Facebook Twitter

საქმე Nას-107-2022 06 მაისი 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ბ.ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „აპელანტ“ მხარედ) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა შპს „თ.ბ.ს–ის“ (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, მოწინააღმდეგე“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 13687,39 ლარის დარიცხვა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის 2017 წლის 20 იანვარს, გაფორმდა N26 ხელშეკრულება. შპს „თ.ბ.ს–მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის გაეწია მომსახურება.

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის 2017 წლის 31 იანვარს, გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ოქმი ხელშეკრულება N26-ში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 11 861 ლარით და საერთო ჯამში ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 228 139 ლარი.

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა, შპს „თ.ბ.ს–მა“ არაჯეროვნად შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, რომელზედაც დაეკისრა პირგასამტეხლო 2 281.39 ლარის ოდენობით.

2.4. 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის შეწყდა 2017 წლის 20 იანვრის N26 ხელშეკრულება და შპს „თ.ბ.ს–ს“ დაეკისრა ჯარიმა 11406 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. შპს „თ.ბ.ს–მა“ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის, SPA160028243 ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა. SPA160028243 ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N26 გაფორმდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის. შპს „თ.ბ.ს–მა“ იკისრა ვალდებულებათა შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, თუმცა არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წინაშე. ხელშეკრულების შეწყვეტამდე ხელშეკრულება სრულდებოდა ჯეროვნად. ხელშეკრულების შეწყვეტას კი, საფუძვლად დაედო ერთეული შემთხვევები, რომელიც ასეთი მოცულობის სამუშაოების შესრულებისას შეუძლებელია თავიდან იქნეს აცილებული.

3.3. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, 2017 წლის 31 იანვარს, შემცირდა ხელშეკრულების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვალდებულებები არ სრულდებოდა ჯეროვნად, კერძოდ შემსყიდველის მიერ ჯერ კიდევ არ იყო ანაზღაურებული დაახლოებით 6000 ლარის ღირებულების მომსახურება.

3.4. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ 2017 წლის 17 მაისის შეტყობინებით, რამდენიმე ერთეულ ფაქტზე მითითებით შემსყიდველმა უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნულის შესაბამისად, შპს „თ.ბ.ს–მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის 5664.28 ლარის დაკისრება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „თ.ბ.ს–ის“ შეგებებული სარჩელიც.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატამ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით და დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ პრინციპალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქმის მასალებით დასტურდებოდა ბენეფიციარის მიერ, გარანტიის მოქმედების ვადაში, გარანტისათვის მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა და საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, გამოკვეთილი იყო საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი როგორებიცაა: საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენა და შესაბამისად, საგარანტო თანხის მიღება.

5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც პირგასამტეხლო, ასევე-მოვალის გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენს და ისინი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენენ. მათ შორის მკვეთრად არსებული სხვაობის გამო, კრედიტორის მიერ მათი ერთდროულად გამოყენება შელახავს მოვალის უფლებებს და გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას, შესაბამისად, ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით, არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. შესაბამისად, პალატის აზრით, მხარის პრეტენზია საბანკო გარანტიასთან ერთად პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან დასახელებული ორივე უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მოთხოვნა ჩაითვლებოდა ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრებად.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი, აქცესორული უფლება ხოლო, საბანკო გარანტია ძირითადი ვალდებულებისგან სრულიად დამოუკიდებელ უზრუნველყოფის გარანტიას წარმოადგენს, რის გამოც ამ ორი ინსტიტუტის ერთმანეთში აღრევა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ კრედიტორს უკვე მიღებული აქვს საბანკო გარანტია, არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის დანაწესიდან.

6.2. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე სამეწარმეო სუბიექტია, მას ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია და თავისუფალი ნება, რათა სახელშეკრულებო პირობებს არ დასთანხმებოდა. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, არც პირგასამტეხლოს პროცენტის ოდენობა და არც საბანკო გარანტიის პირობები, ამიტომ კასატორის აზრით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს სახით 13 687,39 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო საჩივარში შედავებულია პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უარის მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა გამოიკვლევს კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის მიღების პირობებში, მოვალისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წანამძღვრების არსებობას.

8.1.2. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- 2017 წლის 20 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N26;

- ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მთარგმნელობითი, სათარჯიმნო მომსახურება ხელშეკრულებაზე თანდართული მომსახურების პრეისკურიანტის და მომსახურების გაწევის პირობების შესაბამისად, რომელიც იყო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;

- 2017 წლის 31 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.ბ.ს–ს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ოქმი ხელშეკრულება N26-ში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 11 861 ლარით და საერთო ჯამში ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 228 139 ლარი;

- შპს „თ.ბ.ს–ის“ მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 მაისს შეტყობინების საფუძველზე, შეწყდა ხელშეკრულება;

- შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა წარადგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ 12 000 ლარზე (სრულ მაქსიმალურ მოცულობაზე), 2017 წლის 19 მაისს, საგადასახადო დავალებით დადასტურდა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოთხოვნილი თანხა შპს „თ.ბ.ს–ს“ ჩამოეჭრა ანგარიშიდან და ჩაერიცხა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.

8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

8.3.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოთ აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8.3.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია და კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

8.3.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტია და როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-420-ე მუხლებით) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-890-ე მუხლებით) და არც ერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტისათვის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (სუსგ საქმე №ას-1681-2018, 2019 წლის 1 მარტის განჩინება). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც მათ გამოყენებას ერთი და იგივე სამართლებრივი გადაცდომისთვის კრძალავს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

8.3.4. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. პალატა მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის პასუხისმგებლობის ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ან/და ისინი წარედგინა გარანტს, გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ., სუსგ №ას-749-709-2015, 2015 წლის 25 სექტემბერის განჩინება; №ას-1231-1151-2017, 2017 წლის 1 დეკემბერის განჩინება). რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში, გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-492-460-2017, 2017 წლის 1 ივნისის განჩინება).

8.3.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016). აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის გამორკვევის მექანიზმს. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ (ჯარიმა შეუსრულებლობლობისათვის); 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

8.3.6. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობა მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა 2017 წლის 05 მაისის წერილით აცნობა შპს „თ.ბ.ს–ს“, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, წყდებოდა მათ შორის არსებული ურთიერთობა და მას ეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (შემცირებული საერთო ღირებულების 228 139 ლარის 5%-ის ოდენობით) რომელიც შეადგენდა 11 406.95 ლარს.

8.3.7. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, სადაც აღნიშნულია, რომ ამ გარანტიით უზრუნველყოფილია შპს „თ.ბ.ს–ის“ მიერ კასატორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევის შემთხვევები (ტომი I, ს.ფ. 26). ამასთან, ბენეფიციარის თანხის ანაზღაურების შესახებ წერილობით მოთხოვნაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების რა პირობები დაიღვა პრინციპალის მიერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა წარადგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ 12 000 ლარზე (თავდაპირველი სახელშეკრულებო ღირებულების 5%), რაც წარმატებით შესრულდა.

8.3.8. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ დანიშნულებაზე, როგორიცაა ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის გამორკვევის მექანიზმი. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ 9.2. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად კი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 21). მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გარანტმა ბენეფიციარის სასარგებლოდ აანაზღაურა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს თანხა (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით). ამასთან უდავოა, რომ საბანკო გარანტია გაცემული იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის (ტომი I, ს.ფ. 26). ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დამატებით, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთის დაკისრებას მოწინააღმდეგე მხარისათვის და კრედიტორის გამდიდრებას, რაც არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს ფუნქციიდან, რომლის მიზანს, დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს და არა - კრედიტორის გამდიდრება.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განჩინებაზე (საქმე №ას-1633-2019, პუნქტი 111), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა: "სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, გამორიცხავს ერთი და იმავე დარღვევის გამო, ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას. სახელშეკრულებო ურთიერთობაში საბანკო გარანტიის არსებობა შემკვეთისთვის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწეული ზიანის მყისიერად ანაზღაურების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა (კასატორი) ბანკისგან საბანკო გარანტია გამოითხოვა, აღნიშნულით შემკვეთის მიზანი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეულია და მენარდისათვის იმავე დარღვევისთვის ხელმეორედ პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპებს.

8.3.9. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორის მიერ, საკასაციო საჩივარში მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ. ას-1038-999, 2017 წელი 02 თებერვალი) განსხვავდება განსახილველი საქმისგან, ვინაიდან ციტირებულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა საბანკო გარანტიის, როგორც უპირობო და გამოუხმობადი, უზრუნველყოფის საშუალების უკან დაბრუნება, ხოლო განსახილველ საქმეში, სადავო საკითხს პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება წარმოადგენს.

8.3.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს და დაადგინეს სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კუმულატიური წინაპირობების არ არსებობა, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის ასევე დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლითაც. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ უთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

8.5. პროცესის ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე