29 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-702-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. გ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ. შ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სანოტარო აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ბათუმში, ----- ქუჩის #-----ში მდებარე 24.43კვ.მ ფართი (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) ს. ნ-ის (შემდეგში - თავდაპირველი მოსარჩელე ან თავდაპირველი მესაკუთრე) საკუთრებაში ირიცხებოდა.
2. 2014 წლის 7 მარტს, თავდაპირველმა მოსარჩელემ სანოტარო წესით მინდობილობა გაუფორმა თ. შ-ეს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და შემდეგი უფლებამოსილება მიანიჭა: ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებაში, საჯარო და სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, მოეხდინა უძრავი ქონების, მდებარე, ბათუმი, ---- ქუჩა #---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #------ გაყიდვა.
მინდობილი პირი უფლებამოსილი იყო თავისი შეხედულებისამებრ დაედგინა საკუთრების ნასყიდობის ფასი, ხელი მოეწერა გასხვისების ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებით და მიეღო ნებისმიერი თანხა.
ამასთანავე, მინდობილი პირი უფლებამოსილი იყო მიმნდობის სახელით შეეკრიბა ყველა ის ცნობა და დოკუმენტი, მათ შორის ამონაწერი, რაც საჭირო იყო მინდობილი საკუთრების გაყიდვასთან და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების რეგისტრაციასთან საჯარო რეესტრში. შეესრულებინა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და მოქმედება, რაც საჭირო იყო მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
3. მინდობილობა ერთი თვის ვადით გაიცა. ამასთან, თავდაპირველმა მესაკუთრემ განაცხადა, რომ მხედველობის დაქვეითების გამო მინდობილობაზე ხელმოწერა არ შეეძლო და მისი თხოვნით, მის ნაცვლად სანოტარო აქტზე ხელმოწერა ქ. დ-ემ შეასრულა. მინდობილობის გაფორმებას, სანოტარო აქტის წაკითხვის დაწყებიდან მისი შედგენის სრულად დასრულებამდე მოწმე ც. ა-ძე ესწრებოდა.
4. მინდობილობის საფუძველზე 2014 წლის 7 მარტს, ერთი მხრივ, მოპასუხეს, როგორც გამყიდველის წარმომადგენელსა და მეორე მხრივ, საკუთრივ მოპასუხეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც თავდაპირველმა მესაკუთრემ სადავო ქონება მოპასუხეს მიჰყიდა.
5. ნასყიდობის ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ღირებულება 10 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, თუმცა ამ თანხის გადახდის თაობაზე ხელშეკრულება რაიმე სახის ინფორმაციას არ შეიცავს.
6. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერაა დამოწმებული.
7. 2014 წლის 13 მარტს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.
8. მოპასუხე, თავდაპირველი მესაკუთრის ნათესავი არ ყოფილა და მასთან მეზობლური, მეგობრული ან სხვა ახლო ურთიერთობა არ აკავშირებდა.
9. მოპასუხის წინააღმდეგ თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც 2014 წლის 7 მარტის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარი რეესტრში ცვლილების შეტანა და უძრავი ქონების თავის საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
10. თავდაპირველი მესაკუთრე 2017 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, მოცემულ საქმეზე თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მისი მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე მ. გ-ნი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან უფლებამონაცვლე) ჩაება.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძველზე განვითარებული მსჯელობის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბინის გაყიდვის შესახებ თავდაპირველი მოსარჩელის ინტერესი, რადგანაც სადავო ბინა წარმოადგენდა ამ უკანასკნელის ერთადერთ საცხოვრებელს, რომელიც არასდროს ყოფილა მოპასუხის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და, შესაბამისად, მისი გაყიდვის განზრახვის არსებობაზე მოპასუხის მითითება არანამდვილია.
ამდენად, მათი ნამდვილი ნების გათვალისწინებით მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ არა ნასყიდობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის სამართლებრივ ურთიერთობაში.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარვა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოპასუხეს უძრავი ქონება შეზღუდული საკუთრების უფლებით გადაეცემოდა, კერძოდ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ექნებოდა, სადავო ქონება თავდაპირველი მოსარჩელის სიცოცხლეშივე დაეგირავებინა, დაეტვირთა ან გაესხვისებინა.
ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს არ შეეძლო ფინანსური ვალდებულებების გამო უძრავ ნივთზე გადახდევინების მიქცევა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებში ეს შეზღუდვები აღარ იარსებებდა და იგი ხსენებული ნივთის თავისუფლად განკარგვას შეძლებდა.
13.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2017 წელს თავდაპირველი მოპასუხის გარდაცვალებით მასსა და მოპასუხეს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეწყდა, რაც იწვევდა შესაბამის სამართლებრივ შედეგს - უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში გადასვლას, აღნიშნული კი, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
- სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დასაფარად დაიდო, რის გამოც ორივე ხელშეკრულება ბათილია.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რასაც შედეგად უძრავი ქონების მოპასუხისათვის მიკუთვნება მოჰყვა და მოსარჩელის კანონიერი უფლებები დაზიანდა.
- შეუძლებელია, რომ ხელშეკრულება ერთდროულად ბათილიც იყოს და ნამდვილიც. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, მოსარჩელეს სარჩელით არ მოუთხოვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, იგი მაინც ბათილად ჩაითვლება.
- მართალია, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 949-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არა ბათილი, არამედ ნამდვილი ხელშეკრულების არსებობისა და მისი შეწყვეტის საფუძვლებზე დავის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში კი, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არც ნამდვილია (იგი უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებაა) და არც აღნიშნული საფუძვლების შესახებ მიმდინარეობს დავა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება, როდესაც ფორმის დაუცველობის გამო ის დადების მომენტიდანვე ბათილი (არარა) გახდა.
- სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით და თვალთმაქცურად დადებული გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაცვლად, ამ ხელშეკრულების დაფარვის მიზნით, მოპასუხემ თავდაპირველ მოსარჩელესთან ჯერ საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლების აღმჭურველი მინდობილობა გააფორმა, ხოლო იმავე დღეს საკუთარ თავთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადო.
გარიგებაზე თავდაპირველ მოსარჩელეს ხელი არ მოუწერია, ამ უკანასკნელს არც ნასყიდობის ფასი არ ანაზღაურებია; მოპასუხემ იმ გარემოებით ისარგებლა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე ხანდაზმული და მხედველობის არმქონე პირი იყო და სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვეოდა (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 28).
20. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).
შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოსარჩელე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ან მითითებით ვერ დაადასტურა, რომ სადავო მინდობილობა გაფორმდა მოტყუების შედეგად და გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილებულიყო.
21. მოტყუებით დადებული გარიგების ცნება სსკ-ის 81.1 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც სემდეგია: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებისათვის განსახილველი საქმის ფარგლებში უნდა გამოკვეთილიყო, მოპასუხის მიერ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ მოტყუების და მოტყუების გზით სადავო მინდობილობის გაფორმების ფაქტი, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეს ეკისრებოდა.
22. პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება ცალსახად არ ქმნის საფუძველს სადავო მინდობილობის, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობისათვის.
ამ მხრივ, რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ:
1). მინდობილობის გაცემის დროისათვის თავდაპირველი მოსარჩელის მხედველობის გაუარესება ან მისი სრულად დაკარგვა იმ დასკვნის საფუძველი ვერ გახდება, რომ ამ უკანასკნელის მიერ გამოვლენილი ნება არანამდვილია.
საკასაციო სასამართლოს საგულისხმოდ მიაჩნია ხსენებული მინდობილობის ტექსტის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ნოტარიუსმა თავდაპირველ მოსარჩელეს სანოტარო აქტის შინაარსი წაუკითხა, რასაც მოწმე ც.ა-ძე ესწრებოდა.
გარდა ამისა, მინდობილობაში აღნიშნულია, რომ მხედველობის დაქვეითების გამო თავდაპირველ მოსარჩელეს მინდობილობაზე ხელმოწერა არ შეეძლო და მისი თხოვნით, მის ნაცვლად სანოტარო აქტზე ხელმოწერას ქ.დ-ძე შეასრულებდა (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 49).
2). სარჩელის წარმატებაში კასატორს სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მოწმეების (ჯ.ა-ნი, ნ.გ-ე) ჩვენებებიც ვერ დაეხმარება, რადგან ისინი სადავო ფაქტის (მინდობილობის გაცემის მიზნით განხორციელებული მოქმედებანი) თვითმხილველი პირები არ იყვნენ.
ამასთან, დასახელებულ მოწმეთაგან ერთ-ერთი, ნ.გ-ძე, მოსარჩელის უახლოესი ნათესავია, რომელმაც განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯ.ა-გან მიიღო, ეს უკანასკნელი კი, არც სადავო გარიგების დადებას და არც მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესს არ დასწრებია.
23. რაკი სადავო მინდობილობის ბათილად ცნობის საფუძველი საქმეზე გამოკვეთილი არ არის, ამდენად, სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და მისი თანმდევი მოთხოვნების ნაწილშიც ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ხსენებული მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე აღჭურვილი იყო შეცილებული გარიგების დადების უფლებამოსილებით (გააჩნდა საკუთარ თავთან თავდაპირველი მოსარჩელის სახელით გარიგების დადების უფლება) ეს გარემოება მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტაციით ნასყიდობის ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგობას სრულად გამორიცხავს.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 085 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. გ-ნს (პ/ნ ------) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 550 ლარის (საგადასახადო დავალება - № -----, გადახდის თარიღი - 22.07.2021) 70% - 1 085 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი - ------;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე