამოაცხადა ტენდერი დმანისის ქუჩების მოასფალტების, სოფლებში --- ---- და ----- რ/ბ არხების გაყვანის სამუშაოების შესრულების მიზნით.

2. აღნიშნულის საფუძველზე, 2018 წლის 12 ოქტომბერს, მოპასუხესა და შპს „#-- ს---ო ს-----იო ს----ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის #--- ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები) დაიდო. ხელშეკრულების ღირებულება - 561 350 ლარით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების მე-2 მუხლი), (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. გათვალისწინდა წინასწარი ანგარიშსწორებაც (ავანსი), (იხ. შეთანხმების მე-6 მუხლი), თუმცა შემსყიდველს ავანსი არ გადაუხდია და მენარდემ სამუშაოები საკუთარი ხარჯით დაიწყო.

4. 2018 წლის 3 ოქტომბერს სს „სადაზღვევო კომპანია ----------“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადაზღვევო კომპანია ან გარანტი), ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა საბანკო გარანტია - 28070 ლარის ფარგლებში.

5. 2018 წლის 7 ნოემბერს შპს „ჩ-----სა“ და შპს „ა----ს“ შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანს 400 ნაცრისფერი, კომპოზიტური მასალისგან ჩამოსხმული ცხაურის (სიგრძე 1მ, სიგანე 0,5მ, სისქე 0.04მ) დამზადება წარმოადგენდა, მიმწოდებელმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და დამკვეთმა ჯამურად - 14018 ლარი გადაიხადა.

6. 2018 წლის 1 ნოემბერს შპს „ჩ----მ“ ინდმეწარმე ნ. ლ-თან - 2400 გრძივი მეტრი ანაკრეფ რ/ბ არხების (დაახლოებით 400 ცალში ჩატანებული იქნება 50*50*4მმ კუთხოვანა ცხაურების ჩასალაგებლად) გაყვანის მიზნით მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა, სადაც ბეტონი იქნებოდა (B25) 350 - მარკიანი, 1 გრძივ მეტრზე 0.14 მ.3 და არმატურა 1 გრძივ მეტრში 19 მეტრი. კერძოდ, დ-8მმ-იანი, ვერტიკალურად - 8.55 გრძ/მ, დ-6 მმ-იანი. დამკვეთმა ჯამურად 30 000 ლარი გადაიხადა.

7. 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობისას უზუსტობები და სირთულეები აღმოჩნდა, სახელდობრ, ფოლადის ცხაურის ნახაზზე მითითებული იყო „გალავანიზირებული ფოლადის ცხაურის“ მოწყობა, თუმცა ცხაურის შემოფარგვლა (გალავანიზირება) ან შეღებვა, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული არ იყო.

ნახაზზე მოცემული იყო ცხაურის დეტალების სპეციფიკაცია, სადაც ფოლადის ზოლის ზომაც და არხში ჩასატანებელი კუთხოვანას ზომისა და დრენაჟის ღია არხის არმირების დეტალებიც არასწორად იყო მითითებული. რ/ბ არხების 10 მმ დიამეტრის არმატურით დამზადება საჭიროებდა სპეცშეკვეთას და მათი დამზადების ვადებიც იმატებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ საჭირო ზომების მიღება და პროექტში დაშვებული მცირე უზუსტობების აღმოფხვრა ითხოვა.

8. შპს „ახალი ს------ის“ დასკვნის მიხედვით, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული მონაცემები გრუნტის კატეგორიასთან მიმართებით მცდარია, ნაცვლად III კატეგორიისა იგი შეესაბამება IV-V კატეგორიას. გრუნტის კატეგორიის განსაზღვრისთვის მოსარჩელემ - 1770 ლარი გადაიხადა.

9. მოსარჩელემ და შპს „ა-----რა და პ-----მა“ 2019 წლის 20 და 29 ოქტომბერს, იმავე წლის 27 ნოემბერსა და 4 დეკემბერს ფარული სამუშაების აქტი შეადგინეს, რომელიც მენარდის მიერ დმანისის ქუჩების მოასფალტების, სოფლების ---- ----- და ---- რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოების შესრულებას ადასტურებდა.

10. 2018 წლის 19 ნოემბერის წერილით, მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ სამუშაოების წარმოებისას უზუსტობები და სირთულეები გამოვლინდა, კერძოდ, არხების (კიუვეტების) ამოჭრისას რამდენიმე ათეულ ადგილას აღმოჩნდა წყლის მილები და კაბელები 20-30 სმ სიღრმეზე. ხოლო ტექნიკური ნორმით წყლის მილები და კაბელები უნდა ყოფილიყო 80 სმ სიღრმეზე, რის გამოც მილები და კაბელები დაზიანდა და მენარდემ შეაკეთა.

პროექტით არ ყოფილა გათვალისწინებული წყლის მილები და კაბელები და შესაბამისად - არც მათი გადატანა. ასევე, ზოგიერთ ადგილებში გრუნტი მე-3 კატეგორიის ნაცვლად მე-4 და მე-5 კატეგორიის აღმოჩნდა, რაც, მენარდის მტკიცებით, სამუშაოებს მინიმუმ 5-ჯერ ართულებდა.

ზოგიერთ ადგილას კიუვეტების სიგრძე არ ემთხვეოდა რეალურ ზომას და პროექტით გათვალისწინებულ 3.5 მეტრი სიგანის ბეტონის გზაზე არ ეტეოდა. მენარდის აზრით, აღნიშნულ მონაკვეთებში ბეტონის კიუვეტის მოწყობა საერთოდ არ იყო საჭირო. მენარდემ შემკვეთს მიუთითა, რომ პროექტში, ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად იყო გათვალისწინებული სამუშაო მასალა.

წყლის მილებისა და კაბელების გადატანის საჭიროების, ასევე - კლდოვანი გრუნტის არარსებობის პირობებში, ერთი მექანიზმით 10 დღეში იყო შესაძლებელი კიუვეტების გაჭრა, ხოლო მოცემულ პირობებში ორი მექანიზმით 1 თვეში შესასრულებელი სამუშაოებიც ვერ შესრულებოდა.

მენარდის მითითებით, მუშაობის პროცესში მოსალოდნელი იყო სხვა სახის უზუსტობების აღმოჩენაც, რაც საჭიროებდა სასწრაფო გადაწყვეტას. მენარდის მტკიცებით, პროექტი უნდა დაკორექტირებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომლებიც ტექნიკურად იქნებოდა გამართული და შეთანხმებული შემკვეთთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მენარდემ საჭირო ზომების მიღება ითხოვა.

11. 2018 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებული სანიაღვრე არხებზე ფოლადის გალავანიზირებული ცხაურის მოწყობის ნაცვლად, მიზანშეწონილად მიაჩნდა მისი კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული ცხაურით ჩანაცვლება. ამის თაობაზე შემკვეთს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაც წარედგინა და ზომების მიღებაც ეთხოვა.

12. 2018 წლის 7 დეკემბრის წერილით, მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი უზუსტობების გამო, გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება მოუხდათ, სახელდობრ, შეკეთდა და ჩანაცვლდა სამუშაოების წარმოებისას დაზიანებული სასმელი წყლის მილები. შემკვეთს მოსალოდნელი სირთულეების/დანახარჯების შესახებაც ეცნობა და განემარტა, რომ აღნიშნული აფერხებდა და აძვირებდა სამუშაოებს და შესაბამისი ზომების მიღებას საჭიროებდა.

13. მენარდემ 2018 წლის 17 დეკემბერს შემკვეთს აცნობა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 94226 ლარია, გარდა ამისა, დამზადდა - 38000 ლარის რკინა-ბეტონის არხები და 17000 ლარის ცხაურები.

იმავე წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხის ჩარიცხვა სთხოვა, რისი შეუსრულებლობაც მენარდისა და ქვემენარდეების საქმიანობის შეჩერებას გამოიწვევდა. ამასთან, განემარტა, რომ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა შესასრულებელი სამუშაოების თუნდაც ერთი სახეობის, ერთი პუნქტის, პროექტის მიხედვით შესრულების შეუძლებლობა.

მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოები ტექნიკური და ტექნოლოგიური ნორმების დაცვით - 50 დღეში შესრულდებოდა, ამასთან, უსარგებლო სამუშაოების ამოკლებითა და საჭირო სამუშაოების დამატებით, სამუშაოების პარალელურად, პროექტი უნდა დაკორექტირებულიყო. შესაძლებელი იყო, საჭირო გამხდარიყო 10%-ით საპროექტო ღირებულების გაზრდა, რაც შეთანხმებითაც იყო გათვალისწინებული.

14. 2018 წლის 17 დეკემბერს მენარდემ შემკვეთს დმანისის ქუჩების მოასფალტების, სოფლების ------- და ------- რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე აცნობა, მიღება-ჩაბარების აქტი წარუდგინა და შესაბამისი ანაზღაურებაც მოსთხოვა.

15. 2018 წლის 24 ოქტომბერს შემკვეთმა შპს „ო-----ლ გ-----პ -სს“ მიმართა და მენარდის 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით მოსაზრების წარდგენა სთხოვა.

16. 2018 წლის 10 დეკემბერს, მოპასუხემ შპს „ა----რა და პ----სა“ და შპს „ო-----ლ ----- -სს“ ვითარების ადგილზე შესწავლა და დასკვნის მომზადება სთხოვა.

17. 2019 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ შპს „ა----ლ ს----ან“ დმანისში, ---- ქუჩაზე 208 მ სიგრძის უბანზე გავრცელებული გრუნტების კატეგორიის განსასაზღვრად ხელშეკრულება გააფორმა.

დამუშავების სიძნელის მიხედვით, სამუშაოს ჩაბარების ვადა - 2019 წლის 5 თებერვლით, ხოლო ღირებულება - 1770 ლარით (დღგს ჩათვლით) განისაზღვრა, რაც იმავე წლის 6 მარტს ანაზღაურდა კიდეც.

18. 2019 წლის 7 თებერვლის წერილით, მოსარჩელემ შემკვეთს აცნობა, რომ პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურთან შეუთანხმებლობის გამო, მესამე თვეა სამუშაოები შეჩერდა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტა და შესრულებული სამუშაოების გონივრულ ფარგლებში ანაზღაურებაზე მოლაპარაკება ითხოვა.

19. 2019 წლის 28 თებერვლის საპასუხო წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებული ხარისხისა და მასალისგან განსხვავებული ცხაურის ჩანაცვლებას არ დასთანხმდებოდა/ვერ შეითანხმებდა.

კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ძვირდებოდა, რის გამოც მერია შესაბამის ცვლილებას ვერ შეითანხმებდა.

მენარდეს სამუშაოების გაგრძელება ეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა და მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდებოდა.

20. 2019 წლის 14 მარტს შპს „ო------ლ გ-----ა“ მერიას აცნობა, რომ მენარდეს შესრულებული სამუშაოების აქტი უნდა წარედგინა, სადაც ქუჩის 208 მ. სიგრძის უბანზე სხვადასხვა კატეგორიის გრუნტის დამუშავება ცალ-ცალკე იქნებოდა წარდგენილი. იმავე წლის 15 მარტს შემკვეთმა აღნიშნულის შესახებ მენარდეს აცნობა.

21. 2015 წლის 15 მარტს მოპასუხემ შპს „ა------ა და პ----სა“ და შპს „ო----ლ გ------ -სს“ აცნობა, რომ მენარდეს პროექტის ხარვეზის შესახებ შეატყობინა, სახელდობრ, აცნობა პროექტით გათვალისწინებული ცხაურების შესახებ.

მენარდის მითითებით საჭირო იყო პროექტით გათვალისწინებულისგან განსხვავებულის დამზადება, რაც საჭიროებდა სპეცშეკვეთას და ზრდიდა დამზადების ვადას. აღნიშნულის გამო მოპასუხემ ვითარების ადგილზე შესწავლა და დასკვნის მომზადება ითხოვა.

22. 2019 წლის 22 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს აუნაზაურებლობის მიზეზის განმარტება მოსთხოვა.

23. 2019 წლის 26 მარტს შემკვეთმა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობით აცნობა, ამასთან, აღნიშნა, რომ ანაზღაურდებოდა შესრულებული სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინდა.

24. 2019 წლის 29 მარტს შპს „ა-----რა და პ----ის“ დირექტორმა მერიას აცნობა, რომ სანიაღვრე არხების კორექტირებასთან დაკავშირებით წინადადება მიუღებელი იყო, რადგან პროექტს გავლილი ჰქონდა ექსპერტიზა.

25. 2019 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების #2 საბოლოო ფორმა წარუდგინა და სათანადო ანაზღაურება ითხოვა, ამასთან, მენარდემ მხარეთა შორის ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შესახებ წერილობითი დადასტურებაც ითხოვა.

26. შპს „ე-----ტ ჰ-----ს“ 2019 წლის 5 ივლისის N----დასკვნის (ინსპექტორების ანგარიშის) თანახმად, დმანისის ქუჩების მოასფალტების, სოფლების - ------ და ----- რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოების, წარდგენილი დოკუემენტაციისა და მასალების შესწავლის, აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით კორექტირებულ N2 ფორმითა და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებით დადგინდა შემდეგი:

შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა კორექტირებული ფორმა N2-ის მოცულობას და მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა - 99 851.82 ლარს დღგს ჩათვლით.

ფორმა N2-ში მითითებული მოცულობა და ერთეულის ღირებულება არ შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ მოცულობას და ერთეულის ღირებულებას.

წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილებას.

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყველა ხილულ სამუშაოებზე ექსპერტმა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები აზომა და შეადარა ფორმა N2-სა და ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს, ხოლო ფარული სამუშაოების დადასტურება ვერ მოხერხდა, ვინაიდან არ იყო წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, რის გამოც, N2-ე ფორმებში მოცემული შესაბამისი სამუშაოების მოცულობები ვერ დადასტურდა.

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფორმა N2-ებით მოთხოვნილი იქნა - 42 993.66 ლარი, რაც შეადგენდა სახელშეკრულებო თანხის 7.66 %-ს ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 %-ისა. გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფორმა 2-ებში მოცემული სამუშაოები მთლიანად შესრულდა და მათი ანაზღაურება დამკვეთის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

27. მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ ნაწილობრივ შეასრულა, სამუშაოს მოცულობა - 105 139,77 ლარით შეფასდა, რაც ინსპექტირების ანგარიშითაც ნაწილობრივ დადასტურდა.

28. 2019 წლის 12 აპრილს მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოსარჩელის შავ სიაში შეყვანა ითხოვა.

29. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

30. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ -14 655,03 ლარის ფარგლებში ცნო.

31. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების - 105 139.77 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

მოპასუხეს შეთანხმების თანახმად, გადასახდელი სამუშაოთა ანაზღაურების ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დროულად გადაუხდელი თანხის 0.05% პროცენტი, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე, რაც - 6847 ლარია;

მოპასუხეს დაეკისრა მისი დავალებით გრუნტის კატეგორიის განსაზღვრისთვის გადასახდელი თანხის - 1770 ლარის ანაზღაურებაც.

სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 630-ე, 629-ე, 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლები გამოიყენა.

32. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

33. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

34. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

34.1. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 6847 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია.

34.2. კასატორის მითითებით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 0.05%-ის ფარგლებში.

34.3. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, შეთანხმებით განისაზღვრა ფიქსირებული ხარჯთაღრიცხვა - 561 350 ლარი.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

36. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.

37. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1 მუხლი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტია. როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი, როგორც ზოგადი, ისე - კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია, შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულება სრულდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი იღებს. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებით (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც მოვალის ძალისხმევითაა, ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.

39. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

40. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

41. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

42. ნარდობა ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) კი, შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს, იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც უმეტეს შემთხვევაში, შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი) ან, კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405.1 მუხლი), თუმცა იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.

43. ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო.

44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველზე (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონტრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის 8.3 მუხლი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა (შდრ. სუსგ №ას-901-851-2015, 05.02.2016წ).

45. რაც შეეხება თავად ნორმის გამოყენების წინაპირობებს, აშკარა უნდა იყოს: ა) სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა; ბ) ხელშეკრულების მოშლამდე სამუშაოს ნაწილის შესრულება; გ) ხელშეკრულების მოშლით მენარდისათვის ზიანის მიყენება; დ) მენარდის სასარგებლოდ გადახდის განუხორციელებლობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილი და განხორციელებადია, კერძოდ:

46. დადგენილია, რომ შემკვეთმა 2019 წლის 26 მარტს ხელშეკრულება შეწყვიტა, ასევე დადგენილია, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რომლის მოცულობა მოსარჩელემ - 105 139.77 ლარით შეაფასა, რაც ინსპექტირების ანგარიშით დადასტურდა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) მოპასუხეს/კასატორს საქმეში არ წარუდგენია, შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

47. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას იგი მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. მხარემ, ამ შემთხვევაში, მენარდემ, სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ მას ხელშეკრულების მოშლით ზიანი მიადგა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;

48. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისათვის ზიანის - 6847 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა პირველი მიღება-ჩაბარების აქტით მოთხოვნილ - 91 791 ლარზე სარჩელის შეტანამდე (145 დღეზე), დარიცხულ 0.05% -ის (6654) და საბოლოო შესრულების თანხასთან სხვაობის -13348 ლარის, 29 დღის პერიოდში 0.05%-ის დარიცხვით მიღებული 193 ლარის ჯამია (6654+193=6847).

საკასაციო სასამართლო უარყოფს მოსარჩელის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მხარეს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ან სხვა საფუძვლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება მხოლოდ სათანადო და დეტალური დასაბუთების პირობებში. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის სტადიაზე, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მხარეს არ აქვს მითითებული საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გაბათილების და უარყოფის ვალდებულება მოპასუხეს დაეკისრებოდა. მეტიც, სასარჩელო განცხადება მოპასუხისთვის 6847 ლარის დაკისრების ნაწილში მინიმალურ არგუმენტაციასაც კი არ შეიცავს.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის წარუმატებლობას მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების არასაკმარისობა და უსაფუძვლობა განაპირობებს. მოსარჩელემ ვერ დაასახელა, კონკრეტულად რა ქმედებები განხორციელდა, რაში შეეშალა ხელი მოპასუხის მხრიდან, რატომ არ შეეძლო მოპასუხეს ხელშეკრულება შეეწყვიტა და სხვა. საქმეში არც იმგვარი მტკიცებულება წარდგენილა, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობას შექმნიდა და ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება არ არის დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

49. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 342.35 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 6847 ლარის დაკისრების შესახებ;

3. შპს „#-- ს----ო ს-----ო ს----ოს“ სასარჩელო მოთხოვნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 6847 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. შპს „#--- ს----ო ს----ო ს---ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 342.35 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე