Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-57-გ-02 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ.Lსხირტლაძე (თავჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ზ. ჩ-სა და მ. წ-ს სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები _ ზ. ჩ-ა და მ. წ-ა საცხოვრებლად შესახლებულნი იყვნენ სასტუმრო «კ-ში”. სასტუმროს აქვს 144 ნომერი, რომელთაგან 140-ში განთავსებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. დარჩენილი ოთხი ნომერი ემსახურება თავდაცვის სამინისტროში მივლინებით ჩამოსულ პირებს. 2000წ. მარტში სასტუმროს 84-ე ნომერში გაფართოების მიზნით შეიჭრნენ ჩ-ა და წ-ა, რომლებმაც 84-ე ნომერში თვითნებურად შეუშვეს მოქალაქე ზ. ლ-ა, თვითონ კი მის 82-ე ნომერში გადავიდნენ.

თვითნებურად დაკავებული ნომრიდან ზ. ჩ-სა და მ. წ-ს გამოსახლებისა და მიყენებული ზარალის 983 ლარის გადახდევინების მოთხოვნით სასტუმრო «კ-მ” სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მოპასუხეებმა არ სცნეს სარჩელი და სასტუმრო «კ.” მიიჩნიეს არასათანადო მოსარჩლედ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 სექტემბრის განჩინებით სასტუმრო «კ.” ცნობილი იქნა არასათანადო მოსარჩლედ და საქმეში მოსარჩლედ ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეები, მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლებული იქნენ თვითნებურად დაკავებული სასტუმროს ნომრიდან, ხოლო ზარალის ანაზღაურებაზე მოსარჩლეს უარი ეთქვა, დაუსაბუთებულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო-საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით ჩ-ს და წ-ს სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის ადმინისტრაციული ორგანო, დავა ეხება ამ ორგანოს, როგორც მესაკუთრის, უფლებას. ამიტომ სუბიექტივიზმის პრინციპიდან გამომდინარე, დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია საქმის ადმინისტრაციული წესით განსახილველად გადაცემა და 2002წ. 5 დეკემბერის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დავის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმე უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მითითება იმის შესახებ, რომ დავა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროს, როგორც მესაკუთრის, უფლებას არასწორია. ადმინისტრაციულ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს უნებართვოდ დაკავებული ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლება და ზარალის ანაზღაურება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც მესაკუთრის, უფლება სადავოდ არავის გაუხდია;

2. ადმინისტრაციული წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ სუბიექტივიზმის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

3. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა არის სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი, ვინაიდან საკუთრება წარმოადგენს კლასიკურ სამოქალაქო სამართლებრივ ინსტიტუტს, სანივთო სამართლის შემადგენელ ნაწილს, სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს და წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა არც ზარალის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველი დავის საგანს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის «გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზარალის ანაზღაურების თაობაზე, ე.ი. სასარჩელო მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-სა და მ.წ-ს სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი სწორად არის გაანალიზებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ და განსახილველი დავა განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაAპალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. განსახილველი დავის საგანია უკანონი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმული საქართველოს თვდაცვის სამინისტრო სასარჩელო განცხადებით ითხოვს:

ა) ბალანსზე რიცხული (მის საკუთრებაში არსებული) სასტუმრო «კ-ის” ნომრიდან უნებართვოდ შეჭრილი ზ. ჩ-სა და მ. წ-ს გამოსახლებას;

ბ) მოპასუხეთა მოქმედებით მიყენებული ზარალის _ 983 ლარის ანაზღაურებას.

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობასთან დაკავშირებით, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, რომელიც სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავების რეგლამენტაციას იძლევა, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:

ა) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.

3. განსახილველ დავაში მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (რომლის მესაკუთრეობის უფლება სადავოდ არავის გაუხდია), სკ-ს 170-172-ე მუხლების საფუძველზე, ვინდიკაციური სარჩელით ითხოვს მოპასუხეთა (ზ. ჩ-სა და მ. წ-ს) უკანონო მფლობელობიდან ნივთის (სასტუმროს ნომრის) გამოთხოვას, სასტუმროს ნომრის გამოთავისუფლებას და მიყენებული ზიანის ანაზღაუირებას, რაც ასევე რეგულირებულია სკ-ს 408-415-ე მუხლებით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს და სარჩელი თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო უფლებამოსილების (ადმინისტრირების) განხორციელებას კი არ ეხება, არამედ სახეზეა სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებული, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან წამოჭრილი დავა, რაც სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;

4. მართალია, განსახილველ დავაში პროცესუალურ სუბიექტად მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ საკასაციო პალატა არ იზიარებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას საქმეთა განსჯადობის საკითხის მხოლოდ სამართალსუბიექტობის პრინციპით გადაწყვეტის შესახებ და ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მარტოოდენ მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობას, არამედ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მთავარი და არსებითი კრიტერიუმია სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი, მისი იურიდიული ბუნება და დავის არსი (საგანი).

5. როგორც აღინიშნა, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს მიყენებული ზიანის _ 983 ლარის მოპასუხე ფიზიკური პირებზე _ ზ. ჩ-სა და მ. წ-ზე დაკისრებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის მიხედვით კი: «სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს (და არა ფიზიკური პირის) ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე”. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და პირიქით, ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს ფიზიკური პირებისაგან ზიანის ანაზღაურებას.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის განსჯადობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ საქმე წარმოადგენს არა ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, არამედ სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-2, 26-ე, სსკ-ს მე-11 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ჩ-სა და მ. წ-ს სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. ზ. ჩ-სა და მ. წ-ს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.