Facebook Twitter

საქმე №ას-94-2022

ქ. თბილისი 27 მაისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ქ–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

დ/მ გარეშე მესამე პირი: შპს „დ.ს.ჰ–ო“

დ/მ გარეშე მესამე პირი: სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სანივთო უფლების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების არარსებობის დადგენა; თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სარჩელის და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები

1.1. სს „ქ–სმა“ (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „აპელანტ“, „კასატორ“ მხარედ) ბათუმის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ....., საჯარო რეესტრში, შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული გირავნობა/იპოთეკის თაობაზე ჩანაწერის არარსებობის ფაქტის დადგენა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 740 600 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი, 14:59:28 სთ.).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2008 წლის 15 იანვარს, სს „ქ–სსა“ და შპს „დ.ს.ჰ–ოს“ შორის გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ქ–სმა“ შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, ..... არსებული 3163 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2339.8 კვ.მ. მოცულობის შენობა-ნაგებობები (ს/კ .....), რის სანაცვლოდაც საკუთრებაში მიიღო ქ. ბათუმში, ..... მდებარე 6136 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 580 კვ.მ. ოდენობის შენობა-ნაგებობები და 194100 ლარი.

2.2. 2006 წლის 22 დეკემბრის მდომარეობით, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ..... დარეგისტრირებული იყო შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში.

2.3. 2008 წლის 15 იანვარს, სს „ქ–სის“ მიერ დადებული გაცვლის ხელშეკრულება იმავე დღეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2008 წლის 16 იანვარს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში, უძრავ ქონებაზე რაიმე სახის ვალდებულებითი დატვირთვა არ არსებობდა.

2.4. 2011 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა სამსახურმა, N21.16/13/11-796 შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში მყოფი ავტომანქანისა და სს „ქ–სისთვის“ გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: .....) ღია აუქციონზე რეალიზება.

2.5. 2011 წლის 25 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გასცა N3-75/2011 ბრძანება, რომლითაც ნება დაერთო შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს შუამდგომლობით მოთხოვნილი მოქმედებები განეხორციელებინა.

2.6. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 19 დეკემბრის №A11035086-015/001 განკარგულებით, ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია პირველ იძულებით აუქციონზე არ განხორციელდა, სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ს/კ .....), შპს „დ.ს.ჰ–ოს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს.

3.2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ სს „ქ–სს“ აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, თუმცა მისი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რადგან აღძრული სარჩელი არ არის მიმდინარე დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. მოპასუხის მტკიცებით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ სამართლებრივ შედეგს - სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას, შესაბამისად, აღძრულ სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ არსებულ ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან არ იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელისთვის რა დადებითი სამართლებრივი შედეგი დადგება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომლთაც უძრავი ქონების ნატურით გადაცემა მოხდა, ამიტომ, უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უფლების რეგისტრაციის საფუძვლის შედავების გარეშე, მოსარჩელეს დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი ვერ ექნება.

3.4. გარდა აღნიშნულისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უთითებს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 07 ნოემბრის, №3274 შეტყობინების საფუძველზე, წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს „დ.ს.ჰ–ოს“ მთელს ქონებაზე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში დარეგისტრირდა 2006 წლის 10 ნოემბერს (განაცხ. №0322001400, 10.11.2006წ.). შესაბამისად, 2008 წლის 16 იანვარის გადაწყვეტილების მიღებისას, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და გაცვლის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებული არ ყოფილა, რაც სასარჩელო მოთხოვნას დაუსაბუთებელს ხდის.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. ბათუმის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა,

4.2. ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სს „ქ–სმა“ გაასაჩივრა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, ბათუმის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლის ნორმებთან სუბსუმირების შედეგად, აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი შესაძლებელია, დელიქტის ან უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად გადაწყვეტილიყო.

5.3. სააპელაციო პალატის აზრით, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ მოპოვებული იყო მართლზომიერად, რადგან საქმის მასალებში არსებობდა, როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება (საქმე N3-75/2011) შპს „დ.ს.ჰ–ოს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ღია აუქციონის გზით, სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 19 დეკემბრის №A11035086-015/001 განკარგულება, რომლითაც სს „ქ–სის“ (მოვალე) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში. მოხმობილი სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, სასამართლოს აზრით, გამორიცხავდა დელიქტური ვალდებულების არსებობას.

5.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გადაწყვეტის შესაძლებლობას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგენილიყო ობიექტური შედეგი, რაც ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) დაადასტურებდა.

5.5. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება, რომელიც კვლავ სამართლებრივი ძალის მქონე იყო, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება, რომელიც მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, ადასტურებდა, რომ ამ სამართლებრივმა აქტებმა შეიძინეს უდავოობის, განსაკუთრებულობის, სავალდებულოობისა და პრეიუდიციულობის დამახასიათებელი თვისებები. პრეიუდიციულობა საქმის მონაწილეთა მიმართ კი, ნიშნავდა იმას, რომ როგორც მხარეებს, ისე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეეძლოთ სადავო გაეხადათ, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართალურთიერთობანი. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მითითებული აქტებით სახელმწიფოს სასარგებლოდ განიკარგა სს „ქ–სის“ ქონება, რასაც გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ, სასარჩელო მოთხოვნის კონდიქციური ვალდებულების საფუძვლით დაკმაყოფილებაც გამოირიცხებოდა.

5.6. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონება რეალურად არსებობდა და ის მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო მართლზომიერი საფუძვლით, აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 979-ე მუხლების საფუძველზე, ასევე გამორიცხავდა სადავო უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც.

5.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება, სს „ქ–სმა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. სს „ქ–სმა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. საკასაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ 2006 წლის 05 დეკემბრიდან 2010 წლის 18 თებერვლამდე, საჯარო რეესტრის ამონაწერებში არსად ფიქსირდებოდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც სახელმწიფოს მიერ სადავო უძრავი ქონების დაუფლებას მართლზომიერი საფუძველი არ გააჩნდა.

6.3. კასატორი ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელისთვის სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ საგადასახადო იპოთეკა/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სანაცვლოდ მესამე პირმა 11 719 ლარი გადაიხადა, რის თაობაზეც მხარეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ ვინაიდან გაცვლის ხელშეკრულების გაფორმებისას საჯარო რეესტრის ამონაწერში, საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლება არ იყო ასახული, იგი წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რის თაობაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ.

6.5. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის სადავო პერიოდში არსებობის ფაქტს დადგენილად მიიჩნევდა, მას უნდა ემსჯელა ქონების რეალურ ღირებულებაზე და ვალდებულების იმ მოცულობაზე, რომლის სანაცვლოდაც იგი სახელმწიფომ დაისაკუთრა.

6.6. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელდა ტექნიკური ხარვეზის ჩასწორება, რა დროსაც სადავო უძრავი ქონების ამონაწერში აისახა 2006 წლის 10 ნოემბრის საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის თაობაზე ვალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება არ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შესწორებას, ვინაიდან ამ ქმედებით სუბიექტს წარმოეშვა ისეთი ვალდებულებები, რაც არ უკისრია გაცვლის ხელშეკრულების გაფორმების დროს.

6.7. კასატორი ასევე პრეტენზიას აცხადებს მასზედ, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული არ არის მოსარჩელის მიერ გაცხადებული რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, მაგალითად ის, რომ გაცვლის ხელშეკრულების დროს, სადავო უძრავ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება რეგისტრირებული არ იყო და ამ უფლების შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2010 წლის აგვისტოში, როდესაც ვინმე ჯ.ქ–ამ მოითხოვა სადავო უძრავი ქონების ამონაწერის განახლება, რაც კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიკერძოებულობის თაობაზე წარმოდგენას ქმნის.

6.8. ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად კასატორი ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრისა და 2020 წლის პირველი ივლისის საოქმო განჩინებებს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად და ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- 2006 წლის 07 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ მიიღო N3274 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმადაც, 2006 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 11719 ლარის ოდენობით;

- აღნიშნული შეტყობინების შესაბამისად, საწარმოს ეცნობა, რომ მის ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და რომ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

- შპს „დ.ს.ჰ–ოს“ ასევე ეცნობა, რომ თუ მისი ქონება საკმარისი არ იქნებოდა საგადასახადო ვალდებულების დასაფარად საგადასახადო გირავნობა გავრცელდებოდა საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდგომ შეძენილ ქონებაზე. აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა, როგორც გადასახადის გადამხდელს, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოს;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წლის 10 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ 2006 წლის 10 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა N0322001400 განცხადება. განცხადებით მოთხოვნილი იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, მესაკუთრე/მოსარგებლე: შპს „დ.ს.ჰ–ო“ /..../, საგანი- მთელი ქონება;

- ქ. ბათუმში, .... მდებარე, 6136 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 580 კვ.მ. ოდენობის შენობები (ს/კ N.....), 2006 წლის 11 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გაფორმებული ნოტარიუსს ნ. ა–ძის მიერ, სანოტარო რეგისტრაციის ნომერი N1-7851), 2006 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში;

- 2008 წლის 15 იანვარს, სს „ქ–სსა“ და შპს „დ.ს.ჰ–ოს“ შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ქ–სმა“, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, .... არსებული 3163 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2339.8 კვ.მ. მოცულობის შენობა-ნაგებობები (ს/კ ....), რის სანაცვლოდაც საკუთრებაში მიიღო ქ. ბათუმში, ..... მდებარე 6136 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 580 კვ.მ ოდენობის შენობები (ს/კ N .....), ასევე 194100 ლარი;

- გაცვლის ხელშეკრულება იმავე დღეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და 2008 წლის 16 იანვარს, გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- 2011 წლის 10 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულმა სამსახურმა, N21.16/13/11-796 შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის- „ნისან ჰესფაიდერის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებისა და სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული ქონების 6136 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 580 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ღია აუქციონზე რეალიზება;

- ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანებით, (საქმე N3-75/2011), ნება დაერთო შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს მოეხდინა შპს „დ.ს.ჰ–ოს“ დაყადაღებული ქონების (შპს „დ.ს.ჰ–ოს“ საკუთრებაში რიცხული „ნისან ჰესფაიდერის LE“ მარკის სატრანსპორტო საშუალება) და სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული 6136 კვ.მ ნაკვეთისა და 580 კვ.მ. შენობა-ნაგებობების, მდებარე ბათუმი, ...... (ს/კ .....) რეალიზაცია აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ღია აუქციონის გზით. ამ ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის 02 მაისს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ არ იყო მითითებული სს „ქ–სი“. 2011 წლის 30 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურმა მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სააღსულებო ფურცელში ცვლილება. 2011 წლის 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა განმეორებითი სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მითითებული იქნა, როგორც შპს „დ.ს.ჰ–ო“ ასევე, სს „ქ–სი“;

- სს „ქ–სის“ დირექტორმა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის N3-75/2011 ბრძანება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სს „ქ–სის“ დირექტორის განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი;

- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული, 2011 წლის 12 დეკემბრის N3-75/2011 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაინიშნა იძულებითი ღია აუქციონი, სადაც შპს „დ.ს.ჰ–ოს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი იქნა სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული 6136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 580 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, მდებარე: ქ.ბათუმი, ..... (ს/კ .....).);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 19 დეკემბრის №A11035086-015/001 განკარგულებით ვინაიდან, უძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა პირველ იძულებით აუქციონზე, რის გამოც სს „ქ–სის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (ს/კ ....) მიწის ნაკვეთი 6136 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა ფართით 580 კვ.მ. ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში. ზემოაღნიშნული სასამართლო ბრძანება და აღსრულების სამსახურის განკარგულება წარმოადგენდა სადავო ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

8.2.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8.2.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

8.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, არამედ მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

8.2.4. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას გააახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია, როგორც მიკუთვნებითი (მოპასუხისთვის 740 600 ლარის დაკისრება) ასევე, აღიარებითი სარჩელი - 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, ს.კ. .... უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში, შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული გირავნობა/იპოთეკის თაობაზე ჩანაწერის არარსებობის ფაქტის დადგენა (ტომი III, ს.ფ. 380). ნიშანდობლივია, რომ აღიარებითი სარჩელი სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებით მოითხოვს - იურიდიული ინტერესის არსებობას.

8.2.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

8.2.6. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).

8.2.7. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).

8.2.8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საკასაციო პალატამ უკვე აღნიშნა დავის ერთ-ერთი საგანია საჯარო რეესტრში მოხდეს 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე (ს.კ. ....), სანივთო უფლების შეზღუდვის არარსებობის, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული გირავნობა/იპოთეკის თაობაზე ჩანაწერის არარსებობის ფაქტის დადგენა (ტომი III, ს.ფ. 380). უპირველესად აღსანიშნავია, რომ საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა სანივთო უფლებათა რიგს არ განეკუთვნება, არამედ იგი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვაა. ამასთან, საყურადღებოა, რომ სადავო პერიოდში - 2008 წლიდან 2010 წლამდე, უძრავი ქონების ამონაწერში, რომლის საკადასტრო კოდია ....., საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის არარსებობა, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებლებით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი (ტომი I, 205-223, 224-395).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომელიც ადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებების ჩამონათვალს (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: საკუთრება; აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; უზუფრუქტი; სერვიტუტი;იპოთეკა; ქირავნობა, ქვექირავნობა; იჯარა, ქვეიჯარა; თხოვება; ლიზინგი; საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები;უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები;სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება; უპირატესი შესყიდვის უფლება). ხოლო ამავე კანონის მე-4 თავით რეგლამენტირებულია საჯარო-სამარტლებრივი შეზღუდვის რეესტრისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების წესი. კერძოდ, მე-19 მუხლით განმარტებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრის დეფინიცია, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამგვარად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრში უძრავ ნივთზე არსებული საჯარო-სამართლებივი შეზღუდვის რეგისტრაცია უნდა აისახოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერში, რომლიც მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს ("საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი).

ამგვარად, თავად ის ფაქტი, რომ სადავო ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, უძრავი ქონების ამონაწერში ასახული არ იყო, უფლების/შეზღუდვის არარსებობის ფაქტს არ ადასტურებს. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წლის 10 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ 2006 წლის 10 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა N0322001400 განცხადება. განცხადებით მოთხოვნილი იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, მესაკუთრე/მოსარგებლე: შპს „დ.ს.ჰ–ო“ /..../, საგანი- მთელი ქონება;

შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, აღიარებითი სარჩელის მოთხოვნის ზემოაღნიშნული ფორმით რეგლამენტირება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას ვერ ადასტურებს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.). მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ფორმალურად დაყენებული აქვს მიკუთვნებითი მოთხოვნა, თუმცა მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომა გამორიცხულია.

8.2.9. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები, რაც სახელმწიფოს მიერ ქონების დაუფლებას მართლზომიერს ხდის. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება და თუნდაც სადავო უძრავ ქონებაზე (2008 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში), სასამართლოს წესით საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის ფაქტის დადგენა, ვერ გამოიწვევს მოსარჩელის მეორე მოთხოვნის - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, სს „ქ–სის“ სასარგებლოდ 740 600 ლარის (ქონების ღირებულების) გადახდის დაკისრება - დაკმაყოფილებას, ვინაიდან ერთი მეორეს არ განაპირობებს. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეს არ აქვს არჩეული დარღვეული უფლების დაცვის ისეთი სამართლებრივი ფორმა, რომელიც დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, რადგან პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებშიც კი, შეუძლებელია მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება, სახელმწიფოს მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება მოხდა მართლზომიერად - სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც ამ დრომდე არ გაუქმებულა ამიტომ, ამ დავის ფარგლებში, სარჩელის მიზნის მიღწევა - მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა შეუძლებელია, რაც დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობას მოწმობს.

8.2.10.გარდა ამისა, უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით განკარგვა, ასევე გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე (შდრ. სუსგ: №ას-184-171-2015, №ას-1159-2021). შესაბამისად, რადგან განსახილველი დავის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის დროსაც, სამართლებრივი აქტები, რომლის ძალითაც სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა სამართლებრივი ძალის მქონეა, მიიჩნევა, რომ ქონების განკარგვა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა, რაც გამორიცხავს კონდიქციური წესით სარჩელის დაკმაყოფილებას.

8.2.11. საკასაციო პალატა ასევე, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას განსახილველი დავის გადასაწყვეტად, დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შეუძლებლობის შესახებაც. ამ მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) იმ შემთხვევაში წარმოშობა, თუ სახეზეა ოთხი წინაპირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (შდრ. იხ. სუსგ: Nას-809-776-2016, 04.04.2017წ, Nას-1851-2018, 02.05.2019 წ). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უძრავი ნივთის ამონაწერში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის მიუთითებლობა გახდა. საგულისხმოა, რომ განსახილველ დავაზე, 740 600 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნის მოპასუხეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ა(ა)იპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, რომელიც ვერ იქნება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ზიანის წარმოშობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, ამიტომ, თავისთავად გამორიცხულია სადავო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, რომელიც შესაძლებელია მოპასუხეს ბრალად შერაცხოდა.

8.2.12 საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრისა და 2020 წლის 01 ივლისის სასამართლო სხდომებზე, სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ. ბეჭდური სხდომის ოქმებში მითითებულია საოქმო განჩინებების გამოტანის დრო (12:29:34 21.01.20 წლის ოქმი, ასევე 4:17:47 საათზე, 14:26:19 სთ 15:005.11 სთ და 14:56:37 სთ 01.07.2020 წლის ოქმი), თუმცა ასახული არ არის საოქმო განჩინებების შინაარსი. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ ტექნიკური საშუალებით ჩაწერისას, აუცილებელია მატერიალური ფორმით შექმნილ სასამართლო სხდომის ოქმში აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი საოქმო განჩინების შინაარსი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შესაძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა და სხდომაზე მოწვეულ სხვა პირთა მონაცემები, მათი გამოსვლების დრო და ხანგრძლივობა; ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი). თუმცა ის გარემოება, რომ მატერიალური ფორმით შექმნილ დოკუმენტში არ არის გადმოტანილი სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად მიღებული საოქმო განჩინების შინაარსი, არ წარმოადგენს იმდაგვარ საპროცესო დარღვევას, რომელიც შეიძლება გახდეს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. კერძოდ, პალატა მიუთითებს ელექტრონული ოქმებზე, რომელიც სრულყოფილი და უწყვეტია. ამასთან, იგი სრულად ასახავს სხდომის მიმდინარეობას და შეიცავს სასამართლო სხდომაზე მიღებულ საოქმო განჩინებების შინაარსს.

8.2.13. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის უცნობი იყო მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, რითიც მოესპო შესაძლებლობა მოსამზადებელ სხდომაზე წარმოედგინა შუამდგომლობები გაზიარებული ვერ იქნება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 მარტის განჩინებით, საქმე ჩაითვალა მომზადებულად და 2020 წლის 19 მაისს, სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნა დადგინდა. აღნიშულის თაობაზე ეცნობათ მხარეებს (ტომი II, ს.ფ. 27-31). ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „ქ–სისთვის“ 2020 წლის 24 ივნისს გაგზავნილი უწყება, სადაც მითითებულია, რომ პირი სასამართლოში დაბარებულია მთავარ სხდომაზე მოსარჩელის სტატუსით, უწყების ჩაბარებაზე ხელს საზოგადოების დირექტორი - რევაზ ყურშუბაძე აწერს (ტომი II, ს.ფ. 48). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას მოწმობს.

8.2.14. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარის თითოეულ არგუმენტზე არ იმსჯელეს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

8.2.15. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

8.4. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ქ–სს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ქ–სის“ მიერ, 2022 წლის 09 თებერვლის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ქ–სის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. სს „ქ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ქ–სის“ მიერ, 2022 წლის 09 თებერვლის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარიდან 70% - 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი